ახალკანონიზირებული წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი (ბერიძე; +1996) 9ძვ.სტ. 22ახ. სტ. აგვისტო
სევერიენ ბიძია ლოცვით, სანთელით ანთებული შემოივლიდა სახლის ყველა ოთახს და ნაკურთხ წყალს გვასხურებდა
წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა დიაკონი სევერიანე (ბერიძე), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში და ასობით მუსლიმი გააქრისტიანა. სასიხარულოა, ის, რომ წმიდა სევერიანეს ხორციელი ძმა ამჟამად ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწე სქემარქიმანდრიტი სისოა (ბერიძე) , ხოლო წმიდა სევერიანეს ძმისშვილი, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორია, დეკანოზი ბასილ ბერიძე. დიაკვანი სევერიანე შეირაცხა წმინდანთა დასში და ეწოდა- წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდა გარდაცვალების დღე, – 9 (22) აგვისტო.
- როცა ბიძაჩემზე - მამა სევერიანზე (ხასან ბერიძე-1920 13.07- 1996 22.08.) ვფიქრობ, მახსენდება სითბოთი და ინტერესით გაჯერებული ბავშვობა, ეს ის წლეებია როცა ვხედავდი და ვითვისებდი როგორი უნდა იყოს მოყვარული, მზრუნველი და ერთგული ადამიანი, დაახლოებით 9 -10 წლიდან მეხსიერებაში მყარად გამიჯდა ხსოვნა ბიძაზე და მის ოჯახზე, უსაყვარლეს და უსათნოეს გულესერ ბიცოლაზე და მათ ექვს ქალიშვილზე,-მიამბობს ქალბატონი დალი-შორენა ბერიძე-ქიქავისა.
მე ხშირი სტუმარი ვიყავი ბიძაჩემის ოჯახში - ჩაქვის რაიონის სოფელ ბუკნარში. მათი სათნოება იმაშიც ჩანდა, რომ სახლში მუდმივად უამრავი სტუმარი ჰყავდათ. მრავალშვილიან ოჯახში სუფრასთან თხუთმეტ სულზე ნაკლები არასოდეს იჯდა. ყოველ დილით მაღვიძებდა ნაკურთხი წყლის სახეზე შემოპკურება, როგორც კი გათენდებოდა ბიძაჩემი იწყებდა დილის ლოცვებს. სევერიენ ბიძია ლოცვით, სანთელით ანთებული შემოივლიდა სახლის ყველა ოთახს და ნაკურთხ წყალს გვასხურებდა. ნაკურთხი წყლით ნამავდა მთელ საკარმიდამოს... ამის შემდეგ ბიცოლა საუზმის სამზადის შეუდგებოდა. გასაოცარი იყო ამ ქალბატონის სიყვარული მეუღლისა და სტუმრების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ასე მრავლად ვიყავით სტუმრები (მაზლები, მაზლიშვილები, რძლები, სიძეები, შვილიშვილები, ბიძიასა და საკუთარი ქალიშვილების მეგობრები) ყოველთვის ახსოვდა ვის რა გვიყვარდა და გვიმზადებდა სიხარულით. ბიძაჩემი მარხვას განუხრელად იცავდა და მკაცრად იცავდა, რათა მის ოჯახში სამარხვო სუფრის მენიუ ყოფილიყო მარხვაში. მე არასოდეს მახსენდება მოსვენებული ბიძია, ყოველთვის შრომობდა ხალისით და ენერგიულად. დღევანდელ პირობებშიც კი, როცა ფართო და მრავალმხრივი არჩევანია მგზავრობისათვის, მარტივი არ არის ბათუმიდან თბილისში, ქუთაისსა თუ ლენტეხში ხშირი მგზავრობა. სევერიანე კი ყოველ საუფლო დღესასწაულზე საქართველოს ყველა რეგიონში მოილოცავთა ეკლესია-მონასტრებს. სვეტიცხოველობას მცხეთაში იყო, გაათენებდა ღამეს ლოცვაში, იქიდან პირდაპირ წავიდოდა მოწამეთაში ღამისთევით წმინდა დავით კონსტანტინის დღესასწაულზე დასასწრებათ და ასე შემდეგ... არ გამოაკლდებოდა არცერთ სალოცავს... თითქმის ყველა მონასტერში ჩადიოდა, ყველგან შრომობდა, დედათა მონასტრებში დედაობს ზამთრის შეშის დამზადებაში ეხმარებოდა და ღამეებს გარეთ ათევდა...ყველგან იცნობდენ ბერმონაზვნები...
