04.10.1990 - 19.06.2011 რიგითი
მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს, თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
„პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებას, მე ბავშვი აღარ ვარ და კარგად ვაცნობიერებ სად მივდივარ, შენგან მიკვირს დედა, ასე რამ შეგაშინა?! განა საქართველო ჩვენმა წინაპრებმა არ შემოინახეს, დედას შვილი რომ შეეძინებოდა, განა ეშინოდა? ეამაყებოდა, რომ საქართველოს კიდევ ერთ მეომარს უზრდიდა და ეს იცოდა თითოეულმა მათგანმა“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა რიგითი გია გოგუაძე დედას, ნონა გოგუაძეს...
ქართველი გმირი, გია გოგუაძე, 1990 წელს, 4 ოქტომბერს, ოზურგეთში დაიბადა... სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო. ოჯახისგან მალულად საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი და ოჯახს მისი გადაწყვეტილება გააცნო...
როგორც დედა, ნონა გოგუაძე ამბობს, გიამ ამ გადაწყვეტილებით მისი ბავშვობის ნატვრა აისრულა და „ნამდვილ ომში წავიდა“!
წასვლამდე კი ყველაფერი იწინასწარმეტყველა... ოჯახს ანდერძად დაუტოვა, რომ მის შემდეგ მის ოჯახში გია გოგუაძის სახელი უნდა გაგრძელებულიყო. მის რძალს თამუნა მიქაშავიძეს დღესაც ახსოვს მისი სიტყვები, „თამუნა, დედაჩემს და ჩემს ოჯახს მიმიხედე, იცოდე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მე თუ ვერ დავბრუნდები, ჩემს ოჯახში გია გოგუაძის სახელი უნდა გაგრძელდეს, ბიჭი უნდა გეყოლოს და მას ჩემი სახელი უნდა დაარქვა“....
ნონა გოგუაძე, გია გოგუაძის დედა: „გია ბავშვობიდან თავგადასავლების მოყვარული ბიჭი იყო, სამხედრო სამსახურში წასვლის სურვილს ბავშვობიდან ამჟღავნებდა, ცაცია იყო და მარცხენა ხელით ხის ავტომატებს ბავშვობიდამ ამზადებდა, იმაზე წუხდა, რომ ასაკი არ უწყობდა ხელს ჯარში წასასვლელად. თავიდან მისი გატაცება უბრალო ახირება გვეგონა, ვფიქრობდით, რომ დროსთან და ასაკთან ერთად მისი შეხედულებები შეიცვლებოდა. მით უფრო, რომ სპორტული მიღწევები ჰქონდა და კარგ კალათბურთელად ითვლებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გამოემგზავრა. მისმა მწვრთნელმა ურჩია სპორტს გაჰყოლოდა, თუმცა, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მალევე დაანება ამ საქმეს თავი და შინ დაბრუნებულმა ოჯახის წევრებს მისი გადაწყვეტილება გვამცნო, დედა, მე ჩემი ბავშვობის ოცნება უნდა ავიხდინო და ჯარში უნდა წავიდეო.
ძალიან ვღელავდი და ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი შვილის პრინციპული ხასიათიდან გამომდინარე ჩემთვის გასაგები იყო, რომ ის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. სანამ გია ავღანეთში წავიდოდა, ჩემს ოჯახში სასწრაფო სასწრაფოზე იდგა, წინასწარ ვგრძნობდით მე და ჩემი მეუღლე, რომ ის აღარ დაგვიბრუნდებოდა... ხშირად იმეორებდა, ჯარი ერთი დიდი ოჯახიაო და თვითონ ამ ოჯახის განუყრელ ნაწილად გრძნობდა თავს. წასვლამდე მითხრა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ძალიან ძლიერი უნდა იყოო... გამოსამშვიდობებლად როდესაც მოვიდა, მითხრა, დედა ჩქარა ჩაიცვი სალონში უნდა წაგიყვანო გაგალამაზო, რომ ასეთი ლამაზი დამამახსოვრდეო! მთელი სახლი, კუთხე-კუნჭული მოიარა, თავიდან ვერ მივხვდი, შვილო, რას აკეთებ-მეთქი და მიპასუხა, არაფერი დედა, უბრალოდ სახლს ვემშვიდობებიო!
