სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
 დავით ცეცხლაძე 1975-2010წწ გარდ. ავღანეთი დ. თბილისი  დავით ცეცხლაძე 1975-2010წწ გარდ. ავღანეთი დ. თბილისი

1975-2010 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი ცეცხლაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

374       ბეჭდვა

დავით ცეცხლაძე 1975-2010წწ გარდ. ავღანეთი დ. თბილისი

დავით ცეცხლაძე 7.09.1975 - 30.09.2010 სერჟანტი 

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს, სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

35 წლის ასაკში ყველაფერი მოასწრო, ყველა ცხელი წერტილი გამოიარა და ავღანეთიდან გმირად დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ობლად დარჩენილმა ოჯახზე მეურვეობა 17 წლისამ აიღო თავის თავზე და ბედნიერი ოჯახიც შექმნა... სერჟანტ დავით ცეცხლაძის შვილები დღეს ამაყად იხსენებენ მამის სახელს. შვილებმა მამის სახით კარგი მეგობარი დაკარგეს... მეუღლემ მოსიყვარულე ქმარი და დედამ - იმედი...


ბავშვობიდან კინოფილმი „მამლუქი“ ჰყვარებია, თუმცა უცხო მიწაზე მებრძოლი მამლუქებისგან განსხვავებით, ის ავღანეთში საკუთარი ნებით წავიდა, არა სახელისთვის და ჩინ-მედლებისთვის, არამედ სამხედრო სულისკვეთებით და უპირველესი მოწოდებით - ის ჯარისკაცი იყო, ქართველი ვაჟკაცი...


ჰელმანდის პროვინციაში ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულების დროს, 2010 წლის 30 სექტემბერს, დავით ცეცხლაძე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა... იმ დღეს დაურეკავს ოჯახში, დაუმშვიდებია ყველა... არ ინერვიულოთ, მე იქ ვარ, სადაც საჭიროა, ჩემი ბიჭები წინა ხაზზე არიან და მეც მათთან ერთად უნდა ვიყოო... ეს მისი ბოლო სიტყვები იყო, მას შემდეგ არც დედას, არც მეუღლეს და შვილებს, დავით ცეცხლაძის ხმა აღარ გაუგონიათ. ავღანეთიდან სამხედრო პატივით ჩამოასვენეს... უკანასკნელად მაშინ ნახეს შვილებმა გმირი მამის სახე...


აფრიკის დასახლებაში დაიბადა. 94-ე საშუალო სკოლაში დღესაც ახსოვთ ბეჯითი მოსწავლე, რომელსაც ბავშვობიდან ჰქონდა სისხლსა და ხორცში გამჯდარი თავისი ქვეყნის სიყვარული და ერთგულება.


ნინო ბერუაშვილი (დედა): - ბავშვობიდან პატრიოტი იყო. მის სკოლაში რომ მიხვიდეთ, მისი სახელი დღესაც ახსოვთ. მეხუთე კლასში მასწავლებელმა რომ ჰკითხა, რომელი ფილმი გიყვარსო, „მამლუქიო“ უთხრა. ბავშვობიდან ჰქონდა საქართველოს და სამშობლოს სიყვარული. მეტირება, რომ ვიხსენებ... ძალიან მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ. მეგობრებს სულში იძვრენდა, მათაც ძალიან უყვარდათ, კარგი სამეგობრო ჰყავდა. ჯარის ბიჭებიც დღემდე ვერ ინელებენ მის სიკვდილს. ვაჟკაცი და უშიშარი იყო. ერთხელ მითხრა, მე რომ სამხედრო ფორმას ჩავიცვამ, აღარ გავიხდიო, ჩემ საქართველოს, ჩემ სამშობლოს სადაც დასჭირდება, იქ წავალო, მართლაც არ გაუხდია, სამხედრო ფორმაში დალია სული...


ობოლი იყო, მამა ადრე დაეღუპა, 1993 წელს... 17 წლის იყო და ოჯახს თვითონ უძღვებოდა. ხან სად მუშაობდა, ხან სად, რომ ყველანაირად გვერდში ამომდგომოდა.


