სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10673

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ აფრასიძე 1956-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ფარი მესტია სვანეთი თენგიზ აფრასიძე 1956-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ფარი მესტია სვანეთი თენგიზ აფრასიძე 1956-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ფარი მესტია სვანეთი

1956-1992 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აფრასიძე სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

თენგიზ აფრასიძე 1956-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ფარი მესტია სვანეთი

თენგიზ დავითის ძე აფრასიძე დაიბადა 1956 წლის 6 დეკემბერს მესტიის რაიონის სოფელ ფარში.


ბავშვობიდანვე ობლად იზრდებოდა. მამა ადრე გარდაეცვალა, მერე ერთადერთი ძმაც დაკარგა. ეს უბედურება დედამ ვერ გადაიტანა და დაიღუპა. გაუბედურებულ ოჯახში თენგიზი მარტოდმარტო დარჩა, დიდი სულიერი მხნეობა გამოიჩინა, არ გატყდა. როცა პატარა დავითის მამა გახდა,თითქოს გაიზარა და მომავლის იმედით გაიმსჭვალა, მაგრამ, საუბედუროდ, მისი დავითი 1 წლისა და 6 თვის ასაკში დაობლდა მამით. თენგიზი სახალხო მოხმარების საქონლის შესყიდვა-გაყიდვის კოოპერატივის თავმიდიმარედ მუშაობდა,ტოლ-მეგობრების მოყვარული კაცი სამომაელო გეგმებს აწყობდა, მაგრამ ვაი,რომ, მას 1992 წლის 18 იანვარს მტრის დაუნდობელმა ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე.

ნათელი დაადგეს თენგიზ აფრასიძის ხსოვნას!



ლალი ცერაძის მიერ მზადდება გამოსაცემად წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. ამჯერად გთავაზობთ ერეკლე ნარსავიძის შესახებ ამონარიდს.


კაცი პატრიოტი, მამულის და ერის მოყვარე, კოლორიტული სვანი ვაჟკაცი. ერთ-ერთი იმ კაიყმათაგანი, ვინც სვანეთის ბუმბერაზ მწვერვალებს შერკინებულს, ბუნების ხალას წიაღში გაზრდილს და მის მშვენიერებაში სულით აღტინებულს ბევრჯერ ყიჟინით შეუძახია მთებისთვის: „მთებო, მთებო, თქვენი ვარ, თქვენი…“. ერეკლე ლაღი მონადირე ღრუბლებთან და ნისლთან დაძმობილებული, ჯიხვების დევნაში ბევრჯერ რომ დაღამებია და როცა გამთენიისას გამარჯვებულს მზის სხივებით გაბრწყინებია გაბადრული სახე, კისერზე ყელ-ყელად შემოუგდია თვალხატულა ფური…

ბრძოლა და გამარჯვება, ბრძოლა და ტყვიების წვიმა. გადაგლეჯილი სხეული და წლებით ტკივილების თმენა. ეს მხოლოდ სამშობლოს სიყვარულმა შეიძლება მოგათმენინოს. გაიმარჯვო შენს თავზე და კვლავ სხვებზე ზრუნვაში გალიო დარჩენილი წლები. ასეთი ცხოვრება ჭეშმარიტი რაინდების ხვედრია.

„…ეროვნულ-პატრიოტულ მოძრაობაში სტუდენტობის პერიოდში ჩავები. სასწავლებლად მივფრინავდი ლენინგრადში და უკვე თვითმფრინავის ბილეთი აღებული მქონდა, როცა ზუგდიდიდან ინგირში მოხვედრილს აფხაზების მიერ გზა გადაკეტილი დამხვდა. სიტუაცია აშკარად ქართველების წინააღმდეგ იძაბებოდა და ჩანდა, რომ სოხუმში ქართველებს საფრთხე ელოდებოდათ. უკვე დაიწყეს აფხაზებმა სეპარატისტული განხცხადებების გაკეთება. სასწრაფოდ ზუგდიდში დავბრუნდი ახლობლებთან და გადავწყვიტე აფხაზეთში ქართველების დასახმარებლად გადასვლა. ახლა სასაცილოდ არ მყოფნის და ჩიტებზე სანადირო თოფით გავემართე მთელი პატრიოტული აღტყინებით და შემართებით გალის მიმართულებით ქართველების დასაცავად…

მივაღწიეთ ღალიძგის ხიდთან და როცა მივედით მივხვდით, რომ სიტუაცია ძალზე მძიმე იყო ჩვენი მოსახლეობისათვის, დავბრუნდით უკან ზუგდიდში და ახლა უკვე ჩვენი მილიციის შეიარაღებით გადავედით… აქ მერაბ კოსტავა დაგვხვდა და რადგან იქ უკვე რუსების მობილიზირებული ჯარები დაგვხვდნენ და აშკარად პროვოკაციაზე მოდიოდნან და ჩანდა დიდი მსხვერპლი იქნებოდა, მერაბმა არაფრით არ გაგვიშვა წინ.

