მამუკა შალიბაშვილი
„შენი პატარა დიდივით გულჩათხრობილი გახდა“ -- ეს სიტყვები ძნელი მოსასმენია, მაგრამ რამდენ პატარაზე ითქმის. რამდენი ბავშვი აიძულა ომმა ნაადრევად დაედგა მხრებზე ოჯახის უფროსის მძიმე უღელი, რამდენი ბავშვი დააბრძენა ომმა უდროოდ და, ბავშვობაწართმეული, უფროსად აქცია.
მამუკა შალიბაშვილი დაიბადა 1967 წლის 26 ივლისს, ხაშურში. 25-ე სკოლის დასრულების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად. შინ დაბრუნების შემდეგ მამუკა აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში, საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყების დღიდან იდგა დამოუკიდებლობის დამცველთა რიგებში.
მალე ომიც დაიწყო აფხაზეთში და მამუკაც უყოყმანოდ გაემართა სამშობლოს წინაშე თავისი ვალის მოსახდელად. 1992 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში, მსახურობდა M#4 სპეცდანიშნულების ბატალიონში, ათმეთაურად.
1992 წლის 6 დეკემბერი, ოჩამჩირის რაიონი, სოფელი კინდლი. #4 სპეცდანიშნულების ბატალიონში სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა, მოწინააღმდეგე შეტევაზე გადმოვიდა, საჭირო იყო სრული მზადყოფნა. მეომრებმა შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტეს, დაიკავეს პოზიციები და ცეცხლი გაუხსნეს მტერს. გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, მტერი მძიმე ტექნიკით იყო შეიარაღებული და მისი გაუვნებელყოფა სირთულეს წარმოადგენდა. მტრის შეიარაღებას ჩვენი მებრძოლების პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული აღუდგა წინ და ეს, რა თქმა უნდა, დიდი ძალა იყო. მამუკა და მისი თანამებრძოლები არ შეუშინდნენ მომხდურს, გმირულად იბრძოლეს, მოიგერიეს მტერი და დიდი ზარალიც მიაყენეს მას. ამ ბრძოლაში ბევრი მეომარი დაიღუპა, მათ შორის, მამუკაც.
მამუკას გმირობას და თავდადებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ის ქუჩა, რომელზეც იგი ცხოვრობდა, დღეს მის სახელს ატარებს. ამ ქუჩაზე, დღეს, ამაყად დააბიჯებს მისი ერთადერთი ვაჟი, ტარიელი, რომელსაც მძიმე, უმამო ცხოვრება ერგო წილად და რომელიც ისეთ ვაჟკაცად გაიზრდება, როგორიც იმ ქვეყანას შეეფერება, რომელსაც მამამისმა სიცოცხლე შესწირა.
წელს უშენოდ მოვიდა შენი დაბადების დღე, მამუკა. 26 წლის გახდებოდი 26 ივლისს. შენ ეს დღე გამორჩევით გიყვარდა, გილოცავდნენ შენი ახლობლები და მეგობრები. შენც შენი ჩვეული სიხარულით ხვდებოდი მათ.
დღეს კი ცრემლით და ოხვრით ვხვდებით ამ დღეს ოჯახის წევრები, შენი 4 წლის ტარიელი, დედა, მეუღლე, ფრთებჩამოყრილი და. არ გივიწყებენ შენი მეგობრები, თანამებრძოლები. როცა ფრონტზე მცირე ხნით ისვენებენ, შენს საფლავზე მოდიან. ამხნევებენ შენს ერთადერთ პატარას.
შენი ლამაზი სიცოცხლე კი აფხაზეთის ცას შეურთდა.გვიმძიმს, მამუკა, უშენოდ. სულ ველოდებით შენს შემოსვლას ოჯახში. გვგონია, აი, ახლა შემოხვალ შენი უბადლო ლიმილით და განიერი მხრებით. შენი პატარა დიდივით გულჩათხრობილი გახდა.
