აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრილი სია წიგნიდან საქართველოსათვის
ლერი ქარდავა დაიბადა 1960 წლის 26 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. წითელ დიპლომზე დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. შემდეგ სწავლა განაგრძო როსტოვის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1992 წელს.
პირველივე დღიდანვე ჩაება საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში, იყო ასმეთაური, ლეიტენანტის წოდებით.
აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ჩარიცხული იყო ქ. სოხუმის სამხედრო პოლიციის ბატალიონის შემადგენლობაში ასეულის მეთაურად 1992 წლის 15 სექტემბრიდან. მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. კერძოდ; ტამისი-ლაბრა, კინდღი-ანუარხუ, შრომა-ზეგანი, მდ. გუმისთის მისადგომები. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს. 1992 წლის დეკემბერში მკლავში დაიჭრა, ჭრილობა ფეხზე დგომით მოიშუშა და ერთი დღითაც არ მიუტოვებია თავისი ბიჭები და შტაბი. განსაკუთრებით მან თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევის დროს თავის ასეულთან ერთად, არ მისცა მოწინააღმდეგეს ქალაქში შესვლის საშუალება.
ლერი ქარდავა უშიშარი მებრძოლი იყო, არასოდეს დამალულა სხვის ზურგს უკან და იარაღით ხელში სამშობლოს დამცველთა წინა რიგებში იდგა მუდამ .
მტერს გადმოლახული ჰქონდა მდინარე გუმისთა, ლერი ასაფეთქებლად წინ გაიწია და ბიჭებს მოაძახა; ''აქ არ დამტოვოთო. იმისათვის რომ ეხსნა თანამებრძოლები, ყუმბარმტყორცნელი ესროლა მტრის მეტყვიამფრქვევებს და ჩააჩუმა. მეორემ კი ცეცხლი ლერიზე გადაიტანა. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან.
მებრძოლებმა ლერი ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს. მას ავტომატი მარჯვენა ხელით გულზე მიხუტებული ჰქონდა, ის იარაღით ხელში მოკვდა. დასაფლავებულია სოხუმის რაიონის სოფ . შრომაში.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
„ ჭიდილი მხეცებთან “ ნუგზარ ქობალია
~ ლ ე რ ი ~ ქ ა რ დ ა ვ ა ~
* * * * *
სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის ძირითადი ნაწილი, რკინისგზის სადგურ „აჩადარის“ მიმართულებით გაემართა. მე-2 ჯგუფი კაფე „დელფინი-ს“ ტერიტორიაზე, ზღვის მხარეს გამაგრდა. ლერი ქარდავას ასეულიდან, მცირე ჯგუფი,
ცენტრალური გზის მიდამოებში განლაგდა...
მათი ძირითადი დანიშნულება იყო მე-2 ხაზის გამაგრება, ქალაქში შესასვლელი გზების ბლოკირება...
შუაღამე გადასული იქნებოდა, როცა აფხაზების მხრიდან მოულოდნელად რაღაც საშინელი წივილით წამოვიდა ნაღმები და ჭურვები... რუსეთის საჯარისი ნაწილები არტილერიით, ტანკებით, ავიაციით, საზღვაო საბრძოლო ხომალდებით, ცოცხალი ძალით და მათთან ერთად ჩრდილო კავკასიელი კონფედერატები, კაზაკები, სომხების ,,ბაგრამიანის ბატალიონი, და, რა თქმა უნდა, აფსუა სეპარატისტების კბილებამდე შეიარაღებული ბანდფორმირებები ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ... მეტყვიამფრქვევე გოჩა ნაჭყებიას თქმით, ყოველი მეტრი იბომბებოდა, მთელი წინა ხაზი ჭურვების გასკდომისაგან განათებული იყო, გუმისთა-აჩადარის ტერიტორია ჯოჯოხეთის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული. გაყინულ მიწაზე დაწოლილ მეომრებს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდათ, თითქოს მიწა ქვევიდან იძროდა და ხაფანგში მოყოლილი ნადირივით აცეცებდნენ დაფეთებულ თვალებს აქე-იქეთ...
