ბესიკ მურუსიძე იაკობის ძე დაიბადა 1966 წლის 23 აგვისტოს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთში.
მოხალისეთა ბატალიონი ასურეთის ოცეული ზემდეგი
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/178
1972-1981 წლებში სწავლობდა სოფელ ასურეთის საშუალო სკოლაში.
1981-1984 წლებში სწვალობდა თეთრი წყაროს პროფტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. კოსტრომაში.
1987-1989 წლებში სწავლობდა თბილისის ს. ორჯონიკიძის სახელობის საბაზო მესამე სამედიცინო სასწავლებელში სპეციალობით- კბილის ტექნიკოსი.შემდეგ მუშაობდა თავისი სპეციალობით სსხვადასხვა ადგილებში
1988 წელს დაქორწინდა. შეეძინა ორი ქალიშვილი - თამარი და მარიამი.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მხერდრიონელთა სრული სია რომელიც გარდაიცვალა თვითფრინავის აფეთქების დროს
გვესაუბრება ქალბატონი იზო მურუსიძე.
ჩემი ვაჟიშვლი ბესიკი ვერც კი გვაცნობიერეთ თუ როგორ აღმოჩნდა საბრძოლო ბატალიების აქტიურ მონაწილეთა რიგებში…
მას დამთავრებული ჰქონდა სამედიცინო ტექნიკუმი, მუშაობდა, ჰყავდა მეუღლე და პატარა ანგელოზივით გოგონები და ჩვეულებრივი ქართული ოჯახის შვილი იყო და თავად ოჯახის მამა…
რემდენიმე ხანი რაღაც დაგვიანებები დაიწყო სახლში, ძალზე გვანერვიულებდა და თანაც არ გვიმხელდა სად დადიოდა… რა თქმა უნდა შევშფოთდით და როგორც შემდეგ გაირკვა, ჩვენი სოფლის ადგილობრივი ბიჭების ჯგუფი შეკრებილა, დადიოდნენ საგურამოს ბაზაზე და სამხედრო წვრთანს გადიოდნენ სროლაში…
ეს ბავშვები ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ და ვაჟკაცებად ჩამოყალიბდნენ, მეგობრობდნენ, სწავლობდნენ, უყვარდათ და ისე ძმებივით იყვნენ შესისხორცებულები ერთმანეთთან, რომ უერთმანეთიდ ვერც კი ძლებდნენ და როცა დადგა სამშობლოსათვის ერთად დგომის აუცილებლობა, რა თქმა უნდა განზე ვერ გადგებოდნენ და თავისი მრწამსის მიხედვით გადადგეს კიდეც ნაბიჯები ქვეყნის კეთილდღეობისათვის…
პირველად ჩვენმა შვილებმა, მე ვიტყოდი ჯერ კიდევ ბავშვებმა, აიღეს ინიციატივა ასურეთში დაეცვათ 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნები, რათა მათ აზრით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარებულიყო მშვიდობა.
აფხაზეთში ამ დროს უკვე ომი იყო დაწყებული და ერთ დღესაც ჩვენი სოფლის ბიჭები პირდაპირ საბრძოლო ეპიცენტრში აღმოჩდნენ. ჩვენ ოჯახში არფერი არ ვიცოდით და ძალზე შევშფოთდით და განერვიულებულები მივედით ჭადრაკის სასახლეში, საიდანაც მაშინ გადიოდნენ მებრძოლები. დამხდურებს თან აღელვებული ვუხსნიდი, რომ „ჩემმა ვაჟმა სროლაც არ იცის და ვჯავრობ – რატომ წაიყვანეთ მეთქი ომში?..“ მისი დაბრუნებით იმედდაკარგული ისევ სახლში დავბრუნდი და თრთლოლვით გავყურებდით დაძაბულები გზას და შვილებს ველოდით.
ასურეთელი ბიჭები როგორც კი ჩასულან ოჩამჩირეში, მაშინვე მძიმე თავდაცვით ბრძოლაში მიუღიათ მონაწილეობა. 1992 წლის 25 ოქტომბერს ოჩამჩირეზე შემოტევის მოგერიებაში ერთ-ერთი აქტიურები იყვნენ და ამის შემდგეგ სიკვდილამდე აღარ დაუდიათ იარაღი. იცავდნენ ოჩამჩირის შემოგარენს: ბესლახუბას, არადუს, შომას, კამანს და ყველგან დატოვეს კაცური ღირსების სახელი. მე მეამაყება, როცა ჩემი შვილის საბძოლო გზას ვიხსენებ. ამ დროს მათი მეთაური იყო ავთო გიცირიძე და ჯგუფში შედიოდნენ ელგუჯა გოცირიძე, ძმები იმედი, სოსო და კობა გურგენიძეები, დათო ავალიანი, კობა ლაღიძე, ჩემი ვაჟი ბესიკი და ხვიჩა კაციტაძე.
ერთი ორი დღით როდესაც დაბრუნდნენ ბიჭები, ბევრ თანასოფლელს სურვილი გაუჩნდათ მათთან ერთად ებძოლათ, მაგრამ სხვები აღარ შეიერთეს, რადგან არ სურდათ იმ საშნელ ქარცეცხლს გამოტარებულებს, სხვებსაც თავზე გადახდომოდათ ეს ჯოჯოხეთი.
ჩემს უმცროს ვაჟს ზვიადისაც კი სურდა მათთან შეერთება, მაგრამ ბესიკმა არ გაუშვა – „დედ-მამას და ცოლ-შვილს ვიღას დავუტოვებო!“ ზვიადის ვატყობდი, რომ შეცბუნებული იყო, რომ ძმასთან ერთად არ იბრძოდა და მასაც მისკენ ეჭირა თვალი, თითქოს სცხვენოდა.
ასე იბრძოლეს ასურეთის ბიჭებმა ერთი წელი, ოჩამჩირის შემოგარენში. 60 ბიჭიდან ვინც ტამიშის დესანტი განდევნა პირველ ეშელონში 10 ასურეთელი იყო. მათ ბრწყინვალედ შეასრულეს გარღვევა და დაიმსახურეს კიდეც უდიდესი მადლობა სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან.
მაგრამ ყველაზე მთავარი ის სიყვარული იყო, რაც მათ ქონდათ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. მიამბობდნენ ხოლმე, რომ სოფელ არადუში ისეთ პატივს გვცემენ, რომ ვერ ვტოვებთ, ჩვენს იმედზე არიან და მორიგეობით ჩამოდიოდნენ შევებულებაში. ეს დამოკიდებულება მათ კეთილსინდისიერი ომით და ვაჟკცური შემათებით დაიმსახურეს.
ასეთი თავგანწირვის გამო, როცა მთელ ოჩამჩირის შემოგარენში გაიგეს ასურეთის ბიჭების გმირობის და კაცობის ამბავი, აღრფრთოვანებულ ბატონ ჯაბა იოსელიანს, შეუქია ისინი როგორც ლეგენდარული გმირები და ჩამოუკიდია „მხედრიონის“ მედალიონები… და რადგან მათი ბატალიონის მეთაური მიხო მორჩილაძე მძიმედ დაიჭრა, მოხალისეებად გადავიდნენ ამ პატრიოტულ ორგანიზაციაში.
ამ ბიჭებს თავისთავად მოეწონათ ბატონი ჯაბას კაცური, გმირული ომი და ისიც, რომ არავის ზურგს არ ეფარეოდა, ენდობოდნენ და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ სურდათ ბრძოლა…
ჩემი ბესიკი მიყვებოდა – „ჯაბა გაგვიძღვებოდა წინო, ეს მოხუცი კაცი და ვინც ფიზიკურად ვეღარ შეძლებდა სიარულს ტყე-ტყე ძნელ გადასასვლელებზე სხვებს მიათრევდაო და ეშველებოდაო“. ასე იყოო მთელი „მხედრიონიო“ და ბუნებრივია, ჩვენს შვილებს გაუჩნდათ სურვილი ამ ვაჟკაც ბიჭებთან ერთად ეომათ…
ვერ დავმალავ და ჩემი მხრიდან ვუშლიდი – „ნუ წახვალ შვილო, ნუ დამღუპავ მეთქი, ნუ დააობლებ შვილებს, ნუ ჩამიშხამებ ცხოვრებას“ და რაღაცნაირი სევდიანი თვალებით შემომედა და მითხრა – „დედა, თითქოს შორსაა ჩვენი სოფელი ამ ომიდან, მაგრამ მერწმუნე თუ მე არ წავედი და სხვა ჩემნაირი, ისინი აქამდეც მოვლენ და დააწიოკებენ ჩემს თამუნას და მარის და შენ არ შეგრცხვებაო, დედა?! მე ამხელა კაცი სახლში ვიჯდე და მონაწილეობა არ მივიღო საქართველოს დაცვაშიო?“
და მეც შემრცხვებოდა ხოლმე რაღაცნაირად და თითქოს შინაგანი ძალა არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ დამეშალა ის რაც მართლა სულით და გულით უნდოდა ბავშვს – მამული დაეცვა და სადღაც გულის კუნჭულში დიდი შიშის მიუხედავად ვამართლებდი კიდევაც…
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ბიჭებს არ ესმოდათ ან ვერ ხედავდნენ იმ განუკითხაობას და უსულგულო მოქცევას მავანთა მიერ, ვინ ამ ბიჭებს სასაკლაოზე უშვებდა და შეატოვებდა მტერს, მაგრამ ამათ სხვაგვარად არ შეეძლოთ, ისინი კაცურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და ფიქრობდნენ, რომ მთავარი იყო არ დაკარგულიყო ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი…
ჩემთან არაფერს არ ყვებოდნენ და მხოლოდ მაშინ მესმოდა იქაური ამაბები, როცა სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან ბიჭების შესანდობარს სვავდნენ… გულდწყვეტით ყვებდოდნენ, თუ როგორ აიღებდნენ რომელიმე პოზიციას თუ სოფელს და შემდეგ იქ ჩაყენებული ვაი დამცველი, ვითომ მეომრები აბარებდნენ იქაურობას. და აღნიშნავდნენ ხოლმე რომ, ეს ომი არ არის, იქ რაღაც ისეთი ხდება, რასაც ვერ გაუგებ თავს და ბოლოსო… ზოგჯერ იმასაც ამბობდნენ გულდაწყვეტილები, აღარ წავედითო, მაგრამ როცა „ქუდზე კაცი“ ცხადდებოდა, არ იხევდნენ უკან, ყველაფერს ივიწყებდნენ და მაინც მიდიოდნენ…
ამ ბიჭებმა ერთ წელიწადში ჯანმრთელობა დაკარგეს: გოჩა ბექაური თავში დაჭრეს, ხვიჩა კაციტაძემ ფეხით ჩამოიტანა ტყვია, ბესიკი ხელში დაიჭრა, ელგუჯა გოცირიძე ისე იყო ფილტვში დაჭრილი, რომ ნახევარი პროცენტი იყო გადარჩენის შენსი და მაინც საჩქაროდ გადმოაფრინეს, იქნებ რამე ეშევლოსო. ისე ჰქონდა ფერდი გადმოფლთილი შეხედვა შეეშინდებიდა კაცს. და ეს ბიჭი, მე ვიტყოდი, თავიდან გაცოცხლებული ისევ წავიდა ომში. ბესიკს, ჩემს ვაჟს, ბრძოლების შემდეგ ისე აწუხებდ გული, რომ გულჩვილობის გამი ბიჭები ეხუმრებოდნენ, აფხაზი მოკვდება თუ ქართველი ორივეზე ტირისო. ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა – „რა ვქნა დედა, შენ ხომ იცი ჩემი გულის ამბავიო? მე ვუპასუხე – „მერე რაზე უყურებ შვილო ამდენ საცოდაობას, რატომ იკლავ თავს მეთქი?“ და მიპასუხა – „დედა მე მოვალე ვარ, სხვაგვარად არ შემიძლიაო…“
სამხედრო ექიმმა ჩამოწერა კიდეც, როგორც მეომარი გულის უკმარისობის გამო და მაინც ჯიბეში ჩაილაგა საგულე საშუალებები და კვლავ ბრძოლაში შებრუნდა. თან მითხრა – „დედა, არ მჭირდება არავის პენსიები, მე იქ უნდა ვიყო და მთელი სულით მივდივარ და გულით ვომობო“. აი, ასე დაიავადმყოფა და შეაკლა ბოლომდე თავი…
ასეთი თავდადების მიუხედავად სახლში დაბრუნებულებს არ ხვდებოდდათ ადგილობრივი ხელისუფლეებისაგან თუ სამართალდამცავებისაგან მათი გმირობის შესაფერისი პატივიცემა და შინაგანი სიყვარული… პირიქითაც, მეტად შურიანი სიძულვილი დახვდათ და ამან დაღუპა მთელი საქართველოც…
ასურეთელი ბიჭების მეომარ ჯგუფზე ამ დამოკიდებულებამ სავალალო ასახვაც პოვა… თავისი მეგობრების სიკვდილის დანაკარი მათ ბრძოლის ველზე კი არა აქ თბილისის ქუჩებში ნახეს…
ტყვია-წამლის წასაღებად ჩამოსულან ავთო გოცირიძე და პაატა არჩვაძე. კოლმეურნეობის მოედანზე ცხოვრობდა ავთოს მამიდა. ხვიჩა კაციტძე და ელგუჯა გოცირიძე წამოსულან საზამთროს საყიდლად და მხოლოდ ერთი დოლარი ჰქონიათ. და რადგან გამყიდველი იცნობდათ სახეზე და დახურდავება ვერ მოახეხეს უთხოვნიათ ნისიად ისიც დათანხმებულა. მაგრამ, საუბედუროდ, იქ მდგრა მილიციის თანამშრომელი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს საზამთრო და შელაპარაკებულან. ამას მოჰყვა ის, რომ მილიციამ სასტიკად სცემა ეს ნაომარი ბიჭები და ჩაყარეს მანქანაში. როდესაც ავთოს მოუტანეს ამბავი, რა თქმა უნდა გამოსაქომაგებლად წავიდა და თანამშრომლებმა კი ავტომატებით დაშინება სცადეს და გაუხსნეს კიდეც ცეცხლი. ბიჭები შემდეგ გამწარებულები მიბრუნებულან იარაღისთვის და მილიციამ ცეცხლი გახსნა და ავთო დაიჭრა, ამის შემდეგ პაატამაც გახსნა ცეცხლი და მილიციელიც მოიცელა. ჩვენი ბიჭები მძიმედ დაიჭრნენ და მილიციის მანქანის საბარგულში ჩაყარეს და სისხლისაგან დაცალეს, რადგან არ უშვებდნენ ექიმის მიეხედათ მათთვის და დაიღუპნენ. ავთო თურმე ბოლო სულის ამოსვლამდე იძახდა – „ავთო ვარ გოცირიძე, მეომარი მომეხმარეთო“, მაგრამ არავინ არ მიაკარეს…
ასე იძის შური ჩვენმა „სანაქებო“ თანამშრომლებმა იმ ბიჭებმა, რომელიც იცავდნენ საქართველოს, რომლითაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ თავიანთი სამშობლო. ავთო და პაატა გამოირჩეოდნენ თავიანთი სიმამაცით. პაატა საბრძოლო მანქანას ატარებდა ისე ბრწყინვალედ, რომ თურმე დაფრინავდა პირდაპირ ბრძოლაში, ისეთ მანევრირებას აკეთებდა, რომ მტრისათვის მოუხელთებელი ხდებოდა..
ასე გაწირეს ეს ბიჭები, არ გაუფრთხილდებოდნენ ჩვენს შვილებს და ისევ თავიანთ შვილებსაც. განადგურდა ორივე მხარე და ამით არა მგონია ქართული საქმე გაკეთებულიყო. განა ღირდა ერთი საზამთრო ამდენ უბედურებად?! მაგრამ ეს თვალსაჩინო მაგალითია მაშინდელ საქართვლეოში ზურში მყოფი უწყებებში მომუშავე პირების და მეომრების დამოკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ. არანაირ პატივისმაზე და სიყვარულზე აქ არ იყო საუბარო.
ავთო გოცირიძე ინგლისურის სპეციალისტი იყო, სკოლის დირექტორის მოადგილე, კაცურად იომა ბოლომდე და ის იყო მისი დანაშაული, რომ ძმას მიეხმარა. მაგრამ შესაძლოა, ის რომ ჩვენი ორგანოს თანამშრომლებს, რომლებიც ტამიშში, ლაბრაში და სოხუმში იარაღს გორებად ყრიდნენ და გამორბოდნენ, შინაგანად, ქვეცნობიერად სძულდათ ეს ნაომარი ვაჟკაცი ბიჭები და ამ შურს გადააყოლეს ყველა და ყველაფერი… ლაბრასთან ეხვეწებოდნენ თურმე ჩვენს ბავშვებს, „აი, იარაღი ნუ გაგვიშვებთო წინ, თქვენ წადითო“ და აუღია კედეც „მხედრიონს“ უკვე მერამდენედ მიტოვებული სოფელი.
