ზურაბ გურგენაშვილი 02.09.1980 - 06.06.2013 პირველი კლასის რიგითი
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
ავღანეთში გამგზავრებამდე ზურა გურგენაშვილმა ყველა მეგობარი მოინახულა, ყველას სათითაოდ დაემშვიდობა და, აუცილებლად დავბრუნდებითო დაუბარა... კარალეთში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მან ყველაზე ძვირფასი ადამიანიც დატოვა – მომავალი მეუღლე. სექტემბერში ისინი დაქორწინებას აპირებდნენ...
ზურა გურგენაშვილმა სამხედრო სამსახური 2010 წლიდან დაიწყო. სამი წლის განმავლობაში ის საქართველოში მსახურობდა. მოხდილი ჰქონდა სავალდებულოც. ცხელ წერტილში საკუთარი ქვეყნის სამსახურს 2013 წლის 9 აპრილიდან საკუთარი გადაწყვეტილებით შეუდგა. 31 წლის ჯარისკაცისთვის ავღანური მისია სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც სამხედრო მოღვაწეობის გაგრძელებას ისევ საქართველოში აპირებდა. თუმცა, სულ ეს იყო, რის შესრულებაც 31 წლის ჯარისკაცმა მოასწრო.
ზურას ორი და და ორი ძმა დარჩა. დედმამიშვილების განცხადებით, ზურა ამაყობდა საკუთარი არჩევანით. ოჯახის წევრები კი – მისი გადაწყვეტილებით.
ასმათ გურგენაშვილი(ზურა გურგენაშვილის და ): - დიდი სურვილი ჰქონდა ემსახურა ჯარში და აისრულა ეს საწადელი. ეს მისი პირველი საკონტრაქტო სამსახური იყო. ოთხწლიან კონტრაქტს ახლა ამთავრებდა.
თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა და გვითხრა კიდეც, ავღანეთში უნდა წავიდეო. სხვას არაფერს გვითანხმებდა...წავიდა და ცოცხალი აღარ დაგვიბრუნდა. წასვლამდე მეზობლებისთვის უთქვამს, შეიძლება არ დავბრუნდე და ყოჩაღად იყავითო... არადა, მომავლის გეგმები ძალიან დიდი ჰქონდა, სახლი იყიდა საკუთარი და იმის გაკეთებას აპირებდა. ცოლი უნდა მოეყვანა და თავის ცხოვრება აეწყო. ორი და ვართ და ზურას გარდა კიდევ ერთი ძმა მყავს. ძალიან გაგვიჭირდა მის გარეშე ცხოვრება.
ის დღე რომ მახსენდება, ახლაც მზარავს. კარალეთიდან დამირეკეს, გადმოდითო, მგონი ზურას თავს რაღაც ხდებაო... პირდაპირ არ მითხრეს, რომ დაიღუპა. მე იმ წუთში მივხვდი... სახლთან ხალხი ტრიალებდა, უკვე ტიროდნენ და მივხვდი, რომ დაიღუპა. სხვა არაფერი უთქვამთ, ტელევიზიითაც არ მქონდა გაგონილი არაფერი. შავი დღე გაგვითენდა ყველას.
ზურა ძალიან თბილი იყო, არაჩვეულებრივი, როგორც იტყვიან, ღვთისგან მოვლენილი ადამიანი, თანამედროვე ბიჭი, ყველაფერი რომ ესმოდა. ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ უარყოფითი ჰქონდა რამე ზურას. ჩემი ძმა, რომ არის, ამიტომ არ ვამბობ. მისი დაღუპვის ამბავი რომ გაიგეს, სოფელში პატარა ბავშვებიც კი ტიროდნენ.
ავღანეთიდან სულ მეკონტაქტებოდა. მესიჯებით მიკავშირდებოდა, მწერდა - როგორ ხარ? მე კარგად ვარ. შენ არ იდარდოო. ასეთი წერილები მომდიოდა ხშირად, სხვა არაფერს იწერებოდა. ჩემზე არ ინერვიულო შვილებს მიხედეო, მეუბნებოდა. აქ სიმშვიდე არისო, სხვას არაფერს ამბობდა. არაფერზე ინერვიულოთ წყნარად ვართო.
