გიორგი ადამოვი 23.05.1990 - 06.06.2013 კაპრალი
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2009 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
6 ივნისი, ავღანეთი, ჰელმანდის პროვინცია, 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზა, საქართველოს დროით - 4 საათი... თვითმკვლელმა ტერორისტმა ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი განახორციელა. თავდასხმას 7 ჯარისკაცი შეეწირა. მათ შორის იყო გიორგი ადამოვი.
გიორგი სამხედრო სამსახურში 2009 წლიდან მსახურობდა. ეს მისი პირველი გასვლითი მისიის შესრულება იყო, რომელსაც წინ მოსამზადებელი კურსების გავლა უძღოდა. სპეცმომზადება ადამოვმა გერმანიაში გაიარა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო უფლება ავღანეთში მოეხადა საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე.
ჯარისკაცობა გიორგის ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო. გმირობის შესახებ ისტორიებს მისი ბიძა უყვებოდა, რომელიც ასევე სამხედრო იყო და რომლის გამოც მისი მშობლები სულ ამაყობდნენ. სწორედ ბიძის სიყვარულით და მისი ისტორიების გამო გადაწყვიტა პატარა გიორგიმ სამხედრო გამხდარიყო. მასაც უნდოდა მის მშობლებს საკუთარი მოღვაწეობით ეამაყათ. ის საქართველოს გმირია და მისით, არამხოლოდ მშობლები, მთელი საქართველო იამაყებს.
გიორგის მამა ნუგზარ ადამოვი ყოველთვის სიამაყით ამბობდა, რომ მისი შვილი ავღანეთში მსახურობდა. გიორგი ხშირად ახერხებდა მშობლებთან დარეკვას და მათ დაწყნარებას. ბოლოს მაშინაც დარეკა, როცა ავღანეთში სამი ჯარისკაცი დაიღუპა. ოჯახმაც კიდევ ერთხელ ამოისუნთქა, ამჯერადაც გადავრჩითო, თუმცა ეს ბოლო იღბლიანი დღე აღმოჩნდა... გიორგი ოჯახის ერთადერთი ბიჭი იყო... უფროსი და დღეს ძმის გმირულ ამბავს თვალცრემლიანი იხსენებს...
დალი ადამოვი (გიორგი ადამოვის და): - მე ჩემს ძმაზე 11 წლით დიდი ვარ. ძალიან საყვარელი, თავიდანვე უცნაური ბავშვი იყო, კეთილი, არაჩვეულებრივი. ჩვენი ოჯახი გაჭირვებული არასოდეს ყოფილა. თბილი და მოსიყვარულე ოჯახი გვქონდა. ისეთი მშობლები გვყავდა ხმამაღალი სიტყვა სახლში არ თქმულა. სულ სითბოში და სიყვარულში ვიზრდებოდით. გიორგიმ სკოლა კარგად დაამთავრა, ფრიადოსანი არ ყოფილა, მაგრამ კარგი ბიჭი იყო ყოფაქცევით, ქუჩაში არ მდგარა არც ერთი წუთით. როცა გაიზარდა, აირია ქვეყანა. უმაღლესში არ ჩააბარა. ნიჭიერი ბიჭი კი იყო, მაგრამ არ იყო მისი მისწრაფება, მაინცდამაინც დიპლომი ჰქონოდა. უფრო ვაჟკაცური სულის იყო, პერიოდიც ისეთი დაემთხვა, რომ სულ სამხედრო სამსახურისკენ მიუწევდა გული. ტელევიზორშიც სულ აცხადებდნენ, რომ მიღებები იყო ჯარში. ერთხელ მოუსმინა, ორჯერ და ერთხელაც თქვა, სახლში რა უნდა გავაკეთოო. სახლში არასდროს ყოფილა, ხან ეკლესიაში მუშაობდა სხვადასხვა საქმეებზე, სულ რაღაცას აკეთებდა. თოხზე და ბარზეც შეეძლო ემუშავა. არასდროს ყოფილა ისე, რომ დედისგან მოეთხოვა ფული. მან გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო სამსახურში წასულიყო. ვცდიო, თუ შევძლებ შევძლებო. დედამ, ოღონდ ჯარი არ მიხსენო შვილო და რაც გინდა ის გააკეთეო. ჩუმად გააკეთა საბუთები, სულ დამოუკიდებლად, არც ვიცოდით. თქვა, რომ ერთი დღით თბილისში ჩავალო და მალე წამოვალო. დაჟინებით რომ ვკითხეთ რა გინდა თბილისშიო, ასე და ასეო, საბუთები გავაკეთეო და ნორმატივები უნდა ჩავაბაროო. ჩავიდა და საღამოს ჩამოვიდა. ისე უხაროდა... ჩემს გარდა ვერავინ შეძლო ჩაბარება, მარტო მე მიმიღესო... მართლაც მხედრული სულისკვეთებით შევიდა ჯარში. შევიდა და შევიდა, მერე წინააღმდეგობასაც ვეღარ ვუწევდით. მერე კარანტინიც კარგად, ვაჟკაცურად გაიარა და ჩაირიცხა ვაზიანში 42-ე ბატალიონში. შეუყვარდა ჯარი, მეგობრები, ძმაკაცები იქაც ყველას უყვარდა და ძალიან პატივს სცემდნენ. რომ ამბობენ, ავღანეთში გაჭირვების გამო მიდიანო, ეს ასე არ ყოფილა, ამ ერთადერთ შვილს ვფიცავარ, უბრალოდ, ასეთი ვაჟკაცი ბიჭი იყო. უნდოდა თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. როცა ავღანეთში დააპირა წასვლა, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ გვითხრა, რომ მოვკვდე, მაინც წავალ, თავს არ შევირცხვენ და უარს არ ვიტყვიო. საცოლე ჰყავდა. ფიქრობდა, ჩამოვიდოდა და ცოლად მოიყვანდა, უგონოდ უყვარდა, ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარსო - ერთხელ გვითხრა. ძალიან მიყვარდა ჩემი ერთადერთი ძამიკო და მინდოდა, რომ ძალიან ბედნიერი ყოფილიყო.
