სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
რამაზ დავითაია 1989-2015წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. მენჯი სენაკი სამეგრელო რამაზ დავითაია 1989-2015წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. მენჯი სენაკი სამეგრელო

1989-2015 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი დავითაია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

399       ბეჭდვა

რამაზ დავითაია 1989-2015წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. მენჯი სენაკი სამეგრელო

რამაზ დავითაია 1989 - 2015 კაპრალი

აგვისტოს ომგამოვლილი ჯარისკაცისთვის ავღანეთის მისიაში მონაწილეობა საბედისწერო აღმოჩნდა. უცხო ქვეყანაში დაჭრილმა კაპრალმა რამაზ დავითაიამ საქართველოს მიწაზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დალია სული. სამი წლის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ უშედეგოდ... დაკრძალეს იქ, სადაც დაიბადა, სენაკის რაიონის სოფელ მენჯში.

რამაზ დავითაიამ ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილება 2012 წელს მიიღო და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იმავე წლის აპრილში ჰელმანდის პროვინციაში გაიწვიეს, სადაც II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის, III მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის მეტყვიამფრქვევე იყო. 4 წელი ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო სამსახური არ დასცალდა და დაახლოებით ერთ თვეში სასიკვდილოდ დაჭრეს. ხერხემალში მოხვედრილი ტყვია საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჯარისკაცს იარაღი ხელში ვეღარასდროს აეღო.


კაპრალ რამაზ დავითაიას დედას მარინა წულეისკირს მომხდარი დეტალურად ახსოვს, ახსოვს რიცხვები და თვეები, ახსოვს დრო და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მისმა უმცროსმა შვილმა ჰელმანდის პროვინციიდან საქართველომდე სამი წლის განმავლობაში, ანუ დაჭრიდან გარდაცვალებამდე, განვლო.

მარინა წულეისკირის თქმით, შემთხვევა 2012 წლის 21 ივნისს მოხდა, რამაზ დავითაია პატრულირების დროს დაჭრეს. სასიკვდილოდ გამიზნული ტყვია ჯარისკაცს ხერხემალში მოხვდა.

„იმ წუთას ღმერთმა ცოტა უშველა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ უშველა“, – ამბობს რამაზ დავითაიას დედა მარინა წულეისკირი.

დაჭრიდან სამი წლის შემდეგ, 2015 წლის 8 ივნისს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მაშინ რამაზი 26 წლის იყო.

მარინა წულეისკირი, გარდაცვლილის დედა:

„პატრულირებაზე იყვნენ. ავღანელების ესკორტი მიდიოდა. ჩვენს ბიჭებს მანქანა უნდა გაეჩერებინათ და შეემოწმებინათ, მიჰქონდათ თუ არა იარაღი ან ნარკოტიკი, რაც არ შეიძლებოდა. ავღანელების ესკორტი ჩვენს ბიჭებს არ დაემორჩილა. ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. სნაიპერის ტყვიით დაიჭრა ჩემი შვილი. რამაზთან ერთად სხვა ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ. პირველადი დახმარება ქართველმა ჯარისკაცმა ლაშა მაკალათიამ აღმოუჩინა და სისხლდენა შეუჩერა. ასმეთაურმა რომან ჯანჯულიამ ჩემი შვილის დასახმარებლად ვერტმფრენი გამოიძახა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები წინააღმდეგნი იყვნენ, ვერტმფრენი კონფლიქტურ ზონაში დაშვებულიყო, რომან ჯანჯულიას დაჟინებული მოთხოვნით ვერტმფრენი დაფრინდა და 15 წუთში ჩემი შვილი ქაბულში საოპერაციო მაგიდაზე იწვა. როცა ჩემი შვილი გადაჰყავდათ, ქართული სიმღერა უმღერია, – რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობსო. აი, ამ სიმღერ-სიმღერით აუყვანიათ ქართველ ჯარისკაცებს ჩემი შვილი ვერტმფრენზე და ისე გაუცილებიათ“.

შვილის დაჭრის ამბავი მალევე შეატყობინეს, თუმცა სიმართლე დაუმალეს.