ავღანეთამდე, ორჯერ კოსოვოში იყო, ორჯერ ერაყში, მედლებიც აქვს მიღებული... თუმცა არასდროს საკუთარი დიდებისთვის არ უბრძოლია, სულით იყო მებრძოლი ბიჭი... სამხედრო სამსახური ბავშვობიდან ძალიან უნდოდა. მის ძმას აქვს დამთავრებული სამხედრო აკადემია. ორივე ერთად აბარებდნენ, მაგრამ დათო ვერ მოხვდა და ძალიან დაწყდა გული, რადგან ძალიან უნდოდა ჯარში ყოფნა. ბავშვობიდან ოცნებობდა ყოფილიყო სამხედრო მოსამსახურე და სამშობლოს დახმარებოდა, ამიტომაც საკუთარი სურვილით წავიდა ჯარში, უკვე ცოლ-შვილიც ჰყავდა. სულ უნდოდა, რომ მეტი გაეკეთებინა სამშობლოსთვის, მეტი სარგებელი მოეტანა.


ძალიან კარგი შვილი იყო, მარტო ჩემთვის კი არა, ყველასთვის ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ბრწყინვალე მამა იყო შვილებისთვის. თბილი და მოსიყვარულე მეუღლე. ცოლთან და შვილებთან ძალიან კარგი, თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, ერთი ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს, არასდროს ხმა არ აუწევია ოჯახის არც ერთი წევრისთვის. შვილებსაც ასე ზრდიდა, სამშობლოს და ოჯახის სიყვარულს ასწავლიდა. ეკლესიური იყო, თავისი მამაო ჰყავდა.


დავით ცეცხლაძეს მეზობლებიც თვალცრემლიანი იხსენებენ. ყველას ახსოვს თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ყველაზე ზრუნავდა.


ლალი გოგიტაძე (მეზობელი): - ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვია, მართლა სამშობლოს მოყვარული. რაიონიდან ჩამოვედით ერთხელ მე და ჩემი მეუღლე, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი. სამარშრუტო ტაქსში ავედით, დათო ბოლოში იჯდა, სამხედრო ნაწილიდან მოდიოდა. თურმე ფული არ ჰქონდა, სახლში გადარეკა, ცოლს უთხრა, ჩამომიტანე ფულიო და ჩვენ გადაგვიხადა მგზავრობის საფასური. ისეთი მოსიყვარულე და თბილი იყო, ცეცხლი გვეკიდება გულზე რომ ვახსენებთ. ჩვენი დასახლება ერთი პატარა სოფელია და ყველგან მისი სახელია და იქნება მრავალ წელიწადს. გვინდა, რომ ჩვენს ქუჩას, რომელსაც გუმათჰესის ქუჩა ჰქვია, დათო ცეცხლაძის სახელი დაერქვას. მართლა ძალიან გვინდა და თუ შევძლებთ ამას, კარგი იქნება. მარტო ჩემი კი არა, მთელი დასახლების სურვილია. მთელი დასახლება ფეხზეა, ყველას უნდა ისეთი რამ გააკეთონ, რომ ამ ბიჭის სახელი უკვდავი იყოს. ისეთი თბილი, ზრდილობიანი და სათნო ბავშვი იყო... გული მტკივა ძალიან.... ისეთი არაფრისმაქნისები დადიან, არიან ამქვეყნად და ეს სამშობლოზე სულით ხორცამდე შეყვარებული ჩვენთან აღარ არის... მართლა კარგი ადამიანი იყო, ამას გულწრფელად ვამბობ. უწმინდესი და უკარგესი ადამიანი იყო. ისეთი კარგი შვილები დატოვა, როგორც მას შეეფერებოდა. ანდა როგორ შეიძლება დათო ცეცხლაძეს ცუდი შვილები ჰყოლოდა. კარგი ოჯახის შვილი იყო თვითონაც.