სანამ ავღანეთში წავიდოდა, ერთი კვირით ადრე, თავისი საცოლე ჩამოგვიყვანა, გაგვაცნო. წასვლამდე ორი დღით ადრეც ჩამოვიდა, ისეთი ბედნიერი იყო, ლიზიც თან ჰყავდა. ლიზი ჰქვია ჩემი ძმის საცოლეს... ვიდეოც გვაქვს გადაღებული. ეს გაცილება თვალებიდან არ გამომდის, სულ ცეკვავდა, სულ მხიარულობდა, არც ერთი ცრემლი არ დავინახოო. რომ ჩამოვალ, მერე მე ვიცი რასაც ვიზამო და დილით, უთენია, 4 საათზე ადგა, დაგვემშვიდობა ყველას, ჩაგვეხუტა და აღარც მოიხედა, ისე წავიდა... ცრემლი არ დამანახოთო... მერე დარეკა, ჩავედითო. ერთ დილას დარეკა და ყველას გველაპარაკა, მეც, დედასაც, მოგვიკითხა, მენატრებითო, მალე ჩამოვალო და რამდენიმე საათში მოვიდნენ, რომ გარდაიცვალაო და აღარ არისო.
ეს ჩვენთან ბოლო საუბარი აღმოჩნდა, დილის შვიდ საათზე ველაპარაკეთ, თან გამაღვიძა და მაშაყირებდა გაგაღვიძე არაო? ხომ ხედავ აქაც არ გასვენებო, გამეხარდა გიორგის ხმა, სულ დაწყნარებული ვიყავი. მერე გადავურეკეთ ერთმანეთს და ყველას ელაპარაკა თურმე. ჩვეულებრივი დღე იყო... მისი ხმა რომ გავიგეთ დავმშვიდდით... დღის ბოლოს კი მოვიდნენ და ეს საშინელი ამბავი შეგვატყობინეს... ჩვენ სახლში ამის მერე აღარავის გაუცინია...
ძალიან თბილი ადამიანი დავკარგეთ, სიგიჟემდე უყვარდა თავისიანები და სულ უნდოდა, რომ ყველასთვის რაღაც პატივი ეცა. მიზნად ჰქონდა, ცოლს მოვიყვან, შვილები მეყოლება და სახლს ლამაზად გავაკეთებო, ცალკე ვიცხოვრებო.
ძალიან თავისებური იყო, არასოდეს იტყოდა, რომ რაღაც სჭირდებოდა. თავის მიზანს თვითონვე აღწევდა. ძალიან ალალი იყო, შეეძლო თავისი საკუთარი მაისური გაეხადა და სხვისთვის მიეცა და გულიც არ დაწყდებოდა. ძალიან ცელქი ბიჭი იყო, ძალიან ბევრი მეგობრები ჰყავდა, უამრავი. ბავშვობაში არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, რომ რაიმე უნდოდა. სკოლა რომ დაამთავრა დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამხედროში წასვლა. ალბათ, ჯარისკაცის გზა იყო მისი უმთავრესი მიზანი და მიაღწია კიდეც. დღეს მე გმირი ძმის და ვარ, მაგრამ ძალიან მტკივნეულია მის გარეშე ყოფნა...
ზვიად ნადიბაიძე, გიორგი ადამოვის მეზობელი:
- გიორგის ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, დაოჯახებული არ იყო და შესაბამისად, თვითონ არც შვილი დარჩენია და არც ცოლი. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს, წყნარი, ზრდილობიანი, კულტურული და შეუმჩნეველი ხალხი იყვნენ მთელს სამეზობლოში. ჯარში დიდი ხანი არ იყო რაც მსახურობდა. ავღანეთში აპრილში წავიდა. თავიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა და შემდეგ უკვე კონტრაქტი გააფორმა. 4 წელი მსახურობდა ჯარში და ახლა მოუწია ავღანეთში წასვლა.
ყოველთვის უნდოდა სამხედრო სამსახურში ყოფილიყო. ბავშვობიდან იტაცებდა ეს საქმე, სულ ამბობდა, უნდა წავიდეო. როცა ავღანეთში გადაწყვიტა წასვლა, თავიდან ამბობდა, ოჯახის წევრებს არ ვეტყვი, ინერვიულებენო... მაგრამ ოჯახმა მაინც გაიგო და წინააღმდეგობა არც გაუწევიათ. პირიქით, ძალიან ამაყობდნენ თავიანთი შვილით.
მამამისი ყოველთვის სიამაყით ამბობდა, ჩემი შვილი ავღანეთში მსახურობსო... დედამისი ძალიან მძიმედ არის, შვილის დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, თავის მოკვლა უნდოდა და ფანჯრები აუჭედეს, რომ ჩუმად არ მოეკლა თავი. თვითონ გიორგი ძალიან წყნარი და უწყინარი ბავშვი იყო. ძალიან უყვარდა ყველას, ძალიან კეთილი იყო. ძალიან კარგი, ვაჟკაცი მეზობელი დავკარგეთ.
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.