სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ კანკია 1955-1993წწ   02/07/93წწ. გარდ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი ავაზა დაბ. სენაკი სამეგრელო. ნოდარ კანკია 1955-1993წწ   02/07/93წწ. გარდ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი ავაზა დაბ. სენაკი სამეგრელო.

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კანკია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

ნოდარ კანკია 1955-1993წწ 02/07/93წწ. გარდ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი ავაზა დაბ. სენაკი სამეგრელო.

ნოდარ კანკია 1955 წლის 1 ივნისს, ქალაქ სენაკში დაიბადა.


1993 წლის 2 ივლისს, ე. წ. „ტამიშის ოპერაციის“ დროს, ბატალიონ „ავაზას“ მებრძოლმა ნოდარ კანკიამ თავი აიფეთქა და მტრის 12 მედესანტე თან გაიყოლა. დაკრძალულია სენაკში
ტამიში–ლაბრას მონაკვეთზე უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა, რა დროსაც მძიმედ დაჭრილი ნოდარ კანკია ბრძოლის ველზე დაეცა. 22 წლის ადგილობრივმა მებრძოლმა (ჯუმბერი ერქვა, სოფ. ტამიშიდან) არ დატოვა დაჭრილი მეგობარი და ერთი კილომეტრი ზურგით ატარა. ნოდარმა შენიშნა, რომ მტერი უახლოვდებოდათ და მეგობარს მისი დატოვება უბრძანა. შენ ჩემზე ახალგაზრდა ხარ და არ უნდა მოკვდეო, მაგრამ ჯუმბერი არ უსმენდა. ამასობაში მათ ბატალიონის სხვა წევრებიც წამოეწივნენ, რომლებიც ასევე უკან იხევდნენ. მათაც მოინდომეს ნოდარისთვის დახმარების აღმოჩენა და დაჭრილ თანამებრძოლს ძალით დაუპირეს სამშვიდობოზე გაყვანა. მაშინ ნოდარმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ყველას „დაემუქრა“ – წადით თორემ, თქვენც აგაფეთქებთო!!! ბიჭებს სხვა გზა აღარ დარჩათ და მის გარეშე განაგრძეს სვლა. 100 მეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, როდესაც ნოდარს მტრის საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი მიუახლოვდა. „ხელები ზევით“ – დაუყვირეს და მისი დატყვევება დააპირეს. გაისმა მძლავრი აფეთქების ხმა....ნოდარი თვითონაც დაიღუპა და მტრის ათზე მეტი ჯარისკაციც იმსხვერპლა. მისმა თავგანწირვამ, ზემოხსენებული თანამებრძოლების გარდა, ბატალიონის სხვა წევრებსაც მისცა თავის გადარჩენის საშუალება. რამდენიმე მებრძოლი, აფეთქების ადგილიდან ახლო რადიუსში, მუხლებამდე ტალახში იყო ჩამალული და მათაც მოახერხეს ამ რთული ვითარებიდან თავის დაღწევა.
1992 წელს, ქვეყნის დამცველთა რიგებში ჩასადგომად, ნოდარ კანკიამ რამოდენიმეჯერ მიმართა რაიონის კომისარიატს, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდნენ. ამავე საკითხის გამო ორჯერ თბილისშიც იყო ჩასული, მაგრამ იქიდანაც ანალოგიური პასუხით ბრუნდებოდა. ამის გამო ის ძლიერ დარდობდა. მას ხშირად უთქვამს ოჯახში თუ ნაცნობ–მეგობრებში, რომ ის ოფიცერი იყო და მისი ცოდნა–გამოცდილება სწორედ ახლა ესაჭიროებოდა სამშობლოს. მე ვალდებული ვარ ვიყო აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავადო.