როდესაც ოჯახს გაუგია დათო ავღანეთში მიდიოდა, წინააღმდეგობა გაუწევია. შეეშინდათ, რომ უბედურება შეემთხვეოდა. დარჩენას სთხოვდა ყველა, თუმცა მისგან კატეგორიული უარი მიიღეს. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და მის შეცვლას არავის გულისთვის არ აპირებდა.


ნინო ბერუაშვილი (დედა): - წინააღმდეგი ვიყავით მთელი ოჯახი, მაგრამ ის ისეთი იყო, რომ მაინც არ გაჩერდებოდა. მე სამშობლოს გვერდში უნდა დავუდგე და როგორც მას სჭირდება, ისე უნდა მოვიქცე. იქიდან გვირეკავდა, გვამშვიდებდა, კარგად ვარ, ნუ ინერვიულებთო. მისგან არ გამიგია ცუდად ვარ და წამოსვლა მინდაო. ჩემი ბიჭები წინა ხაზზე არიან და მე მანდ რა გამაჩერებდაო. იმ დღეს დაიღუპა ზუსტად, ეს რომ გვითხრა ტელეფონით. თქვენ ის დღე რომ გენახათ, რა ხდებოდა აქ დასახლებაში, როცა დათოს ამბავი გაიგეს, თავადვე მიხვდებით, როგორ უყვარდა ყველას და რა ენით აუწერელი ტკივილი იყო მისი დაკარგვა.


ორი ვაჟკაცი დაუტოვა სამშობლოს. უფროსს, თამაზ ცეცხლაძეს კი, სანამ ავღანეთში წავიდოდა, სთხოვა, ოჯახზე ეზრუნა. თამაზი მამისთვის მიცემულ პირობას ასრულებს. მართალია მამის პროფესიას არ გაჰყვა, თუმცა სპორტსმენია და გმირი მამის საამაყო შვილი. ამბობს, რომ მამას წასვლამდე წინათგრძნობა ჰქონდა, უკან ვერ დაბრუნდებოდა და შვილს არიგებდა, როგორ მოქცეულიყო მის გარეშე დარჩენილი.


თამაზ ცეცხლაძე (შვილი): - შესანიშნავი მამა იყო, თბილი, მზრუნველი და ცდილობდა, რომ რაც კი პრობლემა ჰქონდა, ყველაფერი კაცურად გადაელახა. ვმეგობრობდი და ყველაფერს ვუყვებოდი, მის რჩევებსაც ვითვალისწინებდი. მამაჩემს და ჩემს უმცროს ძმას უფრო სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ, ანებივრებდა და არასდროს ეჩხუბებოდა. ჩვენ კი ერთმანეთში უფრო კაცური საუბარი გვქონდა. ბავშვობაში მეც მინდოდა ჯარში მსახური, მაგრამ არჩევანი სპორტზე შევაჩერე. მამას არასდროს დაუძალებია, რომ ჯარში წავსულიყავი. უბრალოდ, მეუბნებოდა, მიყვებოდა, რაც ჯარში ხდებოდა. ყველა ბრძოლა მოიარა, ამიტომაც ავღანეთში რომ მიდიოდა ჩვეულებრივი გაცილება მოვუწყვეთ. როგორც ჩანს, გული ცუდს უგრძნობდა. მელაპარაკებოდა წასვლამდე, მეუბნებოდა, რომ ოჯახისთვის მე უნდა მომევლო და მეზრუნა მასზე. უკანასკნელი საუბარი მასთან უფრო პირადული იყო. შვილებისთვის შესანიშნავი მამა იყო. ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. ჯარი მისი ცხოვრება იყო, სახლში რომ მოდიოდა ჯარიდან, იქაური მონატრება სულ ჰქონდა. არასდროს ნერვიულობდა, სულ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ნებისმიერი სირთულის დროს. ძალიან მხიარული იყო - ძალიან კარგი ძმაკაცი და მამა. არასოდეს მომბეზრდება მამაჩემზე ლაპარაკი, თანაც იმდენი მაქვს გასახსენებელი, რომ ერთი წიგნი არ ეყოფა ამას.


გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.04.2021
ბოლო რედაქტირება 26.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0