დაიბადა 1972 წელს 18 თებერვალს დაბა ასპინძაში, პედაგოგების ოჯახში. დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლის არასრული კურსი და სპორტზე შეყვარებული ბიჭი სწავლას თბილისის ოლიმპიური რეზერვების სპორტულ სკოლა-ინტერნატში აგრძელებს კლასიკური ჭიდაობის სექციაში. ახალგაზრდა სპორტსმენი სამგზის ჩემპიონი იყო თავის წონით კატეგორიაში რაიონისა და ორგზის საქართველოსი მოზარდთა შორის.
ზრდილი და გულთბილი ბიჭი ბედმა გასწირა: ჯერ კიდევ 12 წლისას მამა დაეღუპა, ორი წლის შემდეგ მისი აღმზრღელი ბიძა იმსხვერპლა დუშმანის ტყვიამ. მოზარდის სუსტ მხრებს დააწვა ოჯახის მძიმე ტვირთი. ის დედის მხარში ამომდგარი ინაწილებს ცხოვრების სიმწარეს.
1991 წლის 19 მაისს გაიწვიეს ახალშექმნილ ეროვნულ გვარდიაში. დედისა და ერთადერთი დის საფიცარს საქართველოს სიყვარული და ლოცვა გაჰყვა საგზლად.
მალხაზი, როგორც სპორტსმენი, ჩაირიცხა „თეთრი არწივის“ სპეცდანიშნულების ბატალიონში. ყველასათვის საყვარელი ცისფერთვალება ბიჭი გია და გოჩა ყარყარაშვილების ძმადნაფიცი იყო.
გვარდია დაიშალა...
1992 წელს თებერვალში მალხაზი კვლავ ომში ბრუნდება, ამჯერად სამსახური ტყიბულის მე-17 ბატალიონში უწევს. ტექნიკაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი თავისი ხელით აწყობს მწყობრიდან გამოსულ საბრძოლო მანქანა „ბტრ“-ს და შემდეგ მართავს კიდეც. ბატალიონი სამაჩაბლოში შექმნილი გართულებული მდგომარეობის გამო ცხინვალში შედის და მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 13 ივნისს სასიკვდილოდ დაიჭრა, 19 ივნისამდე იბრძოდა სიცოცხლისთვის,მაგრამ ამაოდ.