მიუხედავად არაერთი უარისა, მან მაინც გაიტანა თავისი და 1993 წლის თებერვალში, ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ოჯახშიც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რა არ იღონეს მის შესაჩერებლად, მაგრამ სამოქალაქო ფორმით (სამხედრო ფორმა თავისმა მცირეწლოვანმა შვილმა დაუმალა) აფხაზეთში მაინც „გაიპარა“. მოგვიანებით შვილს პატარა მაიმუნის ჩამოყვანას დაპირდა (ტამიშთან მაიმუნთმშენი, ე.წ. „პიტომნიკი“ იყო გაშენებული), მაგრამ ამ პირობის შესრულება სამწუხაროდ ვეღარ მოასწრო. სალომე, მისი ერთადერთი შვილი, 2007 წლიდან დღემდე მოყოლებული, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.
ჟენია ელცევიჩი (ნოდარის, წარმოშობით პოლონელი, დედა):
„ნოდარმა რამდენჯერმე მიმართა კომისარიატს, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს იღებდა. ის ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ვცდილობდი დამეწყნარებინა, ალბათ არ არის საჭირო ამდენი მეომარი–მეთქი, ვანუგეშებდი. მიწყრებოდა; მე ოფიცერი ვარ, (უფროსი ლეიტენანტი იყო, ომის პერიოდში კი კაპიტნის წოდება მიიღო) ჩემი ადგილი იქ არისო. არმიაში ჩემნაირი სპეციალისტების ნაკლებობააო.“
ჯემალ კანკია (ნოდარის ძმა):
„მეც მინდოდა აფხაზეთში წასვლა, მაგრამ ნოდარი წინ გადამიდგა. ორი ძმა ვართ და თუ რომელიმე დაიღუპება, ვინმემ ხომ უნდა მიხედოს ჩვენ შვილებსო. ნოდარი ნიჭიერი სამხედრო იყო, თავისი საქმის ღრმა მცოდნე. ყველა სვლა გათვლილი ჰქონდა. მის გონივრულ მოქმედებას ბევრჯერ გადაურჩენია თანამებრძოლები. ერთხელ მოწინააღმდეგე ძალზედ გააქტიურებულა, რის შედეგადაც მებრძოლები სანგრიდან თავის აწევას ვერ ახერხებდნენ. რაღაც უნდა ეღონათ, თორემ ამოწყვეტა არ აცდებოდათ. ამ დროს ნოდარი მტრის ბანაკში შეპარულა და იქიდან უკარნახია მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების კოორდინატები. ისინი ჩვენებმა მალევე ჩაახშეს.
ნოდარი ორი თვის მანძილზე არ ჩამოსულა სახლში. 1 ივლისს მეგობრებთან ერთად ჩავედი აფხაზეთში და ვთხოვე, ერთი დღით მაინც ჩასულიყო, მოენახულებინა ჩვენები, ჩვენ კი მის მაგივრად დავრჩებოდით. იცით, რა მიპასუხა? – აქ უკვე სამი დღეა რაღაც საეჭვო სიწყნარეა, ეტყობა მტერი რაღაცისთვის ემზადებაო. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რაღაც რომ მოხდეს, მერე ბიჭებს როგორ შევხედო თვალებშიო. წადით თქვენ მაინც არაფერი დაგემართოთო.
ეს სიკვდილის წინა დღეს თქვა. 2 ივლისს კი დაიწყო ის საშინელი ოპერაცია.“

