ბესიკ კაპანაძე პოლიციის სერჟანტი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
რვა აგვისტო. ცხინვალი. რუსი ოკუპანტები გამალებით უტევდნენ ქართულ პოზიციებს. უკვე დაჭრილების გამოჰყავთ. ერთი მებრძოლი, ერაყმოვლილი, გამოცდილი მებრძოლი, გამოუცდელს ეტყვის, შენ გამოუცდელი ხარ, მე შევალ. ამ დროს დავარდება კასეტური ბომბი. წამი. გამოცდილი მებრძოლი გამოუცდელს ხელს ჰკრავს და ამ ხელის კვრით სიცოცხლეს აჩუქებს. თვითონ ბომბის ნამსხვრევი დაჭრის ფერდში, თავში... გზაში დაიღუპება...
მისი ძმაც ომშია. ისიც დაიჭრება, მაგრამ საავადმყოფოდან `დაბინტული~ ფეხით გამოიჭრება ძმის საპოვნელად... ძმას საცხედრეში იპოვის...
ბესიკ კაპანაძე 1980 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, გორში. ოჯახში მესამე, ნაბოლარა შვილი იყო და ანებივრებდნენ.
დედა: „ძალიან ცელქი, მოუსვენარი და ნიჭიერი ბავშვი იყო, 9 კლასი გორში დაამთავრა, მაგრამ შემდეგ, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, საცხოვრებლად სოფელ ძლევისჯვარში გადავედით. იქ გააგრძელა სწავლა. კარგი მოსწავლე იყო და საქართველოს ისტორია ძალიან უყვარდა...“
ისტორია უყვარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიის ფაკულტეტზე, გორის უნივერსიტეტში ჩააბარა. მეხუთე კურსი რომ დახურა, სახელმწიფო გამოცდები გადაავადებინა და თავისი სურვილით წავიდა სამხედრო ვალის მოსახდელად. ერთი წელი მსახურობდა გომბორში. ჯარმოვლილმა სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან.
დედა: „ბესიკმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თელავში მსახურობდა, 7 თვით ერაყში იყო წასული, სამშვიდობო მისიით. კონტრაქტზე რომ შედიოდა, წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ჩემი სამივე ბიჭი ჯარში მსახურობდა, როცა რამეს ვეუბნებოდი, სულ იმას მპასუხობდნენ, ჩვენ თუ არ წავალთ, ვინ წავა ჯარშიო? ჩემს შვილებს ხელფასის გამო არასოდეს უმუშავიათ, ფულის და გაჭირვების გამო არ წასულან კონტრაქტზე. ამბობდნენ, კაცური საქმე ესაა, სხვა რა უნდა ვაკეთოთო. ბესიკი მსახურობდა და კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით...
მეოჯახე იყო, ფულის უაზროდ დახარჯვა არ იცოდა... ყოველთვის, როდესაც სახლში მოდიოდა, ჩუმად, ისე რომ, არც მე და არც მამამისს არ შეგვემჩნია, ისე გვიდებდა ფულს ჯიბეში...“
დედას ახსოვს ბესოს მოწყობილი სიურპრიზები, ახსოვს კონტრაქტზე მუშაობის პირველ წელს, 8 მარტს ღამის 12 საათზე, როგორ გაჩერდა მის სახლთან ტაქსი და როგორ გადმოვიდა ქოთნის ყვავილებით ხელდამშვენებული ვაჟი, ჯარისკაცი...
