კაპრალი ვალერი ვერსკიანი - დაბადების თარიღი: 13.11.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.
ვალერი ვერსკიანი
13.11.1979 - 13.03.2011 კაპრალი
მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.
13 ნოემბერს სვანეთში ვერსკიანების ოჯახს ვაჟი შეეძინა. მშობლებმა ვალერი დაარქვეს, თუმცა ეს სახელი მას მხოლოდ დაბადების მოწმობაში და შემდეგ პირად საქმეში ჰქონდა - ბავშვობიდან ყველა გიოს ეძახდა, მას დღეს მთელი სვანეთი დასტირის... უშბისძირელი გიო, უშბასავით გულზვიადი, მამაცი და უშიშარი იყოო - ასე იხსენებენ მას მასწავლებლები, ოჯახს კი მისი სითბო და ყურადღება ენატრება... ოჯახში უფროსი შვილი იყო. მის გარდა მშობლებს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი დარჩათ. უჭირთ მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ თავს იმით იმშვიდებენ, რომ გმირის ოჯახის წევრები არიან, ქართველი გმირის, რომელმაც მთელი სვანეთი ასახელა სამშობლოს სიყვარულითა და თავდადებით.
მისი გმირობის ისტორია 2008 წლის აგვისტოდან იწყება. აგვისტოს ომში მან საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე გმირულად იხსნა. ომში მიღებული ტრავმებისგან ის მალევე გათავისუფლდა და კვლავ სამხედრო სამსახურში განაგრძო საქმიანობა. ჯარისკაცის გზამ ის ავღანეთამდე მიიყვანა, თუმცა მისი სიცოცხლე მალევე შეწყდა. გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ვალერი ვერსკიანი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 2011 წლის 5 მარტს, ნაღმის აფეთქების შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით გარდაიცვალა... ვალერი ვერსკიანი მშობლიურ სვანეთს გმირის სახელით დაუბრუნდა.
დედა, თამილა ვერსკიანი, შვილის ბავშვობას იხსენებს და დიდ ტკივილთან ერთად ამაყია, რომ ბედმა წილად გმირის დედობა არგუნა.
თამილა ვერსკიანი, დედა: „ჯარში წასვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, საკმაოდ გამბედავი, მხნე და უშიშარი ბიჭი იყო. ავღანეთში წასვლამდე ერთი თვე ჰქონდა შვებულება. აღელვებას ვატყობდი, მაგრამ შიში არასდროს შემიტყვია. გიოს წასვლამდე ჩვენს მხარეში ავღანეთში დაღუპული ერთი ქართველი გმირის მუხრან შუკვანის გარდაცვალების შესახებ მოვიდა ცნობა. მივხვდი, რომ ამ ფაქტმა ძალიან დაწყვიტა გული, თუმცა ამის მიუხედავად, ავღანეთში წასვლაზე უარი არ უთქვამს. წასვლის წინ ჩვეულებრივად დავემშვიდობე, დამამშვიდა, დამაწყნარა, ყველაფერი კარგად იქნება და შენ არ ინერვიულოო. ჩავიდა თუ არა, შეგვატყობინა, რომ ადგილზე მშვიდად ჩავიდა. ამის შემდეგ რეგულარულად გვიკავშირდებოდა „სკაიპის“ მეშვეობით. ბოლოს, მახსოვს, რომ დავინახე, ტირილი დავიწყე, მითხრა, რა გატირებს, შენ არაფერზე ინერვიულო, მე მალე ჩამოვალო. ცოტა ხანში კი ეს უბედურება დაგვატყდა თავს...
ძალიან ყურადღებიანი იყო ჩემი შვილი... 8 მარტს, ქალთა დღეს, მთელი დღის მანძილზე ცდილობდა, უშედეგოდ, ჩემთან დაკავშირებას, რომ მოელოცა. ტელეფონი გამორთული რომ დახვდა, მეზობლის ცოლისთვის დაურეკავს, დედაჩემს მე ვერ დაველაპარაკე და 8 მარტი მიულოცეთ ჩემგანო. მე მისი მილოცვა გადმომცეს და შემდეგ კვირაში ეს საზარელი ამბავი გავიგეთ. თავიდან იმედით შევყურებდით მომავალს, ვიცოდი, რომ დაჭრილი იყო და მისი გადარჩენისთვის ვლოცულობდით, მაგრამ ამაოდ, ალბათ, ასეთი იყო ღვთის ნება, რომ ასე დაესრულებინა სიცოცხლე“...
გოჩა ხორგუანი, მეგობარი: „გიორგი შეუდარებელი ადამიანი იყო, ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა ქვეყნის, მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრჯერ შეგვექმნა პრობლემები და გიორგი ყველა ამ საქმეში სამშობლოს სამსახურში იდგა. 2008 წლის აგვისტოს ომში, მისი თანამებრძოლები ჰყვებიან მის განსაკუთრებულ გმირობებზე. ამ პერიოდში, მან ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან. მე და გიო ვმეგობრობდით, ბავშვობიდან დაუზარელი, ენერგიული და შრომისმოყვარე იყო. ოჯახში უფროსი შვილი იყო, ორი ძმა და ერთი და ჰყავს, ოჯახური მდგომარეობისა და დიდი პასუხისმგებლობის გამო, გარკვეული პერიოდი სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვერ წავიდა. მახსოვს, ავღანეთში წასვლამდე ვისაუბრეთ და რჩევა მკითხა. ვუთხარი, ძნელია რამე გირჩიო, მაშინ, როდესაც საქმე ავღანეთში წასვლას ეხება მეთქი. მე ვხვდებოდი, რომ მას გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, ეს იყო უბრალოდ, ფორმალობა, მაგრამ მაინც მითხრა. ვისაც როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა... მესტიის რაიონში, სოფელ ბეჩოში - ბაგდანარში მისი მშობლიური სკოლის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობდა, რათა მალე დასრულებულიყო ეს სკოლა და ბავშვებს ჰქონოდათ სწავლა-განათლების საშუალება. უღალატო და ძალიან ერთგული იყო, ქართველი გმირი, ვალერი ვერსკიანი“.
ნარგიზა ხორგუანი, სკოლის დირექტორი: „გიო უშბისძირელი, უშბასავით გულზვიადი, მამაცი, უშიშარი იყო. სკოლაში პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილი ჭაბუკი სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, პირველი დღიდან ჩაება ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ყველა საბრძოლო დავალებას უშიშრად ასრულებდა და გამოჩენილი მამაცობისთვის ბევრჯერ დაიმსახურა მადლობა. რაზეც მეტყველებს ის ჯილდო, რომელიც განსაკუთრებული მამაცობისთვის გადაეცა. სწორედ მაშინ შეწყდა მისი სიცოცხლე, როდესაც ყველაზე მეტად სურდა... თან გაიყოლა ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების და სოფლის დიდი მწუხარება... ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს მისი გმირობის ისტორია. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს გმირი ქართველი სამხედრო. სიკვდილს წინ ვერავინ აღუდგება, ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ მისი სულისთვის“.
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.