რუსლან მელაძე 20.09.1991 - 21.02.2012 კაპრალი
მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
ვაჟის მოლოდინში მელაძეების ოჯახს ოთხი გოგო გაუჩნდა... ირმას, ირინას, ინგასა და ლიას შემდეგ, 1991 წლის 20 სექტემბერს, ნანატრი ვაჟი, რუსლანი გაჩნდა... ნაბოლარა ბიჭი არასდროს გაუთამამებიათ... ჯერ კიდევ პატარა ოყო, რომ ოჯახს მარჩენალივით ედგა მხარში. სკოლის მოსწავლე თურქეთში წავიდა სამუშაოდ და დაგროვილი თანხით დების სწავლის საფასურს იხდიდა...
ლექსების წერა სკოლის ასაკში დაუწყია. რასაც გრძნობდა, ის გადმოჰქონდა ფურცელზე, მაგრამ არავის აკითხებდა, თვისთვის ჩუმად ინახავდა...
დროს ისევ მიდის, დრო ისევ მიდის
მაგრამ არაფერი აღარ იცვლება,
ისევ ვეშვებით ჩვენ შავ მორევში
ისევ გვესვრება სისხლში ხელები.
ჩვენ რა გვინდოდა სხვა ქვეყანაში
განა ცუდია ჩვენი ქვეყანა,
ჩვენი ბიჭები ეცემიან ძირს
სისხლით ისვრება მთელი ქვეყანა.
ღმერთო მოგვეცი ისეთი ძალა,
რომ შევაჩეროთ მთელი ქვეყანა,
ღმერთო ისმინე ჩვენი ვედრება,
და დაგვიბრუნე ჩვენი ქვეყანა.
ამ ლექსის დაწერიდან რამდენიმე თვეში, 21 წლის რუსლან მელაძე გმირულად ასრულებს ცხოვრებას... ხულოს რაიონის სოფელ ქვემო ვაშლოვანის სკოლა, დღეს მის სახელს ატარებს.
ლია მელაძე, რუსლანის და: „ერთადერთი ძმა გვყავდა და ყოველთვის თავზე ვევლებოდით. მიუხედავათ ამისა, არასდროს გაგვითამამებია. თვითონ უფრო ბევრს გვიკეთებდა, ვიდრე ჩვენ...
ძალიან ჭკვიანი და მშრომელი ბავშვი იყო... სულ ოჯახზე ზრუნავდა... პატარა იყო, სოფელში თუ რამე სამუშაო გამოჩნდებოდა არაფერს თაკილობდა. სულ იმაზე ფიქრობდა, ოჯახში რა შემოეტანა. ერთ ზაფხულს, სკოლიდან რომ დაითხოვეს, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, რომ თურქეთში წავიდა სამუშაოდ. სწავლის ფულს იქიდან მიგზავნიდა... რომ ჩამოვიდა ტანსაცმელები ჩამოგვიტანა. თავისთვის არაფერი ჰქონდა ნაყიდი. ვეჩხუბე, ბიჭო შენთვის როგორ არაფერი იყიდე-მეთქი... თქვენ გოგოები ხართ, გაპრანჭვა და კარგი ჩაცმა გჭირდებათო... ყოველთვის ჩვენზე ზრუნავდა.
ბავშვობიდან სწავლაზე მეტად სპორტი იზიდავდა. ბევრი წარმატება ჰქონდა ჭიდაობაში. არ ვიცი რატომ, მაგრამ პატარა იყო და სულ იმას იძახდა, ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო. სკოლის დამთავრების შემდეგ აიხდინა კიდეც ეს ოცნება... 2009 წელს დაამთავრა სკოლა და მაშინვე ჯარში წავიდა, ოჯახში არც უთქვამს, კონტრაქტზე ისე შეიტანა საბუთები... ყველამ ვიცოდით, რომ ჯარი მისი მოწოდება იყო და წინააღმდგებოდა არ გაგვიწევია. ბოლო ზარზე, როცა მასწავლებელს ბავშვებისთვის უკითხავს, ვინ უნდა გამოხვიდეთო, რუსლანს უთქვამს ჯარისკაციო... მას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, სამხედრო გამოსულიყო. ამ გზის არჩევა, ალბათ, იმანაც განაპირობა. რომ ბევრი სამხედრო მეგობარი ჰყავდა. პირველად, რომ წავიდა, თავიდან გაუჭირდა, მაგრამ მალევე შეეჩვია რეჟიმს. იქაც ძალიან ბევრი მეგობარი გაიჩინა“...
კონტრაქტის დამთავრებამდე წელიწად-ნახევარი ჰქონდა დარჩენილი. სამშობლოში დაბრუნებულს, ქუთაისელ გოგოზე უნდა ექორწინა...
