სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბიჭა (ბიჭიკო) და ბედიკო ახალაია 1958-93წ. გარდ. 35 წლის, აფხაზეთში დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში აფხაზეთი ბიჭა (ბიჭიკო) და ბედიკო ახალაია 1958-93წ. გარდ. 35 წლის, აფხაზეთში დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში აფხაზეთი

1958-1993 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ახალაია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

ბიჭა (ბიჭიკო) და ბედიკო ახალაია 1958-93წ. გარდ. 35 წლის, აფხაზეთში დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში აფხაზეთი

ბიჭიკო ბედიკოს ძე ახალაია დაიბადა 1958 წლის 27 მარტს.დრანდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.1992 წელს მარტში ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) რიგებში ასეულის ზემდეგად. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში  აჩადარა,ტამიშსა და შრომა-ახალშენის მიმართულებით.







                 1993 წლის 20 ივლისს ბიჭიკო ახალაია და მისი  თანამებრძოლები ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის მიმდინარეობისას ალყაში მოაქციეს,მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა ამ უთანასწორო ბრძოლაში პირადი შემადგენლობის 25 მეომარი დაიღუპა. მათ შორის ბიჭიკო ახალაიაც.




                საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის ,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბიჭიკო ახალაია სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

წიგნიდან საქართველო


სულით ძლიერნი... ნუგზარ ქებურია   გარდაიცვალა შრომაში 1993წ 25 ივლისს


გია გვილავამ ყურადღებით მოათვალიერა გარემო, იქნებ ბიჭა ახალაიას მოვკრაო თვალი სადმე, მაგრამ გულრიფშელი ბიჭი აღარსად ჩანდა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ლანდივით უხმაუროდ გახოხდა ბუჩქისკენ, ფუღურო ხემდე რომ მიაღწია, წამოდგა და ავტომატ მომარჯვებული ტყის სიღრმეში მიმავალ ბილიკს გაჰყვა. ფრთხილად ადგამდა ნაბიჯებს, რადგან აღმოსავლეთით მზე ამოიწვერა, ტყე სულ უფრო გამჭვირვალე ხდებოდა და ეშინოდა, მოალყეებს რომ არ შეენიშნათ.

მიდიოდა შუაგულ ტყეში, უგზოუკვლოდ შეუსვენებლივ, მაგრამ ზურგს უკან აფხაზი მეომრების რუსული გინება სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. უცებ თავზემოთ ავტომატის ტყვიამ გადაიწუილა, შემდეგ კიდევ ერთმა, ორმა და მთელმა ჯერმა... გია გვილავას გული ძალუმად უცემდა. სუნთქვა ეკვროდა. მუხლები ეკეცებოდა, მაგრამ მაინც შეუჩერებლივ და მთელი ძალით გარბოდა, აბა სხვა რა გზა ჰქონდა! უკან გაგიჟებული აფხაზური მხარის ბოევიკები მისდევდნენ.

ერთბაშად წინა მხრიდან ტყვიამფრქვევის ცეცხლმა გადაუარა. გია მეხნაკრავივით შეტოკდა, მუხლებზე დაეცა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა.

უკან აფხაზები! წინ კაზაკები! რა უნდა ექნა?

დაწექიო! დაუყვირა ვიღაცამ ქართულად და ისევ წამოვიდა ტყვიების წვიმა. გიამ უმალ იცნო გულრიფშელი ბიჭა ახალაია და სიხარულით მიწას გაეკრა. ქვეშიდან გახედა ტყის ნაპირს, რამდენიმე ხეს ამოფარებული შინაგანი ჯარების სოხუმის ცალკე ბატალიონის მებრძოლი შენიშნა. ისინი ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლს უშენდნენ აფხაზური მხარის ბოევიკებს...

ცოტაც და... ბრძოლის შუაგულში აღმოჩნდნენ. სუნთქვა უჭირდათ, მაგრამ მაინც განაგრძნობდნენ გურამ ახალაიასა და მისი მეგობრების ძებნას.

- გზა ხომ არ აგვერია, მამუკა? - დაეჭვებით წაილაპარაკა ბიჭა ახალაიამ.

- რა თქვი? - ყრუდ გამოეხმაურა მამუკა შონოა.

- ყველა მხრიდან ისვრიან და ვერ გამიგია, აქეთ საით მივდივართ?

მამუკამ მხრები აიჩეჩა, მე რა ვიციო. ბიჭებმაც დუმილით უპასუხეს, ისინი შუაგულ ტყისკენ უხმაუროდ მიემართებოდნენ. გია გვილავა უსიტყვოდ მიყვებოდა უკან. ბოლოს არაქათგამოცლილმა ბიჭებმა თავი შეაფარეს მდინნარის პირას მდებარე ბუჩქებს.

- საოცრად ლამაზი ადგილია, არა გია?.. ამის თქმა და ზურგს უკან რაღაც ხმაური გაისმა. ბიჭა ახალაია ბუჩქებში ჩაჯდა და მუხლებზე ჩაჩოქილმა ყუმბარმტყორცნის ზუსტი დამიზნებით მიზანში ამოიღო ორი ბოევიკი, რომლებიც უკნიდან, მდინარის მხრიდან უჭრიდათ გზას.

