ზურაბ აბულაძე
არჩეული გზიდან არასდროს გადაუხვევია
ვკითხულობ ქ თბილისის ვარკეთილის III მასივის, აეროდრომის დასახლების მე-7 ქუჩის მცხოვრებლების განცხადებას, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თხოვნით მიმართავენ ქალაქ თბილისის მერიის ხელმძღვანელობას, რომ აღნიშნულ ქუჩას ეწოდოს
საქართველოს ერთიანობისათვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის შეწირული ზურაბ აბულაძის სახელი. ზურაბი ამ ქუჩაზე გაიზარდა უზადო პატრიოტად, რომლის სულის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის დედამისს, ლიუდმილა გორინას, ეროვნებით არაქართველს, მაგრამ შვილის ქართული სულით აღზრდის დიდოსტატს. ბევრი ქართველი დედაც კი ვერ დაიკვეხნის ალბათ შვილის ასე ლამაზად აღზრდას.
ზურაბს უყვარდა გაზაფხული, სიცოცხლე და მამული... მან მამულს საკუთარი, ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელი, სიცოცხლე უყოყმანოდ ანაცვალა. ის დაიბადა 1976 წელს. როდესაც აფხაზეთი, საქართველოს ეს ძირძველი მიწა, ცეცხლის ალში გაეხვია, ზურაბმა გადაწყვიტა დამდგარიყო იქ, სადაც სამშობლოს ბედი წყდებოდა. ამ მიზნით ის სამგორის სამხედრო კომისარიატში მივიდა და ომში წასვლის ნებართვა ითხოვა, არ წაიყვანეს, რადგანაც ჯერ კიდევ პატარა იყო...მას გული სახლში არ უდგებოდა, მთელი მონდომებით ცდილობდა ომში წასვლას, წლებსაც კი იმატებდა... ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და დადგა იქ, სადაც იდგნენ მისი მამა-პაპანი. ის ჩაირიცხა „თეთრ არწივში“ – მობილური ძალების მე-2 ბატალიონში (ბატალიონის მეთაური მ. თათარაშვილი). „თეთრი არწივი“
თავისი გმირობითა და პატიოსნებით დიდ ნდობას იმსახურებდა აფხაზეთში. „თეთრი არწივი“ ყოველთვის წინა ხაზზე იყო. სადაც ჭირდა, იქ ეძახოდნენ,ბოლომდის პატიოსნად იბრძოლეს, სოხუმში წინა ხაზზე იყვნენ, ვინც გადარჩა მათგან, გაგრაში გადაისროლეს მძიმე ტექნიკის გარეშე, ვინც დაიღუპა გაგრაში, სწორედ „ბრძნული“ ხელშეკრულების წყალობით დაიღუპა. გაგრის დაცემის შემდეგ „ავაზელებთან“ ერთად იბრძოდნენ, იცავდნენ ოჩამჩირეს... დესანტების გადმოსხმის საშინელებაც ბევრჯერ იგემეს.
სრულიად ახალგაზრდა მებრძოლს, ზურაბ აბულაძეს „თეთრ არწივში“ ყველა იცავდა, მაგრამ ომი აბა რისი ომია, თუ ადამიანი არ გააუბედურა. ზურაბიც ვერ ასცდა თავის შავ ბედისწერას – 1993 წლის 21 სექტემბერს ის დაიჭრა სოფელ ტამიშთან სხვა მებრძოლებთან ერთად, ბრძოლის ველიდან ვერ გამოაღწია... მშობლიურ მიწაში დამარხვაც ვერ ეღირსა... ასე უსაფლაოდ, 17 წლის ახალგაზრდამ თავისი უმანკო სიცოცხლე უყოყმანოდ ანაცვალა უსაყვარლესსა და უწმინდესს – დედა საქართველოს.
ზურაბის უდროოდ წასვლა ამ საწუთროდან მოუშუშებელ ტკივილად დარჩა მის ოჯახში, მის მეგობრებში, მის ახლობლებში.
იყოს შენი ხსენება, უსაფლაოდ დარჩენილო ვაჟკაცო! შენი საფლავი აფხაზეთია, შენი სახელი უკვდავებაა...
ქალბატონი ლიუდმილა გორინა ქართული ხალხური ლექსით საზრდოობს,რომლის სტრიქონებშიც თავის მწარე ბედს ხედავს:
სიკვდილო, შვილი გაგიზარდე,
მე სხვა დედებს კი არ ვგავარ,
ძალიან დაღონებული ვარ,
სისხლის და ცრემლის ტბორში ვზივარ,
აქამდე ბედნიერი ვიყავ,
ეხლა კი მწუხარების მზე ვარ,
დაღონების მზე, გადახრილი,
გორს იქით გადაფარებული,
ვაჰმე, სიკვდილო, რა ყოფილხარ,
ხანჯლებით ჩამიკაფე გული.
დედას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, ფეხი დადგას იმ მიწაზე, სადაც მისი შვილი დაიღუპა, მოიძიოს მისი საფლავი – ყვავილებით მოფინოს და სანთლები დაუნთოს.
ნ. ლეკვეიშვილი
გაზ. „ოჩამჩირის მოამბე“, 1997 წ. ოქტომბერი