ჩოლოყაშვილი, სოლომონ მიხეილის ძე დაიბადა 1 ივნისი 1883 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში.
დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი თბილისის გიმნაზიაში მიაბარეს. სოლომონმა სწავლა ყირიმში, ნიკიტინის მებაღეობა–მევენახეობის სასწავლებელში განაგრძო. 1904 წელს, რევოლუციური მოღვაწეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შედეგადაც სწავლა ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე კლოსტერნოიბურგის მევენახეობის, მეხილეობისა და დეკორატიული მებაღეობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა მევენახეობა–მეღვინეობის განყოფილება და იმავე სასწავლებელში სამეცნიერო–პრაქტიკული სამუშაოთი დაკავდა.
1908 წელს სოლომონ ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში. მისი თაოსნობით, კასპის რაიონში, სოფელ აღაიანში ვაზის სანერგე მეურნეობა შეიქმნა. 1912 წელს გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი – "ფილოქსერა და მასთან ბრძოლა", რომელმაც დიდი დახმარება გაუწია მევენახეებს.
1919–1923 წლებში, უმაღლეს სასოფლო–სამეურნეო კურსებზე მევენახეობის სწავლებას ხელმძღვანელობდა. 1920 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტებზე მევენახეობის საგანში ლექციებს კითხულობდა. 1923 წელს "მევენახეობის სახელმძღვანელო" გამოსცა. 1923 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის საბჭომ ბატონი სოლომონი დოცენრად აირჩია, 1926 წელს კი პროფესორის წოდება მიენიჭა. 1925 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი წელიწადნახევრიანი სამეცნიერო მივლინებით საზღვარგარეთ გაგზავნეს. მუშაობდა გერმანიაში, გაიზენჰაიმში და საფრანგეთში, მონპელიეს უნივერსიტეტში.
სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მევენახეობა–მეღვინეობის საკავშირო სამევნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დაარსებისათვის დაიწყო ზრუნვა. 1931 წელს დაარსებული კვლევითი ინსტიტუტი წარმართავდა სამეცნიერო მუშაობას საბჭოთა კავშირის მევენახეობა–მეღვინეობის ყველა რესპუბლიკაში.
1935 წლიდან, კვლევითი ინსტიტუტი დატოვა და მთელი დრო და ენერგია სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრას მოახმარა, რომელიც მისი დაარსებული იყო. კათედრას 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელიბდა.
სოლომონ ჩოლოყაშვილი 10 ივნისი 1944 წელს გარდაიცვალა.
წყარო: თხევადი მზის ქვეყანა: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 229 გვ.