ვეფხვია ჯიშკარიანი გიგუშას ძე
ის შინდისთან ვერაგულად ჩასაფრებულმა მტერმა გამოასალმა სიცოცხლეს. მისი მძღოლი გაიხსენებს, რომ ვეფხია ჯიშკარიანმა უცებ დაიძახა „ვაი დედა“ და ბეჭზე დაადო თავი… მძღოლის ძახილზე პასუხი აღარ გაუცია. მძღოლმა მანქანა გააჩერა, მისი მანქანიდან გადმოყვანაც უცდია, მაგრამ ტანმორჩილი ბიჭი ვერ მორევია ზორბა ვაჟკაცს. აღარც სუნთქავდა უკვე… მერე მძღოლიც დაიჭრა. იძულებული გახდა მანქანაში დაეტოვებინა და ხოხვით გასცლოდა იქაურობას, უკან მოიხედა და… მანქანა, რომელშიც ვეფხია ჯიშკარიანი დარჩა, მტერმა ააფეთქა… მანქანა ისე დაიწვა, რომ ვეფხია ჯიშკარიანის ცხედარიც არ დარჩენილა… შინდისის მიწაზე გაიფანტა მისი ფერფლი… ვეფხია ჯიშკარიანი 1968 წლის 20 მაისს დაიბადა, ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოში.
სკოლაც საწულუკიძეოში დაუმთავრებია, ცელქი ყოფილა, კარგი მოსწავლე. სკოლის დამთავრების შემდეგ პროფტექნიკუმში გაუგრძელებია სწავლა. სკოლის დამთავრებამდე კი… სიყვარული სწვევია. 14 წლის იყო ვეფხია, სოფელში სტუმრად ჩასული თანატოლი, ირმა ტაბატაძე რომ გაიცნო. სამი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ჩვიდმეტი წლისანი იყვნენ, რომ გაიპარნენ. ვეფხია იმჟამად უკვე მუშაობდა – ჩაის ფაბრიკაში მძღოლად.
მალე ვაჟი შეეძინათ. ირმა ტაბატაძე, მეუღლე: „მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ბიჭი შეგვეძინებოდა თუ გოგო, მაგრამ ძალიან გაუხარდა ბიჭი რომ შეგვეძინა. სახელი ორივემ ერთად შევურჩიეთ ჩვენს შვილს და ლაშა დავარქვით.“ მალე ახალგაზრდა მამა ჯარში გაიწვიეს, მაგრამ სულ 4 თვე მსახურობდა ოდესაში, ჯარიდან მამა მეორე ბიჭმა დაიხსნა თავისი დაბადებით. უკვე დამოუკიდებელ საქართველოში კი თავად დაიწყო ჯარში სამსახური. ირმა ტაბატაძე: „1992 წლიდან მუშაობდა ვეფხია ჯარში. ბოლო კონტრაქტი 2005 წელს გააფორმა. სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, კაპიტანი იყო წოდებით. საინჟინრო დაგეგმარების ოფიცერი იყო. კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ კიდევ აპირებდა გაგრძელებას“. აპირებდა, მაგრამ ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ირმა ტაბატაძე: „საზღვარგარეთ ვიყავი წასული, კარგა ხანს არ ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ომამდე ერთი კვირით ადრე, ძალიან ცუდად გავხდი და სასწრაფოდ დავბრუნდი შინ. ვეფხიაც სახლში იყო იმ პერიოდში… ბოლოს შინიდან 6 აგვისტოს გავიდა, არ გვითხრა ომში რომ მიდიოდა… მერეც, ტელეფონით რომ ვუკავშირდებოდით, სულ გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, საგანგაშო არაფერიაო. ბოლოს, 11 აგვისტოს, გარდაცვალებამდე 2 საათით ადრე, თვითონ დაგვირეკა, ჩემს ბიჭს უთხრა: „ჩაისვი დედაშენი და შენი ძმა მანქანაში და წადით სოფელშიო. პანიკა იყო მაშინ, რომ ქუთაისიც დაიბომბებოდა. ჩვენ ქუთაისში, სამხედრო ნაწილთან ახლოს ვცხოვრობთ. რომ ვკითხეთ, შენ როგორ ხარო, რა გვიჭირს, ვერთობითო, გვითხრა, ხუმრობით. საერთოდ, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა… მერე ისევ ვცდილობდი დაკავშირებას, ისტერიულად ვრეკავდი, ორი ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ ორივე გამორთული იყო… 14 აგვისტოს შევიტყვე, თვითმხილველებისგან, რაც მოხდა, მაგრამ დაჯერება მიჭირდა. მთელი ოთხი თვის განმავლობაში დავდიოდი სურათებით სოფელ- სოფელ, მაგრამ ვერსად მივაგენი ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს. მისი ცხედარი საერთოდ არ არსებობს, დაიწვა და შესაბამისად, არც საფლავი არსებობს. მისი ფერფლი დარჩა შინდისში. დაღუპვის დეტალები მისი მძღოლისგან ვიცი, რომელიც გადარჩა. საშინელებაა. ბედნიერები არიან ის ოჯახები, რომლებმაც იციან სად არის მათი დაღუპული ოჯახის წევრების საფლავები… ვეფხიას დაღუპვის შემდეგ მე დავიწყე მუშაობა სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, ბიბლიოთეკაში და იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც ჩემი მეუღლე ცხოვრობდა… ყოველთვის, როცა მესიზმრება, იღიმება, გადის სახლიდან და გაცილებას რომ მოვინდომებთ, არ გვანებებს, იყავითო, გვეუბნება…