რეზო ალავერდაშვილი გოჩას ძე კაპრალი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად
ბოლოს ბრძოლის ველზე ნახეს, დაჭრილები გამოჰყავდა ფრონტის წინა ხაზიდან. თავადაც დაჭრილი ყოფილა, მაგრამ ბიჭები არ მიატოვა, ერთი გამოარიდა ტყვიების წვიმას, მეორე, მესამე და... ის კი ვერავინ ვეღარ იპოვა. დღეს რეზო ალავერდაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორისაა, გმირია, რომელიც სამშობლოს დაეკარგა.
„სულ მგონია ხოლმე, რომ ცოცხალია და გამოჩნდება...“ -ამბობს ჯარისკაცის მამა... დედამ ვერ გაიგო შვილის ამბავი, მანამდე დატოვა ის ობლად. რეზო ალავერდაშვილი დედის ორმოცზე უნდა ჩასულიყო 9 აგვისტოს... 7-ში ომი დაიწყო...
„1987 წლის 19 მაისს დაიბადა. პირველი შვილი იყო, ჩემი ძმის ოჯახში, შემდეგ კიდევ ორი ძმა შეეძინა. მაგისნაირი ბიჭი მეორე არ არსებობდა. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. 18 წლისას ჯარიდან მოწვევა მოუვიდა, არც დაფიქრებულა მაშინვე წავიდა. ვაზიანში მოიხადა ერთი წელი და როგორც კი დაამთავრა, მაშინვე კონტრაქტს მოაწერა ხელი.“ - იხსენებს რეზოს მამიდა, ოლია ახალკაცი.
გოჩა ალავერდაშვილი, რეზოს მამა: „სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, დაგვირეკა და გვითხრა, რომ კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. მე არ მინდოდა... იქვე დარჩა კონტრაქტზე ვაზიანში... კაპრალი იყო IV ქვეით ბრიგადაში. ოცმეთაურობა შესთავაზეს და უარი თქვა, როგორ დავუყვირო ბიჭებს, ჩემი ძმაკაცები არიანო...
ჩემს მეუღლეს უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და დიაგნოზის დადგენიდან ძალიან მალე, 40 წლისა გარდაიცვალა. სიმსივნე, რომ დაუდგინეს, რეზო სამსახურში იყო და მოგეხსენებათ რა რეჟიმში ცხოვრობენ ჯარისკაცები – სახლში იშვიათად მოდიოდა. შემდეგ დაკრძალვისთვის გამოუშვეს... ამ ამბის მერე ძალიან გულჩათხრობილი გახდა. დღესაც არ ამომდის თვალებიდან მისი სახე, ბოლოს, რომ ვნახე...“
რეზოს მამიდა: „მეც ზუსტად იმ დღეს ვიყავი ამოსული ჩემს ძმასთან და მეც ვნახე რეზო. რაღაც განცდაში იყო. არ ვიცი, გული უგრძნობდა რამე ცუდს თუ რა იყო, მაშინ ვერ მივხვდი... სახლში ბოლოს ორმოცამდე ერთი კვირით ადრე იყო მოსული... დაღონებული, სულ სხვანაირი რეზო ვნახე იმ დღეს... არაფერს ამბობდა. მეორე დღეს, სამხედრო ფორმა თავად გაიმზადა, სამსახურში წავიდა და იმის მერე აღარ მოსულა“...
9 აგვისტოს ორმოცი უნდა გვქონოდა და 7-ში ომი დაიწყო. წინა დღეს მამამისს დაურეკა, ხვალისთვის მიშვებენ და დილითვე ჩამოვალო, მაგრამ...“
მამა: „ტელეფონზე გვეკონტაქტებოდა. ბოლოს, როცა ნაწილიდან გაიყვანეს ტელეფონი იქ დაატოვებინეს. ვრეკავდით და ვერაფრით ვერ ვუკავშირდებოდით. ბოლოს, ორმოცის წინა ღამეს გველაპარაკა. ახლა არ მიშვებენ და დილას ადრე წამოვალო... ველოდით, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ ომი დაიწყო. მისი ასეული პირველ ხაზზე გაუშვეს.
როგორ დაიღუპა, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგეთ. როგორც გვითხრეს დაჭრილი ყოფილა ხელ-ფეხში და მაინც შედიოდა ცხელ წერტილში და დაჭრილები გამოჰყავდა. ბოლოს რომელი დაჭრილიც გამოიყვანა იმან გვითხრა, რომ უკან გაბრუნდა, კიდევ ერთი დაჭრილის გამოსაყვანად და მერე უკვე რა და როგორ მოხდა, აღარავინ იცის. დაკარგულად ითვლება...
ჩვენ ტელეფონზე ვრეკავდით, ზარი გადიოდა, მაგრამ არ პასუხობდა. ერთხელაც ჩვეულებრივ გავიდა ზარი და ტელეფონზე ვიღაცამ მიპასუხა. გამეხარდა, მაგრამ ასმეთაური ყოფილა. აქ არ არისო და გამითიშა... 21 წლის იყო, მაშინ... დეენემის ანალიზიც ავიღე, მაგრამ დაღუპულებში ვერ მიაგნეს.
უკვე ორი წელი გავიდა ამ გაურკვევლობაში... ძალიან რთული ყოფილა ცხოვრება...
სულ მგონია, რომ ცოცხალია და გამოჩნდება...“