გიორგი კოლხიტაშვილი 3.03.1989 - 30.09.2010 კაპრალი
მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
21 წლის კაპრალმა გიორგი კოლხიტაშვილმა სამშობლოს სამსახურში ყოფნის გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიიღო. იმხანად, გიორგის უფროსი ძმა, გელა კოლხიტაშვილი, სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა და ომში იბრძოდა. ოჯახის წევრები გიორგის სამხედრო სამსახურისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ბავშვობიდან ამჩნევდნენ, მაგრამ, იმის გამო, რომ ერთი შვილი სამხედრო იყო, დედა მეორე ბიჭს ჯარში წასვლაზე წინააღმდეგობას უწებდა. წინააღმდეგობა ოჯახის მხრიდან იქამდე გაგრძელდა, სადამდეც შესაძლებელი იყო. 2008 წლის აგვისტოში გიორგი ოჯახის წევრებს სახლიდან გაეპარა და ომში წავიდა. მიუხედავად ქართველი ახალგაზრდის განსაკუთრებული აღტკინებისა, გიორგიმ ბრძოლის ველამდე ვერ მიაღწია. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა კონფლიქტის ზონის მისადგომებთან მისული ახალგაზრდის შემჩნევა და შეჩერება ოპერატიულად შეძლეს და სახლში დააბრუნეს. როგორც გიორგის დედა, ნათელა კოლხიტაშვილი, იხსენებს, იმ წუთიდან მისთვის უკვე ნათელი იყო, რომ ის შვილის გაჩერებას ვერ შეძლებდა. აგვისტოს ომი დასრულდა და გიორგი ქართული არმიის რიგებში 33-ე ბატალიონში ჩაირიცხა. სამხედრო სამსახურში თავიდანვე განსაკუთრებული მობილიზებით გამოირჩეოდა, მუდამ მოწესრიგებული და საქმეზე ორიენტირებული იყო. იმხანად ავღანეთში წასასვლელად 31 ბატალიონი ემზადებოდა, გიორგი კი 33-ში ირიცხებოდა. ახალგაზრდა, სამხედრო მოსამსახურემ ავღანეთში წასასვლელად ენერგია და მონდომება არ დაიშურა, სპეციალური მომზადების კურსები საკუთარი სურვილით გაიარა, ყველა გამოცდას წარმატებით გაუძლო, 31-ე ბატალიონში გადავიდა. ავღანეთში წასვლიდან რამდენიმე თვეში კი იწყება ქართველი გმირის გიორგი კოლხიტაშვილის გმირობის რეალური ისტორია...
ნათელა კოლხიტაშვილი, გიორგი კოლხიტაშვილის დედა: „გიორგის სამედრო სამსახურისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდან ვამჩნევდი, იარაღისადმი სიყვარული და ჯარისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მე ჯარში მისი წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ჩემი უფროსი შვილი, გელა, სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა, კარგად ხედავდა გიორგი როგორ ვღელავდი მასზე და ამიტომაც სანამ შესაძლებელი იყო მისი შეჩერება, მაქსიმალურად შევაჩერე. 2008 წლის აგვისტოს ომი, როგორც ყველამ, ჩემმა ოჯახმაც გამოიარა. ჩემი მეორე შვილი ამ პერიოდში აგვისტოს ომში იბრძოდა, გიორგის კი ამ ომის დროს უფრო მეტად ჰქონდა მომძლავრებული ომში წასვლის სურვილი. როდესაც ტელევიზიით კადრებს გადმოსცემდნენ, ვხედავდი, რომ განსაკუთრებით ღელავდა, აშკარა იყო, რომ ჩემს შვილს ომში სურდა ყოფნა, სამშობლოს სამსახურში ხედავდა საკუთარ თავს, ალბათ, ამიტომ. ცოტა ხანში რუსებმა სენაკის ბაზა აიღეს, ამ ბაზიდან ბევრ სხვა ნაქურდალთან ერთად ჩემი შვილის გელას ტელეფონიც წაუღიათ. გიორგი სულ ურეკავდა თავის ძმას და ერთ-ერთ ზარზე რუსმა სამხედრომ უპასუხა. გიორგიმ ჩათვალა, რომ მისი ძმა უკვე ცოცხალი არ იყო და სახლიდან გაიპარა. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, ვერ წარმომედგინა თუ ომში გამეპარებოდა. ორი დღე ფეხით უვლია, იმისთვის, რომ ომის წერტილამდე მისულიყო, თუმცა იქამდე მიღწევა ვერ შეძლო, რადგან სამხედრო პოლიციას მისი შემჩნევა არ გასჭირვებია და უკან მოაბრუნეს. საერთოდ, ძალიან უშიშარი ბიჭი იყო და ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილება მისთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. აგვისტოს ომიც დასრულდა და გიორგის შეჩერება ვერავინ შეძლო. მითხრა, დედა მე სამხედრო სამსახურში მივდივარ და ამ აზრს უნდა შეეგუოო.