- ხელები ზევით! არ გაინძრეთ!.. - გაისმა უცებ შუაგულ ტყეში რუსული ბრძანება. მაგრამ შინაგანი ჯარის მებრძოლებმა ხელის აწევის მაგიერ იარაღი გაიძრეს და ბუჩქებთან გაწვნენ. წამიერი სიჩუმე ჩამოწვა. ბიჭამ აფხაზ ბოევიკებს გახედა, - ხელები ზევით-მეთქი! - და ტყვიის ჯერმა მათ წინ წივილით გადათხარა მიწა.

- შეწყვიტეთ სროლა! - თავისიანებს გასძახა შავგვრემანმა, კარგა ხნის პირგაუპარსავმა ბოევიკმა.

კობა ქრისტესაშვილი ხეს აეკრა. ტყეს გახედა.

- დაყარეთ იარაღი! - მოისმა უცებ ტყიდანაც.

გია გვილავა ბუჩქებთან მიჩოჩდა და ტყის პირს ყურადღებით დააკვირდა. შემდეგ ოციოდე მეტრზე მიუახლოვდა აფხაზ ბოევიკთა ჯგუფს და...

- დაყარეთ იარაღი! - იყვირა მთელი ძალით. მიზანში ამოიღო წინ მდგარი კოხტა წვერულვაშებიანი მეომარი.

- არ გაინძრეთ! - მეორე მხრიდან მოისმა ავტომატ მომარჯვებული ზურაბ სხულუხიას გამყინავი ხმა.

აფხაზი ბოევიკები მოულოდნელობისაგან გაშრნენ. ადგილიდან არავინ იძროდა.

- გაფრთხილებთ! ხელის ოდნავი განძრევა და მორჩა!.. დააწყვეთ ძირს იარაღი და ცოტა სწრაფად!.. - უყვირა ზურაბ სხულუხიამ.

იარაღის ხმარება მათ არც კი უფიქრიათ. გაშტერებულნი იყურებოდნენ აქეთ-იქით.

- რა ვერ გაიგეთ! - და გია გვილავამ ნაბიჯი წინ წადგა.

- ვინა ხართ? გამოდით! - მთელი ხმით იყვირა კობა ქრისტესაშვილმაც.

- სამხედრო პოლიციის მებრძოლები ვართ! არ ისროლოთ!.. - იყო პასუხი.

ბიჭა ახალაიამ აფხაზი ბოევიკის ხმაში თავისი ძმის, გურამის მეგობარი შეიცნო და აღელვებისგან ყუმბარმტყორცნი ხელიდან გაუვარდა.

- თქვენ რა, გააფრინეთ?! - ბრაზმორეულმა შეიჭმუხნა წარბები ბიჭამ და სათითაოდ შეათვალიერა აფხაზებად მიჩნეული ქართველი მებრძოლები.- გურამი სადღაა?

სამხედრო პოლიციის მეომრებმა მხრები აიჩეჩეს, ჩვენ არაფერი ვიცითო... ამ დროს შორიახლო გრადის რამდენიმე ჭურვი აფეთქდა. ჭურვის ნამსხვრევებმა ჰაერში გაიზუზუნეს, მიწა და ხის ფოთლები მებრძოლებს თავზე გადაეყარათ.

სოხუმის ცალკე ბატალიონის შემკრთალი მეომრები აქეთ-იქეთ გაიფანტნენ, ვინ ხეს ამოეფარა, ვინ მიწას გაეკრა. ზოგმა სანგარის მაგვარ ორმოში მოასწრო ჩახტომა. მამუკა შონიამ ვეებერთელა გამოფუღუროებულ ხეს შეაფარა თავი. ერთხანს სამარისებური სიჩუმე იდგა.

დაბომბვა რომ არ განმეორდა, ადგილზე გაქვავებულმა ასმეთაურმა, მურთაზ გაბიძაშვილმა ბიჭებს გასძახა,

- სიკვდილის გშინებიათ! არც გამტყუნებთ, ამ ლამაზ ტყეში ყოფნას, ვინ სულელი ამჯობინებს გაყინულ მიწაში წოლას.

იგი სპორტული აღნაგობის, ვაჟკაცური და საოცრად გაბედული მებრძოლი იყო. მოულოდნელად შექმნილ სიტუაციებში, დამოუკიდებლად,სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებებს.

- ჩქარა მოვხიოთ აქედან, თორემ თუ აფხაზებმა და რუსმა მედესანტეებმა ქარიშხლისებური შეტევა დაიწყეს, ძნელად რომ რომელიმე ჩვენგანი ცოცხალი გადარჩეს... - უთხრა მურთაზ გაბიძაშვილმა თავისი ბატალიონის მებრძოლებს და მათ ბუჩქებს შორის ლანდივით უხმაუროდ განაგრძეს წინ სვლა.

„ნუთუ ხსნა მხოლოდ სიკვდილშია?.“. - გაიფიქრა გია გვილავამ და უცებ რაღაც საშინელების წინათგრძნობამ ტალღასავით დაუარა.

- გია, ძმაო გული მეუბნება, რომ ცოცხლები დავრჩებით, მტრის ტყვია არც ერთს არ შეგვეხება, - თითქოს მის ფიქრებს კითხულობსო, ერთი ამოსუნთქვით უთხრა სოსო ყალიჩავამ. მჭიდი ავტომატიდან მოხსნა და ტყვიების ჩალაგება დაიწყო.