ხშირად მოვდივართ შენს საფლავთან, იქიდან ხომ ცოცხალივით გვიმზერ და თითქოს პატიებას ითხოვ, რომ ვეღარ დაბრუნდი. დიდი სიხარულიც გვეწვია, მამუკა, შენს არყოფნაში, დაიბადა შენი საყვარელი დისშვილიშვილი, პატარა სოფიკო. დღესაც მოვალთ შენს საფლავზე, მოგილოცავთ ცრემლით და ყვავილებით, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო, ადრე წასულო, ლამაზო ბიჭო.
ოჯახი.
„ხაშურის მოამბე“, 24 ივლისი, 1993 წელი.
მტრის მუხანათმა ტყვიამ კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე გაგვტაცა ხელიდან, კიდევ ერთი ოჯახი შემოსა ძაძით. დააობლა პატარა ტარიელი,
რომელსაც ახლა უნდოდა მამის სითბო, სიყვარული, თანადგომა და პატრონობა.
მზაკვარმა ომმა დანდობა არ იცის, ვაჟკაცები კი უშიშრად მიდიან სიკვდილზე. არ ერიდებიან მტრის ტყვიას, რადგან მათ სიცოცხლეზე მეტად სამშობლოს სიყვარული სწამთ და ერთ მუჭად შეკრულნი იცავენ ქართულ მიწას, რომელსაც დღეს გადამთიელი ედავება, ძმად მიღებული და თავის ჭერქვეშ ოდესღაც შეფარებული აფხაზი ეცილება.
ძალზე ძნელია ჩვენთვის შენი დაკარგვა, ძმაო, მამუკა. გამწარებულია შენი ოჯახი, მტარვალმა აგიწიოკა თბილი ბუდე, სადაც შენი შთამომავალი უნდა გაგეხზარდა და მათთან ერთად გაგეხარა. რა საჭირო იყო ამდენი მსხვერპლი, რა საჭირო იყო შენი სიცოცხლის გამეტება, მაგრამ სამშობლოს მიწაწყალმა დაცვა მოითხოვა და შენც უშიშრად ჩადექი მის დამცველთა რიგებში. მწარედ განვიცდით შენს დაკარგვას, მაგრამ შენი ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, ვამაყობთ შენი გმირობით, ქედუხრელობით, ვაჟკაცობით. ჩვენს რაიონში აგერ, უკვე თოთხმეტი ოჯახი აატირა აფხაზეთის ტრაგედიამ. შენი დაკარგვით გონზე არ ვიყავით მოსული, რომ სურამშიც აწიოკდა კიკნაძეების ოჯახი. მამუკა, სწრაფად გაირბინა ბავშვობამ, მერე სამხედრო სამსახურიც მოიხადე და დავაჟკაცებული, გამობრძმედილი დაბრუნდი შინ. იფეთქა თუ არა აფხაზეთის კონფლიქტმა, შენ უყოყმანოდ ჩადექი თეთრი არწივის რიგებში. იბრძოდი თავდადებულად, არ უშინდებოდი მტრის ტყვიას, მაგრამ, გიმტყუნა ბედმა. ერთას ერთი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაეცი ოჩამჩირის მისადგომებთან.
იმ ავადსახსენებელმა მეორე მსოფლიო ომმა ჩვენი მამები ქერჩის მისადგომებთან ჩახოცა. ახლაც ომია და ჯანლონით სავსე ბიჭები გვეღუპებიან ჩვენივე სამშობლოში ოჩამჩირის, გაგრის, სოხუმის, ეშერას მისადგომებთან.ნათელი გედგას მუდამ სამშობლოსათვის გმირულად დაცემულო მეგობარო. გჯეროდეს, რომ შენს საქმეს ჩვენ გავაგრძელებთ, მტერს მტრულად დავხვდებით, სამშობლოს მიწის ერთ გოჯსაც არავის დავუთმობთ.
მეგობრები
გაზეთი „ალიონი“ 12 დეკემბერი, 1992 წელი
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური