რეზო ბერიძე 16.10.1979 - 28.08.2011 სერჟანტი
მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 28 აგვისტოს თალიბანის თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
სერჟანტ რეზო ბერიძის მხედრული ცხოვრება საკონტრაქტო სამსახურში 2002 წლიდან იწყება. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ვანის რაიონ სოფელ ზეინდარის მკვიდრ ზაქრო ბერიძის ერთადერთმა ვაჟმა ჯარში წასვლის გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით მიიღო. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხერდავად რეზოს შეკავება ვერავინ შეძლო და მალე კარიერულმა წინსვლამაც არ დააყოვნა. ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ჯარში დაიწყებოდა რეზო ბერიძის ლამაზი სიყვარულის ისტორიაც...
ერთ დღეს, ოცეულის ხელმძღვანელმა, სერჟანტმა ბერიძემ ოცეული მოწყობაზე გამოიყვანა, მათ შორის კი ერთი ქალბატონი აღმოჩნდა. გურანდა რუსიძემაც, მომავალი მეუღლის მსგავსად, ჯარში წასვლა სამხედრო სამსახურისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ქალს წინააღმდეგობას უწევდა, ის მაინც აქტიურად ცდილობდა იქ დამკვიდრებას და სწორედ სამხედრო ნაწილში იპოვა მან თავისი რჩეულიც. თავიდან ყველაფერი მეგობრობით და ქალისადმი განსაკუთრებული ყურადღებით დაიწყო, მოგვიანებით კი მეგობრობა დიდ გრძნობაში გადაიზარდა... ოთხწლიანი სიყვარულის ისტორია ლამაზი ოჯახით დაგვირგვინდა. გურანდა დღესაც სიამოვნებით იხსენებს იმ დღეს, როდესაც რეზომ პირველად სთხოვა ხელი და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.
გურანდა რუსიძე (რეზო ბერიძის მეუღლე): - ჩემი და რეზოს ისტორია 2005 წელს დაიწყო. მე სამხედრო მოსამსახურე ვარ და ჩემი სურვილით მივიღე ჯარში წასვლის გადაწყვეტილება. რეზოს ამ დროს მეორე კონტრაქტისთვის ჰქონდა უკვე ხელი მოწერილი და სწორედ აქ შევხვდით ერთმანეთს. მე ჩვეულებრივად „კარანტინში“ ვიყავი ჯარისკაცად, ის კი ჩემი ოცეულის სერჟანტი იყო. თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა და განსაკუთრებულად ვმეგობრობდით. ქალისთვის ჯარში ბევრი წინააღმდეგობა არსებობს, ძალიან ძნელია ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ გავუძლებდი და გადავლახე კიდეც. რეზო ძალიან მოწესრიგებული, თბილი და ყურადრებიანი იყო. მახსოვს, ერთხელ „კარანტინში“ 45-კილომეტრიანი მარში უნდა გაგვევლო, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ რეზომ ჩემი ზურგჩანთა გამომართვა, მომეცი, მე უნდა წავიღოო და ატარა. ჯარში გატარებული გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. შეყვარებულობის პერიოდშიც და შემდეგაც უამრავ სიურპრიზს მიწყობდა. მახსოვს, ზაფხული იყო, ივნისის თვე და რესტორანში განვმარტოვდით, იქიდან გზად, სახლისკენ მომავალმა კი ხელი მთხოვა. 16 ოქტომბერს ოყო რეზოს დაბადების დღე და გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი 16 ოქტომბერს შეგვექმნა. მეორე დღეს ჩვეულებრივად გავედი სამსახურში, მორიგე ვიყავი, რეზო მოვიდა და მითხრა, რომ ახლა უნდა მიმეღო გადაწყვეტილება და ცოლად უნდა გავყოლოდი. რა აზრი აქვს ახლა რომ გამოგყვე განაწესში და ვერ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას მეთქი. შენ მაგაზე არ იდარდოო მითხრა, აიღო ტელეფონი და დაურეკა კაპიტანს, რომ ცოლი მოვიყვანეო, ისინიც გაოცებულები იყვნენ, განაწესიდან მომხსნეს და ერთკვირიან შვებულებაში გაგვიშვეს. ოჯახის შექმნის შემდეგ ყურადღება და მზრუნველობა არასდროს მაკლდა, ყოველ დილას, თვალს რომ ვახელდი, ყვავილები მხვდებოდა... რეზომ იცოდა, რომ მიყვარდა ყვავილები და ამიტომაც განსაკუთრებით მანებივრებდა... ბოლო თვეების მანძილზე უამრავ სიურპრიზს მიკეთებდა. დამირეკავდა და მეტყოდა, რომ ვერ ჩამოდიოდა, რამდენიმე საათში კი კარზე დააკაკუნებდა და ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ დროს. ოჯახის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. კვლევებზე მისულმა გავიგე, რომ ბიჭი მეყოლებოდა. რვათვიანი სამზადისის შემდეგ მორიგ კონსულტაციაზე გვითხრეს, გოგოს მშობლები გახდებითო. ძალიან გაგვიკვირდა, რადგან ბიჭს ველოდებოდით. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ სამშობიაროში მისვლამდე ერთი ექიმი ამბობდა, ბიჭია, მეორე ექიმი - გოგოაო. საბოლოოდ კი ბიჭი დაიბადა და რეზომ მამის პატივსაცემად ზაქრო დაარქვა. ზაქროს დაბადების შემდეგ ოჯახისადმი ზრუნვა და სიყვარული კიდევ უფრო მეტად გაუღრმავდა. ღამის 12 საათზე სამსახურიდან მოსული ბავშვს აღვიძებდა და ეთამაშებოდა. ჯარის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. მთელი ცხოვრება სამხედრო სამსახურში აპირებდა ყოფნას. ასე ამბობდა, სხვაგან ჩემი ადგილი არ არის, ვერ გავძლებ, აქ ვგრძნობ ყველაზე კარგად თავსო. მე ეს ყველაფერი კარგად მესმოდა, რადგან მეც ანალოგიურად ვფიქრობდი. განსაკუთრებული სიფაქიზით უვლიდა სამხედრო ფორმას, ყოველთვის მოწერისგებულად და ფორმაში უნდა ყოფილიყო. მახსოვს, 2006 წელს ერაყში რომ წავიდა მეც სულ ვეუბნებოდი, მეც ჩამოვალ-მეთქი. არ ჩამოხვიდეო, მაგრამ მაინც ჩავედი. ერთი კვირა გაგრძელდა ერთი ბატალიონიდან მეორე ბატალიონის გადაბარების პროცესი, ჭამის დრო იყო ფაქტობრივად, თავისუფალი დრო, როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდით და ვსაუბრობდით.
არასდროს არ ჰქონდა შიშის მომენტი, პირიქით, ჯარი იყო მისთვის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად და კომფორტულად გრძნობდა თავს. აგვისტოს ომში რვა ჯარისკაცი დაიღუპა მის ჯგუფში და ყველა მათგანი თვითონ გამოიყვანა. არასდროს საუბრობდა, რომ ჩამოვიდა ამ ომზე თქვა, რაც მე გამოვიარე, ამის თქმა საჭირო არ არისო და მეც მივხვდი, რომ აღარ უნდა მეკითხა. აგვისტოს ომში ჩვენს ბრიგადას 8 ჯარისკაცი დააკლდა, ყოველდღე, როდესაც ამბობდნენ, რომ 31-ე ბრიგადაში ვიღაცა მოკვდაო, ცუდად ვხდებოდი, რადგან ეს ის ბრიგადა იყო, სადაც რეზო ირიცხებოდა. ღვთის წყალობით, აგვისტოში გადავრჩით. ომგამოვლილს კი ვერ წარმომედგინა, რა უნდა მომხდარიყო ერაყში ისეთი, რომ ასე დასრულებულიყო ყველაფერი. 2011 წლის 20 აპრილს წავიდა ავღანეთში და ოქტომბერში უნდა ჩამოსულიყო“.
ზაქრო ბერიძე (რეზო ბერიძის მამა): „ჩემი შვილი ბავშობიდან ყველასგან გამოირჩეოდა კარგი სწავლითა და ყოფაქცევით. ბეჯითი და საქმის ერთგული იყო. ვანის რაიონში, სოფელ ზეინდარში სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ ჩამოვიდა და ოჯახში ყველას გაგვაცნო მისი გადაწყვეტილება, რომ ის სამხედრო სამსახურში ბოლომდე აპირებდა დარჩენას. იმდენად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო მისი გადაწყვეტილება, რომ წინააღმდეგობის გაწევაც არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა და მეც ჩემი შვილის გადაწყვეტილებას ვეცი პატივი. წლების მანძილზე იმსახურა ჩემმა შვილმა სამხედრო სამსახურში და წლებთან ერთად კარიერულმა წინსვლამაც არ დააყოვნა. მოგვიანებით მოხდა ის უბედურება, რაც მოხდა, მაგრამ მე დღეს გმირის მამა ვარ და ბედნიერები ვართ იმით, რომ მყავს მისი ვაჟკაცი ჩემი პატარა ზაქრო, რომელსაც იმედის თვალით შევყურებთ მთელი ოჯახი“.