ამ დროს უცნობი მებრძოლების მცირე ჯგუფმა გვერდით ჩაუარეს. ერთი მათგანი კობა ქრისტესაშვილის წინ შეჩერდა

- შენ რომელი ბატალიონიდან ხარ?- კითხა შავტუხა მეომარმა.

- არც ერთიდან, რა მოხდა? - კითხვა შეუბრუნა ქრისტესაშვილმა.

- არაფერი არ მოხდა. შენა? - ახლა მამუკა შონიას ჰკითხა შავტუხამ.

- არც ერთიდან!

- თქვენ რა, ბიჭებო, სხვა პასუხი არ იცით? - გაკვირდა უცნობი მეომარი.

ამ დროს უკან მომავალი მებრძოლიც შინაგანი ჯარის მეომრებთან შეჩერდა.

კარგად ჩაცმული და შეიარაღებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ საკმაოდ მოხდენილი და ჭკვიანიც ჩანდა.

ბიჭა ახალაიას დანახვაზე წარბები მაღლა აზიდა და გაკვირვებით ჰკითხა

- შენ? აქ საიდან?

- მიცნობთ?

- რა თქმა უნდა, ნაძალადევად გაუღიმა არაქათ-გამოცლილმა მეომარმა და წინ წასულ ბიჭებს თვალმოჭუტულმა გახედა. - შენი ძმა, გურამი და დათო ბებია მდინარესთან ვნახე ნახევარი საათის წინ, ახლაც იქ იქნებიან... მეც სამხედრო პოლიციის მებრძოლი ვარ! ოთარი მქვია, გვარად კორძახია ვარ. ეს კი, გვერდით მდგარ მებრძოლზე მიუთითა, ჩემი მეგობარია, იასონი ჰქვია. ბიჭა ახალაია ორივეს გადაეხვია, ორივეს მეგობრულად მოეფერა და მცირე ხნის შესვენების შემდეგ გზა განაგრძეს.

მებრძოლებმაც მდინარისკენ აიღეს გეზი, ოციოდ წუთი იარეს შეუსვენებლივ, ნოდარ ბეჭვაიას არაქათი გამოეცალა, უჭირდა სიარული, მაგრამ თავს ძალას ატანდა.

მდინარე რომ გამოჩნდა, იქვე ტყის პირას დაბანაკებული თავისივე ბატალიონის ბიჭები დაინახეს. თავგზააბნეული, ცუდად შეიარაღებული მებრძოლები ტყეში მირბი-მორბოდნენ.

მალე გურამი ახალაიაც გამოჩნდა, უკან ედემი კარტოზია და გურამ ნაროუშვილი მოჰყვებოდნენ. მათი გამოჩენა და მაღლა ცაში რუსების ვეტმფრენებიც გამოჩნდნენ და რამდენიმე გამაყრუებელი ჭურვი დააყარეს ქართველ მეომრებს.

შემდეგ ვერტმფრენები ტყის თავზე სულ დაბლა-დაბლა მიფრინავდნენ და ტყვიამფრქვევებიდან ქართველთა პოზიციებს ცეცხლს უშენდნენ. ქართველი მებრძოლები ყუმბარმტყორცნით იგერიებდნენ რკინის ჩიტებს. ყუმბარები ვერტმფრენების ცხვირწინ ან კუდში სკდებოდნენ, მაგრამ ვერც ერთს ვერა და ვერ მოახვედრეს.

- შენი დედაც!.. - სიბრაზისაგან ხელები თავზე წაიშინა თენგიზ ტყებუჩავამ, რომელმაც ზედიზედ ორი ყუმბარა ააცდინა რკინის ჩიტს.

- ესაა ბიჭო! ტყვიას ტყვიაში აჯენსო? - გადასძახა ასმეთაურმა, მურთაზ გაბიძაშვილმა ბუჩქებში ჩამალულ ბიჭა ახალაიას და ხელებ მომუშტულ თენგიზ ტყებუჩავაზე მიუთითა.

ბიჭამ მხრები აიჩეჩა, ზოგჯერ ასეც ხდებაო, იქვე ახლოს ღორებისაგან ამოჩიჩქნული ორმოს ფსკერს ზურგით გაეკრა. ყუმბარმტყორცნის ცხვირი მაღლა ასწია და ვერტმფრენის მოლოდინში გაირინდა.

ნიანგის ტიპის ვერტმფრენი როგორც კი გამოჩნდა ტყის თავზე, იმავ წამს რამდენიმე გამაყრუებელი გრიალი გაისმა. ირგვლივ ყველაფერი შეზანზარდა, თითქოს მიწისძვრააო.

ბიჭა ახალაიამ სწრაფად ამოიღო მიზანში სულ დაბლა დაშვებული ვერტმფრენი, ყუმბარმტყორცნი შექანდა და... რკინის ჩიტი დაყირავდა, შავი კვამლის ცეცხლიანი სუდარა გადმოიფარა და ხელმარჯვნივ ხეობაში ჩაიჩეხა.

სულ ახლოს, ბუჩქნარში კაზაკი ბოევიკები დაქროდნენ. ზემო ფშაფელ ბიჭს ბევრი არ უფიქრია, ტყვიამფრქვევის ცეცხლით მიწას გააკრა მათკენ დაძრული კაზაკები. სხვები ხეებს ამოეფარნენ.

- ამათ მე შევაკავებ თქვენ გადით აქედან... - და ზედი-ზედ მოკლე ჯერი მიუშვა გადამთიელთა მიმართულებით. - რამდენჯერ უნდა გითხრათ! სანამ დროა, გადით, გააღწიეთ აქედან... - უყვირა ბიჭამ თავის ძმას, გურამ ახალაიას და მის მეგობრებს, როცა მიხვდა, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებდნენ.

გურამმა პასუხის ნაცვლად გრძელი ჯერი მიუშვა იმ ხეებს, რომელზეც კაზაკი ბოევიკები იყვნენ ამოფარებულები.

- ან ყველანი ერთად გავალთ, ან არც ერთი...- უხეშად მიუგო მან და მოღუშვით გახედა უფროსი ძმის სიბრაზისაგან აწითლებულ, ლამაზ, ვაჟკაცურ სახეს.

ბჭამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს მისი ყურადღება მიიპყრო ლევან გურჩიანმა, რომელიც ჯიკავ-ჯიკავით მოათრევდა ვიღაც შუახნის კაცს.

ლევანს სნაიპერული, ავტომატური კარაბინი თოფივით ეკიდა მხარზე და წარა-მარა ატრიალებდა აქეთ-იქეთ...

- ვინ მოგცა, მისი დედა ვატირე! არ იცი, როგორ უნდა გადაიკიდო? - თავის ძმაზე გაბრაზებულმა ბიჭა ახალაიამ სვანზე იყარა ჯავრი.

- ამას წავართვი, ამ ტურამ მდინარე გადმოცურა და ტყის პირას დავიჭირე...

- ვინ არის? - გაკვირვებით ჰკითხა მურთაზმა წვერმოშვებულ, ვაჟკაცური აღნაგობის სვანს და მის ტყვეს ალმაცერად გახედა.

- არ ვიცი, ოსად ასაღებს თავს...

- გაბიძაშვილმა თავით-ფეხებამდე შეათვალიერა სვანის მიერ მოთრეული ტყვე კაცი და რუსულად ჰკითხა

- ვინ ხარ?

- ოსი ვარ, შენი ჭირიმე. - აკანკალებული ხმით მიუგო უცნობმა.

- აფხაზებს ეხმარები, არა?

- არა, შენი ჭირიმე, ქართველების და აფხაზების ომი არაა ჩემი საქმე! - თქვა ოსმა. - თუ გამიშვებთ ხვალვე წავალ აქედან, შენი ჭირიმე.

- კი მაგრამ, რატომ არ მიატოვეთ ყოველივე და არ წახვედით? თუ კი მიგაჩნდათ, რომ ეს ომი ძმათამკვლელი იყო, რატომ იბრძოდი ქართველების წინააღმდეგ?

- ხომ გითხარით, მე აქედან წასვლას ვაპირებდი-მეთქი?

- პირიქით შენ ყველაფერი მიატოვე, რომ აქ ქართველების სიცოცხლის მოსპობით ფული გეშოვნა... - ყურში უყვირა სვანმა და თავისი დაკუნთული ხელები ისე ძლიერ მოუჭირა კისერზე, რომ ოსმა სიმწრისაგან თვალები გადმოკარკლა.

- უნდა მომკლათ?

-აბა რა უნდა გიქნათ? - და სვანმა კიდევ უფრო მოუჭირა ხელები კისერზე.

- ნუ მომკლავთ, თქვენი ჭირიმე, გეხვეწებით, გემუდარებით, ბოევიკი არა ვარ, მე უბრალო კაცი ვარ, ცხინვალიდან ორი დღის ჩამოსული ვარ და ჯერ ავტომატიც არ გამისვრია . - ცრემლების ღვარღვალით ეხვეწებოდა შუახნის ოსი.

ბიჭა ახალაიამ დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს გააშვებინა ხელი ლევან გურჩიანს ტყვე კაცის კისერზე...

- არა ძმაო, ამ ტურების ხვეწნა-მუდარის მოსმენას, ღია ტყეში, რუსის კარგად შეიარაღებულ სადისანტო ნაწილებთან ბრძოლა თუ არ მერჩიოს, მე ვიყო ძაღლისშვილი!- მთელი ხმით ღრიალებდა წვერმოშვებული ვაჟკაცი.

გიამ ხელით ანიშნა მეგობარ სვანს, აქ მოდო.

- რა გინდა, გია? - ბიჭა ახალაიაზე გაბრაზებული სვანი მის წინ შეჩერდა.

- მართლა სვანი ხარ, ბიჭო? - ღიმილით უთხრა დრანდელმა ბიჭმა და მოფერებით მხარზე ხელი გადაუსვა.

- რაზე მატყობ? - გაეღიმა სვანს.

- სიტყვა-პასუხზე. - მიუგო გიამ.

- კი, მაგრამ შენ რა გესმის ჩვენი სიტყვა პასუხისა, მეგრელო?

- იმ ოსმა მითხრა, შენ რომ ეს კარაბინი წაართვი, სვანებს ვაჟკაცური გამოთქმა აქვთო.

- მართალი უთქვამს! - სვანი მართლა ვაჟკაცურად უყურებდა ბავშვური გამომეტყველების, საოცრად კეთილშობილ მეგრელ ბიჭს. უცებ აფხაზების პოზიციების იქით, ფერდობზე რამდენიმე საბრძოლო ჯავშანმანქანა დაინახა. ნელა მოხრიალებდნენ, მაგრამ ქართველების პოზიციებს რომ მოუახლოვდნენ, ერთბაშად მოუმატეს სიჩქარეს და ცეცხლი გახსნეს...

ერთი ჯავშანმანქანა პირდაპირ მათკენ გამოემართა და სწრაფად უახლოვდებოდა მათ პოზიციას. გამოცდილმა სვანმა მებრძოლმა წამში ამოიღო რკინის ურჩხული მიზანში და ყუმბარმტყორცნი გაისროლა. ჯავშანმანქანას ჭურვი კოშკურში მოხვდა და უმალ ცეცხლი გაუჩნდა.

- გია, თავს უშველე! - რაც ძალღონე ჰქონდა შესძახა სვანმა და თვითონ გურამ ახალაიასთან მიიჭრა, რომ მისთვის ეშველა, მაგრამ ქართველ მებრძოლს ავტომატის ცეცხლმა მკერდის მარცხენა მხარე დაუცხრილა. იგი მძიმედ დაეცა ძირს ისე, როგორც ეცემიან ტყეში მოჭრილი ლამაზი ხეები.

ცეცხლწაკიდებული ჯავშანმანქანის კოშკურის სარქველი აიხადა და ხვრელიდან ახალგაზრდა შავგვრემანი მებრძოლი ამოხოხდა, ძირს გადახტა და ორმოში გატრუნულ ქართველ მებრძოლს მივარდა.

- ლევანიკო!.. შენ ამაფეთქე შე მაიმუნო შენა, ა? - და აფხაზი მეომარი ახლობელივით გადაეხვია ლევან გურჩიანს...

ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა ხელჩართული ბრძოლა. გია გვილავა გაოცებული უყურებდა ახალგაზრდა აფხაზ ოფიცერს, რომელსაც ხელზე ჰყავდა აყვანილი ქართველი მეომარი და ძლიძლივიბით მიათრევდა.

- ჩვენ აფხაზები არაფერ შუაში ვართ, თქვენ რუსული ჯიშის მაშკა ღორი და არძინბას რეჟიმი გებრძვით, ჩვენ პაიკები ვართ მხოლოდ.

სახიფათო ზონას რომ გასცილდნენ აფხაზმა მებრძოლმა დაჭრილი ქართველი ბიჭი ლევან გურჩიანს ფრთხილად გადაუწვინა ზურგზე და თვითონ უკან გაბრუნდა.

- ლევან, ის ბიჭი ახლობელია შენი? - ჰკითხა გიამ, როცა გზაზე მცირე ხანს შეისვენეს.

- არა, უბრალოდ ვმეგობრობდით. ტკვარჩელში ცხოვრობს, იქიდან ხშირად გადმოდიოდა ჩვენთან დათვებზე სანადიროდ. - რაღაც ნაღვლიანი ხმით მიუგო სვანმა.

საშინლად ცხელი და ბნელი ღამე ნელ-ნელა გაიცრიცა. ტყის სუსტი ნიავი ხის ფოთლებს ოდნავ აშრიალებდა, მდინარეც ჩვულებრივად ჩხრიალებდა, ხოლო ტყის სიღრმიდან მგლისა თუ ტურის და ჭოტის კივილი მოისმოდა.

დაჭრილი გურამ ახალაია გვიმრის გროვაზე იწვა, თვალები მოეწკურა და მძიმედ სუნთქავდა. სულ ახლოს რაღაც ხმაური გაისმა, სვანი ფეხზე წამოიჭრა და იარაღი მოიმარჯვა.

- გია! - ჩუმი ხმით წარმოთქვა გურამმა. იგი ცდილობდა მის ფეხებთან დაგდებული ავტომატის აღებას, ძალა აღარ ჰყოფნიდა... მწარე, ნაღვლიანი ღიმილი ეფინა მის კეთილშობილ, ვაჟკაცურ სახეს...

- სს! - გია გვილავა დაჭრილი მეგობრისკენ გადმოიხარა და თითი ტუჩებთან მიიტანა გაჩუმდიო. ამ დროს ზურგს უკან გაისმა რუსული შეძახილი.

- არ გაინძრე, თორემ მოვიდა ტყვია!

გია წელში გასწორდა, მაგრამ უკან არ მოუხედავს, ეგონა აფხაზი ზურგში ტყვიას დაახლიდა. ორი-სამი წამი იდგა ასე გაჩუმებული სიკვდილის მოლოდინში...

წინა მხრიდანაც ტოტების მტვრევით ვიღაც მოდიოდა. სიმწვანეში კარგად დაინახა თაკარა მზისგან სახე გარუჯული ოლეგ ლოლაძე, მის უკან კიდევ ორი გამოჩნდა. გიამ ისინიც უმალვე იცნო რევაზ დარსანია და მის გვერდით მდგომი ოლეგ ყურაშვილი. შემდეგ კიდევ რამდენიმე კარგად შეიარაღებულმა მებრძოლმა გამოყო თავი ბუჩქებიდან.

