მიხეილ ნარინდოშვილი 25.12.1986 - 06.06.2013 რიგითი დაიბადა და გაიზარდა რუსთავში
ნარინდოშვილები წარმოშობით არიან სიღნაღიდან
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2012 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
იმ დილით მიხეილი დედას ელაპარაკა, გაამხნევა და უთხრა, სიცოცხლის ბოლომდე ქართულ ჯარში ვაპირებ მსახურსო. სიცოცხლე კი იმაზე ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა. გმირულ სიკვდილამდე მას სულ რაღაც რამდენიმე საათი აშორებდა.
6 ივნისს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რუსთავში, ნარინდოშვილებსაც ესტუმრნენ. ოჯახს მათ ჰელმანდის პროვინციიდან მიღებული თავზარდამცემი შეტყობინება გააცნეს და საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამძიმარი გამოუცხადეს. 26 წლის რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ერთ-ერთია იმ 7 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს შორის, რომელიც ავღანეთში თალიბანის თავდასხმას ემსხვერპლა.
როგორც მიხეილ ნარინდოშვილის დედა ამბობს, შვილს დილით სკაიპით ესაუბრა, საღამოს კი თავდაცვის სამინისტროდან მისი დაღუპვის შესახებ შეატყობინეს.
„დილით სკაიპით ველაპარაკე, ასე მითხრა, – კარგი შვილი გყავს, მე სამხედრო მოსამსახურე ვარ და პენსიაში გასვლამდე, ან სიცოცხლის ბოლომდე ჯარში უნდა ვიმსახუროო“, – ასე იხსენებს დედა შვილთან უკანასკნელ საუბარს.
ბევრი გეგმა ჰქონდა... სამშობლოს სადარაჯოზე სამშობლოდან საკმაოდ მოშორებით იდგა. დებდა ერთ აგურს ქვეყნისა და საკუთარი შვილების მომავლის შენებაში. მიხეილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ავღანეთში კონტრაქტის ვადა 3 თვეში ეწურებოდა. სამშობლოში დაბრუნებულს ბინის ყიდვა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა სიკვდილი წამოეწია.
ფიქრია ცალუღელაშვილი – ნარინდოშვილის დედა: - დედისერთა იყო, ჯარში საერთოდ არ იყო ნამყოფი. სამშობლოს სიყვარულით წავიდა ჯარში. დედისერთა რადგან იყო, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ მოუხდია, პირდაპირ საკონტრაქტოზე წავიდა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. სამი შვილი დაგვიტოვა, ორი გოგო სალომე, ანა–მარია და გიორგი. დაობლებულ შვილიშვილებს ახლა მე ვზრდი.
რუსთავის მეცხრე საშუალო სკოლა დაამთავრა. მამასთან საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი. მე და დედაჩემმა გავზარდეთ. სულ შრომობდა, ერთი წუთით არ მდგარა უსაქმოდ ქუჩაში, საწყალი ბედის პატრონი იყო ჩემი შვილი.
თავიდან მის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად ვუყურებდი. არ მეგონა ჩემი შვილი კარანტინს თუ გაუძლებდა, მაგრამ როგოც ჩანს ძალიან ძლიერი ბიჭი გავზარდე. აღფრთოვანებული იყო ჯარის ცხოვრებით. მეუბნებოდა რომ პენსიამდე ჯარში უნდა ვიმსახუროო. მარტოხელა დედა ვიყავი და მარტომ გავზარდე ჩემი ვაჟკაცი.
წინააღმდეგი ვიყავი მისი ავღანეთში წავსლის, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ძალიან ვაჟკაცი იყო. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წავიდა. დედაჩემის დატოვებულ ბინაში ვცხოვრობდით და ამბობდა, რომ დავბრუნდები ეს ბინა გავყიდოთ და ჩემი დანაზოგი ფულით ახალი ბინა შევიძინოთო, მე, შენ და ჩემმა შვილებმა ერთად ბედნიერად ვიცხოვროთო. მისი ოცნება იყო რომ შვილებისთვის მიეხედა და გზაზე დაეყენებინა. არ დასცალდა არაფერი....
5 ივნისს ვესაუბრე ბოლოს და 6–ში ეს უბედურება დატრიალდა. ჩვენი ბოლო საუბარიც შვილებს შეეხებოდა, განიცდიდა მისი შვილების მდგომარეობას და მთხოვდა რომ მათთვის მიმეხედა. ველოდებოდი მის უვნებლად დაბრუნებას, კი მეშინოდა, მაგრამ ცუდზე არ ვფიქრობდი.
სანამ ამ ამბავს გავიგებდი, ძალიან ცუდად ვიყავი, მთელი სხეული მტკიოდა. იმ დღეს როდესაც ჩვენთან სამხედრო მანქანა მოვიდა, საშინლად ცხელოდა და მე საბანში გახვეული საწოლში ვიწექი. მეზობლის გოგომ დამიორეკა, რომ შენთან უნდა ამოვიდეო. სახლის კარები რომ გავხსენი სამი ფორმიანი იდგა. ორი საათის განმავლობაში თურმე ქვემოთ იდგნენ და ვერ ამოდიოდნენ. დედას როგორ ვუთხრათ რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ არისო... ასე გავიგე ჩემი შვილის უბედურება და მერე აღარაფერი აღარ მახსოვს. მითხრეს, რომ თქვენი შვილი გმირულად დაეცა ავღანეთის მიწაზეო.
მზია ცოფურაშვილი, დეიდა:
„უაღრესად პატიოსანი ბიჭი იყო, გერმანიაში გაიარა სასწავლო კურსი, ორ კვირაში კი ავღანეთში გაემგზავრა. დედას ესაუბრა წინა დღეს, არაფერზე ინერვიულო, ბავშვებს მიმიხედეო. ბოლომდე სამხედროში სამსახური ჰქონდა გადაწყვეტილი. ყველას უყვარდა. სამხედრო სამსახური მისი არჩევანი იყო, ძალიან უყვარდა ეს საქმე, თავის ქვეყანაზე იყო შეყვარებული. ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ კიდევ აპირებდა კონტრაქტის გაგრძელებას. რამდენჯერაც დაუკავშირდა ოჯახს“.
დღეს მიხეილისა და მასთან ერთად გარდაცვლილი ბიჭების საქმეს კვლავაც აგრძელებენ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მყოფი ქართველი ჯარისკაცები. მათ იცოდნენ, რომ იქ ომი დახვდებოდათ, თუმცა ეს ნაბიჯი გადადგეს. და რომ არა სამშობლოს სიყვარული, ვერანაირი მატერიალური ანაზღაურებით ვერ დააყენებდნენ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ. არც მიხეილ ნარინდოშვილისთვის ყოფილა ფინანსური დაინტერესება ავღანეთში ყოფნის მთავარი მოტივი. მისი და სხვა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ, ავღანეთში დარჩენილი თანამებრძოლები ერთ რჩევას აძლევენ მათ, ვინც მატერიალურ დაინტერესებაზე მიანიშნებს.
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.