გივი საბანაძე 1968-93წწ გარდ. 25 წლის, სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი
გივი საბანაძე დაბადებული 1968 წლის 21 მარტს, ქართველი, განათლება – თბილისის საფინანსო-ეკონომიური ტექნიკუმი, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992 წლიდან. გარდაიცვალა აფხაზეთში სოფ. ქვემო კინდღთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს. დაკრძალულია ქ. თბილისში.
წარმომავლობა სოფელი ღუნდა, ონი, რაჭა
შეიძლება სხვაა ეს მებრძოლი
გივი გივის ძე საბანაძე დაიბადა 1968 წლის 21 მარტს, ქ.თბილისში. სამხედრო სავალდებულო სამსახური ავღანეთში გაიარა. როდესაც ქართული ჯარი ყალიბდებოდა, გამოცდილი სამხედრო მოსამსახურე ახალბედა დამოუკიდებელი საქართველოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ქვეყნისა და ხალხის სიმშვიდეს ჯერ ცხინვალის რეგიონში იცავდა, შემდეგ კი - აფხაზეთში. „ომში რომ მიდიოდა, დაუმალავს, დედაჩემს სწავლებაზე ჰგონებია. ერთ დღესაც ტელევიზიას ომის კადრები უჩვენებია და ეკრანზე რომ გამოჩენილა, ყვირილით შემოვარდნილა მეზობელი, ტელევიზორი ჩართეთო. ჩაურთავს და დაუნახავს, მამაჩემი სწავლებაზე კი არა, ცხინვალში იყო. ამას ყოველთვის იხსენებს ხოლმე დედა. როგორც ვიცი, ცხინვალში თანამებრძოლები დაკარგა. ამის გამო, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, დაბადებული ვიყავი უკვე, მაგრამ სახლში ვეღარ გააჩერეს. წავიდა და წავიდა...“ - იხსენებს გივის ერთადერთი შვილი, საბა საბანაძე, რომელიც მაშინ, როდესაც მამამ დაღუპული თანამებრძოლების საქმის გაგრძელება გადაწყვიტა, 6 თვის იყო.
ლეიტენანტი გივი საბანაძე თავდაცვის სამინისტროს ს/ნ 55059-ში სამწყობრო დარგში უფროსის თანაშემწედ მსახურობდა. იგი იყო თბილისის ცალკეული საპატრულო ბატალიონის სამწყობრო სამსახურის უფროსიც. აფხაზეთში წასვლამდე, თავის ჯარისკაცებთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს უსაფრთხოებას იცავდა, რადგანაც საავადმყოფოში აფხაზეთიდან ჩამოყვანილ დაჭრილ მეომრებს მკურნალობდნენ. სწორედ იქ გაიცნო 18 წლის გიორგი გოგიჩაიშვილმა მომავალი თანამებრძოლი. მერე ფრონტზეც ერთად წავიდნენ.
გიორგი გოგიჩაიშვილი: „როდესაც ჯარში გამიწვიეს, ვახტანგ კაპანაძის ბატალიონში მოვხვდი, ავღანელებთან. მე და გივი რესპუბლიკური საავადმყოფოს დაცვაში ვიყავით, ოღონდაც ის ოფიცერი იყო, მე - კი გაწვეული ჯარისკაცი. ჩვენი ურთიერთობა იქიდან დაიწყო და დავმეგობრდით. ძალიან კარგი ადამიანი იყო, თბილი, გულისხმიერი და მოსიყვარულე. როგორც მეომარი კი - უშიშარი და მამაცი, მაშინვე ასეთი წარმოდგენა შეგვექმნა გივიზე მის თანამებრძოლებს. ტამიშის დესანტთან ბრძოლაში დაიღუპა. მეხივით გავარდა ხმა, გივი საბანაძე მოგვიკლესო. როცა გამოიყვანეს, ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი“.
გივის დაღუპვის ამბავს იხსენებს მისი კიდევ ერთი თანამებრძოლი, ლევან საფოევი: „1993 წლის 15 ივლისი იყო. პოზიციაზე ვიდექით, ჩვენს ბიჭებს უნდა შევეცვალეთ და ჩვენ კი დაგვესვენა, ცხონებულმა გივიმ, ედიკა ბერდაევმა, ზაზა ბაინდურაშვილმა და დათო მეტრეველმა (თუ გვარი სწორად მახსოვს) შეგვცვალეს. სამწუხაროდ, გივი მაშინ დაიღუპა, დათო კი ცოტა მოგვინებით და აქეთ რომ ვერ მოგვყავდა, ნაბადში გავახვიეთ და აგუძერას ჰოსპიტლის ეზოში დავკრძალეთ. პოზიციაზე ახალი გასულები იყვნენ, სნაიპერმა რომ ესროლა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, ომში გავიცანი, მაგრამ მალევე დავმეგობრდით. ქურთულად თავისუფლად საუბრობდა. ტყვია პირდაპირ თავში ჰქონდა მოხვედრილი. მე მანამდე დავიჭერი და აგუძერას ჰოსპიტალში ვმკურნალობდი. ჩემმა მეთაურმა, ვახტანგ კაპანაძემ მითხრა, თბილისში წადი და წესიერად იმკურნალეო. სანამ წამოვიდოდი, ბიჭებთან მივედი და ეს ტრაგედიაც დატრიალდა. მე და გივი ერთი რეისით წამოგვიყვანეს. ის მკვდარი, მე კი - დაჭრილი. როცა ჩამოვჯდებოდით, ჩვენს-ჩვენს ოჯახზე ვსაუბრობდით ხოლმე. ამბობდა, პატარა ბავშვი მყავს დატოვებულიო. ახლა უკვე დიდი ბიჭი იქნება“
რომ დავიბადე, მამას თურმე ავტომატი გაუსვრიაო, დედის ნაამბობს იხსენებს საბა. დედა იმასაც მოუყვა, როგორ ვერ უმხელდა მოულოდნელი სტუმარი ამ საშინელ ამბავს და თურმე შორიდან უვლიდა. მაგრამ მოსიყვარულე ცოლის გულს არაფერი გამოჰპარვია, მაშინვე მიმხვდარა, რომ მისი მეუღლე ამ ქვეყნად აღარ იყო. მერე მისი დაღუპვის ამბავიც მოუთხრეს, ისიც უთხრეს, თავში სასიკვდილოდ დაჭრილი ცუდი სანახავიაო და ახლოს არ გააკარეს. როცა უქმროდ ცხოვრება ისწავლა, ჯარისკაცის ქვრივმა მეუღლის მიტოვებული გზა განაგრძო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შევიდა, იმის შემდეგ ქალბატონი მაია სულ ჯარშია. ამჟამად იგი სატანკო ბატალიონში მსახურობს.
დედა ჯარისკაცი, მამა კი ომში დაღუპული, როგორია ასეთი მშობლების შვილობა? - ასეთი კითხვით მივმართეთ საბას, რომელმაც პასუხი არ დააყოვნა და ათასჯერ ნაფიქრი ერთი ამოსუნთქვით გვითხრა: „ბავშვობიდან მქონდა სურვილი, მარტო დედა კი არა, მამაც მცოდნოდა, როგორი იყო... როცა ახსენებდნენ, ყოველთვის გულდასმით ვუსმენდი, როგორი იყო მამაჩემი ან როგორი იქნებოდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო-მეთქი. მამის გარდაცვალების შემდეგ დედა ჯარშია. როცა პატარა ვიყავი, მენატრებოდა, რადგანაც სულ გასული იყო ხოლმე. სკოლიდან როცა მოვიდოდი, ძირითადად, მარტო ვიყავი. მაშინ გამოძახებები ხშირად ხდებოდა და ღამე სულ შიში-კანკალი მქონდა, აი, ახლა დარეკავენ და გამოიძახებენ-მეთქი. ამ მხრივ რთული იყო, მაგრამ რომ წამოვიზარდე, საოცარი სიამაყის გრძნობა გამიჩნდა. ვგრძნობ, რომ მამა და მამობრივი სიყვარული მაკლია. ადრე უფრო მქონდა ეს დეპრესია, ახლა უფრო ნაკლებად მაქვს. როცა სხვების მამა-შვილობას ვუყურებდი, ციტათი კიდეც მეხარბებოდა, ნეტავი როგორი იქნებოდა, ნეტავი როგორ დამიდგებოდა გვერდში-მეთქი, სულ ვფიქრობდი. კაცური თანადგომა მინდოდა. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიქნებოდი, დედმამიშვილიც მეყოლებოდა. თუმცა, ისიც მეამაყება, ჩვენ კი დაგვაკლდა, მაგრამ მისი სახელი საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.“
უმამოდ საამაყო და წარმატებული შვილი გაზარდა ჯარისკაცის ქვრივმა. საბამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემის სპეციალობით მაგისტრატურის სრული კურსი დაამთავრა და ახლა ერთ-ერთ ბანკში მუშაობს.
როცა ჩვენი საუბარი შედგა, გმირთა მემორიალზე მამის სახელისა და გვარის არსებობაში ეჭვი ეპარებოდა, მამაჩემის ინიციალებს არ ემთხვევაო. სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება სირთულეს არ წარმოადგენს. გივი საბანაძის სახელი მემორიალის გარდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც ოქროს ასოებით ჩაიწერება.
ზაირა მიქატაძე
უდედოდ გაიზარდა, მწარე ბავშვობა ჰქონდა. ჯარი ავღანეთში მოიხადა. ჯარის შემდეგ ოჯახს მოეკიდა. მოსიყვარულე ცოლ-ქმარს მალე პატარა შეეძინა. ბედნიერება როცა იგრძნო, კიდევ ერთხელ დატრიალდა უკუღმა ბედის ბორბალი. ცოლ-შვილი ავტოავარიაში დაეღუპა. ამ ტრაგედიიდან ცოტა ხანში აფხაზეთში ომი დაიწყო. თავი რომ ვერ მოვიკალი, ომში წავედი, იქნებ იქ მოვმკვდარიყავიო, თავის ტკივილიან წარსულზე მიამბობდა. ტამიშის ბრძოლაში მართლაც დაიჭრა, მაგრამ ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. ომში მეგობრები შეიძინა, სამშობლოს სიყვარულიც იგრძნო და ცხოვრებისკენაც შემობრუნდა. ხშირად იხსენებდა თანამებრძოლებს და თვალები, სადაც მთელი მისი ცხოვრების სიმწარე იკითხებოდა, დროდადრო უწყლიანდებოდა. "დათო მეტრეველის გადმოსვენება რომ ვერ მოვახერხეთ, ნაბადში გავახვიეთ და აგუძერას ჰოსპიტლის ეზოში დავკრძალეთ. ამ ხანში მეც დავიჭერი, გივი საბანაძე კი მოგვიკლეს. მე და გივი ერთი რეისით წამოგვიყვანეს, ის მკვდარი, მე კი - დაჭრილი", - მითხრა და მთელი გული ამოაყოლა. ომისა და ცხოვრების იარებმა თავისი ჰქნა, მძიმე სენი - ავთვისებიანი სიმსივნე შეეყარა. ყველაფერს ეცადა ჩემი სამსახური, ეცოცხლა და ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ სიკვდილთან ბრძოლაში ყველა ერთად დავმარცხდით. როცა გამოკვლევებზე დავყვებოდი, დედის სითბოს მჩუქნიო, მეუბნებოდა და საპასუხოდ მთელ ძალებს იკრებდა. მაგრამ... არც ამჯერად გაუმართლა. 56 წლის ასაკში წავიდა. დღეს იმ ქურთმა ბიჭმა, რომელიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობას იცავდა, დედამიწა დატოვა. მისი მეგობრების და თანამებრძოლების გულზე კი კიდევ ერთი ჭრილობა გაჩნდა - ლევან საფოევი.