მალევე მიიღო ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილებაც, ეს პირველი საკონტრაქტო იყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ ბატალიონში მიეღოთ, რომელიც ავღანეთში მიდიოდა. აგვისტოს ომი ჩავლილი იყო და მერე მეც ვიფიქრე, ომმა ჩაიარა და აწი რაღა უნდა მოხდეს-მეთქი. თავიდან საცდელ სწავლებას ქუთაისში გადიოდა, ავღანეთში წამსვლელი იყო 31-ე ბატალიონი, გიორგიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ბატალიონში გადასულიყო, სანამ არ დაამტკიცეს, ქუთაისიდან გორში გარკვეული პერიოდი არ ჩამოსულა. გიორგის კატეგორიული მოთხოვნა იყო ავღანეთში წასვლა და წავიდა კიდეც. ჩემი ძალიან ახლო ნათესავი მყავდა თბილისში, დედის გული ხომ იცით, ალბათ, ვგრძნობდი, რომ რაღაც უბედურება მელოდა და ვღელავდი, ვიფიქრე, იმას შევაწუხებ და იქნებ ჩუმად შეუშალოს გიორგის წასვლაში ხელი მეთქი, მაგრამ გიორგი ისეთი აღტკინებული იყო, მივხვდი, არაფერი გამომივიდოდა და გავჩერდი. გიორგი ძალიან ძლიერი და მომზადებული იყო ფიზიკურად, ტყვედ რომ ჩავარდნილიყო ავღანეთში, დარწმუნებული ვარ, თავს მაინც უშველიდა. დღესაც თვალწინ მიდგას მისი ღიმილიანი, სიხარულით სავსე თვალები და ის წამები, როდესაც დავემშვიდობე, თვალზე ცრემლი მადგებოდა, მითხრა, ახლა შენი ცრემლები არ დამანახოო და კიბეებზე სიხარულით ჩაირბინა. ასე სირბილ-სირბილით გავაცილე ჩემი ვაჟკაცი სამშობლოს სამსახურში და რას წარმოვიდგენდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი. ეზოში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, მეზობლებს დაემშვიდობა, არავითარი შიში და აღელვება არ ჰქონია, პირიქით, ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ საწადელს მიაღწია. არ მახსოვს რამეზე დაეწუწუნოს. არასდროს არ უნანია ავღანეთში ყოფნა, პირიქით, ძალიან კმაყოფილი იყო, ამბობდა, მე კარგად ვარ, თქვენ არ ინერვიულოთ აქ არაფერი საშიში არ არის და ერთმანეთს გაუფრთხილდით, მალე ჩამოვალო. მახსოვს 10 სექტემბერს დაგვირეკა ბოლოს და გაგვაფრთხილა, თვის ბოლომდე მეტს ვეღარ დაგელაპარაკებით, რადგან ტელეფონზე ბალანსის შევსებას ვერ შევძლებო... მე დავიჯერე, იმან იცოდა, ალბათ, რომ მისიის შესასრულებლად მიჰყავდათ, მაგრამ ჩვენ არ გვანერვიულა და ამის შესახებ არაფერი გვითხრა. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, დედა-შვილი ერთმანეთს იმედიანად დავემშვიდობეთ... თვის ბოლოს კი, ზუსტად 30 სექტემბერს, ამ უბედურების შესახებ მაცნობეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების დანახვისთანავე ჩემთვის უკვე ნათელი იყო იმ უბედურების შესახებ, რაც თავს დამატყდა.
არადა, ძალიან ბევრი გეგმები ჰქონდა... შეყვარებულიც კი არ ჰყოლია, სად ეცალა ამისთვის, სულ ოჯახზე ფიქრობდა და ჩვენზე ზრუნავდა, ბიჭებისთვის უთქვამს, სამშობლოში რომ დავბრუნდები ოჯახისთვის მანქანას ვიყიდიო... ჩემი შვილი მხედრული, მამაცი სულის პატრონი იყო და ის სიცოცხლის ბოლომდე სამხედრო სამსახურში აპირებდა ყოფნას. ალბათ, ასეთი იყო ღვთის ნება, რომ მას გმირულად დაესრულებინა სიცოცხლე... დღეს მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის, დავდივარ მის საფლავზე და ვეფერები... ჩემთვის მთავარი მისი სახელის უკვდავყოფაა... ღმერთმა ნათელში მიმყოფოს მისი სული, ამისთვის ვლოცულობ დაჩოქილი... გიორგი, დე, ძალიან მენატრები“!..
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.