მირიან ტეფნაძე
„რუსთავიდან დაბრუნებულ მირიანის მეგობარს ნაწილში საშინელი ამბავი დახვდა, მებრძოლების უმრავლესობა დაღუპულიყო, პირველ რიგში, მირიანი მოიკითხა, დაღუპულებში მიაგნო და მოახერხა მისი გვამის სახლში გადაგზავნა“ –– ღალატი... უიარაღო, მძინარე ბიჭების ამოჟლეტა.. რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელი. სწორედ, ასეთი ბოლო ჰქონდა მირიან ტეფნაძის ხანმოკლე სიცოცხლეს, დასანანია, მაგრამ რეალობა ასეთია.
მირიან ტეფნაძე დაიბადა 1965 წლის 3 იანვარს, ხაშურის რაიონში, სოფელ ფლევში. სწავლობდა ფლევის საშუალო სკოლაში, სკოლის დასრულების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში, მსახურობდა გერმანიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ქიმ-კომბინატის მემანქანედ, მაგრამ არც მშობლიურ სოფელს ივიწყებდა.
ენერგიული, კეთილი, მეგობრებისა და სამშობლოს მოსიყვარულე –– ასეთი იყო მირიან ტეფნაძე. როდესაც ქვეყანას გაუჭირდა და საჭირო გახდა ყველა დამდგარიყო სამშობლოს სადარაჯოზე, მირიანი უყოყმანოდ ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მირიანი ჩაირიცხა საქართვევლოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების M06660 სამხედრო ნაწილში. 1993 წლის 27 მარტს აღნიშნული ნაწილი აფხაზეთის რეგიონში, ოჩამჩირის რაიონში გადაიგზავნა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
მირიანი უშიშრად ჩაება სამშობლოსათვის ბრძოლაში, მრავალ საშიშროებას და ხიფათს გადაურჩა ბრძოლების დროს, მრავალჯერ მდგარა ფარად სხვათა დასაცავად, მრავალჯერ გადაურჩენია თანამებრძოლები სიკვდილისაგან. ოჩამჩირეში რუსთაველ ბიჭს დაუახლოვდა, ერთად იბრძოდნენ, ერთად იყვნენ დღისით თუ ღამით, იზიარებდნენ ჭირსა და ლხინს, ტკივილსა და სიხარულს. სწორედ, ამ მეგობრის დამსახურებაა ის, რომ ოჯახმა მირიანის გვამი მაინც არ დაკარგა და შეძლო მისი მშობლიური მიწისთვის მიბარება.
ერთ დღეს, მეგობარი შინ, რუსთავში გაემგზავრა, მირიანს დაჰპირდა, ერთ კვირაში ჩამოვალო, პირობა შეასრულა კიდეც, მაგრამ...
1993 წლის 2 ივლისის დილას ზღვის სანაპიროს სამხედრო გემი მიუახლოვდა, გაისმა სროლის ხმა, გემიდან ოჩამჩირის რაიონის სოფ. ტამიშში გამაგრებულ M06660 საჯარისო ნაწილის პოზიციებს ბომბავდნენ. მებრძოლებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავეს. ყველა ბრძანებას ელოდა, რომ ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ საპასუხო იერიში საჭირო აღარ გახდა, რადგან გემმა, მოულოდნელად, კურსი შეცვალა და უკან გაბრუნდა -- მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ორივე მხარეს ცეცხლი უნდა შეეწყვიტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო. საღამოს ყველა მებრძოლს იარაღი აჰყარეს. ღამით უიარაღო მებრძოლები ყაზარმებში მოთავსდნენ დასაძინებლად, არავინ ელოდა თავდასხმას, მაგრამ... ღალატი. ჩვენი უიარაღო, მძინარე ბიჭები მტერმა ყაზარმაში ჩაცხრილა, მსხვერპლი დიდი იყო. დაღუპულთა შორის იყო მირიანიც.
წაგება ძნელია, მაგრამ ღალატი -- უძნელესი. ღალატი ტკივილია, რომლის მოშუშებაც, ალბათ, შეუძლებელია.
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური