თეიმურაზ ორთავიძე 07.01.1988 - 06.06.2013 კაპრალი
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2009 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში დისლოცირებული ქართული ბაზა ტერორისტების მორიგი თავდასხმის სამიზნე გახდა. გავრცელდა ცნობა გარდაცვლილების და დაჭრილების შესახებ... იმ დღეს ამ სენსაციური ინფორმაციით დაიწყო დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები. რედაქციაში ყველა ტელევიზორს მივუსხედით და ნერვიულად ველოდით, როდის გვამცნობდნენ გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ რაიმე ინფორმაციას. თავდაცვის უწყებაში განცხადების გაკეთებას არ ჩქარობდნენ, სოციალური ქსელი მთლიანად ამ შემზარავმა ამბავმა მოიცვა... ხალხი დროულად ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას. განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდა, რაც თითოეული გარდაცვლილის ოჯახს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მომხდარი პირადად შეატყობინეს.
6 ივნისს სამხედრო ჩინოსნებმა ორთავიძეების კარზეც მიაკაკუნეს და ოჯახს თემურის გმირული გარდაცვალება შეატყობინეს. 24 წლის კაპრალი ყვარლის რაიონის სოფელ ენისელიდან გახლდათ. რამდენიმე წუთში ორთავიძეების სახლში თითქმის მთელი სოფელი შეიკრიბა. ამბავს გულგრილი არავინ დაუტოვებია. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ სამხედრო სამსახური თემურს ბავშვობიდანვე იზიდავდა, სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში წავიდა და შემდეგ „კომანდოში“ მსახურობდა. ახალგაზრდა ჯარისკაცმა ხანმოკლე სიცოცხლეში დაოჯახებაც მოასწრო, თუმცა შვილი არ ჰყოლია.
გმირი შვილის განვლილ ცხოვრებას მამა დღეს სიამაყით იხსენებს.
თეიმურაზ ორთავიძის მამა – თამაზ ორთავიძე: – სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ ჩემი შვილი ჯარში თავისი სურვილით დარჩა. არასოდეს არანაირი შიში არ ჰქონდა ჯარში ემსახურა და ქვეყნის სამსახურში ყოფილიყო. თავიდანვე დიდი ინტერესი ჰქონდა ჯარისადმი. სკოლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო სამსახური უკვე ორხევში მოიხადა... იქიდან რომ დაბრუნდა შემდეგ საკონტრაქტოზე წავიდა...
პატრიოტი ადამიანი იყო და ქვეყნის სიყვარულის გამო გადაწყვიტა ავღანეთში წასვლა. არც ოჯახს გაგვიწევია წინააღმდეგობა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ყველა ვეთანხმებოდით. ძალიან პრინციპული ადამიანი იყო და ჩვენც მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემდით.
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვესაუბრეთ. კარგად ვარ და არაფერზე ინერვიულოთო, აქეთ გვამხნევებდა ყოველთვის. მას არაფრის შიში არ ჰქონდა. ბავშვობიდან უყვარდა სამხედრო საქმე და იარაღი. სპორტსმენი იყო, საქართველოს ჩემპიონი იყო კინგბოქსში. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო ფიზიკურადაც. ბავშვობიდან მისდევდა სპორტს.
არ უყვარდა თავის პირად თემებზე ოჯახის წევრებთან საუბარი. მეუღლე ერთი წლის მოყვანილი ჰყავდა. შვილი არ ჰყოლიათ. უშვილოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. მის გარდა ერთი გოგო მყავს კიდევ. ძალიან გვიმძიმს მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებთ, რომ გმირი შვილი გავზარდეთ და სამშობლოს შევწირეთ.
უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე ჩამოსული. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სამინისტროს თანამშრომლები ჩამოვიდნენ. უკანასკნელ გზაზე დიდი პატივით გააცილეს ჩემი გმირი შვილი...“
ირაკლი გზირიშვილი, თემურის ბიძა:
„ავღანეთში ამ ტრაგედიიდან ორი თვით ადრე გაემგზავრა. თემოს გარდაცვალებას არამხოლოდ მთელი სოფელი, მთელი საქართველო გლოვობდა. სანათესავოში იშვიათია ისეთი ახალგაზრდა, როგორიც ის გვყავდა. რომ გაზრდი და იტყვი, კარგი შვილი გავზარდეო, ასეთი იყო. ყველა ამაყობდა ამ ვაჟკაცით. ამიტომაც ვერ წარმომიდგენია, რაც მოხდა, მაგრამ ეს არის გმირობა. ვაჟკაცი კაცი იყო და ვაჟკაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან. დამსახურებულად იწოდება გმირად ახალგაზრდა, რომელიც სამშობლოსთვის თავს ასე გაწირავს. ეს გვანუგეშებს. თავისი პრინციპით წავიდა იქ! ძალიან მწყინდა, იქ რომ მიდიოდა, თითქოს გული მიგრძნობდა! მაგრამ ძალიან პრინციპული ახალგაზრდა იყო. რომ იტყოდა, თავის სიტყვას არ გადაუხვევდა!“
კაპრალ თეიმურაზ ორთავიძისთვის შეურაცხმყოფელი გახლდათ იმაზე საუბარი, თითქოს ავღანეთში ქართველი ბიჭები მხოლოდ ფინანსური დაინტერესების გამო მიდიოდნენ. მისი მთავარი მოტივაცია ქვეყნის სამსახური იყო. საკუთარი მოტივაციის შესახებ ბიძას ავღანეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა.
„სანამ წავიდოდა, ერთი კვირით ადრე ვესაუბრე. სულ ჯარზე ლაპარაკობდა. ნამდვილი მეომარი იყო და არასდროს არაფრის შიში არ ჰქონია. ჯარზე იმდენად იყო შეყვარებული, რომ ამბობდა, მთელი ჩემი ცხოვრება ჯარში უნდა გავატაროო. სკოლის დამთავრებიდან სულ სამხედრო ფორმაში იყო“, – გვიყვება თემურის ბიძა.
ვერ გეტყვით, წინათგრძნობა იყო თუ უბრალო დამთხვევა, მაგრამ ოჯახს გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდა, დაამშვიდა და დაემშვიდობა.
„ტელეფონით ესაუბრა მშობლებს და ახლობლებს. უთხრა: ჩემზე არ იფიქროთ, არ ინერვიულოთ, მე ძლიერად ვარ, კარგად ვარ და თქვენზე მეფიქრებაო. მეუღლე ახალი მოყვანილი ჰყავდა და ასე გაგვიუბედურდა ის გოგოც. ისეთ დღეში ვართ, არ ვიცი, როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს. პაპის გაზრდილია და პაპამისი გადარეული იყო. ვეხვეწებოდი, არ წახვიდეო და მეუბნებოდა, – არა, წავალ და ჩვეულებრივ ჩამოვალო! რა ვიცი, ბედისწერის ამბავიც არის, ალბათ!“
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.