დედა: `ვუსაყვედურე, რატომ არ გამაგებინე რომ მოდიოდი-მეთქი. ეგ რაღა სიურპრიზი იქნებოდაო, მითხრა და გადამეხვია. უზომოდ თბილი ადამიანი იყო. თელავიდან თბილისში ჩავიდა, საჩუქარი მიყიდა, მერე თბილისიდან ჩემთან ჩამოვიდა, 10 წუთი გაჩერდა და უკან გაბრუნდა. ბესიკი თელავის შემდეგ ქუთაისში მსახურობდა... შუათანა თელავის ბატალიონში მსახურობდა, შემდეგ თბილისში დაიწყო მუშაობა და მალევე შევიდა სპეცნაზში. უფროსმა მოგვიანებით გააფორმა კონტრაქტი, 2007 წელს ერთად იყვნენ წასულები ერაყში, ბესიკი და მისი უფროსი ძმა, 11 თვით. ამ დროს ბესიკს უკვე მეორედ ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი. ჩემი უფროსი ვაჟი იხსენებს, ერაყში ყოველ დილით ბესიკს ვეძებდით, თუკი სადმე რამე სარისკო იყო, ყველგან ეგ მიდიოდაო. ბესიკის მეგობრებმა დისკი მომიტანეს, ერაყის დისკი, სადაც ბაზაზე შემოვლა აქვთ და ახასიათებენ ჯგუფის ბიჭებს, ბესიკზე ამბობენ – კაცი ლეგენდა, ბესიკ კაპანაძეო... ბესიკი ძალიან უშიშარი ადამიანი იყო და არაფრის ეშინოდა, პირველი მირბოდა თუ რამე საქმე იყო გასაკეთებელი. უშიშარი ადამიანი იყო. ერაყში ყოფნის დროს უფროსი ვაჟის კობრაზე იჯდა და ააფეთქეს. გადმოისროლა მანქანიდან და ფერდი ჰქონდა დაზიანებული...”
დედა გაიხსენებს, რომ მისი ვაჟი ერაყამდე ცხინვალში გადაურჩა სიკვდილს.
2004 წელს, ცხინვალში რომ სიტუაცია დაიძაბა, ბესიკ კაპანაძე თელავში მსახურობდა.
დედა: „მაშინაც შეიყვანეს ცხინვალში, 18 ბიჭი დაიღუპა ბესიკის ოცეულიდან... ბესიკი ბეწვზეა გადარჩენილი. სამი-ოთხი დღე იყო გათიშული. სანგარში ჩავარდა და ყველას ეგონა, რომ დაიღუპა, რადგან ხმა არ ამოიღო. სოფელში ხმა დადიოდა ბესოს სიკვდილის შესახებ, მაგრამ ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ბესიკი ისევ იმ სანგარში ყოფილა და დილით უნახავთ ბიჭებს... მეგობრები ყვებოდნენ, გახარებულებმა სულ ზევით ვახტუნავეთ ბესიკიო...“
ბესიკ კაპანაძე 27 წლის იყო რომ დაოჯახდა.
დედა: „ერაყში წასვლამდე გაიცნო მომავალი მეუღლე და ერაყიდან ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში დაოჯახდა. რუსთავიდანაა ჩემი რძალი, მაიკო სამხარაძე. რომ დაოჯახდნენ ბესიკი 27 წლის იყო, მაიკო 22-ის. ცოლი რომ შეირთო, ქუთაისიდან რუსთავში გადმოვიდა სამუშაოდ. ქორწინებიდან ერთ წელიწადში შვილი შეეძინათ. შვიდი თვის ორსული იყო მისი მეუღლე, თვითონ ერაყში რომ წავიდა. შვილის დაბადებისას აქ არ იყო. ვეხვეწებოდი ნუ წახვალ მეორედ ერაყში-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა, ნოემბერში წავიდა ერაყში და იანვარში გახდა მამა. გაჩნდა დაჩი კაპანაძე. ბესიკი რომ ჩამოვიდა, დაჩი უკვე რვა თვის იყო.... დაჩი ძალიან თბილი ბავშვია, როგორც მე ვტირი, ისე ტირის ჩემი შვილიშვილიც, მამა უნდა და ენატრება. როცა ვეკითხებით ვინ უნდა გამოხვიდეო, ამბობს: მამიკოსავით გმირი უნდა გამოვიდეო...“
ბესიკ კაპანაძე ბოლოს 2 აგვისტოს გავიდა შინიდან.
