სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
იაგო შალვას ძე მიქელაძე 1976-2008წწ გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. ბუთურაული შუახევი აჭარა იაგო შალვას ძე მიქელაძე 1976-2008წწ გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. ბუთურაული შუახევი აჭარა

1976-2008 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მიქელაძე სია

შუახევი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

458       ბეჭდვა

იაგო შალვას ძე მიქელაძე 1976-2008წწ გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. ბუთურაული შუახევი აჭარა

დაიბადა 24 ოქტომბერი 1976წ  შუახევი  გარდაიცვალა 08 აგვისტო 2008 წ. სამაჩბლო


ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში

კაპრალი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

ცხინვალის შემოგარენი. 8 აგვისტო. რუსი ოკუპანტები კასეტურ ბომბებს უშენს ქართველ მეომრებს. ერთი მებრძოლი, მეორე დაჭრილ მებრძოლს საშველად მივარდება და ახალი ბომბის ნამსხვრევი ახლა მას დასჭრის სასიკვდილოდ თავსა და გულ-მკერდში...


იაგო მიქელაძე 16 დღე ებრძოდა სიკვდილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.


24 აგვისტოს გმირის გულისცემა შეწყდა.


იაგო მიქელაძე 1976 წლის 24 ოქტომბერს, შუახევის რაიონის სოფელ ბუთურაულში დაიბადა.


ეთერ მიქელაძე, იაგოს დედა: „ძალიან ტკბილი ბავშვი იყო. ყველას უყვარდა სოფელშიც და სკოლაშიც. იუმორით სავსე, ძალიან ხუმარა ბიჭი იყო, დედა მოუკვდეს...


მეშვიდე კლასში იყო, ლიმონათით რომ მომეწამლა. 24 საათი კომაში იყო, 15 დღე საავადმყოფოში მეწვა, მას მერე არაფერი აღარ ასტკივებია, წამალი აღარ დაულევია... სულ სამი ბიჭი მყავდა, იაგო მეორე იყო. ხასიათებითაც განსხვავებული იყო, ძალიან თბილი, ტკბილი და ლმობიერი. ნორმალურად სწავლობდა. შეეძლო უფრო უკეთესად ესწავლა, მაგრამ ბოლო კლასებში თავს აღარ იწუხებდა“.


გელა მიქელაძე, ძმა: „ცელქიც იყო, ხუმარაც, ხიფათიანიც, მოჩხუბარიც... მამაჩემი სამხედროს მასწავლებელი იყო სკოლაში, გაკვეთილები ხშირად სახლშიც გრძელდებოდა. იაგოს თავიდანვე უყვარდა ფორმა, მოსწონდა ჯარის ცხოვრება. სკოლაში ძირითადად ფიზკულტურა, სამხედრო, ისტორია და ქართული უყვარდა...“


შალვა მიქელაძე, მამა: „თავიდანვე სამხედრო-პატრიოტულად იზრდებოდა, თვითონ იყო მოწადინებული. სამხედრო სწავლებისა და ფიზკულტურის არც ერთ მეცადინეობას არ აცდენდა, ვარჯიშობდა, არც შრომა-გარჯა ეზარებოდა. მეზობლებსაც ეხმარებოდა. მისი ცხოვრების მიზანი კარგი ოჯახის შექმნა და გენერლობა იყო...“


იაგო მიქელაძე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა სოფელ ხიჭაურის სამხედრო-სასაზღვრო რაზმში. 1998-2000 წლებში - ბათუმში აჭარის სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კონტრაქტი გააფორმა და კვლავ ხიჭაურის სასაზღვრო რაზმში მსახურობდა, შემდეგ ბათუმის 25-ე ბრიგადაში. 2006 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმში დაიწყო მუშაობა.