ბოლოს 7 აპრილს ვნახე. ჩემთან სახლში მოვიდა. ხალისიანად იყო, მაგრამ მეზობლებთან იძახდა, მივდივარ, მაგრამ არ ვიცი იქიდან ცოცხალი თუ ჩამოვალო. გრძნობდა და ხმამაღლა არ ამბობდა ჩემთან. მე ავადმყოფი შვილი მყავს და არასოდეს არ უთქვამს, რომ არ მენერვიულა. ყოველთვის კარგი განწყობით მოდიოდა ჩემთან, რომ მეც გავეხალისებინე... ძალიან კეთილი და თბილი ძმა იყო... შეყვარებული ჰყავდა, ერთი წელი უყვარდათ ერთმანეთი. რომ ჩამოვიდოდა, ცოლად უნდა მოეყვანა. ერთი წლის შემდეგ ქორწილი უნდა ყოფილიყო“...
ოთარ გურგენაშვილი, ზურა გურგენაშვილის ბიძა:
– ჯარში, სამი წელი იმსახურა. კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ბოლო ორი თვე, ავღანეთში წავიდა. ამბობდა, ახლა ავღანეთს რომ მოვივლი, მერე უნდა დავქორწინდეო. პირველად წავიდა ავღანეთში. ორი თვის წასული იყო და სექტემბრის ბოლოს უკან ველოდებოდით...
ალექსი სუხიტაშვილი, ზურა გურგენაშვილის მეგობარი:
– ზურა უსაყვარლესი ადამიანი იყო, ერთად გაზრდილები ვიყავით, გაჭირვებაში გაიზარდა, საწყალ ოჯახში, ჰყავს დედა, მამა, ძმა და ორი და. ფიზიკურ სამუშაოსაც არ თაკილობდა, მუშად მუშაობდა, ხან ყანას მარგლიდა, ხან ბარავდა, თონეშიც იმუშავა კარგა ხანს პურის მცხობელად. არაფერი უთაკილია ცხოვრებაში. ჯარში წასვლა საქართველოს სიყვარულით გადაწყვიტა. მეგობრებს გვითხრა, იქიდან რომ დავბრუნდები დავქორწინდები და მსახურს აქ გავაგრძელებო... შეყვარებული ჰყავდა, არ მინდა ცოლი ისე მოვიყვანო, რომ ვიღაცის დასაცინი გავხდეო. ამიტომაც ბინა იყიდა. წასვლის წინ გვითხრა, რომ ჩამოვალ, ახალსახლობას გადავიხდი და თან ცოლსაც მოვიყვანო. დღეს მთელი საქართველო გლოვობს.
ილია ტიელიძე, ზურა გურგენაშვილის სიძე:
– ნოემბერში მისი პირველი ოთხწლიანი კონტრაქტი ამოიწურებოდა. სავალდებულო მოხდილი ჰქონდა. ავღანეთიდან სექტემბერში ველოდით. ბანკიდან გამოტანილი სესხით იყიდა სახლი. შეყვარებული ჰყავდა, კარალეთში სახლი იყიდა და ოჯახის შექმნას აპირებდა. მის ნაყიდ სახლში ერთი ღამე არ გაუთენებია, რადგანაც რემონტს აპირებდა და რომ ჩამოვიდოდა, ცოლი უნდა შეერთო. ისე შემოტრიალდა მისი ცხოვრება, რომ ახლა იქ უნდა დავასვენოთ, მის სახლში. ძალიან გაჭირვებული ოჯახია. ვინც იცნობდა ამ ადამიანს, ვერავინ იტყვის მასზე ცუდს. ჩვენ ორ დღეში ერთხელ მაინც ვესაუბრებოდით. ცოტა ხნის წინ სამი ჯარისკაცი რომ დაიღუპა, მაშინ, მეორე დღესვე დაგვირეკა და გვითხრა, ნუ გეშინიათ მე ცოცხალი ვარო! სანამ დაიღუპებოდა, წინა დღეს ვესაუბრეთ.
ავღანეთში გამგზავრებამდე ზურამ საკუთარი სახლი შეიძინა, რომელშიც ერთი ღამეც არ დარჩენილა. ახალ სახლში გადასვლას სწორედ ჰელმანდიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავდა...
2 თებერვალს ზურა გურგენაშვილი 32 წლის უნდა გამხდარიყო. ამ დაბადების დღეს ის ყველაზე მეტად ელოდა. მისი ახლობლების თქმით, ეს იქნებოდა პირველი წელი, როცა საკუთარ დაბადების დღეს იუბილარი საკუთარ სახლში, საკუთარ მეუღლესთან ერთად შეხვდებოდა...
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.