„დაჭრის ამბავი დილითვე გავიგე. ჩემთან სამხედრო მაღალჩინოსნები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემი შვილი დაიჭრა, მაგრამ სასიკვდილოდ თუ იყო დაჭრილი, არ გვეგონა. ჩამოყვანაზე ლაპარაკი არ იყო, მითხრეს, რომ გერმანიაში გადაიყვანენ და იქ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი ელოდა. რომელი დედისთვის იქნებოდა ამის მოსმენა კარგი, რომ 26 წლის შვილი დაგეჭრა და გეუბნებიან, ჩვენ ვიბრძვით მის გადასარჩენადო – ამით ყველაფერი იყო ნათქვამი“, – იგონებს მარინა წულეისკირი.

ქაბულის შემდეგ დაიწყო დაუსრულებელი გადამისამართება საავადმყოფოდან საავადმყოფოში. მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდებოდა და რამაზს ნელ-ნელა უქრებოდა სიცოცხლის სურვილი.

„მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, საქართველოს მთავრობამ სამი წლის განმავლობაში უმკურნალა. წელიწადი და 4 თვე გერმანიის საუკეთესო კლინიკებში მკურნალობდნენ. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისში ჩამოიყვანეს და თბილისის PSP-ს ნიუჰოსპიტალში დააწვინეს. შვიდი თვე იქ უმკურნალეს და შვიდი თვის შემდეგ 2014 წლის 2 ივნისს ჩამომიყვანეს სახლში სარეაბილიტაციოდ. 5 თვე მეწვა სახლში. ამ ხუთი თვის განმავლობაში 4 ექთანი და 2 სანიტარი უვლიდა. წამლები იყო თუ რაიმე სხვა, რაც გვჭირდებოდა, ყველაფერს სახლში გვიგზავნიდნენ. ამ ხუთი თვის განმავლობაში არაუშავდა, მაგრამ მერე ფილტვებმა უმტყუნა. პნევმონია გაუჩნდა ხან ერთ ფილტვში, ხან – მეორეში და ვერ სუნთქავდა. სამი წელი სულ მწოლიარე მდგომარეობაში იყო. ეტლი გვქონდა და როცა კარგად იყო, იმით ვასეირნებდით ხოლმე. მერე ისევ უნდა დაწოლილიყო, სხვა გზა არ ჰქონდა. გადავიყვანეთ ქუთაისის საავადმყოფოში, ქუთაისიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში და იმის შემდეგ ჩემი შვილი სახლში ცოცხალი არ დაბრუნებულა. გორის ჰოსპიტალში იწვა 7 თვე-ნახევარი. იქიდან, ავადმყოფის დაჟინებული თხოვნით, კიდევ ერთი თვე თბილისის ნიუჰოსპიტალში წაიყვანეს. ეგონა, რომ იქ უფრო კარგად გახდებოდა. ავადმყოფის ამბავი ხომ იცით, როგორია. მერე, რომ მიხვდა, იქაც ვერაფერს შველიდნენ, უთხრეს, – რამაზ, გორის ჰოსპიტალში უნდა გადაგიყვანოთო. კარგი, გადამიყვანეთო, მაგრამ ცალკე პალატა მომეცით და ინტერნეტი და ტელევიზორი დამიყენეთო, მოწყენილობა რომ გაექარწყლებინა. მშობლებს რეანიმაციაში არ გვიშვებდნენ. ინტერნეტიც შეუყვანეს, ტელევიზორის კაბელიც შეუყვანეს, ყველაფერი გაუკეთეს, მოუწესრიგეს. ბოლოს იმ პალატაში დალია სული“, – ამბობს რამაზის დედა.

მარინა წულეისკირი გვიყვება, რომ რამაზს შეყვარებულიც ჰყავდა და ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ცოლის მოყვანას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიჭრა და სხეულის მგრძნობელობა დაკარგა, სიცოცხლესთან ერთად, სიყვარულიც დაასრულა.