ამიტომაც გადავწყვიტე შერჩეული რაზმით გადავსულიყავი ფოქვეში და ღალიძგით არადუს ქართულ მოსახლეობამდე მიმეღწია. ორას კაცამდე წავიყვანე. გზად რუსების ვერტმფრენები და „ბეტეერები“ გვდევნიდნენ და შეკოწიწებული რაზმიდან ოცეულიღა დავრჩით. სროლა აგვიტეხეს და ბარდებში შევვარდით. კოკისპირული თქეში წვიმა მოდიოდა. ზოგი დაიბნა და სახლებს შეაფარა თავი და რუსებმა დააპატიმრეს და შემდეგ დასახვრეტად გაიყვანეს. მე ტყეში შევაღწიე და ზემოდან ვუპირებდი მარტო სროლის ატეხვას, მაგრამ, საბედნეროდ, რატომღაც გადაიფიქრეს და ბიჭები „ბეტეერებით“ გადაიყვანეს შტაბში. მარტო დავრჩი უკუნეთ სიბნელეში… სიმინდებში მივიკვლევდი გზას არადუსკენ. რაღაც ხმა მომესმა, დავაყურადე და ჩვენი ბიჭები აღმოჩდნენ. ამ პატარა რაზზმა მაინც ღამის ორ საათზე გაყინულ-გათოშილებმა ჩავაღწიეთ არადუში და პირველად კოპალიანებთან შევაბიჯეთ… ოხურეიში შტაბი შევაქმნევინეთ და ჩვენი იარაღი დავუტოვეთ. ასე მივიღეთ პირველი ნათლობა.

ეს იყო 1989 წლის ზაფხული და უკვე 15 ივლისს გავწიეთ სოხუმისკენ, სადაც მოხდა სისხლიანი დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის და მოსახლეობამ ერთმანეთი უკვე სასიკვდილოდ გაიმეტა. უნდა ჩაგვესწრო ვოვა ვეკუას დაკრძალვისათვის, რომელზედაც ასევე უნდა მოეწყოთ ქართველების დარბევა. მზადყოფნაში ვიყავით ერთი კვირა და როცა შედარებითი სტაბილიზაცია დადგა დავიშალენით.

ლენინგრადიდან დაბრუნებულს მდგომარეობა კვლავ არეული დამხვდა. აშკარა იყო რომ ქართველებს საფრთხე ემუქრებოდათ სამაჩაბლოშიც, ქვემო ქართლშიც და აფხაზეთშიც. ამ პროცესებთან დაკავშირებით ძალიან ვღელავდი და მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების და ერთიანობის საქმეში. აშკარად ჩანდა რუსეთის სპეცსამსახურები დაძაბულების ახალ-ახალ კერებს ქმნიდნენ. ასევე ქართველებიც ერთიანდებოდნენ სხვადასხვა სამხედრო რაზმებში და ჩემთვის მისაღები მხოლოდ „მხედრიონი“ აღმოჩნდა, რადგან მათ უნდოდათ არა კონფლიქტის ესკალაცია, არამედ დაწყნარება და დაპირისპირების აღმოფხვრა. ჩემმა ახლობელმა მითხრა ამ ჯგუფის შესახებ და სამასი კაცი მარტყოფის ველზე შევიკრიბეთ და ფიცი დავდეთ სამშობლოს სიყვარულზე და ამ ფიცისთვის მე არც მიღალატია.

რაღაც პოლიტიკური ხედვების და დაპირისპირების გამო ზ. გამსახურდიას მთავრობაში შეიქმნა კრიზისი. ახლადშექმნილი ეროვნული გვარდია ორად გაიყო და დაუშინეს ერთმანეთს თბილისის ომში. ყველაზე მძიმე ჩემთვის ამის გახსენებაა, რადგან სიყვარულით ვიყავით ეთმანეთთან ჩვენ და გვარდიელები და აღმოვჩნდით საპირისპირო ბანაკებში. გამსახურდიამ როცა დატოვა საქართველო გადაიკეტა თბილისი-ფოთის მაგისტრალი. ბატონმა ჯაბამ გადაწყვიტა წავსულიყავით გზის გასახსნელად, რადგან ქალაქი და საქართველო ფაქტიურად შიმშილობდა, შუქები ითიშებოდა და დივერსიების გამო წყვდიადი იყო. მე ურთიერთობა მქონდა განსახურდიას მომხრეებთანაც და ძალები არ დამიზოგია რომ როგორმე სიტუაცია დალაგებულიყო და შერიგება მომხდარიყო.

დასავლეთ საქართველოში გზა მოლაპარაკებებით იხსნებოდა. ჩემს გვერდით იყო დავით გადრანი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ყველა მხარეს. ადრე ზვიადის თანამებრძოლი იყო და მან ითავა გამსახურდიას მომხრეებთან მოლაპარაკებები. როდესაც მართავდა მოლაპარაკებას სვანური წესით ქუდს მიწას შეახებდა და იფიცებდა, რომ შეთანხმების შემთხვევაში არ ექნებოდა ადგილი ღალატს და მთავარია გზა გახსნილიყო და პოლიტიკოსები მერე გაარკვევდნენ არჩევნებზე მტყუნ-მართალს.

შევედით სამტრედიამდე. იქაური პრეფექტი მაშინ იყო ზვიად ძიძიგური და მან შეთანხმების შემდეგ მართლაც უსისხლოდ დათმო ქალაქი. გზად დავტოვეთ ერთი რაზმი გია სვანაძის მეთაურობით ვანში შესასვლელად და აქ გადავწყვიტეთ მათი დალოდება. მაინც ფრთხილად ვიყავით. ტრასაზე ვიდექით და აბაშის გზას გავყურებდით. უცბად შემოვიდა ვანიდან წამოსული ჩვენივე ავტობუსი, რომელშიც იარაღი იყო და ვიღაცამ შეიხედა და დაიყვირა იარაღიანი ხალხიაო და რაღაც გაურკვეველი შეძახილები დაიწყო.

და უკვე აქ, საუბედუროდ, გაუგებრობის შედეგად ჩვენი მეგობრები დაგვეღუპა. თუმცა თურმე ეს ჩვენი ავტობუსი იყო, ატყდა სროლა ჩვენს უკან მდგომი ჩვენივე რაზმიდან. ჩვენ, ვინც ამ დროს ხესთან ვიდეთით და ვიჯექით, შუაში აღმოვჩნდით. ჩვენ უკან მდგომები ვერ გვხედავდნენ. მოვასწარი და გადავხტი ხისკენ. დავიწყე ყვირილი და სტვენა „ნუ ისვრით მეთქი“. გადავხედე ჩემი ბიჭებისკენ, სადაც ამირან პაკელიანი, თენგიზ აფრასიძე, ემზარ ჭკადუა მეგულებოდნენ. გადავედი მათკენ და რას ვხედავ ჩემი მეგობარი თენგო აფრასიძე გადავარდნილი სისხლიან თოვლზე აგდია, ხელი ვტაცე ვიფიქრე იქნებ მოვასწრო შველა მეთქი ვერ წამოვაყენე. ბიჭები დაიჭრნენ. დავიწყე ყვირილი ჩამოდით ქვევით დაჭრილია ხალხი მეთქი. საავადმყოფოში წავიყვანე თენგო, მაგრამ ვერ გადავარჩინე. იქვე მდგარა ჩვენი პატარა ბიჭი მხატვარი ლადო ტატიშვილი, რომელც გზის გახსნაზე მამასთან ერთად წამოსულიყო. საუბედუროდ, ისიც შეიწირა ამ გაუგებარმა სროლამ.

თენგო ავასვენე სვანეთში … დიდი გლოვა იყო… შემდეგ სენაკში შევუერთდი ჩვენებს. და დავიძარით ფოთისაკენ. დაპირისპირებულ მხარესთან დათო გადრანმა მოლაპარაკება დაიწყო. უსისხლოდ გვინდოდა გზის გახსნა. გამსახურდიას მომხრეებს ვუხსნიდით, რომ თბილისში ეკონომიკური კატასტროფა ხდებოდა. მაგრამ უარი გვითხრეს. დავშორიშორდით და გადაწყდა ფოთის სარკინიგზო და სამანქანო ხიდების აღება. გვარდიამ დასაშინებლად არტირელია განალაგა. გიგა არველაძემ დაიყვირა – „ვინ გამყვება რკინიგზის ხიდის აღებაზეო“. ჩვენი სვანების ჯგუფი გავყევით. თითქმის ხიდის ნახევრამდე რელსებიდან იყო ამოვარდნილი ვაგონები და ასე იყო გზა გადახერგილი. რელსებს გვერდზე მიუყვებოდა საცალფეხო ხის ფიცრები. რამდენიმე ბიჭს ჩაუტყდა და რიონში ჩავარდა. დათო გადრანი წინ წავიდა. უკვე ვაგონები გავიარეთ და გამოჩნდა ხიდის თავი. გვერდზე მივყვებოდი დათოს. და სხვები ჩაწვნენ ბოლო ვაგონთან. და გამსახურდიას მომხრეებმა გახსნეს გამალებული ცეცხლი. მოვასწარი და რკინიგზის ბურჯზე ჩამოვეკიდე და ამოვეფარე გვერდულად. უცებ გაისმა გიგა არველაძის ხმა, რომ სამანქანო გზა გახსნილი იყო და უკან დავბრუნებულიყავით. ამ დროს დათო მოტრიალდა და ცერად გადაკვეთა ლიანდაგი. ავტომატის რკინაზე დაცემის ხმა გავიგონე. გადავხედე ძირს ეგდო და ვიფიქრე ეფარებოდა, მაგრამ როცა აღარ გაინძრა გადავხტი და ზევიდან გადავეფარე. მეგონა დაჭრილი იყო. თავზე რომ შევხედე ტყვიას გამოეგლიჯა და სისხლი თქეშად მოდიოდა. ვყვიროდი დამეხმარეთ მეთქი გაყვანაში და არავინ არ მომეხმარა. მერე უკვე სახელდობრ დავუყვირე მკაცრად ჩეფხან ოთხვანს, მოდი მეთქი. და ხოხვით მოვიდა და 6-7 მეტრი ხოხვით გავათრიეთ. უცებ ვაგონების დაძვრის ხმა გავიგონეთ. გამსახურდიას მომხრეებმა ზევიდან გამოუშვეს და ყვირილი მოგვესმა – „გამოდით დანაღმული იქნებაო“. დათო შუა ლიანდაგზე დარჩა და ბიჭები უკან გაიქცნენ. მე დავრჩი და ისევ ჩამოვეკიდე რკინიგზის ბოძს, რომ თუ ავფეთდებოდი მდინარეში გადავვარდნილიყავი. მაგრამ აფეთქება არ მომხდარა. ამ დროს უკვე დაღამდა კიდეც, თოვდა. ბიჭებს დავუძახე გააკეთეთ დაცვა მეთქი და ოთხვანი ავიდა ზევიდან დადგა. ბადრი გვარმიანი მომეხმარა და ავიკიდე ჩემი მეგობარი. ჯერ კიდევ თბილი სისხლი ჩამდიოდა კისერში. თან წინდების ამარა ვიყავი, რადგან საშიში იყო ორივე სიმძიმისაგან მდინარეში ჩავვარდნილიყავით. როგორც იქნა ამოვასვენეთ. ასე დამთავრდა ფოთის ხიდის განთვისუფლება.

შევედით ფოთში და გამსახურდიას მომხრეები გავიდნენ ქალაქიდან. გაიხსნა გზა თბილისზე და არავინ იცოდა, რა შესანიშნავი ბიჭები დაიღუპნენ იმისთვის, რომ გზა გახსნილიყო და ქალაქს საკვები მიეღო. სამწუხაროდ, რამდენიმე კაცი დაიღუპა გამსახურდიას მხრიდანაც და ალბათ მათაც თავიანთი არგუმენტები ჰქონდათ. ღმერთმა ყველა აცხონოს. განა ღირდა ამ ვაჟკაცების დაღუპვა?

აფხაზეთის ომიც მალე დაიწყო და გაგრის მოსახლეობის დასაცავად გადავფრინდით. ვერტმფრენიდან მოგვიწია დესანტირება და ფეხი მოვიტეხე. ერთი კვირა მაინც დავრჩი. ბატონი ჯაბა არაფრით არ მიშვებდა წასვლას წინა ხაზზე და თაბაშირიანი ფეხით მაინც გავეპარე საომრად პოზიციაზე. სვანები ავედით მანქანაზე და „ლილეოს“ ვმღეროდით ერთმანეთის გასამხნევებლად. ეს იყო შესანიშნავი წუთები ჩემს ცხოვრებაში.

თბილისში გადმომიყვანეს და ოპერაციის გაკეთების დღეს გავიგე გაგრის დაცემის შესახებ.