რეზოს დაღუპვის შესახებ ოჯახმა 28 აგვისტოს გაიგო... ისტორია აქაც იდენტურია, ბერიძეების ოჯახში მივიდნენ სამხედრო მოსამსახურეები და ამ საზარელი ამბის შესახებ მიიტანეს ცნობა. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე რეზო ბერიძემ მეუღლეს სოციალურ ქსელში წერილი დაუტოცა და მარიამობის დღესასწაული მიულოცა...
„ჩემო ბაცაცუნავ, გილოცავ მარიამობას, მრავალს დაესწარი, სახლში ხომ კარგად ხართ, ჩემი პატარა დამიკონცე, არაფერზე ინერვიულოთ, მალე ჩამოვალ, გკოცნით თქვენი რეზო“...
ავღანეთში გმირულად დაღუპულ ქართველ გმირს სერჟანტ რეზო ბერიძეს სიკვდილის შემდეგ მისმა ბატალიონმა ლექსი მიუძღვნა:
რეზოს!
მაშინ, როდესაც საქართველოში მარიამობის დილა დგებოდა,
ყველა წმინდა ეკლესიაში სანთლის ბრწყინვალე შუქი ჩნდებოდა,
მაშინ, როდესაც სამრეკლოებში ზარების რეკვა არა წყდებოდა,
ამ დროს ავღანთა მწველ მიწაზე ერთი ქართველი ტყვიით კვდებოდა...
ქართველი, რომლის მეომრულ გულსაც, შიში ვერასდროს ეკარებოდა...
გამოდგა ის ბრძოლის ველზე, ისე როგორც ნამდვილ სამხედროს ეკადრებოდა
მისი სიბრძნის და მისი გმირობის ისტორიისაც გახდა მნახველი
და ჩაიწერა სამარადისოდ სერჟანტ ბერიძე რეზოს სახელი
ბევრი დაღვრილა საქართველოსთვის ქართველთა სისხლი უცხო მხარეში,
და ბევრიც მტერთან მედგრად ჩაბმულა უთანასწორო ბრძოლის არეში
ამ ხალხთა შორის ჩვენი ქვეყნისთვის ვისაც კი ხმალზე უკვრია ხელი
ოცდამეერთე საუკუნეში შენი სისხლია ყველაზე ცხელი...
სისხლის, რომელმაც მთელს ბატალიონს და შენს ასეულს მოგვფინა სევდა...
მთელს სამშვიდობო კონტინგენტს გვტკივა შენი სიკვდილის მწარე იარა...
და იმ წუთებს ვგმობთ. როცა მტრის ტყვიამ საბედისწეროდ გამოგვიარა...
შენს გვერდით მყოფ ყველა სამხედრო მიზნად ერთი გვაქვს ცხოვრების გზაზე
რომ შენს დაწყებულ სამხედრო საქმეს მტკიცედ მივიყვანთ ბოლო მიზნამდე.
იმ შენს ოცნებას, რომელსაც ქვეყნის გამთლიანების სურვილი ერქვა
და რომლისთვისაც დღეს ღირსეულად თავდადებული გმირი დაგერქვა,
რომ სამშობლოსთვის შვიდწლიან მსახურს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ,
შენი გეგმების შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ და გავამყარებთ
მიუხედავად ამა ქვეყნიდან თავდადებულის სიკვდილით წასულს
შენის სიკვდილის დღეს დაჯერება როგორც ჯარს, ისე ნათესავს არ სურს
ვისაც კი შენი გარდაცვალებით მოულოდნელად დასწყვიტე გული
ეს ხალხი არის უპირველესაც შენი ოჯახი და შენი შვილი,
რომელსაც ვეტყვით ყოველთვის ყველა რომ მათ გვერდზე იყავი გმირი
ვეტყვით შენს ზაქროს, რომ ყველა მტკიცე კაცურ საქმეში დინჯი, ვაჟკაცი, მამიკო ჰყავდი...
ამიერიდან ბევრს მოადგება შენს გამხსენებელს თვალებზე ცრემლი
წმინდა ტაძრებს კი არ მოაკლდება შენი სულისთვის მლოცველი მრევლი
მსუბუქი იყოს შენს სასახლეზე კრძალვით მოყრილი მიწა ქართული
და სამოთხეში უკუნისამდე წმინდა ცხოვრებით იყავ გართული
ღისეულ იყოს შენგან ნაცვეთი ყველა ქართული მუნდირ-ფარაჯა
რადგან ატარე წლების მანძილზე შენ საქართველოს მტკიცე დარაჯად.
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.