- რა ხდება, იქ? - ჰკითხა მურთაზ გაბიძაშვილმა ახლად მოსულ მებრძოლებს.

- ვერ მოვასწრებთ. მოგვასწრებენ... - სიმწრით ამოილაპარაკა ოლეგ ლოლაძემ და ტყის განაპირა სოფლის არაქართველ მოსახლეობისკენ გაიშვირა ხელი. - გვიღალატებენ ეს ღორიშვილები...

ტყეში ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი გაშტერებული შესცქეროდნენ ასმეთაურს, რომელიც თავჩაღუნული იდგა და ხმის ამოღებას აგვიანებდა. ყველამ იცოდა, რომ ის, ასეთ სიტუაციებში მრავალჯერ ჩავარდნილა და ყოველთვის წარმატებით გამოსულა.

მურთაზ გაბიძაშვილმა თავი მაღლა ასწია, ნაღვლიანად გაიღიმა და სრულიად მშვიდად, დაიმედებით თქვა,

- ნუ მიეცემით პანიკას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე... ჩვენი ყოფნა არ ყოფნა ახლა არც ჩვენზე და არც ჩვენს მტრებზეა დამოკიდებული... ღმერთს, როგორც სურს, ისე იქნება ყველაფერი.

- ნუთუ ღმერთს ჩვენი სიკვდილი სურს, გია? - ჩუმად, თითქოს თავისთვის წაიჩურჩულაო, ისე თქვა ვოვა დიდიშვილმა, რომელიც თავის დაჭრილ მეგობარს ერთი წუთითაც არ შორდებოდა.

- არ ვიცი! ცაში ყურება არაა ჩემი საქმე! - ცოტა არ იყოს მწარედ მიუგო მან და როგორღაც, ხელმოჩრდილვით მოათვალიერა გარემო. ტყე რაღაც ტრაგიკული საიდუმლოს მოლოდინში გარინდულიყო, მაგრამ ირგვლივ ჩამოვარდნილ ავისმომასწავებელ სიჩუმეს, ყრუ, შემზარავი ხმაური არღვევდა...

- ცაში ყურება თუ არაა შენი საქმე, მაშინ ნახე!.. - და ვოვა დიდიშვილმა საჩვენებელი თითი მაღლა, ღრუბლებისკენ გაიშვირა.

შრომა-კამანის თავზე რუსეთის ავიაგამანადგურებელმა გადაიკივლა.

- ხო, ხო... რა დღეშია ეს ღორიშვილი?!

- ვინ, ვოვა? - მისუსტებული ხმით ჰკითხა დაჭრილმა ბიჭმა.

სუ!.. - მოკლიდ მიუგო დიდიშვილმა.

- რატომ მაჩუმებ?

დიდიშვილს მწარედ გაეღიმა.

- სუ!.. სუ!.. ბიჭო!.. დედა აფეთქებული, რუსის სუ! - ნერვიულად წამოიძახა მან.

- ალბათ, გუმისთის ხიდთან მეექვსე ბატალიონის დანადგარები შენიშნა, შეჩვენებულმა.

- ჩვენი „შილკებიც“ ესვრიან, მაგრამ უშედეგოდ... - დაჭრილ მებრძოლს შიშისაგან პირისახე გასთეთრებოდა.

ერთი ჭურვი სულ ახლოს აფეთქდა, შემდეგ მეორე, მესამე... და...

შემდეგ ვერტმფრენები, ტყის თავზე სულ დაბლა-დაბლა მიფრინავდნენ და ტყვიამფრქვევებიდან დაბომბილ პოზიციებს ცეცხლს უშენდნენ.

შინაგანი ჯარების სოხუმის ცალკე ბატალიონის, ოცდახუთ კაციანი ჯგუფის ბიჭები, რომელსაც ზემდეგი მურთაზ გაბიძაშვილი მეთაურობდა ცეცხლ წაკიდებულ შრომას რომ მიუახლოვდნენ, ავტომატებისა და ნაღმტყორცნების სროლა შემოესმათ.

გზის პირას გამოსულმა დევნილებმა ხელების ქნევით და „თავს უშველეთ-ოს“ ძახილით ჩაურბინეს გვერდით, თან აუხსნეს, რომ უკვე რამდენიმე საათია აფხაზებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის გააფთრებული ბრძოლა წარმოებსო.

... ოცდახუთი ივლისის ცეცხლოვანი ქარიშხალი დაუნდობლად სპობდა წინასწარვე განწირულ, ღმერთისა და კაცისაგან უპატრონოდ მიტოვებულ, ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას.

უბედური შრომა-კამანის ვითომ გამაგრებული პოზიციები, ზურგიდან, აფხაზებისა და რუსეთის სადესანტო ნაწილების გააფთრებული იერიშების ობიექტი გახდა. აფხაზებსა და კაზაკებს შუა მომწყვდეული შინაგანი ჯარისა და სამხედრო პოლიციის მებრძოლები იარაღს არ ყრიდნენ და გააფთრებული იბრძოდნენ... ხელყუმბარათა ნაგლეჯები თუ ტყვიის სეტყვა გლეჯდა და ცხრილავდა ამ უბედურთა ვაჟკაცურ სხეულებს. საუკეთესო მებრძოლები, გურამ ახალაია, დავით ბებია, ნოდარ ბეჭვაია, ლევან გურჩიანი, ბადრი თორდინავა, კობა ქრისტესაშვილი, მამუკა შონია, ოლეგ ლოლაძე, თენგიზ ტყებუჩავა, ედემი კარტოზია, ზურაბ სხულუხია, ნუგზარ ქობალავა, სოსო ყაჩალავა, აბელ ყურაშვილი, რევაზ დარსანია, ვასო გახარია... მოცელილივით ეცემოდნენ მიწაზე.