სულ ბოლოს ვიბრძოდი ოჩამჩირეში. 1992 წლის დეკემბერი იყო. წინა დღეს 27 დეკემბერს მერკულაში შტურმი ჩავარდა და ბრძოლის ველზე დარჩა საბრძოლო ტექნიკა და მათ შორის ტანკი. ეს ძალიან საშიში იყო, რადგან მოწინააღმდეგე თუ ხელთ იგდებდა ოჩამჩირეს დაბომბავდა. ამიტომ ბატონმა ჯაბამ დაგვავალა გამოგვეყვანა ეს საბრძოლო ტექნიკა ან გაგვენადგურებინა. მოწინააღმდეგე გამალებით გვესროდა. მივაღწიეთ მიზნამდე მაგრამ ბიჭები დაიჭრნენ და ზოგი დაიღუპა. „ბეემპეს“ ქვევიდან შევვარდი და იქიდან დავიწყე სროლა, რომ გაეყვანათ დაცვას ვუკეთებდი. უცბად გრგვინვა გაისმა, ჩვენი ტანკი ნაღმზე აფეთქებულა და ბიჭები ცოცხლად იწვოდნენ. მე აფეთქების ტალღამ შორს გადამისროლა და ცნობიერება დავკარგე. მანქანამ მაინც განაგრძო სვლა და გონადაკარგულს ზედ შემომადგა. ავტომატი ნალივით გაიღუნა და სიმძიმემ ბოლომდე ვერ გამსრისა. ოდნავ გონება მომეცა და ვგრძნობდი სისხლისაგან ვიცლებოდი და ძალა მეკარგებოდა. საქმე ძალიან ცუდად რომ იყო მივხვდი.

აფხაზები ალყაში გვაქცევდნენ და როცა ბიჭები მოცვივდნენ ვუთხარი – წადით, თქვენ თავს უშველეთ მეთქი. გონი დავკარგე. არაფერი მახოვს… თვალი რომ გავახილე ტანკზე ვიწექი… უღონოდ ვეგდე… მუცლის ყველა ორგანო დაზიანებული მქონდა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ბიჭებიც დაესვენებინათ ჩემს გვერდით… ხელით ვუშინჯავდი გაყინულ თითებს – ნეტავ რომელია მეთქი?

წნევა მეცემოდა, ვგრძნობდი ვეღარ გადავრჩებოდი. ბატონმა ჯაბამ თბილისში გადმომაფრინა და ექიმები მეხვეოდნენ ძალზე დიდხანს. რამდენიმე მძიმე ოპერაცია გადავიტანე… აგონიაში ვიყავი. ხელახლა ამიწყვეს მთელი მუცლის ღრუ და ხერხემალი. თითქოს სააქაოში არა და სხვა სამყაროს საკუთრება ვიყავი ხშირად რამდენიმე საათი. მიცვალებულები ეჭიდევებოდნენ ერთმანეთს ჩემთვის…

ჩემს ახლობელს სიზმრად ენახა, რომ მრგვალ მაგიდასთან შემოსხდომოდნენ ჩემი ომში დაღუპული ახლო მეგობრები და ცარიელ სკამთან მე მელოდებოდნენ და უკვირდათ, რატომ აგვიანებსო მოსვლას? ბოლოს ჩემი ადგილი სხვას, ბრძოლაში დაღუპულს დაუკავებია სიტყვებით – “ერეკლე აღარ მოვაო”..

ღვთის განგებით დღეს ორი შვილი მყავს ირაკლი და ქეთი. მსურს მათ მაინც იცხოვრონ დალაგებულ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს არ ესვრიან. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

მიუხედავად იმ განსაცდელის, რაც თავს გადამხდა, სამშობლო მაინც ყველაფერის ჩემთვის, დედაც, მამაც, შვილიც… მთელი გარემო და სამყაროა. საქართველო დიდებული ქვეყანაა და მას გაფრთხილება ჭირდება. მთელი არსით მას ვეკუთვნი და ვლოცულობ მისთვის. მიუხედავად ჩვენი ფიზიკური მდგომარეობისა ჩემს მამულს არ ეღალატება, რადგან სამშობლოსათვის ტანჯვა ყველაზე დიდი ნეტარება ყოფილა. ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყნად და ერთხელ გარდაიცვლები და, ამინ, ეს ვაჟკაცურად მოხდეს მამულისათვის.



ფოტოზე ერეკლე ნარსავიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.07.2021
ბოლო რედაქტირება 18.01.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0