დედა: „პირველი ხელფასი რომ აიღო, სახლში ისეთი დატვირთული მოვიდა, ვერ ვიცანით... იმ პერიოდში საკმაოდ გვიჭირდა. უფროსი ბიჭი დაოჯახებული იყო, პატარა კი უმუშევარი, ყველაფერი იაგო იყო... დედა მოუკვდეს, სულ იმას ამბობდა, წელში ცოტა რო გავიმართები, ჩემს ძმას ოჯახს მოვუწყობ და მერე ჩემს თავსაც მივხედავო, ოცნება ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვეღარ განახორციელა, დედა მოუკვდეს...


დასაოჯახებელი იყო. ჩვენ არაფერს გვეუბნებოდა, მაგრამ როგორც მისი მეგობრებისგან გავიგეთ, შეყვარებული ჰყოლია. ხუმრობით თუ გვეტყოდა რამეს, ხან ვისზე იძახდა მიყვარსო და ხან ვისზე... სერიოზულად მე მგონი არაფერზე ფიქრობდა...“


დედას თვალები სულ გზისკენ ეჭირა. იაგო იშვიათად ახერხებდა სოფელში ასვლას.


დედა: „ორ თვეში ერთხელ თუ მოახერხებდა ხოლმე ამოსვლას. ისიც სამი ოთხი საათი გაჩერდებოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. ბოლოს ერთი თვით ადრე იყო ამოსული, ომამდე. როგორც კი სახლში შემოვიდა, სამსახურიდან დაურეკეს და ორი საათიც არ გაჩერებულა. განსაკუთრებული მაშინ არაფერი შემიმჩნევია, ისეთი იყო, როგორც ყოველთვის – ლაღი. ორ დღეში თავს ეს უბედურება დაგვატყდა... ომამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკა, დედიკო, რა გამოგიგზავნო, რა გინდაო. დედი, შენი კარგად ყოფნის მეტი არაფერი მინდა-მეთქი... ჩემი პატარა ბიჭი იყო ბათუმში და ვთხოვე, გელა გამომიგზავნე სოფელში-მეთქი. არ მოდის, ჩემთან ყოფნა უნდაო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი...“


გელა მიქელაძე, ძმა: „ომამდე ერთი კვირით ადრე, ახლობლის ქორწილში ვიყავით. არ მავიწყდება, როგორ დალია საქართველოს სადღეგრძელო, ჩვენი წინაპრები ხმლით ხელში იბრძოდნენ და ჩვენც მათსავით გმირულად უნდა ვიბრძოლოთ, თუ საქართველოს დავჭირდებით, უკან არავინ უნდა დავიხიოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთო...“


იაგო მიქელაძე მალევე დასჭირდა საქართველოს. ომი დაიწყო.


გელა მიქელაძე, ძმა: „7 აგვისტოს გამოიძახეს და წაიყვანეს. მეც მივედი გასაცილებლად. იმდენად გამბედავი ადამიანი იყო, ერთ წუთს არ დაფიქრებულა საფრთხეზე. ჯართან ერთად ბევრ ბრძოლაში წასულა, მაგრამ შიში არასდროს ჰქონია. ოქროს ძეწკვი ჰქონდა ახალი ნაყიდი, დამიტოვა შენ გქონდეს ჩემგანო...


8 აგვისტოს დილით ველაპარაკე, მითხრა: ყველაფერი კარგად არისო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, ამ დროს ცხინვალის შესასვლელთან იყო... საღამოს უკვე ვეღარ ვუკავშირდებოდი, მერე ერთ ახლობელს დავურეკე და მან მითხრა, იაგო დაჭრილია და კარგად არისო... კასეტური ბომბის ნამსხვრევებით დაიჭრა თავსა და გულ-მკერდის არეში. როგორც მეგობრები ყვებიან, დაბომბვისას დაჭრილი მეგობრის დასახმარებლად მიბრუნდა და ამ დროს მოხვდა კასეტური ბომბის ნამსხვრევები. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.


