ჯემალ ქებურია - გულრიფში-ვარჩე. დაიღუპა აფხაზურ ათარაში 1992 წლის 3 დეკემბერს.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩატარებული ყველა შეტევა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ ომი ომია და მას, თავისი კანონები აქვს...
აფხაზური მხარის ბოევიკებთან გააფთრებული შეტაკებისას გმირულად დაეცნენ სოფელ ვარჩეს მკვიდრი: ჯემალ ქებურია, ვლადიმიროვკელი ინდერ სუბელიანი და დრანდელი ავთანდილ ლემონჯავა, ბაბუშერის ასმეთაური გენადი თოდუა, განახლების ასმეთაური ზაურ კვაშილავა და ახალდაბელი თენგიზ ნემსიწვერიძე.
ამ გმირების დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, კოდორის ხიდის, რუსეთის ავიაგამანადგურებლების მიერ დაბომბვისას დაიღუპნენ მე-5 ბატალიონის საუკეთესო მებრძოლები: რომინო შონია, ვიტალი იოსავა და ჯამბულ ახობაძე. თითქოს, მე-5 ბატალიონს ამ გმირი ბიჭების დაღუპვა არ ეყოფოდა, რომ მათი დაკრძალვის დღეს, კოდორის რკინიგზის გადაკვეთისას აფხაზური მხარის მზვერავების მიერ, ყუმბარმტყორცნიდან გამოსროლილი ჭურვი, მეხუთე ბატალიონის მეთაურის ავტომანქანას მოხვდა და ზედ რელსებზე აფეთქდა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ზარანდიას თქმით, ავტომანქანა რამდენიმე მეტრზე გადაისროლა. თვითონ მაიორი ზარანდია მანქანიდან გადმოვარდა და საკმაო სიმაღლიდან დაცემისას მძიმედ დაშავდა. ხოლო ბატალიონის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ გურამ დადუანის დროებით შემცვლელი დურუ შარია საუბედუროდ რკინიგზის რელსებზე დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა...