ჩარიცხული იყო შსს გულრიფშის ასეულის ოცეულის მეთაურად 1992 წლის 7 ნოემბრიდან. მერაბი პირნათლად ასრულებდა დავალებებს და თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16-17 მარტის შემოტევების დროს მდ. გუმისთაზე მიმდინარე ბრძოლებისას. დაიღუპა გუმისთაზე 1993 წლის 16 მარტს, ცნობილი საბრძოლო მოქმედებების დროს.
პაატა ვეკუამ სანგრებიდან დაინახა, როგორ მოწყვეტით დაეცა ძირს ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბერიძე.
- ბიჭებო! ბატალიონის მეთაური დაჭრეს! - შეჰყვირა მან მთელი ხმით და გულრიფშის სამხედრო პოლიციის ასეულის ოცმეთაურებს ხელით ანიშნა, შევდივართო...
ელგუჯა ბერიძის გამოსაყვანად შევიდნენ სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეომრები, მათ შორის გულრიფშის ასმეთაურის მოადგილე პაატა ვეკუა, ოცმეთაური მერაბ ჯიქია, ოცმეთაური მიტუშა ახალაია, ოცმეთაური რომან ძიძიგური და გულრიფშის ასეულის კბილებამდე შეიარაღებული მეომრები.
სამხედრო პოლიციის მეომრები ტყვიების წვიმაში არაადამიანური ყვირილით მიიწევდნენ წინ... დილის ბინდ-ბუნდში სავალი კარგად ჩანდა, მაგრამ ცენტრალურ გზაზე გადასვლას ვერ ბედავდნენ. ეკლიანი ბუჩქებისა და ფერდობების შემოვლა ძალიან გაუჭირდათ...
წინ, ლურჯი ცის ფონზე გარკვევით გამოისახა სარკინიგზო ხიდის მისადგომები... მერხეულელმა რომან
ძიძიგურმა მიტუშა ახალაიას მოხედა, მის მეგობარს სახე ალეწილი ჰქონდა...
- რა მოხდა?..
- პირდაპირ... მწვანე ფერდობს შეხედე, - ჩუმად უთხრა მან. - ხედავ, როგორ მოჩოჩავენ?... - და თითი იქითკენ გაიშვირა, სადაც, მანდარინების პლანტაციებში, ოდნავ შესამჩნევად, წაკუზულები მოდიოდნენ აფხაზური მხარის ბოევიკები.
- წინასწარ ვგრძნობ დიდი ხნის სიცოცხლე არ გვიწერია... - ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა გულრიფშელმა ოცმეთაურმა მერაბ ჯიქიამ.
- ეჰ, მათე!.. მათე!.. - ძლივს გასაგონად და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოთქვა რომან ძიძიგურმა.
- ვინ მათე!.. რა მათე!.. თუ კაცი ხარ ამიხსენი, რას ბოდავ? - მიტუშა ახალაია სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა.
- ვინ მათე და... ჩვენი მათე, შამათავა... ხომ გვეუბნებოდა ყველაზე წინ თქვენ რას გარბიხართო!..- გაბრაზებული ხმით მიუგო ძიძიგურმა.
- სანამ მათე მოგვაგნებს, ჩვენ ალბათ, ერთიანად ამოგვჟლეტენ. - ხმადაბლა წამოიძახა მიტუშა ახალაიამ და მეგობრებს ურჩია, სანგრებში ჩავძვრეთო, მაგრამ მოულოდნელად რუსებმა რაღაც აბაჟურის მაგვარი მანათობელი ააფრინეს ცაში. ირგვლივ ყველაფერი განათდა. ორი სამი წუთიც და... საშინელი წივილით წამოვიდა ნაღმები და ჭურვები და ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ. ირგვლივ ყველაფერი ზუზუნებდა...
პირველივე შეტაკებისას გულრიფშის ასეულიდან მძიმედ დაიჭრა ოცმეთაური მერაბ ჯიქია... სამხედრო ექიმმა ქალმა ოლგა ბარიშნიკოვამ და პოლიციის ორმა მეომარმა სწრაფად გაიყვანეს დაჭრილი ბიჭი ბრძოლის ველიდან... დანარჩენებმა კი მერხეულელი რომან ძიძიგურის მეთაურობით სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს რუსების მიერ დაქირავებულ, ნარკოტიკებით გაჟღენთილ მხეცებს...
საშინელ ხელჩართულ ბრძოლაში, გადამთიელი ავაზაკები ჩვენმა მეომრებმა ამოხოცეს, მაგრამ ქართველთა მხრიდან რამდენიმე სამხედრო პოლიციელი დაიღუპა და უამრავი დაიჭრა...