„ავღანეთში რომ მიდიოდა, ყველა ვნერვიულობდით. ოთხ დას ერთი ძმა გვყავდა და არ გვინდოდა მისი ცხელ წერტილში გაშვება. ოცნებაში ხელს ნუ შემიშლითო, გვითხრა... ძალიან ვნერვიულობდით, ვეწინააღმდეგობიდით, მაგრამ ვერაფერს გავხდით, მას უნდოდა და წავიდა... ბათუმიდან გავაცილეთ. ყველა ოჯახის წევრი იქ ვიყავით... მე ჩემი ძმა ცრემლიანი არასდროს მინახავს, იმ დღეს, გამომშვიდობებისას ცრემლები წამოუვიდა და ყველას ძალიან გაგვიკვირდა... მანამდე სულ იმას გვეუბნებოდა, არ მინდა თქვენი გაცილება, არ წამოხვიდეთ, არ მინდა თქვენი ცრემლიანი თვალები დავინახოო... სამჯერ მობრუნდა უკან და ყველას სათითაოდ ჩაგვეხუტა... დედას მიხედეთო ყველა დას დაგვიბარა...
ავღანეთში ჩასვლიდან პირველ პერიოდში, ხშირად ვერ გვეხმიანებოდა. ბოლოს, თითქმის ყოველდღე გვირეკავდა... გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ველაპარაკეთ. ძალიან მენატრებით ყველა, ნუ ნერვიულობთ, თვენა-ხევარში დავბრუნდებიო... ძალიან გაზრდილი მოგვეჩვენა. იქიდან რომ ჩამოვიდოდა ცოლის მოყვანას აპირებდა... ქუთაისელი გოგო უყვარდა. საერთო მეგობართან გაიცნო. ორი წელი ხვდებოდნენ ერთამენთს... ხშირად ვნახულობდით სარძლოს. რუსლანი, რომ ჩამოასვენეს, ის გოგოც ჩვენთან ერთად იყო...
ჩვენზე გადაყოლილი იყო. განსაკუთრებით კი დისშვილებზე. პირველ ხელფასზე ყველას რაღაც გვაჩუქა. მე და ჩემს დას, როგორც უკვე გითხარით, სწავლის გადასახადს გვიხდიდა... ერთი და, ჩვენი სოფლიდან მოშორებით არის გათხოვილი. რუსლანი ჯარიდან რომ ჩამოდიოდა, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, მანქანით მიდიოდა მის სანახავად“...
ეთერ მეხეშიძე, რუსლანის დედა: ,,პატარა იყო, მაგრამ უნდოდა, რომ ყველაფერი მას გაკეთებინა. სულ იმას ცდილობდა გვერდში როგორ ამოგვდგომოდა ოჯახს. ნანატრი ბიჭი იყო და ვცდილობდით ყველაფერში ხელი შეგვეწყო. დიდ იმედებს ვამყარებდით მასზე, მაგრამ... მეათე კლასში იყო, ჩვენთან მდინარეზე მგელი, რომ გამოეკიდა. ბიჭებისთვის დაუძახია, მომეხმარეთო. ბავშვებს შეშინებიათ და გაქცეულან. პატარა ბიჭმა მგელი დაიჭირა და ხის ტოტით მოკლა, მისი კბილი მას შემდეგ გულზე ეკიდა... ჯარში, რომ მოუყოლია ეს ამბავი, არავინ დაუჯერა, მერე ტელეფონში ფოტო აჩვენა სადაც მგელს კლავს და გაოცებულან...
მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. სანამ ავღანეთში ჩავიდოდა, მანამდე გერმანიაში იყო. ჯარისკაცები ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ. ქართველებიდან ვერავინ გასულა ამერიკელებთან საჭიდაოდ. ერთ-ერთ უცხოელს უთქვამს, ამდენი ქართველი ხართ და ერთი როგორ ვერ გამოდიხართ საჭიდაოდო. რუსლანი ამდგარა და ერთი ხელის მოსმით დაუგდია ძირს... ეს ამბავი ჩემს მეუღლეს მისი გარდაცვალების შემდეგ, ქართველმა ჯარისკაცებმა უთხრეს“...
ლია მელაძე, რუსლანის და: „კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა, არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ 21 თებერვალს შეტაკებიდან ბრუნდებოდნენ და მათმა ჯავშანტრანსპორტმა დანაღმულ ადგილას გაიარა და აფეთქდა... მძღოლის გარდა ყველა დაიღუპა... მახსოვს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ და მათ შეგვატყობინეს ეს საშინელი ამბავი, იმ დღის შემდეგ ჩვენს ოჯახში ცრემლი არ გამშრალა“...
ინგა მელაძე, რუსლანის და: „ბანკიდან სესხი აიღო და მანქანა იყიდა. ეს მანქანა მე მაჩუქა. ეს იყო მისი ბოლო საჩუქარი. დედას, დებს და დისშვილებს სადაც დასჭირდება წასვლა, შენ წაიყვანეო... თვითონ მასწავლა ტარება... ყოველთვის გვაოცებდა. იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა ფუმფულა სათამაშოები და გერმანიიდან დიდი დათუნია ჩამომიყვანა... ყოველთვის გვიკეთებდა საჩუქრებს და გვახარებდა... რაც აღარ არის, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დავცარიელდი“...
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.