ამ ჯგუფიდან, მხოლოდ რამდენიმე ბიჭი, მურთაზ გაბიძაშვილი, ბიჭა ახალაია, ვოვა დიდიშვილი და გია გვილავა განაგრძობდა სისხლისმღვრელ ბრძოლას, მაგრამ, სამწუხაროდ, მალე ტყვია-წამალი გაუთავდათ და აფხაზებმა ისინი ალყაში მოაქციეს. ბიჭა ახალაიას ხელიდან გააგდებინეს ავტომატი, წააქციეს ლომივით ვაჟკაცი და ბეჭებში კონდახები დაუშინეს, შემდეგ წამოაყენეს და ერთმა წვერმოშვებულმა აფხაზმა მათარით წყალი შეასხურა სახეზე. ბიჭამ თვალი გაახილა.

- ვინ ხარ? - ჰკითხა წვეროსანმა.

- ქართველი მეომარი...

- სახელი. გვარი...

-ბიჭა ახალაია.

- რატომ გვებრძვი, ძამიკო? - აფხაზი ბოევიკი თვალებში ჩააჩერდა.

- მე ვასრულებ ჩემი უფროსების ბრძანებას, დავიცვა ქვეყნის ერთიანობა... - კამეჩივით აბრიალებდა თვალებს ზემო-ფშაფელი მებრძოლი.

- ამათი დამარცხება არ შეიძლება, ესენი უნდა მოსპო, დედაბუდიანად გაანადგურო... - მთელი ხმით იღრიალა იქვე, ახლოს მდგარმა კაზაკთა ცხვირკეხიანმა მეთაურმა და იარაღი შემართა, სასხლეტი მოქაჩა და ჯერი მიუშვა...

ლომივით ვაჟკაცი, ბიჭა ახალაია მოსხლეტით დაეცა...

მთელი ამ ხნის განმავლობაში გია გვილავა გაშმაგებით დაეძებდა დაღუპულთა შორის მურთაზ გაბიძაშვილს და ვოვა დიდიშვილს, სათითაოდ აცქერდებოდა ტყვიით დაცხრილულ მებრძოლებს, მაგრამ მურთაზი და ვოვა მათ შორის არ იყვნენ.

მურთაზი დაიჭრაო არავის უთქვამს, მაგრამ გია ამას მთელი სხეულით გრძნობდა. მაგრამ სულის სიღრმეში მაინც არ სჯეროდა რომ თავის მეთაურს რაღაც უბედურება შეემთხვა.

მურთაზი მათ გვერდით იყო, მაგრამ, როდესაც ჰაუბიცების ჭურვების წვიმა წამოვიდა, ერთი ჭურვი სულ ახლოს აფეთქდა. მურთაზმა ზურგის არეში რაღაც ტკივილი იგრძნო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ალბათ დამჭრეს ღორიშვილებმაო, ჩაიბურტყუნა და არც კი შეჩერებულა...

კიდევ ორიოდე წუთი და... მურთაზი საშინლად მოეშვა, მის თავში ყველაფერი ერთბაშად დატრიალდა, ერთმანეთში აირია, მთვრალივით დაბარბაცდა და მოცელილივით ჩაიკეცა...

ყრუდ გმინავდა, სისხლიანი თითები ავტომატისთვის ჩაევლო და ვიღაცას უსიტყვოდ რაღაცას ემუდარებოდა. კვნესას უმატა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და გრძნობდა, რომ ძალა თანდათან ელეოდა.

უცებ იგრძნო, რომ ვიღაც მოეხვია და მაშინვე გია გვილავას აღელვებული ხმა იცნო. ამ ხმამ მცირე ხნით გონზე მოიყვანა და რაღაც წაიჩურჩულა... შემდეგ ისევ გონება დაკარგა.

კიდევ ერთი გმირი უმოწყალოდ კვდებოდა, ირგვლივ ისმოდა სამხედრო ტექნიკის საშინელი ხმაური და ტყვიების ზუზუნი, და კიდევ დაჭრილთა მისუსტებული კვნესა...

მალე ვოვაც გამოჩნდა და მოსხლეტით ჩაიკეცა დაჭრილი ბიჭის წინ, მკერდზე ყური დაადო, უნდოდა გაეგო, ცოცხალი იყო თუ არა.

- მკვდარია... - ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა მან.

გიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სულ ახლოს სნაიპერის ტყვიამ გაიწუილა და ხმის ამოღება ვეღარ გაბედა.

ერთხანს ჩუმად იდგნენ, შემდეგ გუმისთის ხიდის მიმართულებით წავიდნენ. მიდიოდნენ ტყეში, უგზოუკვლოდ შეუსვენებლივ, მაგრამ ზურგს უკან აფხაზი და კაზაკი ბოევიკების უწმაწური გინება სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა.