დღეს ვხვდები, რომ გია ყველაფერს გრძნობდა და გმირული ცხოვრებისთვის ემზადებოდა. მახსოვს, ჩემი შვილი ოზურგეთიდან გავაცილე, მატარებლით უნდა წასულიყო, მაგრამ იქ მითხრა, დედა, გეხვეწები ნუ მოხვალთ, რადგანაც ეს ჩემთვის უფრო მტკივნეული იქნებაო. უფრო მეტად ჩვენ მოგვიფრთხილდა, მაგრამ მშობელი რისი მშობელია, მაინც ჩავედით. შიშით მანქანიდან ვერ გადავდიოდი, რომ დამინახავს, არ აღელდეს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ დაგვინახა, მოვიდა, ჩაგვეხუტა, დაგვამშვიდა და გვითხრა, არაფერზე ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნებაო! 2011 წლის 19 ივნისს გავიგე ამ უბედურების შესახებ. მე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა და ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის გაგება. მაგრამ უფალს უთქვამს, გაჭირვების ჟამს ადამიანს მორიგი ენერგია გააჩნიაო და მე ეს მორიგი ენერგია აღმომაჩნდა.... გავუმკლავდი, მაგრამ ვაი, მაგ გამკლავებას... გიას გარდა ერთი შვილი დამრჩა 26 წლის ლევან გოგუაძე, ლევანს ორი ქალიშვილი ჰყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გიას დანაბარევი ავასრულოთ და მის ხსოვნას სათანადოდ ვცეთ პატივი“!
თამუნა მიქაშავიძე, გიას რძალი: „ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო გია. თავიდანვე განსაკუთრებული სითნოებით იყო გამორჩეული. ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა, წასვლის წინ ბინაც კი გვიყიდა მე და ჩემს მეუღლეს. ერთადერთი თხოვნა დამიტოვა, შეიძლება უკან ვერ დავრუნდეო, მიმახვედრა და მითხრა, მის ოჯახზე მეზრუნა. მისი სახელი და გვარი უნდა გამეგრძელებინა და ბიჭი რომ შემეძინებოდა მისი სახელი დამერქმია. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, ძალიან გავნერვიულდი... საშინელი გრძნობა დამეუფლა, მაგრამ სწრაფად დამაწყნარა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, დაიმახსოვრე, რაც გითხარი და იცოდე, დრო მალე გავა და მალე ჩამოვალო! მე ხუთი თვის წინ შემეძინა მეორე შვილი,
მინდოდა გიას სურვილი მალე ამეხდინა და ბიჭი ყოფილიყო, მაგრამ გოგონა დაიბადა, ღვთის წყალობით, ჯანმრთელია, მაგრამ ამ ოჯახში მისი ანდერძი უნდა ასრულდეს და გია გოგუაძე უნდა გაჩნდეს!
ის დღე, როდესაც ეს უბედურება გავიგეთ, ყველაზე მძიმე იყო ჩვენთვის, ჩვენთან ვერავინ ბედავდა მოსვლას და გარეთ შეკრებილი ამდენი სამხედროები, რომ ვნახეთ, ჩვენ თვითონ მივხვდით ჩვენს უბედურებას!
„მენატრები! გესმის? დაჭრილი ვარ, თანაც ისე, რომ ვერავინ გამიმთელებს ამ ჭრილობას... როგორ ვოცნებობდი შენს ბედნიერებაზე! თითქოს არ მჯეროდა შენი დაბრუნება, იძინე ტკბილად, ჩემო ანგელოზო! ხანდახან ძილში მოდი, რომ არ გავგიჟდე და სიზმრად მაინც გნახო“!
„მინდა მოგმართოთ ჩემნაირად გაუბედურებულ დედებს. ჩვენს გულებს უფლის მეტი ვერავინ წაიკითხავს! დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შვილის დაკარგვით გაუბედურებულებს ჩემნაირად გინდოდათ ამ წუთისოფლიდან წასვლა, მაგრამ ჩვენ გმირების დედები ვართ და აქ ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს“!..
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
დედა ნონა (პაპოშვილი) გოგუაძე ომარის ასული დაბადებულია თელავში 20 ნოემბერი 1965 წელი