კობა დავითაშვილი (დ. 31 ივლისი, 1971, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2020, იქვე)
— ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი.
ოჯახი 2018 წ ფოტო
დავითაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წელს მონაწილეობდა ქართულ–აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტში, მსახურობდა არტილერიის გაერთიანების ოცმეთაურად. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და 2004-2006 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“. 2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. 2006 წლის ნოემბერში კონსერვატიული პარტიის რიგები დატოვა, მას შემდეგ, რაც იმავე წლის ოქტომბერში ქართულმა ტელევიზიებმა მისი მაკომპომეტირებელი ვიდეომასალა გაავრცელეს.[2]
2007 წლის ივლისში დააარსა „ხალხის პარტია“ და გახდა მისი თავმჯდომარე. საარჩევნო ბლოკ „ეროვნული საბჭოს“ სიით გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (07-06-2008 - 20-06-2008), მაგრამ დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა. ამავე ბლოკის სიით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. იყო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ (2012-2016).
2013 წელს კობა დავითაშვილმა საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გამო მალე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში. დავითაშვილმა განაცხადა, რომ დატოვებდა პოლიტიკას, თუ ვერ მოაგროვებდა ხმათა 3%-ს. არჩევნებში ხმათა 0,6%-ის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას ტოვებდა.
2017 წელს დაუდგინდა ე.წ. ბეხტერევის დაავადება. 2020 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაიცვალა 2 დეკემბერს. გარდაცვალების მიზეზი გახდა პოლიორგანული უკმარისობა, მას განუვითარდა სეფსისი და სეპტიური შოკი