ვლადიმერ შანავა 1.04.1989 - 13.05.2013 კაპრალი
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2007 წლიდან, მიღებული აქვს „მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ.
2012 წლის 13 მაისს, შანავების ოჯახი ავღანეთიდან შვილის დაბრუნებას ზეიმობდა... ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის 13 მაისს, ავღანეთში მეორედ წასულ ვლადიმერ შანავას ოჯახს, მის გარდაცვალებას ატყობინებენ...
24 წლის კაპრალისთვის 13 რიცხვი საბედისწერო აღმოჩნდა...
ასაკის მიუხედავად ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. 17 წლიდან სამშობლოს ჯარისკაცი ერქვა და ამ ქვეყნიდან გმირის სახელით წავიდა...
ბაჩანა შანავა, ვლადიმერის ძმა: „სულ სამი ძმა ვართ, ვლადიმერი მეორე შვილი იყო. მხიარული და ცელქი ბავშვი ყოფილა. ჯერ კიდევ პატარა იყო, იარაღების მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა. მამას ხშირად დავყავდით სანადიროდ. სკოლის დამთავრების შემდეგ, გერმანულ ენაში დაიწყო მომზადება, მართვის მოწმობას ავიღებ და გერმანიაში წავალ სამუშაოდო, მაგრამ მალე გადაიფიქრა. არავისთვის უკითხავს ისე ჩააბარა ნორმატივები და კონტრაქტზე წავიდა. მაშინ 18 წლის იყო... ჩაირიცხა შეიარაღებულ ჯარებში. თავიდან მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონში ირიცხებოდა, სწორედ ამ ბატალიონის შემადგენლობაში იყო, რომ აგვისტოს ომში დაიწყო. კარგად მახსოვს, მაშინ შვებულებაში იყო. 8 აგვისტოს დაურეკეს და გამოიძახეს. იმ ღამეს უტრანსპორტობის გამო ვერ წავიდა და მეორე დღეს სენაკის ბაზამდე მამაჩემმა მიიყვანა. მანქანიდან გადმოსულა თუ არა, ერთ-ერთ ოფიცერს, სენაკის ბაზიდან კოლონები რომ მიდიოდა, ეხვეწებოდა, გამაყოლეთ ნაწილში უნდა ჩავიდეო... ჩავიდა თბილისში და ალბათ, უკანასკნელი მეომარი იყო, რომელიც ნაწილიდან გავიდა... ხელში ტყვიამფრქვევი სჭერია, ჯავშან-ჟილეტი არ ჰქონდა ჩაცმული, რომ სამხედრო მანქანაზე შეხტა. ომიდან 12 აგვისტოს გამოვიდა... სახლში არაფერი უთქვამს ომზე. საერთოდ არ უყვარდა ლაპარაკი და რომ გითხრათ ბევრი რამე ვიცით მის სამხედრო კარიერაზე-მეთქი მოგატყუებთ...
2011 წელს ქუთაისის მესამე ბრიგადაში გადავიდა. პირველად „ISAF“-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში სწორედ ქუთაისში ყოფნის დროს წავიდა. მაშინ მის გვერდით ორი თანამებრძოლი აფეთქდა...
რომ ჩამოვიდა ვეკითხებოდით რა და როგორ მოხდა, მაგრამ არაფერი თქვა... რაში გაინტერესებთ როგორ დაიღუპნენო...
სანამ შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხებოდა, მე მაშინ გავხდი სტუდენტი. განათლება ჩემი ძმის გვერდში დგომით მივიღე. ჩემი სწავლის თანხას ის მიხდიდა. პირველი ხელფასით ჩვენს პატარა ძმას ველოსიპედი უყიდა. ოჯახის წევრებს ფული გვაჩუქა... უკვე მეოთხე ხელფასზე, თავის სახელზე მამას მანქანა უყიდა...
