ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ბენია ჩხიკვიშვილი (დ. 1879, საყვავისტყე — გ. 1924, სუზდალი)
— ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. ნასაკირალის ბრძოლის ერთ ერთი ორგანიზატორი (1905 წლის 2 ნოემბერს)
დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. ქუთაისის სამეურნეო სკოლაში სწავლისას გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას, მონაწილეობდა მოსწავლეთა არალეგალურ წრეებში. ამის გამო 1900 წელს დაითხოვეს დამამთავრებელი კლასიდან. მუშაობა დაიწყო ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში, ყუთების დამამზადებელი განყოფილების მუშად. 1901 წელს გახდა რსდმპ წევრი. ოთხი თვის შემდეგ იძულებული გახდა, პოლიციის თვალთვალის გამო დაეტოვებინა ბათუმი. 1901-02 წლებში მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში. პარალელულად გლეხებს შორის ეწეოდა პარტიულ საქმიანობას. 1902 წელს ქუთაისში იმართებოდა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებლების კურსები, სადაც ჩხიკვიშვილმა დაარიგა არალეგალური ფურცლები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატიული პარტია მასწავლებლებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირა გლეხების მოძრაობისთვის, რომელიც გურიაში დაიწყო და ხელი შეეწყოთ მისი გავრცელებისთვის სხვა მაზრებში. ის დაასმინეს კურსების ხელმძღვანელ თედო ჟორდანიასთან და დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ჩხიკვიშვილს სურდა გურიაში დაბრუნება, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო წავიდა ჭიათურაში. იქ რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად დღიურად მუშაობდა მანგანუმის მაღაროში, პარალელუად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა. 1903 წლის შემოდგომაზე მიიწვია ახალ ჩამოყალიბებულმა რსდმპ ბათუმის კომიტეტმა. ბათუმი ჩხიკვიშვილი აქტიურად ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. როგორც კარგ ორატორს, ჰქონდა დიდი გავლენა მუშებში. ამავდროულად დღიურ მუშად მუშაობდა მანთაშევის მეორე (რიხტერის) ქარხანაში. ერიდებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე დებატებში შესვლას, თუმცა უხდებოდა „დრამის ფულის“ (საეკლესიო გადასახადის) წინააღმდეგ გამოსვლა. მან ციხიდან გააპარა სოციალ-დემოკრატი სამხედრო იაშვილი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩხიკვიშვილის პოპულარობა ბათუმის მუშათა წრეებში, მას „ბარცხანის გენერალ-გუბერნატორი“ შეარქვეს. 1903 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა რსდმპ გურიის კომიტეტი და ჩხიკვიშვილი გახდა მისი წევრიც. 1903 წლის 9 მარტს ხელმძღვანელობდა მუშათა ფართო დემონსტრაციას. 1903 და 1904 წელს გურიის კომიტეტის მიერ დელეგატად იყო მივლინებული რსდმპ მე-2 ყრილობაზე. 1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების წინ ბათუმში დაგეგმილი სამთავრობო-პატრიოტული დემონსტრაციის საწინააღმდეგოდ ორგანიზება გაუწია კონტრაქციას და პრაქტიკულად ჩაშალა სამთავრობო აქცია, ამის გამო მოუხდა შეტაკება პოლიციასთან. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა მისი გაჩერება ბათუმში, ამიტომ გადავიდა თბილისში და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი. იყო ტიპოგრაფიოების და პროპაგანდისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სამი წლის განმავლობაში კახეთის სამაზრო ქალაქებში, მოზრდილ დაბებსა და საუფლისწულო მამულებში აამუშავა ადგილობრივი კომიტეტები. 1904 წლის დეკემბერში დაიჭირეს და გაგზავნეს ბათუმში იქ აღმოჩენილი არალეგალური სტამბის გამო.
