ზვიად დავითიძე 22.11.1979 - 13.05.2013 უმცროსი სერჟანტი
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2000 წლიდან. მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
მარცხნივ ზვიად დავითაძე
ნათელა თომაევამ ორი ჯარისკაცი გაუზარდა სამშობლოს... ორივე ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას შეეწირა... 2007 წელს, ერაყიდან დაბრუნებული უფროსი ვაჟი, სისხლის გათეთრებით დაეღუპა... მეორე ვაჟის გარდაცვალებას ვერ მოესწრო... დედამ უფროსი შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა და რამდენიმე თვეში გულის შეტევით გარდაიცვალა. 33 წლის ზვიად დავითაძე, 2013 წლის 13 მაისს, ავღანეთში თალიბების ტყვიას ემსხვერპლა...
ხათუნა ჯოჯუა, ზვიადის მეუღლე: „ზვიადი ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში დაიბადა. მეორე შვილი იყო. დედამისი ზვიადზე რამდენიმე თვის ორსული იყო მამა რომ დაეღუპათ. ობლობაში იზრდებოდნენ ძმები. ჩემი მეუღლე ძალიან ბეჯითი ბავშვი ყოფილა. სკოლა ხუთებზე აქვს დამთავრებული. შემდეგ სავალდებულოში გაიწვიეს, მისი დამთავრების შემდეგ კი კონტრაქტს მოაწერა ხელი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს სადარაჯოზე იდგა... მისი ძმაც სამხედრო იყო. როდესაც ზვიადს კონტრაქტზე ხელი მოუწერია, ჩემი დედამთილი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს... ორივე ძმები მოწოდებით ჯარისკაცები იყვნენ“...
ძმის დაკარგვა ზვიადს მძიმედ გადაუტანია. ძმისშვილის ტყუპებს, საკუთარი შვილებივით ზრდიდა... მომავალი მეუღლე სწორედ ძმის ოჯახში გაიცნო...
„მე და ზვიადმა ერთმანეთი 2007 წელს გავიცანით და რამდენიმე თვეში დავქორწინდით... ერთმანეთი ზვიადის ძმის მეუღლემ გაგვაცნო. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად ექვსი ულამაზესი წელი ვიცხოვრეთ... 2008 წლის 15 მაისს გაგვიჩნდა ლიზი, რომელმაც ორივე ძალიან გაგვაბედნიერა. უზომოდ ბედნიერი მამა იყო... ზვიადი საუკეთესო მეუღლე და უფრო საუკეთესო მამა იყო... რაც არ უნდა დაღლილი მოსულიყო სამსახურიდან, ყოველ საღამოს გაჰყავდა ბავშვი სასეირნოდ. რაც დავოჯახდით, თბილისში წამოვედით საცხოვრებლად... ის ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაოცებას... მე დასავლეთიდან ვარ და ზაფხულობით ყოველთვის იქით მოვდიოდი. თბილისში რომ ვბრუნდებოდი, სახლში ყოველთვის ახალი საყოფაცხოვრებო ნივთი მხვდებოდა... ექვსი წლის განმავლობაში, ყოველ ზაფხულს ასეთ სიურპრიზებს მიწყობდა. ჩვენ ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება და ვცდილობდით ჩვენი საკუთარი მომავალი შეგვექმნა. მისი სამომავლო გეგმები თბილისში სახლის შეძენას უკავშირდებოდა. თბილისში, ვაზიანის ნაწილში მსახურობდა და ქირით ვცხოვრობდით... მას ყოველთვის შეეძლო ჩემი გაოცება. ბავშვი რამდენიმე თვის მყავდა, რომ დასავლეთში, ჩემს მშობლებთან ვიყავი ჩამოსული. იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა და რიკოთის უღელტეხილი ჩაიკეტა. შაბათს დავურეკე და მითხრა, გზა არ არის და ვერ ჩამოვალო. რამდენიმე საათში უკვე ჩემი მშობლების ეზოში იდგა. რიკოთი ფეხით გადმოუვლია...
