სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
რეზო მამისაშვილი 1983-08წწ. გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. მარიამისჯვარი საგარეჯო კახეთი რეზო მამისაშვილი 1983-08წწ. გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. მარიამისჯვარი საგარეჯო კახეთი

1983-2008 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მამისაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

615       ბეჭდვა

რეზო მამისაშვილი 1983-08წწ. გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. მარიამისჯვარი საგარეჯო კახეთი

რეზო მამისაშვილი ლეიტენანტი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.




 ომში ისე წავიდა, ცოლს არ გააგებინა. მარტო ერთი წამოსცდა – ბიჭებს ვერ მივატოვებო. არადა, ბიულეტენზე იყო, ახალი ნაოპერაციები.

ცოლი დაამშვიდა, ვაზიანში შტაბში ვიქნებიო და წავიდა... რეზო მამისაშვილი ცოლს ბოლოს 7 აგვისტოს ელაპარაკა. მას შემდეგ თამუნა ჭყოიძეს მისი ხმა აღარ გაუგონია. „8 აგვისტოს ვრეკავდი, არ მპასუხობდა, მივხვდი, რომ ჩემს თავს არაფერი კარგი არ ხდებოდა“, – ყვება თამუნა... ამ დროს მისი ქმარი უკვე გმირი იყო. უკვე თავი ჰქონდა მიტანილი მამულის სამსხვერპლოზე...

„სიკვდილის არ ეშინოდა... საკუთარი სურვილით იბრძოდა პირველ ხაზზე, არავის ძალა არ დაუტანებია, როგორც ბატალიონის უფროსმა მითხრა... დაბომბვა რომ დაიწყო, ბიჭს ჩაეხუტა, რომელსაც კანტუზია დაემართა, ამშვიდებდა... როცა გადაეფარა, მაშინ დაიღუპა... კი იცოდა, რომ ტყვიაგამძლე არ იყო, მაგრამ... იმ მომენტში მისთვის სხვისი სიცოცხლის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მე იმ ბიჭის არც გვარი ვიცი, არც სახელი, ღმერთმა სულ დალოცვილი ატაროს... მის გადარჩენას შეეწირა. მე, ცხადია, ვამაყობ, რომ ბევრი გადაარჩინა რეზომ,

რომ ყველას ეფარებოდა, რომ არ შეეშინდა, რომ არ გამოქცეულა, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ მე მისით მანამდეც ვამაყობდი, სანამ ცოლად გავყვებოდი და შემდეგაც... ხანდახან ვფიქრობ, იქნებ სჯობდა კიდეც, რომ გამოქცეულიყო, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემთან ერთად იქნებოდა-მეთქი... არ ვიცი... შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ... არა. არასწორად ვამბობ, ახლა მე თვითონაც ჯარში ვარ, ავიაციაში, და ვხვდები, რომ სწორად მოიქცა. ასე უნდა მოქცეულიყო, იმიტომ, რომ სულ 2 თვეა, ვუყურებ ჩემს თანამშრომლებს და რომელიმეს რომ რამე დაემართოს, მეც ვერ მივატოვებ და მესმის მისი... მეც იგივეს გავაკეთებდი, შეიძლება ვერ შევძლო, მაგრამ ვეცდებოდი...“


რეზო მამისაშვილმა და თამუნა ჭყოიძემ ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს ვერაზე, გამომცემლობის შენობაში, თამუნა დამწყები ჟურნალისტი იყო და ერთ-ერთ რედაქციაში მუშაობდა, რეზოს იმ შენობაში ლექციები უტარდებოდა, იურიდიულზე სწავლობდა.

„ჩემი თანამშრომელი, ირმა პარუნაშვილი რეზიკოს კურსელი იყო და მან გამაცნო... რეზიკომ რომ გამიცნო, იმ დღესვე მითხრა, შენ ჩემი ცოლი გახდებიო, ეს მაშინ სასაცილოდ არ მეყო, მაგრამ ორ წელიწადში მე მისი ცოლი გავხდი... მასთან არასოდეს არ ვიყავი დაძაბული, დაკომპლექსებული. მეუღლე რომ გავხდი, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა... ძალიან თბილი ადამიანი იყო, კეთილი, ჩუმი, წყნარი...

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ძალიან ვუყვარდი... ისე წავიდა ომში, არ გამაგებინა, იცოდა, რომ ვინერვიულებდი. რაღაც-რაღაცები კი წამოსცდა, მე ჩემს ბიჭებს ვერ მივატოვებო, შენ გაიგებ, მე როგორი ძლიერი ვარო, ვიდრე შენ იცოცხლებ და გეყვარები, მე მანამდე ვიცოცხლებო. სიკვდილი პირობითი ცნებაა, არ არსებობსო... რა ვიცი, ძალიან ბევრ ლამაზ სიტყვას მეუბნებოდა, მეუბნებოდა, შენი სიყვარულისთვის გავჩნდი, შენ რომ შემყვარებოდი, მაგიტომ გავჩნდიო... ცდილობდა, რომ არ მეტირა. როგორც კი ტირილს დავიწყებდი, ჩამეხუტებოდა, მეტყოდა, მე ხომ შენთან ვარ, შენ არასოდეს არ უნდა იტიროო... რეზო მე არ მინახავს გაბრაზებული, საოცრად მშვიდი ადამიანი იყო, მაშინაც კი, თუ ოჯახში ვინმე ეკამათებოდა, ჩაეხუტებოდა, დააწყნარებდა... ხანდახან ეუბნებოდნენ კიდეც, რა დღეში გაგდებს ცოლი, ცოტა მკაცრი იყავიო, ეცინებოდა, „ვაბლატავებო“, პრობლემა არააო... ხუმრობა უყვარდა...“

რეზო მამისაშვილმა ბავშვობაც და ცხოვრებაც გლდანში გაატარა, დღეს საგარეჯოს რაიონში, მარიამისჯვარში განისვენებს – ბებოსა და პაპას გვერდით, საყვარელი ბებოსა და პაპას გვერდით, ვისთანაც გაატარა ამ ქვეყნად ყოფნის პირველი წელიწადი, როცა დედა ფეხმძიმედ იყო მის უმცროს ძმაზე. მერეც გამორჩეულად ჰყვარებია ბებოც და პაპაც.

