გოჩა მარუაშვილი 1964-93წწ.
„მინდა დავთვალო ისტორიის ყველა ფურცელი. ყველა დღე. წუთი, საქართველოს ყველა ტკივილი“, – წერდა გოჩა თავის დღიურში. მთელი მისი არსებაც ხომ საქართველოს ტკივილით იყო გაჟღენთილი. სწორედ ამ ტკივილმა მიიყვანა ეროვნულ მოძრაობაში საფიჩხიელი ბიჭი, მოხუცი მშობლების ერთადერთი იმედი.
გოჩა დაიბადა 1964 წ. 7 ივლისს. დაამთავრა ქუთაისის მე-18 საშუალო სკოლა და # 33 პროფტექნიკუმი. იყო სპორტის ოსტატი ჭიდაობაში, მუშაობდა მწვრთნელადაც, სადაც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და მადლობებსა და ქების სიგელებს იმსახურებდა.
„7 რიცხვი ცუდი აღმოჩნდა ჩემი ბიჭისათვის: 7 ივლისს დაიბადა და 7 აგვისტოს მომიკლეს დედაშვილობის მადლგამწყრალმა ავაზაკებმა“, – ამას ამბობს ქალბატონი შუშანა, გამწარებული დედა.
„5 აგვისტოს, პარასკევს ჩამოვიდნენ ბიჭები, – ახლა თხრობას მამა აგრძელებს, – შამპანური გამოვუტანე. მამა, შენ დალიე, მე მანქანაზე ვარო, მითხრა. მერე.. როგორ არის საქმე, ობჩაში თუ აკეთებენო ხელოსნები სახლს, დაინტერესდა. ზამთარში დიდმა თოვლმა დაგვიზიანა სახლი. შემოდგომაზე ქორწილის გადახდას აპირებდა და ამიტომ ეჩქარებოდა მისი შეკეთება, სულ ახალი მოყვანილი ჰყავდა მეუღლე, ბაიასავით ნაზი და სათნო ელისო“.
„ჰო, თიხის ფიალებიც მოიტანა იმ დღეს, ოთხი ცალი, რომ მანახა, „გამეცინა, რატომ იცინიო? ბიჭო, ან ექვსი გეყიდა, ან თორმეტი-მეთქი. რა მოხდა, •
მამა, იმ გზაზე კიდევ ხო გავივლი და ვიყიდიო... ეგ იყო და ეგ... იმ. ფიალებიდან •დალევა არც მოსწრებია. ბიჭები ახლა იმით მის შესანდობარს სვამენ“. •
ეს იყო 5 აგვისტო, პარასკევი, 7 აგვისტოს... სამაჩაბლოში, სოფელ ძევერის გადასახვევთან აღმოაჩინეს სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრის, გოჩა მარუაშვილის გვამი, რომელსაც ტყვია.გულში ჰქონდა მოხვედრილი.
ენით უთქმელ ელდას იტევდა ის ძუნწი ინფორმაცია ქ. ქუთაისში და შემოგარენში.
მერაბ კოსტავას საზოგადოების ბიჭებთან ერთად წავიდა სამაჩაბლოს ომში, იბრძოდა დიდ ლიახვში, საბუეში, თამარაშენში, კეხვში, კოდაში, ნიქოზში,ქალეთში. სულ უმართლებდა. ქალეთში რომ დაიჭრა, ეს შემთხვევაც თავისებურ ხუმრობაში ჩაატარა:
სიკვდილის ანგელოზმა მსუბუქად გამკრა ფრთა და მაგრძნობინა, რომ არ გემტერებიო, – თავის მეგობრებში უთქვამს სერიოზულად, რაკი ქალეთის ომში გადავრჩი, აწი სიკვდილი კარგახანს არ მომეკარებაო, – ამბობდა და სჯეროდა კიდეც, რომ დიდხანს იცოცხლებდა და მოასწრებდა უამრავი კარგი ჩანაფიქრის,გეგმის, ოცნების ასრულებას.
საკუთარი ტკივილივით განიცადა მიწით დამეწყრილი რაჭის ტრაგედია.
ბიჭები შეკრიბა და აღდგენით სამუშაოებზე წაიყვანაო, იხსენებენ მისი საძმოს ბიჭები.
გოჩას ძალიან უყვარდა მუსიკა,სიმღერა,ცეკვა და ჭადრაკი, ფეხბურთი, ჭიდაობაში ხომ მწვრთნელი და ოსტატი იყო, იხსენებენ მისი მეზობელი ახალგაზრდა ბიჭები: მირიან მიქაძე, გიგა ზაუტაშვილი,
ნიკა ვაშაყმაძე, ავთო ბზიკაძე, ალეკო კირკიტაძე და ჟორა დიდბერიძე.
იცით, გოჩა ჩვენი საზოგადოების სული და გული იყო, კაცობაში ნაღდი,მეგობრობაში უღალატოო, ამბობენ გულისტკივილით სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის წევრები, თანაც საზოგადოების შენობაში გოჩას და სხვა დაღუპული ბიჭების სურათებს უცქერიან და ტირიან.
ნაადრევად წავიდა გოჩა ამ ქვეყნიდან. დარჩნენ მარტოდ-მარტო თაფლობისთვეში დაქვრივებული ახლად შერთული მეუღლე ელისო და მშობლები.
პირქუშ სახლში გოჩას ხატებთან, მისი ხსოვნის პირისპირ.
ლ, ლიპერტელიანი
გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციის კორესპონდენტი