და აი, ასე, ორი მშვენიერი ქართველი ბიჭი უმოწყალოდ, შეუბრალებლად, სადისტურად ჩადეს იმ ქართულ მიწაში, რომლისთვისაც თავს სწირავდნენ…
ხვიჩა, ელგუჯა და ლადო მილიციაში წაიყვნეს…
ჩემი შვილი ბესიკი და დანარჩენები, როცა ჩამოსულან გადარეულან ბიჭები და მილიციში უცდიათ მისვლა მეგობრის საქმის გასარკვევად. ვიღაც მადლიან ქალს გაუფრთხილებიათ, შვილებო, სახურავზეც კი ტყვიამფრქვევები დააყენეს და ყველას ერთად დაგხოცავენო… და ეს მაშინ ხდებოდა, როცა მტერი ქართველებს დევნიდა აფხაზეთში.
ტელევიზიით გადასცეს ცრუ იმნფორმაცია, რომ „მხედრონელებმა“ თავდასხმა მოაწყვეს მილიციაზე და ამ მიზნით დახოცეს თავდამსხმელებიო. ჩემმა შვილმა სცადა გადაეღო ყველაფერი, მოსახლეობასაც მოაყოლინა და უნდოდა ტელევიზიაში გადაეცათ, მაგრამ კასეტა გააქრეს და მოსპეს, რომ სიმართლე არ გარკვეულიყო.
მე კი იმ რწმენით ველოდი მათ სახლში, რომ თუ ჩემი შვილი საავაზაკოდ გავიდოდა სახლიდან და ვინმეს თავს დაესხმებოდა, ნუ მოვიდოდა სახლში ცოცხალი… და ასეთივე სიტყვებითაც მივეგებე სახლთან როდესაც მოვიდა. გადმოვიდა ბესო, როგორც მკვდარი, ავტომაგადაკიდებული და როდესაც თავდამსხმელად და მძარცველად მოვნათლე, გამწარებულმა არაადამიანური ხმით იბღავლა – „დედა, რას მეუბნები, შენ იცი, რომ ავთო და პაატა არ იყვნენ დამნაშავე და მოკლესო? მე აქ ველოდი და ესენი იქ დახოცესო…“ თავი მოიკლა ტირილით, მეც ავტირდი…
და როდესაც ყველაფერი ამიხსნა, მივხვდი, რომ ვიღაც უსულგულომ, გაიმეტა ჩვენი ბიჭები სიკვდილისათვის, მაშინ როდესაც მტრის ტყვია ვერ მისწვდა წინა ხაზზე, აქ თბილისის ქუჩებში დაიღვარა მათი სისხლი, რომ იტყვიან ვიღაცაში ჩაბუდებული ბოროტების გამო. როცა შეიძლებოდა სულ ცოტა სითბოთი და სიყვარულით მოქცეოდნენ ან ნაომარ ბავშვებს, რისთვის გაიუბედურეს თავი და რისთვის გააუბედურეს ამათი მშობლები?!
ხმები დადიოდა, რომ ეს ნაომარი ბიჭები უნდა ყველანი დაეჭირათ, თუმცა იარაღი კანონით და საბუთებით ჰქონდათ. იმ დროს ბევრი მეომარი აყავდათ კიდეც ზოგი აირაღზე და ზოგი ტყვიაზე და ამიტომაც მათ სიმართლის გასარკვევად დაიწყეს შიმშილობა და თავიანთი უდანაშაულო მეგობრები გაათავისუფლეს კიდეც. იმდენად იყვნენ განაწყენებული მაშინდელ მათავრობაზე, რომ გული გაუტყდათ, რომ ბოლო ომში ბატონი ჯაბა იოსელიანის ხათრით წავიდნენ.
