გიორგი ავალიანი 4.04.1981 - 21.02.2011 კაპრალი
მესამე ქვეითი ბატალიონის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 21 თებერვალს, სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
2011 წლის 24 თებერვალს იმ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც ავღანეთში დაღუპულ ქართველ გმირს გიორგი ავალიანს საპატიო ყარაულით მოაცილებდა, ერთ-ერთი მისი ღვიძლი ძმა ფრიდონ ავალიანი იყო. ვანის რაიონ სოფელ ციხისეულში მცხოვრებმა თამაზ ავალიანმა და მისმა მეუღლემ, ლეილა ასათიანმა ორი ბიჭი ერთად გააცილეს ავღანეთში. იქიდან კი მხოლოდ ერთი, უმცროსი ძმა, ფრიდონი დაბრუნდა. როგორც დედა ლეილა ასათიანი იხსენებს, გიორგის სამხედრო სამსახურისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. სოფელში ყველამ იცოდა, რომ მას სამხედრო სამსახურისადმი განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა, ამიტომაც ის ახალგაზრდები, რომლებიც იმხანად ჯარში მსახუროდნენ, სოფელში დაბრუნებულები გიორგის სხვადასხვა სამხედრო ნივთებით, ქამრებითა და ქუდებით ასაჩუქრებდნენ. სამხედრო მუნდირზე შეყვარებულმა ახალგაზრდამ სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამსახურში გააგრძელა საქმიანობა, იქიდან კი საკონტრაქტოზე გადავიდა და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ქართველი გმირის გიორგი ავალიანის რეალური გმირობის ისტორია.
ლეილა ასათიანი, გიორგის დედა: „გიორგი გამორჩეული ბავშვი იყო, თავიდანვე წყნარი, თავაზიანი, მოაზროვნე, სულ ფიქრებში იყო და სულ რაღაცებს იგონებდა. ძალიან დიდი მხედრული სული ჰქონდა და სამხედრო ფორმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. უყვარდა, იარაღი და ფიზიკურადაც ძლიერი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ მალევე დატოვა იქაურობა, რადგანაც სამხედრო სამსახურში უნდოდა ყოფნა. ჩვენ ვერ ვეწინააღმდეგებოდით, წყნარი კი იყო, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან პრინციპული იყო. ავღანეთში რომ მიდიოდა, როგორც ყველა, მეც ძალიან ვწუხდი, მაგრამ ამაზე არ მასაუბრებდა. ერთსა და იმავეს იმეორებდა, ჩვენ წავალთ და დავბრუნდებით!!!!
რამდენჯერმე კი მითხრა, დედა შენ ორი ჯარისკაცის დედა ხარ და მზად უნდა იყო ყველაფრისთვისო. წასვლის წინ, რომ ვაცილებდით, ცრემლი შემამჩნია, რატომ ტირიო, ძალიან გაბრაზდა, „დედა, ვერ გაიგე ჩვენ წავალთ და დავბრუნდებით!!!! - მისი ეს სიტყვები, დღესაც ჩამესმის ყურში... ველოდე, ველოდე მაგრამ...
თამაზ ავალიანი გიორგი ვალიანის მამა: „გიორგიმ ჯარში სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მიიღო საკონტრაქტოს გადაწყვეტილება. იმდენად უყვარდა იქაურობა, რომ სახლში ვერ ჩერდებოდა. ამბობდა, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და იმათ ვერ დავტოვებო. არაფრის შიში არ ჰქონია, არასდროს. ფიზიკურად საკმაოდ მომზადებული იყო, ჭიდაობდა კიდეც. მთლიანობაში სამხედრო სამსახურში ექვს წელზე მეტი იმსახურა. მისი ნიჭისა და მონდომების ხარჯზე ის ყველაფერს კარგად ასრულებდა და საკმაოდ წარმატებულად ითვლებოდა. მე მას ბავშვობიდან ვამჩნევდი, რომ სამხედრო მოსამსახურე დადგებოდა, იარაღისა და შვილდ-ისრების დამზადებით იყო დაკავებული და სულ ჯარის ამბებზე საუბრობდა. ხატავდა და ძერწავდა... სულ ჯარისკაცებს, ცხენებს, იარაღებს, სამხედრო მოსამსახურეებს. ამიტომაც ჯარში წასვლის გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ თვითონ წავიდა ჯარში, მოგვიანებით კი მისი შუათანა ძმაც წაიყვანა. იმდენს უამბობდა ჯარზე და ჯარისკაცების ცხოვრებაზე, ფრიდონმაც მიიღო სამხედროში წასვლის გადაწყვეტილება. ასე ორივე ძმა ავალიანები ერთად იყვნენ ქვეყნის და ხალხის სამსახურში.
- ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილება როდის გახდა ცნობილი....