რომან ძიძიგური სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის გულრიფშის ასეულის ოცმეთაური. სოფ. მერხეული.
დაჭრილთა შორის იყო სამხედრო პოლიციის კაპიტანი გელა ჩუთლაშვილიც... იგი თავში იყო დაჭრილი. მისმა მეგობრებმა შორიდან დაინახეს თავიდან, როგორ მოსდიოდა სისხლი...
- კახელო! - შემზარავი ხმით იყვირა რომან ძიძიგურმა და სიღნაღელ მეგობრისაკენ გამოქანდა...
- რა მოხდა? - გაკვირვებით იკითხა ბესო კვარაცხელიამ.
- ჩქარა, აქეთ! კაპიტანი დაჭრეს! - რომან ძიძიგური სწრაფად ჩაიმუხლა დაჭრილი მეგობრის წინ, მკერდზე ყური დაადო, უნდოდა გაეგო, ცოცხალი იყო თუ არა. - მკვდარია... - მეხნაკრავივით იღრიალა მან.
ამ დროს ისევ გაისმა, რუსული „მინამიოტების“ წივილ-კივილი და სამხედრპო პოლიციის მეომრები ელვის უსწრაფესად ჩახოხდნენ სანგრებში... გაუსაძლის ხმაურზე „კახელო“ შეირხა, თვალები მონადირისგან დევნილი ნადირივით დააბრიალა, მიმოიხედა, დახოცილ გადამთიელთა გვამებმა გული შეუწიხა, მაგრამ მებრძოლი, აბა რისი მებრძოლია, ძალა მოიკრიბა და თავისიანებს მკვდარი, რომ ეგონათ, ხოხვა-ხოხვით ბიჭებთან სანგარში ჩაფოფხდა.
მერხეულელ რომან ძიძიგურს შიშისგან თმები ყალყზე დაუდგა. განახლებელ მერაბ სვანიძეს ცივმა ოფლმა გადაასხა. სოხუმელი ბიჭები გაოგნებული შესცქეროდნენ ერთმანეთს...
- თფუ! ეშმაკს!.. - ძლივს ამოილაპარაკა რომან ძიძიგურმა. - ცხოვრებაში პირველად ვხედავ გაცოცხლებულ მკვდარს!.. - და ყველამ თავშეუკავებლად გადაიხარხარა...
- სიღნაღელი კახელი რომ არ ყოფილიყავი ახლა მკვდარი იქნებოდი, გელა, ძმაო! - უთხრეს ბიჭებმა და ჭრილობა სწრაფად დაუმუშავეს...
მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მტრის „მინამიოტი“ ისევ აღრიალდა და ერთი ჭურვი, გამოწერილივით, ახლა უკვე მე-6 ბატალიონის ტერიტორიაზე, სამხედრო პოლიციის სანგრებთან სულ ახლოს დაეცა... საბრალო კახელი ისევ დაიჭრა, ამჟამად ფეხზე, თანაც მძიმედ. რომან ძიძიგური მოკრუნჩხული იწვა მის გვერით, მისი სუსტი ხრიალი ისმოდა მხოლოდ...
სამხედრო პოლიციის გულრიფშის ასმეთაურ მაიორ მათე შამათავას თქმით, ოცმეთაურ მერაბ ჯიქიას ცოცხალს ვერ მიუსწრო, ხოლო თავის მოადგილეს გულრიფშელ პაატა ვეკუას, ასეულის ექიმი ბარიშნიკოვა მუხლებზე ჩაჩოქილი უწევდა პირველად დახმარებას...
- გადარჩება?!.. - ჰკითხა გამწარებულმა შამათავამ მოუთმენლად. ბარიშნიკოვამ უიმედოდ გააქნია თავი და მეთაურს მხრების აჩეჩვით უპასუხა, მთავარი არტერია აქვს დაზიანებულიო. შამათავას თქმით, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მისი თანასოფლელი, ოცმეთაური რომან ძიძიგური მოკრუნჩხული, დაჭრილ დაჩეხილი იწვა, ბატალიონის შეიარაღების უფროსის, მაიორ გელა ჩუთლაშვილის გვერდით.... მალე ასეულის ექიმმა ბარიშნიკოვამ მე-6 ბატალიონის მეომრების დახმარებით სამაშველო ზილის ბორტზე დაასვენა ხუთი დაჭრილი პოლიციელი და აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გააქანა...
გულრიფშელი სამხედრო ექიმის, ოლგა ბარიშნიკოვას თქმით, რომან ძიძიგური და გელა ჩუთლაშვილი, საბედნიეროდ გადარჩნენ!...