გამთენიისას მტერმა მე-2-ე ბატალიონის საბრძოლო პოზიციების გარღვევა როგორღაც მოახერხა... აფხაზური მხარის ბანდიტურმა დაჯგუფებამ ამ მომენტით ისარგებლა და ქალაქის შესასვლელთან სამხედრო პოლიციის ბატალიონის მეომრებს ჩაუსაფრდა, გზა გადაუკეტა... გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა, სადაც ქართველთა მხრიდან ათზე მეტი მებრძოლი დაიღუპა და ოცდაათამდე დაიჭრა...
არაქათგამოცლილმა ბიჭებმა გაჭირვებით მიაღწიეს მე-2-ე ბატალიონის კუთხემდე, რომელიც მე-6-ე ბატალიონს უერთდებოდა... მაგრამ რკინიგზის გადასვლისას ეშერის მხრიდან აფხაზური მხარის ბოევიკებმა შენიშნეს სამხედრო პოლიციის მეომრები და რუსული არტილერია ააღრიალეს, მაგრამ უშედეგოდ, ქართველებმა დროულად მოასწრეს გაუჩინარება...
რკინიგზის გადასვლისას გაოფლიანებულმა და სახეაწითლებულმა ბიჭებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, სამხედრო პოლიციის ასმეთაურის, ლერი ქრდავას ცხედარი, რკინისგზის ლიანდაგებს შორის მატარებლის ქვევით...რკინისგზის ხიდის სიახლოვეს... გმირი ასმეთაური შრომიდან სნაიპერის მიერ იყო მოკლული. ტყვია პირდაპირ თავში ჰქონდა მოხვედრილი...
- ღმერთო ჩემო! - სიმწრისგან აღმოხდა ბატალიონის შეიარაღების უფროსს კაპიტან გელა ჩუთლაშვილს და ყველას სათითაოდ, ისეთი მზერით გადახედა, თითქოს ეკითხებაო, რა ვქნათ?!
- ამაზე ორი პასუხი არ ასებობს კახელო! - მტკიცედ თქვა სამხედრო პოლიციის ოცმეთაურმა რომან ძიძიგურმა. - და ბიჭებს, წარბებ მოღუშვით ელვისებურად მოავლო ვაჟკაცური მზერა. - ჩვენს გმირ ძმაზე, ჩვენ თუ არ ვიძიეთ შური, სხვა ამას, ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს...
- მართალი ხართ, ძმებო!.. - უყოყმანოდ და ერთხმად მიუგეს სამხედრო პოლიციის მეომრებმა.
ლერი ქარდავას ასეულის მებრძოლებმა ბატალიონის გამოცდილ მეომრებთან ერთად მე-2-ე ბატალიონის პოზიციასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს აფხაზ და გადამთიელ ბოევიკებს... გაშმაგებით მიიწევდნენ წინ, მანდარინის ბუჩქებს შორის, დაჭრილი ბარსივით აბრიალებდნენ თვალებს... ერთ საათიანი თავგამოდებული ბრძოლის შემდეგ რუს-აფხაზთა იერიშბი უკუაგდეს... ქართველი და აფხაზი მებრძოლები ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ, “ კახელოს “ თქმით დედის გინება ორივე მხარეს ესმოდა... კიდევ ნახევარი საათი და მტრის ბანაკში იარაღის ამღები არავინ დარჩა...
ნაშუადღევს ზღვისპირა ქალაქის მისადგომებთან ტროპიკული ქარიშხალი მცირე ხნით ჩადგა, მაგრამ ახალი აფონიდან გამოგზავნილი ჰაუბიცის ჭურვები მაინც დაფრინავდნენ მე-2 ბატალიონის პოზიციის თავზე წივილ-კივილით....