სამსახურიდან გამომდინარე ხშირად გასული იყო. ისევ მგონია, რომ სხვაგან არის წასული და მალე უნდა დაბრუნდეს... ძალიან ძნელია მის გარეშე ყოფნა...
სულით და გულით ჯარისკაცი იყო. რამდენიმე წლის წინ, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში იმიტირებული „ქრონიკა“ რომ გავიდა, ახალი მოსული იყო სამსახურიდან. მაშინ ბავშვი წლინახევრის იყო. როგორც ეს ინფორმაცია მოისმინა, მაშინვე სახლიდან გავარდა. კარებთან გადავუდექი, სად მიდიხარ, მარტოს როგორ გვტოვებ მეთქი. ისე წავიდა, არაფერი უთქვამს... ერთი საათის შემდეგ სახლში რომ დაბრუნდა, ვუსაყვედურე, რუსის ჯარი თუ თბილისში შემოდიოდა, შენ სად მიდიოდი, აქ ბავშვთან ერთად მარტო როგორ მტოვებდი მეთქი. ასეთი პასუხი გამცა, ხათო, აქ რომ დავრჩენილიყავი, მხოლოდ შენზე და ბავშვზე უნდა მეზრუნა და იქ წასული კი მთელს საქართველოს დავიცავდიო. ამას ყველა არ გააკეთებდა, ყველა თავის ოჯახზე იფიქრებდა, რომ სადმე გადაემალა. ზვიადი ნამდვილი პატრიოტი იყო...
ავღანეთში პირველად წავიდა. 16 მარტს გავაცილეთ... იმ დილით ჩვეულებრივ ადგა, გამოგვემშვიდობა და ნათესავმა წაიყვანა ვაზიანის ნაწილში. მე და ლიზიმ კიბეებზე ჩავაცილეთ, გაღიმებული სახით დაგვტოვა... მაინც ცხელ წერტილში მიდიოდა და ძალიან ვნერვიულობდი. მამშვიდებდა მე არაფერი მომივა, კარგად ვიქნები, თავს მიხედეთო. ავღანეთში ჩასვლის დღიდან ყოველ საღამოს „სკაიპით“ გველაპარაკებოდა. „როგორ ხარ, რა ხდება მანდ“– ჩვენი საუბარი ყოველთვის ასე იწყებოდა. სულ მამშვიდებდა, აქ არაფერია საშიში, ტყუილად ნერვიულობო... ბოლოს, 12 მაისს ველაპარაკე. ლიზი იმ დღეს კომპიუტერში ეფერებოდა მამას... დაგვიბარა, ხვალაც ამ დროს შემოვალო... 13 მაისს უკვე ეს ტრაგედია დატრიალდა...
ზვიადის ჰელმანდის პროვინციაში ჩვენი ბაზის საწყობი ებარა. იქვე ჰქონია გაშლილი თავის კარავი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა საკუთარი სამსახურის მიმართ და ერთი წუთით არ შორდებოდა საწყობს. 13 მაისს დანაღმული მანქანა სწორედ საწყობის კედელთან აფეთქდა... კედელი გადაინგრა და ზვიადის კარავი ნანგრევებში მოჰყვა... მაშინვე გარდაცვლილა...
იმ დღესვე დამირეკეს თავდაცვის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ზვიადი აღარ იყო...16 მაისს, დილის 7 საათზე ჩამოასვენეს... 22 მაისს სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეში დავკრძალეთ...
ლიზი დღემდე კითხულობს მამას. რამდენჯერაც კომპიუტერს ჩავრთავთ იმდენჯერ მეკითხება, მამიკო არ დაგველაპარაკებაო... ბავშვს ძალიან უნდოდა წითელი ციფრული ფოტოაპარატი, ზვიადის ნივთები რომ ჩამოგვიტანეს, ლიზისთვის წითელი აპარატი ჰქონდა ნაყიდი... ეს მისი უკანასკნელი საჩუქარი აღმოჩნდა შვილისთვის“...
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.