16 დღე უგონო მდგომარეობაში იყო, სახელმწიფოსგან თანადგომა გვქონდა, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანაზეც იყო საუბარი, მაგრამ აღარაფერი ეშველებოდა, 16 დღე აპარატზე იყო მიერთებული, იმდენად ძლიერი იყო ფიზიკურად, რომ ამდენი დღე გაძლო...“


შვილი სიკვდილს ებრძოდა, დედამ არაფერი იცოდა...


დედა: „ეს საშინელება სოფელში ყველას სცოდნია... ჩემს ბიჭებს დაურეკეს ახლობლებმა, იაგო დაჭრილიაო. არც ბიჭები მეუბნებოდნენ თავიდან რამეს. ბოლოს დამალვას აზრი რომ აღარ ჰქონდა, ჩემმა უფროსმა ბიჭმა მითხრა, დედი გამაგრდი, იაგოა მძიმედ დაჭრილი და არაფერი არ არის საშიშიო... 16 დღე რეანიმაციაში იწვა, დედა მოუკვდეს. უკანასკნელად ჩემს შვილთან რეანიმაციაში გავატარე 6 დღე... უკვე რომ მისი საშველი არ იყო, დილით მოტყუებით გამომიყვანეს საავადმყოფოდან და სოფელში გამომაცილეს. საღამოს ჩემი შვილის ცხედარი მომისვენეს სახლში...


ყოველდღე უფრო და უფრო მენატრება და მაკლია. ცხოვრება რთულია... ახლაც თვალწინ მიდგას მისი ღიმილიანი სახე, როგორ შემოდიოდა სახლში...“


გელა მიქელაძე, ძმა: „ძალიან მიჭირს ჩემს ძმაზე წარსულში საუბარი. ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ბათუმში რომ მუშაობდა 9 თვე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მერსედესის ყიდვა და ცოლის მოყვანა უნდოდა... გოგოს სილამაზეს ყურადღებას არ აქცევდა. სულიერად ლამაზი და ცოცხალი გოგო უნდა ყოფილიყო, რომ მოსწონებოდა... ჯარში ყოფნის დროს ერთი გოგო მოსწონდა ქალაქში. ამაზე ბევრს არ საუბრობდა. ისეთი სამსახური ჰქონდა არ მესიჯობდა. არ უყვარდა მესიჯობა, გოგოს პირდაპირ ეუბნებოდა თუ მოსწონდა. სკოლის პერიოდში თავისი კლასელი უყვარდა... ბათუმში ყოფნისას ხშირად ენატრებოდა აჭარული კერძი-ბორანო, ხშირად ასულა სოფელში, დედის მომზადებული კერძი რომ მოენატრებოდა... ვისაც თავად განცდილი აქვს, უკეთესად გაიგებს ჩვენს ტკივილს...“


მამა: „იაგო ოჯახშიც, სკოლაშიც და სამსახურშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. თვითონ მეოჯახე ბიჭი იყო და კარგი, მეოჯახე ცოლის მოყვანა უნდოდა. ჩვენთან ამ თემაზე ბევრს არაფერს ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა შეყვარებული იყო... ძალიან ყურადღებიანი იყო. სამსახურიდან ხშირად გვირეკავდა და ჩვენს ამბავს კითხულობდა. ომში რომ წავიდა, არაფრის შიში არ ჰქონია. ჩვენ გვაწყნარებდა, არ ინერვიულოთო... ჩემი ბიჭი ფიზიკურად ძლიერი იყო, თავიდანვე მიდრეკილი ჯარზე, იარაღზე, სამხედრო საქმის სიყვარულით ცხოვრობდა და სიცოცხლეც სამშობლოს შესწირა... ნამდვილად ტრაგედიაა იაგოს დაღუპვა ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ ამავდროულად ამაყი მამა ვარ, ჩემი შვილი ქვეყანას გმირულად ემსახურა“.


იაგო მიქელაძე გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.


დაკრძალულია შუახევში, მშობლიურ სოფელში. მის საფლავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, იქვე კი, სოფელში იაგოს წყაროც მიედინება...




გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.03.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0