II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
მალხაზ გაიოზის ძე გულიაშვილი დაიბადა 1972 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბორჯომში. დაამთავრა ბორჯომის მე-6 საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა სამშენებლო კოლეჯში,საიდანაც 1992 წლის აგვისტოში გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.თავდაპირველად მსახურობდა ვალეში, ექვსი თვის შემდეგ ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
მალხაზ გულიაშვილი 1993 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321 ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში ათეულის მეთაურად. მისი ბატალიონის მ ეთაური - მაიორი ჯუმბერ მეტრეველი იხსენებს: „როდესაც აფხაზურმა მხარემ სოფელი შრომა აიღო,თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის ბრძანებით, სამხედრო შენაერთებმა მიიღეს დავალება განეხორციელებინათ შეტევა სოფელ შრომის მიმართულებით. ამ საბრძოლო ოპერაციაშიც მონაწილეობდა ჩვენი მე-2 საარმიო კორპუსის 321-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი.
სამხედრო ოპერაცია 1993 წლის 15 ივნისს დაიწყო. ამ ბრძოლების დროს განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მალხაზ გულიაშვილმა. მან თავისი ყუმბარმტყორცნით 24 წარმატებული გასროლა განახორციელა. გაანადგურა მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“. მალხაზი უშიშარი და თავდადებული მებრძოლი იყო.
მალხაზ გულიაშვილი 1993 წლის 18 ივლისს,შრომა - ახალშენის ბრძოლებში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მალხაზ გულიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.