1905 წელს გამოუშვეს თავდებობით, დასახლდა გურიაში და გახდა იქ მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იყო ნასაკირალის ბრძოლის გამართვის წინააღმდეგი, რადგან მიაჩნდა ის უაზრო სისხლისღვრად, მაგრამ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უძღვებოდა ბრძოლას. გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იყო მისი მმართველი. ჰქონდა დიდი გავლენა. მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში. დადიოდა დაცვით, მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა. მას უწოდებდნენ „გურიის პრეზიდენტს“ და „გურიის მეფესაც“.[1] რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილი გურიიდან არ გაიქცა და აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას, რის გამოც მალევე დაიჭირეს. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს მიუსაჯეს ოთხი წელი კატორღა და სამუდამო გადასახლება ციმბირში, ირკუტსკში. 1912 წელს გაათავისუფლეს ციხიდან და 1917 წლამდე ცხოვრობდა ციმბირში გადასახლებულის სტატუსით, ატარებდა კერძო გაკვეთილებს, მუშაობდა აგრონომად კოოპერაციის ხაზით.
ციმბირიდან დაბრუნდა 1917 წელს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა „მოგზაურ პროპაგანდისტად“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს 1917-18 წლებში ეკავა სოხუმის ქალაქის თავის თანამდებობა. 1917 წლის 30 სექტემბერს აირჩიეს სოხუმის ოკრუგის საოლქო კომიტეტის შემადგენლობაში. 1917 წლის ნოემბეში გამართულ აფხაზეთის გლეხთა I ყრილობაზე აირჩიეს ყრილობის დელეგატად აკაკი ჩხენკელთა და ვალიკო ჯუღელთან ერთად და ასევე აირჩიეს სოხუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარედ.
ლეჩხუმსა და სამეგრელოში ბოლშევიკების აჯანყების შემდეგ დანიშნეს ქუთაისის საგუბერნიო კომისრად და დაევალა დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული წესრიგის აღდგენა. წესრიგის დამყარების შემდეგ გაგზავნილ იქნა აფხაზეთში. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად და თბილისის ქალაქის თავად. 1920 წელს საქართველოს მიერ ბათუმის ოლქის შემოერთების შემდეგ დანიშნეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად. ჩხიკვიშვილი გეგმავდა ოლქში აგრარული რეფორმის განხორციელებას, მაგრამ მისი გეგმა არ განხორციელდა და ჩხიკვიშვილი გადადგა. 1921 წლის თებერვალში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილზე უკანდახევის შემდეგ, 1921 წლის მარტში, დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში სტამბოლში, შემდეგ საფრანგეთში, მცირე ხნით იყო გერმანიაშიც. საფრანგეთში იყო ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე.[2]
1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი, მიუხედავად ფილტვების ავადმყოფობისა, დაბრუნდა საქართველოში ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასთან, ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ის 25 ივნისს დააპატიმრეს ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს 11 ივლისს. დაკითხვაზე განაცხადა, რომ აპირებდა ჩეხოსლოვაკიაში გადასახლებას სასოფლო-სამეურნეო ფირმაში და საქართველოში ჩამოვიდა ოჯახის წევრების წასაყვანად. 30 ივლისს ჩეკას რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ჩხიკვიშვილის საქმე და მოითხოვა მისი მოთავსება რსფსრ-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში ხუთი წლის ვადით, შემდგომში კი საქჩეკას კოლეგიისთვის შეტყობინება შემდეგი გადაწყვეტილების მისაღებად. 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების გამო, 30 აგვისტოს ფელიქს ძერჟინსკიმ გასცა გოგიტა ფაღავას, ნოე ხომერიკის, ვასილ ნოდია, გიორგი წინამძღვრიშვილის და ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.
ბენია ჩხიკვიშვილის ოჯახის წევრები ემიგრაციაში არ წასულან, თბილისში დარჩნენ. მისი მეუღლე 1936 წელს გარდაიცვალა. შუათანა შვილი, გრიგოლი, მოუკლავთ. გოგონა მცირეწლოვანი გარდაცვლილა. უფროსი ვაჟი ნათესავების დახმარებით ფეხზე დამდგარა, სამედიცინო ინსტიტუტი დაუმთავრებია. ბენიას შვილიშვილი თემურ ჩხიკვიშვილი მოქანდაკეა, სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების კათედრის გამგე გახლავთ.
http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000395/