დედა: „წინათგრძნობა არ მქონია, თუმცა, რაღაც მოუსვენრობა მჭირდა, სულ მისი ნახვა მინდოდა, ვურეკავდი და ვეკითხებოდი სად იყო... 6 აგვისტოდან ტელევიზიით ვიცოდი უკვე რაღაცები, მაგრამ ბესიკს რომ ვეკითხებოდი რა ხდება მეთქი, არაფერს მეუბნებოდა. გორში 7 აგვისტოს ჩაიყვანეს. ჩემმა უფროსმა ბიჭმა და რძალმა ნახეს. ჩემი რძალი იხსენებს, საოცარი შემართებით იყოო... სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, 8 აგვისტოს მატყუებდა ტყვიავში ვარო. დილით, როდესაც ველაპარაკე, ტელეფონში მესმოდა საშინელი სროლების ხმა. ნუ გეშინიაო მეუბნებოდა და თან გაიცინა, ცდილობდა, რომ ამ სიცილით ვენუგეშებინე. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.... ეს იყო მისი ბოლო სიცილი და ეს სიცილი ჩამრჩა ყურში... ერთი საათის შემდეგ რომ დავურეკე, უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი... მძიმედ დაიჭრა... დაჭრილები გამოჰყავდა ბესიკს, ერთი ბიჭიც გადაურჩენია, რამაზი ერქვა. ამ ბავშვმა მითხრა: ბესიკმა მე გადამარჩინა და თვითონ დაიღუპაო... დაჭრილები გამოჰყავდა ისევ, წვიმდა, უთქვამს, ყველა უნდა გამოვიყვანოო, მაგრამ ვეღარ მიაღწია დაჭრილამდე... ის რამაზი შედიოდა თურმე, ბესიკს უთქვამს, გამოუცდელი ხარ, მე შევალო, ამ დროს კასეტური ბომბი აფეთქებულა, ბესიკს ამ ბიჭისთვის ხელი უკრავს, გადაუგდია და ასე გადაურჩენია სიკვდილს. თვითონ ნამსხვრევები მარცხენა ფერდში და თავში მოხვედრია... სიკვდილის წინ კიდევ ჩვენ გვამხნევებდა, ნუ გეშინიათო და ასე დახუჭა თვალებიო... გვეუბნებოდა: წადით, მე ნუ მომაქცევთ ყურადღებასო... წამოუყვანიათ ჰოსპიტალში, მაგრამ გზაში დაღუპულა...“
ბესიკ კაპანაძის დაჭრის ამბავი შუათანა ძმას შეატყობინეს, შუათანა ძმამ უფროსს შეატყობინა _ ბესიკი დაჭრილია ჰოსპიტალში მიჰყავთო. ამასობაში ბესიკიც დაღუპულა და პირდაპირ საცხედრეში მიუყვანიათ.
დედა: `უფროსმა რძალმა დამირეკა, ბესიკი მსუბუქად დაჭრილა და იქნებ ჩამოხვიდეთო. გიჟებივით გამოვცვივდით, ჩამოვედით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ... საცხედრეში არ გვიშვებდნენ. დაჭრილებში რომ ვერ ვნახეთ, მერე გვითხრეს, თბილისში იქნებაო. ახლა თბილისში ვეძებდით, ყველა საავადმყოფოში... ისევ დავბრუნდით გორში.
9 აგვისტოსაც ვერ ვიპოვეთ ბესიკი... ზვიადს რომ გაუგია ბესიკს ვერ პოულობენო, დაბინტული ამდგარა, გამაყუჩებლები გამიკეთეთ, უნდა წავიდეო. სამინისტროში დაურეკავთ ასეთი პაციენტი გვყავს არ ჩერდება, ამბობს უნდა წავიდე, ძმა მყავს მოსაძებნიო... იქიდან ნებართვა მიუღიათ და `დაბინტული~ წამოვიდა ჩემი შვილი ძმის საძებნელად. პირველი საათისთვის ჩამოვიდნენ, მაშინ 9 აგვისტოს, გორი იბომბებოდა... ჰოსპიტალში მივედით და ზვიადმა თქვა, რომ საცხედრეში უნდა მივიდეთ, სხვა გზა არ არისო... შევიდა და იქ იყო ბესიკი... სოფელში მივასვენეთ, მაგრამ 10 აგვისტოს მოვიდნენ და გვითხრეს, სასწრაფოდ დაკრძალეთ, რუსის ჯარი მოდისო.... თავი გავიგიჟე ერთი დღე მაინც არ მყავდეს შვილი სახლში-მეთქი... მაშინ სხვაგან გადაასვენეთო. გორი იბომბებოდა, გორში ვერ გადავასვენებდით, რუსთავში ცოლის სახლში წავასვენეთ, ძლივს მოვასწარით გამოსვენება, რომ სოფელში მართლაც შემოვიდნენ რუსის ტანკები...
სულ თვალწინ მიდგას ჩემი ბესიკი... ჩემმა შვილმა ქვეყნის სიყვარულის გამო გაწირა თავი...“