უცებ წინ მიმავალ დიდიშვილს მოეჩვენა, თითქოს მუხის ვეებერთელა

ტოტიდან ვიღაც ჩამოხტა, უნდოდა მისთვის ეყვირა, ნაბიჯი წინ წადგა კიდეც, მაგრამ ცხვირკეხიანმა ბოევიკმა არაადამიანური ხმით იღრიალა.

- გაქცევა გინდა?! შენი დედაც... - და გადამთიელმა მთელი ძალით ლეწა

სახეში ქართველ ბიჭს. ვოვა საშინელი ტკივილისაგან შეიჭმუხნა, მაგრამ ხმა არ გაუღია. გია გვილავას ზვერავდა გაშტერებული თვალებით, რომელიც ათიოდე ნაბიჯის მოშორებით თავით-ფეხამდე შეიარაღებული კაზაკი ბოევიკებით გარსშემორტყმული უძრავად იდგა გახსნილი ხელყუმბარით.

ცხვირკეხიანმა ბოევიკმა დიდიშვილს თავი ანება და ახლა მეორე ქართველ მებრძოლს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. ეტყობა იგი კაზაკთა ბანდის მეთაური იყო.

- ჯერ ახალგაზრდა კაცი ხარ და ადრეა შენთვის სიკვდილი, - უთხრა ცხვირკეხიანმა, - თუ კაცურად მოიქცევი და ხელყუმბარას დაუშვებ შენ და შენს მეგობარს სიცოცხლეს გაჩუქებთ და გაგათავისუფლებთ.

გია გვილავა დუმდა. ამ კაზაკი ბანდიტის ნათქვამმა, რატომღაც, დილით დედასთან და მამიდასთან მცირე კამათი გაახსენა.

„ - სად მიდიხარ გია, შვილო? -“ ტირილს არაფერი უკლდა ქეთინო გვილავას, ისე ჰკითხა მუდამ მომღიმარ ბიჭს.

გიამ მხრები აიჩეჩა. არაფერი თქვა.

„ - ჰკითხე ერთი შენს ძმისშვილს, რა უნდა შრომაში?! -“ახლა მის საყვარელ მამიდას მიუბრუნდა აღელვებული ქალი. იცოდა რომ გია მამის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე მეტად მას უჯერებდა.

„ - დედა, რატომ ამბობ ასე? “

„ - აბა, როგორ ვთქვა, გია, შვილო, ერთი კაკალი საჯიშე ბიჭი მყავხარ, შენ შემოგევლე, როგორ მოვიქცე შენმა შემყურემ. “

„ - კარგი ახლა დედა, ნუ იცი ხოლმე ასეთი ლაპარაკი.. ყველამ თუ თავისი შვილი გადამალა მაშინ ვინ უნდა აიღოს იარაღი?! - არ ცხრებოდა გია, - ვინმემ ხომ უნდა იძიოს შური დაღუპულ ბიჭებზე... მე ვერ დავიმალები დედა ბუჩქებში. ვერ ჩაგიჯდები კალთაში პატარა ბავშვივით.“

„ - შენი და მაინც შეიბრალე, მე თუ არ გეცოდები...“ - კიდევ უფრო უმატა ქალმა ტირილს. - იმის გულისათვის იბრძვით? იმისი სკამის გულისათვის იკლავთ თავს? “

„ - ვიცი დედა, ყველაფერი წინასწარ ვიცი, რაც უნდა მითხრა, ვითომ ჩვენ ყველა განწირული ვართ... გაყიდული ვართ, მოტყუებული ვართ და... ჯანდაბა ჩვენს თავს. ის უბედურება , რაც გაგრაში, გუდაუთაში, ოჩამჩირის სოფლებში და შრომაში მოხდა, შეიძლება ხვალ სოხუმშიც განმეორდეს და დრანდაშიც.. ჩვენს მთავრობას და სარდლობას, ცოლებიც და შვილებიც უხიფათო ადგილას ჰყავთ მოთავსებული. აქ კი შენ ხარ დედა, გესმის? იარაღი იმიტომ ავიღე, რომ შენ დაგიცვა, შენ რომ შეურაცყოფა არ მოგაყენონ, ჩემი დის და მამიდაჩემის მოჭრილი თავით ფეხბურთი რომ არ ითამაშონ გადამთიელებმა. “

მამიდა უხმოდ უსმენდა ძმისშვილს, რომელიც ასე საღად, გონივრულად მსჯელობდა... თანაც ძალიან უკვირდა გია მამის გარდაცვალების შემდეგ რა სწრაფად დავაჟკაცებულა.

„ - შენი მესმის გია, შვილო... - უთხრა მამიდამ ცრემლიანი ხმით და თავზე ხელი მოფერებით გადაუსვა გაცეცხლებულ ბიჭს. - ფიქრობ ვინმე დაგიფასებს? “

„ - სახელი მაინც ხომ დამრჩება, მამიდა? - “ სწრაფად გადაკოცნა ყველა და გაიქცა...

- დაუშვი ხელყუმბარა!.. -კიდევ ერთხელ გაუმეორა კაზაკთა მეთაურმა და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... აფეთქების ხმამ საშინლად შეაზანზარა დედამიწა... აფხაზთა დაქირავებული ბოევიკები პანიკამ მოიცვა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 08.04.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0