სოხუმის ბრძოლები მიდოოდა… გაისმა პრეზიდენტის მოწოდება, რომ ქალაქის დასაცავად „ქუდზე კაცი“ გასულიყო… ბატონი ჯაბა გადაფრინდა სოხუმში და მახსოვს, როგორ ნერვიულობდა ბესიკი. ტელევიზორს უყურებდა და გამწარებული იატაკზე გაწვა და გაფითრებული ყვიროდა – „ სოხუმი ეცემა, სოხუმში ბიჭებს უჭირთ და მე აქ რა მინდა, რას ვაკეთებო?!“ ვერ ვაკავებდით ვერაფრით…
ვერც მოვასწარით გონზე მოსვლა, ისე ჩახტა მანქანაში, უცბად შეკრიბა მთელი საძმო… ავთო გოცირიძის საფლავზე დაიფიცეს, რომ მის სახელს არ შეარცხვენდნენ და კვლავ იომებდნენ კაცურად…
მანქანებით სცადეს გადასვლა სოხუმში და როცა ექსპრეზიდენტის მომხრეებმა გზა გადაკეტეს აფხაზეთზე, სამტრედიიდან უკან დაბრუნებულან… თბილისის აეროპორტში ელოდნენ თვითმფრინევს რამდენიმე დღე და მხოლოდ ერთი დღე ჩამოსულა სახლში ჩემი ბესიკი… და მე კი თბილისში წამოვედი, რადგან გავიგე, რომ აეროპორტში ენახათ ბიჭებს…
როგორ ვნანობ, რომ სახლში არ დავხვდი და ვერ მოვასწარი გულში ჩამეკრა, და ვგძნობ, რომ ჩემს შვილს წინათგრძნობა ჰქონდა სიკვდილის მოახლოვების, ძალზე დაღონებული დაწოლილა საწოლზე და თვალგაშტერებული ყოფილა დიდხანს. ვინ იცის რას ფიქრობდა?
აეროპორტში უთქვათ, რომ ნული პროცენტი იყო სოხუმში თვითმფრინავის დაჯდომის და ამიტომ იყვნენ ასე დამძიმებული გულით, რომ იცოდნენ სანამ ბრძოლაში შევიდოდნენ, ერთი სიკვდილი ჯერ კიდევ უნდა გადაეტანათ.
რუსთაველზე „იმელის“ შენობის წინ დაველოდე, ვიცოდი გამოჩნდებოდა და ბავშვები და მისი მეუღლე წავიყვანე და ვეხვეწებოდი, რომ არ წასულიყო. ავს მეუბნებოდა დედის გული და ვუშლიდი. მიპასუხა – „დედა, ამ ერთხელაც წავალ“ და ცრემლებით აევსო თვალები.
ვუსაყვედურე – „არა გცხვენია, ბიჭო, როდემდე შეგინახო ცოლ-შვილი მეთქი. კიდევ ცოტაც დედა ეხლა ვერ მივატოვებ საქმესო, ხომ ხედავ სოხუმი იკარგებაო“. მიეფერა ცოლ-შვილს და მაინც გამწყრალები შევყურებდით. ამასობაში ბიჭები გაეპარნენ აეროპორტში და დაედევნათ მათ გაბრაზებული, რომ დატოვეს და თან უკან-უკან იყურებოდა სულ და ამბობდა „თუ შევრცხვი და სოხუმში გამასწრეს აქვე მოვიკლავო თავსო“ და მაინც დაეწია ბიჭებს.
წავიდნენ და წავიდნენ…
იმ თვითმფრინავში დაიწვნენ და დაიბუგნენ…
მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულენ და ეკლიანი გვირგვინები დაიდგეს თავზე…
ამის შემდეგ ყურადღებაც არავინ მოგვაქცია… აღარც გადმოსვენება გვაღირსეს…
ჩემი აზრით, ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. მაგრამ თავიანთი საკმარისი ბრძოლა ამ ბიჭებმა თავგანწირვით მაინც მოიგეს, რადგან სჯეროდათ, რომ საქართველოსთვის აკეთებდნენ ამას. ომი წააგო ხელმძღვანელობამ და ჩვენამდე ვინ მოიტანს იმ ამბავს თუ ამ თავგანწირვის ზევით რა იდგა და ვინ რა გარიგებებზე მიდიოდა და წირავდა ამ გულანთებულ ხალხს.
ასურეთის ბიჭები იყვნენ თავგანწირვის და თავდადების მაგალითი. ოჯახები, შვილები მიატოვეს და მებრძოლი სულისკვეთება, ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარული რომ არ ყოფილიყო მათ შორის არც ერთი არ წავიდოდა, ეს ნამდვილად ასეა.
ისინი ყოველთვის ერთ-ერთი პირველები იყვნენ შეტევისას, ნამდვილი ქართული მხედრული შემართებით იბრძოდნენ და მათ სახელს ახლაც სიამაყით ახსენებენ.
მათ ზურგი ვერ აქციეს ომს.
