დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ.. ჭყვიშში 1962 წ. 14 ოქტომბერს.დაამთავრა ჭრებალოს საშუალო სკოლა 1980 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის კოოპერატიულ ტექნიკუმში, საიდანაც გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
არის ცოლ-შვილიანი.
1992 წ. 20 ოქტომბერს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში. ჩაირიცხა 101-ე დივიზიაში: დაიღუპა 3 ნოემბერს სოფ. შრომაში. ჰყავს 7 წლის ვაჟი – გიორგი,მშობლები და 2 ძმა. საოცრად უყვარდა სამშობლო. იყო უღალატო, ერთგული.
მე, მისი მეუღლე – ნანა შალვას ასული ზურაბიშვილი – როდესაც ვთხოვდი შენთან ერთად წამოვალ მეთქი, მიპასუხებდა ხოლმე – ქალის ვალი შვილის აღზრდაა, მამაკაცისა კი ბრძოლააო.. როდესაც ეუბნებოდნენ შენ ცოლ-შვილს რას უშვები, სად მიდიხარო, საოცრად აღელვებული პასუხობდა: მე რომ არ წავიდე, ის რომ არ წავიდეს, ვიღა წავაო.. ხვალ სხვა ტერიტორიასაც შეგვედავებიან და რაღა დარჩება საქართველო?! ჩაიფერფლა საქართველოსთვის ანთებული გული და დატოვა საშინელი სევდა და სიცარიელე. დაუჯერებელია მისი ერთადერთი ვაჟისთვის ის, რომ მამა აღარ ჰყავს და ბავშვური მიამიტობით კითხულობს: ქრისტე ხომ მოიყვანს მამიკოსო და რატომ ტირიანო?..
პასუხი კი... პასუხი ერთია, რომ ის მამას ვეღარასოდეს იხილავს...
ნანა ზურაბიშვილი