მარინა წულეისკირი: „შეყვარებული ჰყავდა გორელი გოგო. ურეკავდა თავის ბიძაშვილებს და ეუბნებოდა, – რომ დავბრუნდები, ცოლი უნდა მოვიყვანო და ქორწილი გადავიხადოო. როცა ამ გოგომ თბილისის ნიუჰოსპიტალში დაჭრილი ინახულა, რამაზმა უთხრა, – შენ ჩემთან აღარ მოხვიდეო. იცოდა თავისი მდგომარეობა. იმიტომ კი არ უთხრა, რომ არ უნდოდა მისი მოსვლა... არ უნდოდა, ეს გოგო მარტო დარჩენილიყო და დატანჯულიყო. უთხრა, – თავს მიხედეო. იმ დღის მერე ის გოგო აღარ მოსულა“.

რამაზ დავითაიას ცხოვრება, რომელიც მან ბავშვობიდან დღემდე განვლო, ადასტურებს, რომ ჯარისკაცი ნამდვილი პატრიოტი იყო და თავის მთავარ დანიშნულებად ქვეყნისთვის სამსახურს მიიჩნევდა.

ბავშვობაში, ისევე, როგორც ყველა ბიჭი, ომობანას თამაშობდა, თუმცა სხვა ბავშვებისგან განსხვავებით ამბობდა, – როცა გავიზრდები, სამშობლო უნდა დავიცვაო.

გაიზარდა... სკოლის დასრულების შემდეგ 3 წელი ჯარში არ გაიწვიეს, მიზეზი რამაზის ოჯახმა დღემდე არ იცის. შემდეგ იყო სავალდებულო სამხედრო სამსახური, სადაც რამაზმა 4-წლიან კონტრაქტს ჩუმად მოაწერა ხელი და მშობლებს გადაწყვეტილება მას შემდეგ ამცნო, როცა უკვე აღარაფერი შეიცვლებოდა.

„დავრბოდით ხან სად, ხან სად, რომ ჯარი აგვეცილებინა, მაგრამ გვითხრა, – თქვენ რატომ დარბიხართ, აზრი არ აქვს. მე ჯარში მაინც წავალო. კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი, გვეწყინა, არ გაგვხარებია, მაგრამ უკვე დიდი იყო და არჩევანის გაკეთება დამოუკიდებლად შეეძლო. ადრე ხალხს ბევრი შვილი ჰყავდა და საბრძოლველად ზრდიდნენ, მე ორი კაკალი შვილი მყავდა და სასიკვდილოდ ნამდვილად არ მემეტებოდნენ. კაცი ჯარში რომ წავა, ყოველთვის უნდა ელოდო ცუდს“, – იხსენებს რამაზ დავითაიას დედა.

რამაზ დავითაია ავღანეთში წასვლამდე რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. მშობლების თქმით, თავის გმირობებზე არასდროს ლაპარაკობდა და მიიჩნევდა, რომ ეს არა გმირობა, არამედ მისი მთავარი მოვალეობა იყო.

გარდაცვლილის დედა: „სამსახურში რომ რამე მომხდარიყო, ან ჯილდო აეღო, ან დაეწინაურებინათ, არასდროს გვეტყოდა. მეგობრებისგან ვიგებდით. 2008 წლის ომის შემდეგ მიღებული მედალი დიდი დამსახურება იყო, მაგრამ არასდროს დაუტრაბახია, არასდროს იტყოდა, რატომ მიიღო, რით დაიმსახურა, რა გააკეთა. უბრალოდ, მოიტანა, დადო და თქვა, – მესამე ხარისხის მედალი მაჩუქესო. მისი გმირობის შესახებ მოგვიანებით გავიგეთ“.

მარინა წულეისკირი გვიყვება, 2008 წლის ომის დროს რამაზს არც ერთი დაჭრილი ბრძოლის ველზე არ მიუტოვებია: „მივიდოდი, ვნახავდი, პულსი თუ მუშაობდა, გამომყავდაო და თუ პულსი არ მუშაობდა, ჯერ ცოცხალი უნდა გამომეყვანა და მერე მკვდრისთვის ვბრუნდებოდი და ის გამომყავდაო“.

ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, ერთი ნაკაწრი არ ჰქონდა. ყვებოდა, „ერთხელ ეკლესიის ეზოში ვიყავით თავშეყრილები, ბომბები ცვიოდა და არც ერთი არ გამსკდარაო ჩვენ ახლოს, ალბათ, ღმერთმა დაგვიცვა, რახან ეკლესიის ეზოში ვიყავითო“.

