ირაკლი კორძაია სერჟანტი
2008 წლის 11 ივნისს ერაყის სამხედრო ბაზაზე შეტყობინება შევიდა. ოცეულს სამხედრო ოპერაციაზე იძახებდნენ. სხვა ბრიგადისთვის გამიზნული დავალების შესრულება სერჟანტ ირაკლი კორძაიას თავის ოცეულთან ერთად მოუხდა, რადგან ბრიგადა, რომელსაც გამოძახება უნდა მიეღო, სამხედრო ბაზაზე არ იმყოფებოდა.
სერჟანტი, თავის ჯარისკაცებთან ერთად, ველზე გავიდა. დანიშნულების ადგილზე მისულმა ოცეულს უთხრა, რომ მანქანებში დარჩენილიყვნენ, თვითონ კი გადავიდა. სწორედ ამ დროს აფეთქდა ნაღმზე. ადგილზე გარდაიცვალა, თუმცა 20 ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.
„ალბათ, გული უგრძნობდაო“, - ამბობს ირაკლი კორძაიას დედა მზევინარ დადვანი და იქვე ამატებს, რომ არა ჩემი შვილი, დღეს მისი ოცეულის ყველა ჯარისკაცი დაღუპული იქნებოდაო.
გარდაცვლილი სერჟანტი ირაკლი კორძაია საქართველოში ჩამოასვენეს და, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
სერჟანტი ირაკლი კორძაია ერაყის სამშვიდობო მისიაში მეორედ მონაწილეობდა. პირველად - 2004 წელს, მეორედ კი - 2008-ში. პატრიოტული სულისკვეთება სვანეთის მთებში გაზრდილ ახალგაზრდას ბავშვობიდან მოჰყვებოდა.
მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ძალიან კეთილი და ჭკვიანი ბავშვი იყო. 5 წლამდე სვანეთში, სოფელ წვერმში იზრდებოდა, შემდეგ - აფხაზეთში ბიძასთან და ბიცოლასთან, ომის დაწყებამდე.
„სანამ შეტაკებები დაიწყებოდა, ჩავედი და სვანეთში წამოვიყვანე. სვანეთში დაამთავრა სკოლაც. ძალიან კარგი ნიშნები ჰყავდა, სამაგალითო მოსწავლე იყო“, - იხსენებს ირაკლის დედა.
სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა კოლეჯში გააგრძელა და უმაღლესი შეფასებით სტომატოლოგის განათლება მიიღო. თავისი პროფესიით არ უმუშავია, ჯარისკაცობა უნდოდა და ღირსეულადაც დაასრულა ჯარისკაცული ცხოვრება.
ცოლ-შვილი არ ჰყოლია. თავი სამშობლოს მიუძღვნა და 27 წლის ასაკში დაიღუპა.
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.