ეს იყო ადამიანი, რომელიც ათავსებდა ლოცვას, მარხვას, შრომას, ხალხთან ურთიერთობას თუ მეზობლებთან კავშირს ერთიანი ხალისით, ენერგიით. საუბრისას სიყვარულით უბრწყინავდა თვალები, მისი სახის მიმიკები სითბოს აფრქვევდა.... მაგრამ გაწყრომაც შეეძლო, ვერ ეგუებოდა ეგოიზმს, სიზარმაცეს, უსამართლობას და დატუქსავდა ნებისმიერს, შინაურს თუ გარეულს, პირდაპირი იყო და ურყევი, მის საყვედურშიც სიყვარული იკითხებოდა, ყველა გრძნობდა, რომ ამას სათნოებით და ზრუნვით ჩადიოდა, ამიტომ მისი ყველას სჯეროდა, ყველა ემორჩილებოდა, სანათესაოსა თუ სამეზობლოში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.
არ შემიძლია განსაკუთრებულად არ აღვნიშნო ბიძია სევერიანეს ის იშვიათი თვისება, რაც თანამედროებაში თითქმის არავის აღარ შემოგვრჩა, მას თანაბრად უყვარდა საკუთრი თუ ძმისა და დების შვილები, სიძეები, შვილიშვილები. საუბარში ძმებთან თუ დებთან არასოდეს წამოსცდენია მაგალითად: ჩემი სიძე ან შენი სიძე ...ყოველთვის ხაზს უსვამდა ჩემი, ...ჩემი... ყველა მისი იყო და ყველას ისე გულშემატკივრობდა როგორც ღვიძლ შვილებს (არასოდეს დამავიწყდება, ღრმად მოხუცებული როგორ ამაყობდა სტუმრებთან - ჩემი შორენა უნივერსიტეტში მოეწყო, ჩემი შორენა და არასოდეს დასცდენია მის პირს ჩემი ძმისშვილიო...).
ამ სახლისათვის ბუკნარში დამახასიათებელი იყო არა ბუნებრივობა, კერძოდ აქ თითქმის ყველას (ნებისმიერ სტუმარს) გადახდენია თავს რაღაც ამოუხსნელი და ,,უცნაური" ამბავი, რომელიც აიძულებდა მოწყვეტოდა იმ დროს გამეფებული კომუნისტური რეჟიმის ჩვეულ რიტმს და ჩააფიქრებდა ზებუნებრივ ძალებზე, უფალსა და სულის უკვდავებაზე. მე-3 თუ მე-4 კლასელ გოგონას სკოლაში მინერგავდნენ ათეიზმს, სარწმუნეობა სიბნელესთან, გაუნათლებლობასთან და უვიცობასთნ იყო გათანაბრებული და ჰოი სასწაულო, ჩამოვიდოდი ბიძაჩემთან არდადეგებზე და ვეწაფებოდი წმინდანების ცხოვრებას, ვკითხულობდი საღმრთო წიგნებს, რომლებიც იქ ბლომად იყო. მესმოდა ბიძისა და ბიცოლას ქადაგებები, ვხედავდი სასწაულებს და ვეზიარებოდი იმ სიწმინდეებს რაც სხვაგან არსად მინახავს... გაოგნებული ვრჩებოდი და ვფიქრობდი: რა ხდება? რომელი უნდა დავიჯერო, სკოლაში ერთს მასწავლიან, აქ კი სხვას ვხედავ.... რა თქმა უნდა ჩემს ბავშვურ გულში ყოველთვის იმარჯვებდა უფალი. მადლობა ამისათვის იესოს, ჩემს მამა სევერიანს, ჩემს გულესერს.
***
გარდაცვალებამდე, რამდენიმე თვით ადრე თიაქრის ოპერაცია გაიკეთა. ერთ ღამეს თავმდგმომად დამტოვეს...ძალიან აწუხებდა ტკივილები, იმ დროს საავადმყოფოები კეთილმოუწყობელი იყო. 6 კაციან პალატაში იწვა, შუაღამე დადგა და მე სკამზე ჩამომჯდარი ვთლემდი, თვითონ კვნესოდა... იმდენად დიდი იყო მისი კაცთმოყვარეობა, პირიქით აქეთ შევეცოდე სკამზე მთვლემარე, ძლივს მიიწია და შემომიწექიო...მეც შევუწექი და ღრმა ძილს მივეცი, საცოდავი საწოლში ძალიან შემივიწროვებია, დილით იცინოდა, ორჯელ კინაღამ გადავარდიო...და აზრად არ მოსვლია გავეღვიძებინე ან უხეშად გაეკრა ხელი მიიწიეო...გარდაცვალების წინ სულს როცა აძლევდა, თავთან მისი ქალიშვილი თინა ეჯდა. შვილო, ეს რა ხდება, რამდენი არიან, რამდენი არიან, 10, 20 არა 100... ლეგიონია, რამდენი ბოროტი აკრავს დედამაწასო აღმოხდა, ილოცეთ, ილოცეთო...
ასეთი იყო ჩემი ბიძია სევერიანე და მისი მეუღლე (მეუღლის ღირსი) გულესერი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში გვერდში ედგა.