ოსმალეთის განთქმული ამირბარი (ადმირალი) ჯაზაირლი (ალჟირელი) კაპუდან ფაშა ჰასანი 1714 წელს დაიბადა საქართველოში და წარმოშობით ფშავიდან იყო. იგი სიბერეშიც კი თავისუფლად ფლობდა ქართულ ენას. ფიქრობენ, რომ ჰასანი თავიდანვე ალჟირში იქნა გაყიდული, თუმცა არის მოსაზრება, რომ იგი სტამბოლის თექირდაღის უბანში მცხოვრებმა ვაჭარმა შეიძინა, მონობიდან განთავისუფლების შემდეგ კი იანიჩართა რიგებში ჩაეწერა და 1737-1739 წლებში ავსტრიელთა წინააღმდეგ იბრძოდა, სადაც თავი ქალაქ ბელგრადის ალყის დროს გამოიჩინა.
ალჟირში იგი ტლემსენის ოლქის მმართველად დაინიშნა. მოგვიანებით, ალჟირის დეისთან ურთიერთობის გართულების გამო ალჟირიდან ესპანეთში გაიქცა. 1760 წელს ჰასანი სტამბოლში დაბრუნდა და აქედან მოყოლებული, 30 წლის განმავლობაში, რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ იბრძოდა. 1770 წლის 5-7 ივლისის რუსეთთან გამართულ ჩესმას საზღვაო ბრძოლაში ჰასანმა თავი გამოიჩინა, რის შედეგადაც სულთანმა იგი კაპუდან ფაშას, ანუ მთავარი ადმირალის თანამდებობაზე დააწინაურა. შემდგომ წლებში იგი წესრიგის დასამყარებლად სხვადასხვა ოსმალურ პროვინციებში მიავლინეს, მათ შორის სირიაში, ეგვიპტეში და მორეაში.
იმავდროულად ჰასანი შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ საზღვაო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. იგი ოსმალური ფლოტის მოდერნიზაციის მთავარი ინიციატორი იყო, მის სახელს უკავშირდება თურქული საზღვაო აკადემიის შექმნაც. ჰასანი, რომელიც ყველგან თავის ლომთან ერთად დადიოდა, 1790 წელს სტამბოლში გარდაიცვალა. ჰასან კაპუდან ფაშა ხშირად ასოცირდება ალჟირის საფაშოსთან. რუსეთთან ომის დროს მან მაღრიბის ქვეყნებიდან არაერთი საზღვაო სპეციალისტი, მათ შორის ქართველი, გამოიწვია.
წყარო: ამბები.გე მანანა გაბრიჭიძე