სალომე კანკია (შვილი):
„1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთიდან მოვიდა ცნობა, სადაც იუწყებოდნენ მამაჩემის გმირულად დაღუპვას. დავრჩით მე და დედა ბედის ანაბარად, სიღარიბესა და სიდუღჭირეში, მაგრამ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომელთაც გაითავისეს ჩვენი ოჯახის გაჭირვება. პურკომბინატის მაშინდელი დირექტორი ბ. ხოჭოლავა ყოველდღიურად გვაწვდიდა პურს, ხოლო აეროპორტ „კოლხის“ დირექტორმა დ. კვაშილავამ მრავალჯერ ფინანსური დახმარება გაგვიწია. მე და ჩემი ოჯახის ყველა წევრს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გაითავისა ჩვენი გაჭირვება. ღმერთი გფარავდეთ ყველას კეთილო ხალხნო, ხოლო მე კი თქვენი ქველმოქმედება არასოდეს დამავიწყდება.“
ნოდარის მეგობრები:
„სულის მწუხარება ნაირგვარია, არის მეტყველი და უტყვად მეტყველიც.
არის სულიერი მდგომარეობა, როცა ენა გებმის და აზრს ვერ იკრეფ, როცა სიტყვებს ვერ ძალუძთ განცდის გადმოცემა.
არის ისეთი სულის მწუხარებაც, უპეებს რომ ვერ ადენს ცრემლს, გულს კი დააწყლულებს, ცნობად მიხდის და მწარედაც ატირებს.
ეგეთი გრძობა დაგვუფლებია ნოდარ აკაკის ძე კანკიას დაღუპვის გამო. ქართული მიწის, ქართული ზეცის უკვდავებას შესწირვია მსხვერპლად იგი.
ყოჩაღ, შენს ვაჟკაცობას, სენაკელო ბიჭო!
ხშირად ადამიანებს, როცა ისინი ჩვენს შორის არიან, როგორც საჭიროა ვერ ვაფასებთ. ხშირად კეთილი სიტყვა თვით მეგობრებისთვისაც თითქოს არ გვემეტება, არადა წუთისოფელი ხომ „წამია კაცთა თვალისა“.
ნოდარი ჩვენს ქალაქში დაიბადა და აღიზარდა. ადამიანებთან მუდამ მიჰქონდა სითბო, ღიმილი, სიყვარული. დადიოდა წელგამართული, ენერგიული ნაბიჯებით და ბედნიერი იყო უპირველესად იმიტომ, რომ მას შეეძლო ყველასთვის პირდაპირ შეეხედა თვალებში. მშრომელი კაცის ოჯახში დაბადებულს პატიოსნებისთვის არასოდეს უღალატნია. ვერც უღალატებდა, მით უფრო მისთვის სათაყვანებელ მამულს.
ვაგლახ შენს ხანმოკლე სიცოცხლეს, ასე ალალად გაღებულს!
თურმე როგორ გტკიებია საქართველოს ტკივილი ჩუმად, ყველასგან მალულად, როგორ გიტარებია შენი ქვეყნის დარდი. მარტოდ, ფიქრთან დარჩენილს ალბათ არაერთგზის დაგიხატავს ლამაზ ფერებში საქართველოს მომავალი.
გემშვიდობებით, გულს მოგეფინოს მშობლიური მიწა. შენმა ზეცად წარსულმა სულმა მშვიდობა დაუმკვიდროს ყველას, ვისაც სხვისი ტკივილი აწუხებს და სიხარული უხარია. ვისაც მამულისთვის უძგერს გული!“
ნოდარ კანკია 1955 წლის 1 ივნისს, ქალაქ სენაკში დაიბადა. მე–4 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში ჩააბარა. მისი დამთავრების შემდეგ ერთხანს იქვე დარჩა სამუშაოდ, შემდეგ კი მშობლიურ სენაკს დაუბრუნდა და მე–5 სამშენებლო ტრესტში, ინჟინერ–გეოდეზისტად განაგრძო მუშაობა. სწავლობდა ასევე ტამბოვის სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა.
საქმით ყველგან გამორჩეული იყო და ითვლებოდა საუკეთესო სპეციალისტად. სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით და სიყვარულით.
ნადარ კანკიას სახელი მალევე ეწოდა იმ ქუჩას, სადაც იგი ცხოვრობდა. იმავე წლის 14 ივლისს კი სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით იქნა დაჯილდოვებული. სენაკში მისი სახელობის ორი ბიუსტი დგას. ერთი მე–4 სკოლის ეზოში, მეორე კი ქალაქის სკვერში, გურამ გაბესკირიას და გენო ადამიას გვერდით.
სალომეს და მის მეუღლეს, რაინდი ნინუას, პატარა ნოდარიკო ეზრდებათ, რომელიც დარწმუნებული ვარ პაპის ხსოვნას სათანადო პატივს მიაგებს და საქართველოს სახელსაც ღირსეულად დაიცავს!!!
ვაჟას დაჭრილო არწივო,
ვეღარ ჩაგიგდეს ხელადა
ჩვენი მიწა–წყლის მდომელნი
სულეთს ჩაიგდე მძევლადა.
ტამიშთან ცაში აღზევდი
მამულის მანათობლადა,
ერის ხსოვნაში იცოცხლებ
შვილი არ გრჩება ობლადა.
იქ წარუდგები დიდ ცოტნეს
ამბავის მოსათხრობლადა,
ზრდიან ქართველნი ვაჟკაცებს
კანკიას მოსაგონრადა!
ლიანა ბოკუჩავა (სენაკის რაიონის სოფ. ნოსირი)
ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა ლაშა სირანაშვილმა

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.03.2021
ბოლო რედაქტირება 24.06.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0