- ავღანეთში წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს რამე განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა, გიორგი აგვისტოს ომში იყო გამოვლილი და მისთვის ეს წინააღმდეგობა არაფერს ნიშნავდა. მართალია ორივეს ერთად მოუწია წასვლა, მაგრამ რას ვიფიქრებდი ან რას წარმოვიდგენდი, იქიდან მხოლოდ ერთი შვილი თუ ჩამომივიდოდა ცოცხალი. ძმები ერთად წავიდნენ, მაგრამ განაწილების შემდეგ სხვადასხვა წერტილებში მოხვდნენ. გიორგის და ფრიდონის გარდა კიდევ ერთი ვაჟი მყავს, აკაკი, მაგრამ ის სამხედრო სამსახურში არ მსახურობს და ასაკითაც ყველაზე პატარა იყო. შოკირებული იყო ფრიდონი გიორგის ჩამოსვენების შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის დღესაც სამხედრო სამსახურში ირიცხება და ერთგულად ემსახურება ქვეყანას. ნაღმზე აფეთქდა ჩემი შვილი... მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა მითხრეს, თურმე ავღანეთში გიორგი განაწილებით ე.წ. „მეკავშირედ“ გაუნაწილებიათ, შტაბში უნდა მჯდარიყო თურმე, მაგრამ ეს ყველაფერი გაუპროტესტებია ხელმძღვანელობისთვის უთქვამს, ჩემს მეგობრებს თვალში როგორ უნდა შევხედო, მე მეკავშირედ როგორ უნდა დავჯდეო და უარი უთქვამს. ჰოდა, ათმეთაურად გაუნაწილებიათ. იმ დღესაც პატრულირებაზე ყოფილან, სახლი უნდა გაევლოთ, მაგრამ იმ სახლში ნაღმი ყოფილა კარში, ისინი იმ ნაღმს გადაურჩნენ და გზად მომავალ გიორგის უხუმრია, ჩვენ ისე გადავურჩით ნაღმებს, რომ მე მგონი არასოდეს დავიღუპებითო. ბიჭები ამბობენ ამის თქმა დასრულებული არ ჰქონდა ისე თავზე გადაგვიფრინა თვითმფრინავმა, რომლის წნევამაც შეგვარყია და გიორგიმ სავალი ბილიკის სისწორე დაკარგა, სავალი ნაწილიდან გადავარდა სულ რამდენიმე მეტრით და ბომბიც აფეთქდა. უბედურება დაგვატყდა თავს და ამის შესახებ მალევე გავიგე. სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან სახლში და გვამცნეს.... მისი მეგობრები და სხვა ჯარისკაცები ისე იხსენებენ გიორგის ძალიან ბედნიერი ვარ, ნადვილი სამხედრო იყო ჩემი შვილი და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.
იმას ვდარდობ, რომ არ დასცალდა ოჯახის შექმნა, არადა ბიჭებთან დაურეკავს რომ ჩამოვალთ ცოლი უნდა მოვიყვანოო. მაგრამ ვინ იყო მისი რჩეული ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ასე გვითხრა რომ ჩამოვალ მერე გაგაცნობთო. ნეტა რამე დარჩენილიყო მისგან დღეს ჩემისთანა ბედნიერი კაცი ალბათ არავინ იქნებოდა... გიორგის გარდაცვალების შემდეგ მისი გმირობის ისტორიებს მისი მეგობრები ჰყვებიან. თვითონ ძალიან თავმდაბალი იყო და ასეთ ფაქტებზე არასდროს საუბრობდა.
კაპრალ გიორგი ავალიანის თავდადება აგვისტოს ომში ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის კარგად არის ცნობილი. მაშინ ის ფრონტის ხაზზე იბრძოდა. 8 აგვისტოს, როდესაც ოკუპანტებმა მორიგი შეტევა განახორციელეს გიორგი და მისი განუყრელი მეგობარი დავით გაფრინდაშვილი ერთ ხაზზე იბრძოდნენ. შეტევის შედეგად გაფრინდაშვილი მძიმედ დაიჭრა რამდენიმე წუთში კი მის გვერდით კასეტური ბომბი აფეთქდა და გიორგი დაშავდა. ამის მიუხედავად ქართველმა სამხედრომ უგონო მდგომარეობაში მყოფი მისი მეგობარი ბრძოლის ველზე არ დატოვა დაჭრილი ფეხი გადაიხვია, და მხრებით ატარა. სამშვიდობოზე გამოსულმა გონება დაკარგა მაგრამ დავით გაფრინდაშვილის სიცოცხლე იხსნა. ამ ომში მიღებული იარა გიორგის სიცოცხლის ბოლო წამამდე აწუხებდა, მაგრამ, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ არ იმჩნევდა...აი რას ამბობს აგვისტოს ომში მის მიერ გადარჩენილი დავით გაფრინდაშვილი.
დათო გაფრინდაშვილი გიორგი ავალიანის მეგობარი: “მე გიორგი ავალაინი ჯარში გავიცანი და იქიდან დავმეგობრდით. ის ჩემი შვილის ნათლია იყო. ორივენი მე-5 ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდით და მოვხვდით ერთ ასეულში. ჯარში შიში არასდროს გვქონია მაგრამ, ომში, ჯარისკაცს თავისებური სიფრთხილე და შიში აქვს. 2008 წლის 8 აგვისტოს დღე მე დეტალურად მახსოვს, მე ყველაფერი დეტალურად მახსოვს. რუსებმა შეტევა განახორციელეს და შეტევის დროს შევედი დაჭრილების გამოსაყვანად სწორედ ამ დროს ნაღმი ჩამოვარდა... მომაკვდავი ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ცოტა თუ იფიქრებდა ჩემს გადარჩენას, მიუხედავად ამისა გიორგიმ ბრძოლის ველზე მარტო არ დამტოვა. დაჭრილი იყო თვითონ მაგრამ მე მაინც მატარა და ჩემი სიცოცხლე იხსნა. გიორგი სულით სამხედრო მოსამსახურე იყო... დღეს მე და ლევანიკო ხშირად ავდივართ მის საფლავზე, ლევანიკო უკვე ათი წლის არის და კარგად იცის როგორი გმირი იყო მისი ნათლია. გიორგი მას ყურადღებას არასდროს აკლებდა და განსაკუთრებით ანებივრებდა. გიორგის შემდეგ მისი ძმა ფრიდონი აგრძელებს მის გმირულ საქმეს, ჩვენც ყურადღებას არ გვაკლებს.... აგვისტოს ომის შემდეგ მეც სამხედრო სამსახურში ვირიცხები, უბრალოდ მიღებული ტრავმების შედეგად ინვალიდი ვარ და სახლში ვზივარ!
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.