ბაჩუკი შანავა, ვლადიმერის ძმა: „ჯარში რომ წავიდა 10 წლის ვიყავი... ჩემთვის ძმაც იყო და მეგობარიც. მომწონდა მისი სამსახური და სულ იმას ვეუბნებოდი, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე-მეთქი. ერთხელ მითხრა, მეცხრე კლასს რომ დაამთავრებ, კადეტთა სკოლაში გააგრძელე სწავლაო... მასაც უნდოდა სამხედრო გამოვსულიყავი... მისი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო გამიმძაფრდა იმის სურვილი, რომ სამხედრო გამოვიდე... მისი სამომავლო გემები ისევ სამხედრო კარიერას უკავშირდებოდა. იძახდა, მეორე კონტრაქტს, რომ დავამთავრებ, კიდევ უნდა წავიდეო... სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის მედალი“...
ბოლოს, სახლიდან რომ გადიოდა, უმცროს ძმას დაუბარა, დედას მიხედეო...
ბაჩანა შანავა, ვლადიმერის ძმა: „ავღანეთში პირველ აპრილს გაფრინდა. თვითმფრინავიდან დამირეკა, დაბადების დღეს, თვითმფრინავში, ბიჭებთან ერთად აღვნიშნავო... ბოლოს, შაბათს, 11 მაისს ველაპარაკე. ჩვეულებრივ ოჯახის ყველა წევრს გველაპარაკა. მითხრა, აფრიკის მისია იხსნება, აქედან რომ ჩამოვალ, იქ უნდა წავიდეო. დამშვიდობებისას გვითხრა, ზეგ შეგეხმიანებითო. იმ დღეს არ შემოსულა „სკაიპში“ და ძალიან გამიკვირდა... ხშირად ხდებოდა, რომ იტყოდა, ამ დროს შემოვალო და ვერ შემოდიოდიოდა. იმ ბაზაზე ინტერნეტის პრობლემა ჰქონდათ...
იმ დღეს, სანამ დაიღუპებოდა, როგორც ბიჭებმა მითხრეს, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდაო. როდესაც თალიბების დანაღმული მანქანა ქართველების ბაზასთან აფეთქდა, ვლადიმერი იმ კედლიდან 70 მეტრში მდგარა... 10 წუთი გონზე ყოფილა. ვერტმფრენში რომ ჩასვეს, უკვე მართვით სუნთქვაზე ჰყავდათო. აფრენიდან რამდენიმე წუთში დაღუპულა... ზოგი ამბობს, აფეთქების წნევისგან ფუძის მოტეხილობა მიიღოო, ზოგმა, ფილტვი გაუსკდაო... ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა... ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ მოსულა და ზუსტად ჯერ არაფერი ვიცით რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
მისი გარდაცვალების ამბავი იმავე საღამოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გაგვაგებინეს... 17 მაისს ჩამოასვენეს. იყო შემოთავაზება მუხათგვერდში დაგვეკრძალა, მაგრამ წალენჯიხაში დავკრძალეთ... კიდევ ვერ ვეგუები უმისობას... ისევ გვგონია, რომ ავღანეთშია და ოქტომბერში უნდა ჩამოვიდეს. საფლავზე რომ გავდივარ, მაშინ ვაცნობიერებ, რომ აღარ არის“...
თეონა არქანია, ვლადიმერის ბიძაშვილი: „გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ადნაკლასნიკების“ მთავარ ფოტოდ საფლავზე მჯდარი პატარძალი დააყენა, რომელსაც სამხედროს აჩრდილი დაჰყურებს... ვკითხეთ, ეს რა ფოტოა, რატომ გიყენია, ახლავე შეცვალე-მეთქი. რა იცი რა ხდებაო. ალბათ, გული უგრძნობდა მოახლოებულ უბედურებას. საერთოდ კი ძალიან მოსიყვარულე და მხიარული ადამიანი იყო... წასვლის წინ ტელეფონზე ესემესი გამომიგზავნა – „თეო, მე წავედი და შვიდ თვეში გნახავ, გკოცნიო“... ძირითადად წასული იყო და იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს, თუმცა ძალიან ხშირად მკითხულობდა... ძალიან დამაკლდა მეც და მთელ ნათესაობას. ისეთი ნათელი და კაცთმოყვარე იყო, რომ გმირის წოდება ნამდვილად ღირსეულად მოიპოვა“.
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.