„ხანდახან დამირეკავდა, გულს გამიხეთქავდა, აქა და აქ ვარ, ცუდად ვარ, სასწრაფოდ მოდიო, გავვარდებოდი ტაქსით, მივიდოდი და რას ვხედავ, ძმაკაცებთან ერთად ქეიფობდა... ცდილობდა, სულ ერთად ვყოფილიყავით, ომში წასვლის წინაც, ბოლო დღეები ერთად ვიყავით, ახალი ნაოპერაციები ვიყავი, სიცხეები მქონდა და 6 აგვისტოს, სამედიცინო შემოწმებაზე წამიყვანა, სამხედროების ოჯახებს რომ ეკუთვნოდათ, ბოლო დღესაც ჩემზე იზრუნა...“

თამუნა რომ გაიცნო, მაშინ სავალდებულო სამსახურს იხდიდა, მერე საკუთარი ნებით დარჩა ჯარში, სამხედრო აკადემიაც დაამთავრა და ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 42-ე ბატალიონში გააგრძელა მოღვაწეობა.

„ეკლესიური ბიჭი იყო, ლოცულობდა, მარხულობდა... ერთხელ ჯარში, მარხვის დროს, მზარეულს ხორციანი კოვზი ჩაუდია ლობიოში და რეზოს არ უჭამია, ცარიელ პურზე გადაუვლია და იმ ლობიოს აღარ გაჰკარებია, მაქსიმალურად ცდილობდა მარხვის დაცვას, უნდოდა, ყველაფერი კარგად გაეკეთებინა... ეკლესიურ წიგნებს კითხულობდა, ბოლო დროს განსაკუთრებით. ძალიან იყო ჩაღრმავებული, მამა გაბრიელის, მამა პაისის ცხოვრებით იყო დაინტერესებული. ცდილობდა, ამოეცნო, რა იყო ნამდვილი, ჭეშმარიტი, კეთილი, სწორი... შაბათ-კვირას, თუ სახლში იყო, აუცილებლად მივყავდი წირვაზე, ბოლო 7 თვე მისი ნაწილი ნიქოზში იყო სამშვიდობო მისიით. ნიქოზის მოძღვარმა გვითხრა, რეზოს უთხოვია, ხშირად მოდით, ბიჭები რომ უფრო შემოვიდნენ რწმენაშიო, ბევრს დააწყებინა მარხვა, ძალიან მონდომებული იყო... სამშობლო უყვარდა ძალიან, სწამდა, რომ რუსები ვერ დაგვამარცხებდნენ. ამბობდა, რომ შეუძლებელი არაფერია... სიკვდილის არასდროს ეშინოდა, ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე...“ – ყვება თვალცრემლიანი თამუნა.

რეზომ და თამუნამ 2004 წელს, 8 აგვისტოს იქორწინეს, 4 წლის შემდეგ, 2008-ის 8 აგვისტოს კი... დაიღუპა.

„ბიჭებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რასაც ნიშნავდა პირველ ხაზზე წასვლა, მაგრამ წავიდნენ. გაბედეს და წავიდნენ, არ შეშინებიათ სიკვდილის...“

რეზო მამისაშვილი გმირულად დაეცა „დუბოვი როშაში“. მისი ცხედარი საკმაოდ გვიან, 26 აგვისტოს გადმოასვენეს, 42 გმირის ცხედართან ერთად, ამოცნობა ვერ მოხერხდა, მხოლოდ მოგვიანებით, დეენემის პასუხის წყალობით გახდა ცნობილი, რომ ის მუხათგვერდში განისვენებდა.

მანამდე არავინ იცოდა დანამდვილებით მისი ბედი.

„მერე მშობლებმა მარიამისჯვარში, თავის სოფელში გადაასვენეს. მე მინდოდა გმირთა საფლავზე ყოფილიყო... საამაყო ადგილზე, უფრო ხშირადაც ვივლიდი... მაგრამ მშობლებმა ასე გადაწყვიტეს...

გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. თუმცა, მე ისედაც ვიცოდი, ჩემთვის ისედაც გმირი იყო და სიცოცხლეშივე ვამაყობდი მისით...

ვიცი, სამშობლოსთვის დაღუპული ადამიანი სამოთხეში ხვდება და მაგითღა ვიმშვიდებ გულს...“ – ყვება თამუნა.

დღეს თამუნა უკვე თავად მსახურობს ჯარში.

„ომში წასვლის წინ მითხრა, მინდა ისეთი ძლიერი იყო, როგორი ძლიერებიც არიან ჯარში სხვა ქალებიო. ძალიან პატივს სცემდა იმ ქალებს, რომლებიც ჯარში იყვნენ. მიყვებოდა, ისეთი ძლიერი გოგოები არიან, სიტყვა დავიღალე, არ გამიგიაო... ომმაც აჩვენა, რა ყოჩაღი ქალებიც გვყავს ჯარში...“

ერთმა კარგმა ქართველმა ბიჭმა ამ ქვეყნად სულ 25 წელი დაჰყო, იმისთვის, რომ სხვის შვილებს მშვიდად ეცხოვრათ ქართულ მიწაზე...

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 24.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0