მეც საქართველოს სიყვარულს ვუნერგავდი…
ჩვენ კი გვინდოდა, რომ ჩვენი სამშობლო ისეთი ყოფილიყო, რომელიც უფრო ლაღად გაზრდიდა ამ ბიჭებს და მათ თავგანწირულ სიკვდილსაც შეიფერებდა, მაგრამ არის კი დღეს საქართველო იმის ღირსი, რომ ამ ბიჭების სისხლი, ცრემლი და ფერფლის ამშვენებდეს?!
ჩემი აზრით, საღი, ნამდვილი და საამაყო გამარჯვებული საქართველი სწორედ ამ ბიჭების თავდადება, კაცობა და მამულისმოყვარეობაა…
ჩვენი შეწირული ბიჭები არსად თავს არ შეირცხვენდნენ და ოჩამჩირის მთელი მოსახლეობა მადლიერებით იხენიებს დღესაც… მახსოვს ნუგზარ ჭელიძის მეუღლემ სიზმრად ნახა შვიდი ჭედილა მოდიოდაო გზაზე. ზუსტად იმ ღამეს, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. ნუგზარმაც უზარმაზარი სუფრა გაშალა ჩვენი ბიჭების სახელზე და სწორედ შვიდი ჭედილა დაკლა. ასურეთის ტყეში მშობლებთან ერთდ არადუელებიც მოიწვია… მათ ისეთი სიყვარული აღნიშნეს, ჩვენი ბიჭების მიმართ, რომ მოთქმით იტირეს მათი სიცოცხლე და გარდაცვალება…
სახლში დაბრუნებულმა ჩემმა მეუღლემ აცრემლებულმა თქვა – „ მე ჩემს ძეს და მის მეგობრებს აღარც ვიტირებ, ისეთი სახელიანი არიანო ოჩამჩირეშიო. ისინი სატირლები არ არიანო და მართლა ვაჟკაცები და გმირები გაგვიზრდიაო“.
როცა არაფრით არ მოხერხდა მათი გადმოსვენება ბაბუშერას აეროპორტის სასაფლაოდან, ჩემი მეუღლე თავად წავიდა რამდენჯერმე სოხუმში რათა თავისი შვილი სახლში მოეყვანა. რამდენჯერმე იმედი გაგვიცრუვდა და ბოლოს, როდესაც გადასულა კომენდანტის საათი დაწყებულა, სწორედ მაშინ, როცა ჯერი ჩემს ვაჟზე მიდგა… აფხაზები დასდგომინ თავზე და ამოსვლა უბრძანებიაათ. საწყალს საფლავიდან ამოუხედია ერთიანად მიწაში და შვილის ფერფლში ამოსვრილს და დაუბღავლია – „N26 ჩემი შვილია და თუ არ ამომათხრევინებთ მეც დამცხრილეთო და აქვე დამტოვეთო“. აფხაზს შეცოდებია და თავად მიხმარებია. იმის შემდეგ, რაც საკუთარი შვილის ნეშტი და დამწვარი ძვლები თავისი ხელებით ამოიღო სამარიდან, ჩემი მეუღლე ადამიანად აღარ იყო და გარდაიცვალა კიდეც…
„მხედრიონელები“, რომლებიც N21-22 ნომრით დაკრძალეს ბაბუშერაში გადახვევიან ერთმანეთს აღსარულისას და ისე მიდუღებიან ერთმანეთს სასიკვდილოდ…
ჩვენი ბიჭები ამოიცნეს სწორედ ჯაბას მოცემული „მხედრიონის“ მედალიონის წარწერებით.
ხვიჩა კაციტაძე და ბესიკი სკოლიდან მეგობრობდნენ, სულ ერთად იყვნენ და ერთად ნახეს სასუფეველი.
ასე რამდენიმე წლის უნახავი შვილი საკუთარი ხელებით მიწიდან ამოთხრილი მოვიყვნეთ სახლში და დავტიროდით ყველას და ყველაფერს რაც ამ ქვეყანაზე უბედურებაა და მათ შორის ჩემს ბესიკ მურისიძესაც, რომელსაც საკუთარი თავი ძველი ქართველი რაინდივით, მხოლოდ სამშობლოს ჯარისკაცად და მეომრად მიაჩნდა და სხვა ყველაფერი მისი ვაჟკაცური სულისთვის მეორეხარისხოვანი იყო თუ მისი ქვეყანა არ იქნებოდა ერთიანი და ბედნიერი…
ლალი ცერაძე