საინტერესოა, რომ გორგასლის ორდენოსნობა რამაზ დავითაიას ავღანეთში წასვლას არ ავალდებულებდა, ეუბნებოდნენ, პრივილეგია გამოეყენებინა და არ წასულიყო, თუმცა რამაზი თავის მთავარ მოვალეობად მიიჩნევდა იქ ყოფილიყო, სადაც მისი მეგობარი ჯარისკაცები იყვნენ.

„სამშობლოსთვის თავდადებული იყო ჩემი შვილი. შინაგანად ჯარისკაცად იყო დაბადებული. ვიცოდით ეს ჩვენ, მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგებოდით. მაინც არაფერი გამოგვიდოდა. რასაც იტყოდა, იმას აკეთებდა. ჯიუტი არ იყო, მაგრამ მიზანდასახული იყო. რასაც მიზნად დაისახავდა, ის უნდა შეესრულებინა და ასრულებდა კიდეც“, – ასე ახასიათებს დედა შვილს.

დაჭრის დღიდან სიკვდილს უყურებდა თვალებში, თუმცა არც ერთხელ არ დაუწუწუნია. გმირისთვის შესაფერისი სიამაყით ხვდებოდა განსაცდელს და სიკვდილს ნატრობდა, თუმცა შინაგანად მაინც სწამდა, რომ ფეხზე ადგებოდა და ბრძოლას გააგრძელებდა.

„სამი წელი ხომ სიკვდილს ებრძოდა, ყოველდღე სიკვდილს უყურებდა თვალებში და ამბობდა, დედა, ფეხზე თუ დავდექი, ავღანეთში უნდა წავიდე. ჩემი მტერი თუ ვერ მოვკალი, იმისიანი უნდა მოვკლა და ჩემი სისხლი უნდა ამოვიღოო. სიკვდილის არ ეშინოდა. იცოდა, რომ სიკვდილი მისთვის გარდაუვალი იყო. მისი მარტო ტვინი და თავი ფუნქციონირებდა, დანარჩენი სხეული პარალიზებული იყო, ვერაფერს გრძნობდა.

ბოლო 7 თვე-ნახევარი სიცოცხლე აღარ უნდოდა, ღმერთს ეხვეწებოდა, წამიყვანეო, რა დაგიშავე, რატომ მტანჯავო“.

სამი წლის უშედეგო მკურნალობამ იმედები გაუცრუა, პალატაში მარტოობამაც დაღალა, მშობლების ცრემლებს ვერ ეგუებოდა და იმედგადაწურული სხვებს აძლევდა იმედს, რომ ოდესმე ფეხზე დადგებოდა.

„ჩემს თვალში ერთხელ ცრემლი შეამჩნია და მითხრა: დედა, რატომ ტირი, მე სატირალი არაფერი მჭირსო. სამი წლის განმავლობაში მის თვალზე ცრემლი არ მინახავს. ვაჟკაცურად გადაიტანა ეს ყველაფერი და ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც და მისმა მეუღლემაც აღნიშნეს, რომ რამაზი სულით მედგარი ჯარისკაცი იყო. ერთხელ არ დაუწუწუნია და ჩვენ გვიტოვებდა იმედის ნასახს, რომ გვეფიქრა, რამაზს სიცოცხლე უნდაო, არადა რამაზს სიცოცხლე აღარ უნდოდა“, – ამბობს მარინა წულეისკირი.

რამაზი 2015 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა. სენაკში ჩამოასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს:

„უამრავი ჯარისკაცი მოვიდა და დიდი პატივით დაკრძალეს. ამერიკის ელჩმა უფლება არ მისცა ხალხს, ნიჩბით მიეყარათ მიწა. თქვა, მოდით, მუჭით მოვაყაროთ მიწა და ისე დავმარხოთო და სულ მუჭა-მუჭა მიაყარეს მიწა, რომ ჩემი შვილისთვის არაფერი ეტკინათ“, – იხსენებს დედა, მარინა წულეისკირი და ხმაში ბზარი უჩნდება.

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.04.2021
ბოლო რედაქტირება 26.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0