პოლიციის ლეიტენანტი
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
გიგა სახელაშვილს 24 ივლისს გოგონა შეეძინა, 7 აგვისტოს შვებულებაში იყო, მაგრამ თავად გამოცხადდა სამსახურში, ომში რომ წასულიყო. მამამ პოლიციის განყოფილებაში რომ მიაკითხა, უკვე მანქანებში სხდებოდნენ და მიდიოდნენ. გიგაც რომ ჩაჯდა, მამას ცრემლი მოერია.
„რა გატირებს მამა, ჩემს ჩამოსვლამდე ცოლ-შვილს მიმიხედე“, – უთხრა და ომში წავიდა... წავიდა და გმირულად დაიღუპა, რუსული ინტერვენციის დროს. დაიღუპა და მამას სიზმრებში ეუბნება იმას, რასაც, ალბათ, ყველა გმირი გვეტყოდა, გვეტყოდა მთელ ქვეყანას: „ნუ ტირიხარ, ვაჟკაცები ასე კვდებიან“.
გივი (გიგა) სახელაშვილი 1980 წლის 2 თებერვალს, ქუთაისში დაიბადა.
ოჯახში პირველი შვილი იყო...
შიო სახელაშვილი, მამა: „მისი გარდაცვალების შემდეგ, ვცდილობ მისი რაიმე ნაკლი გავიხსენო... ერთ ნაკლსაც ვერ ვპოულობ... თვალებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, იმდენად კარგად გვესმოდა ერთმანეთის. თქმაც არ მჭირდებოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ბრწყინვალე პიროვნება იყო, მშობლების, ოჯახის, მეგობრების მოსიყვარულე. ბავშვობიდანვე სულ წიგნებში იყო ჩაფლული, ბევრს კითხულობდა. ქუთაისთან ახლოს, სოფელი გვაქვს, მე რომ არ მეცალა, მიდიოდა და ყველანაირად გვერდში ედგა, დაუზარებლად ეხმარებოდა ბაბუამისს. ბაბუამისი გიჟდებოდა გიგაზე, მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ცოლი რომ მოჰყავდა, პირველად ბაბუას გაუმხილა. საოცრად მეგობრობდნენ ერთმანეთთან ბაბუა და შვილიშვილი და ძალიან უჭირს მამაჩემს ამ ამბავთან შეგუება... ძალიან თბილი ადამიანი იყო, ყოველთვის გვერდში ედგა ყველას. უნივერსიტეტში რომ ჩააბარა, მასთან ერთად სწავლობდა ერთი ხევსური ბიჭი. გვერდში დაუდგა, უპატრონოდაა ქალაქში ჩამოსულიო და ყველგან დაატარებდა, ჩვენს სახლში გაიზარდა ეს ბავშვი ფაქტობრივად, მერე ძმობა შეჰფიცეს ერთმანეთს ხევსურული წესით...“
პატარა გიგა ქუთაისის რკინიგზის მე-12 სკოლაში შეიყვანეს, ორი წლის შემდეგ 39-ე სკოლაში გადაიყვანეს, ქუთაისშივე. საბოლოოდ ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი დაუმთავრებია, ფრიადოსანი ყოფილა, მხოლოდ ერთი ოთხიანი გამოჰყოლია უცხო ენაში. ლიცეუმის დასრულებისთანავე თბილისში, უშიშროების აკადემიაში ჩააბარა მისაღები გამოცდები, მაგრამ სათანადო ქულები ვერ დააგროვა, ქუთაისში დაბრუნდა და იმავე წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მხედრული ვალი მოიხადა და ისევ უშიშროების აკადემიას მიაშურა, ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 2006 წელს გადავიდა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა...
შიო სახელაშვილი, მამა: „ბიჭი რომ შეეძინა, მაშინვე თქვა, ჩემსავით პოლიციელად უნდა გავზარდოო. თვითონ კარგად ახსოვდა ის პერიოდი, როცა დღისით, მზისით ხდებოდა ქუჩაში ყაჩაღობები და უბედურებები და სულ ამბობდა, რომ პოლიციელი უნდა გამოვიდეო და თავის შვილზეც იგივე გეგმები ჰქონდა...“
გიგა სახელაშვილი, რომ დაოჯახდა, 22 წლის იყო. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას სტაჟორად მუშაობდა საგამოძიებო განყოფილებაში, იქვე მუშაობდა გოგონა, რომელსაც ხშირად აკითხავდა მეგობარი _ გიგას მომავალი მეუღლე.
ჯერ იყო მოწონება, შეხვედრები, ხელის თხოვნა და ბოლოს _ გაპარვა თბილისში...
შიო სახელაშვილი: „მსგავსი სიყვარული, რაც ჩემს შვილსა და რძალს ჰქონდათ, არა მგონია ბევრს ჰქონდეს. ოდნავ თუ გაფუჭდებოდა ამინდი, ეგრევე ურეკავდა - თამუ, არ გამოხვიდე გარეთ, წვიმაა, არ დასველდე, ან ყინვაა, ფეხი არ გაგიცივდეს, მოგაკითხავ მანქანით, მე წამოგიყვან... საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ... პირველი შვილი ბიჭი შეეძინა, საოცრად გახარებული იყო. მთელი მისი და ჩემი სამეგობრო სამშობიაროში ვიყავით შეკრებილი, ჰკითხეს, ბიჭს რას არქმევო. მაშინ თქვა, მე ერთ წიგნში წავიკითხე, რომ ოჯახში, ერთი და იგივე სახელი უნდა ერქვას ან ერთს, ან სამსო და რაკი ბაბუამისსაც გივი ერქვა და მასაც, თავის ბიჭსაც გივი დაარქვა...~
გიგა სახელაშვილი პოლიციის ლეიტენანტი იყო.
მამა: „ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. ომამდე ცოტა ხნით ადრე, ტყაჩირში ყაჩაღობა მოხდა, გიგა, თავის მეწყვილესთან და სამმართველოს უფროსთან ერთად, შემთხვევის ადგილზე წავიდა. გზაში საეჭვო მანქანა შენიშნეს, ანიშნეს მძღოლს, რომ გაეჩერებინა, მაგრამ არ გააჩერა, დაედევნენ. გიგას მეწყვილემ მანქანის მიმართულებით გაისროლა, მძღოლი დაიჭრა, საბოლოოდ აიყვანეს ის პირი, მაგრამ მეორე დღეს უფროსმა დაიბარა თავის კაბინეტში ჩემი შვილი და ჰკითხა - შენ ესროლეო? გიგას თურმე ხმა არ ამოუღია, სიმართლე რომ ეთქვა, შესაძლოა მისი მეწყვილე სამსახურიდან მოეხსნათ, არადა, იმ ბიჭს მამა არ ჰყავდა და ამის გამო შეცოდებია ჩემს შვილს... საბოლოოდ, გაირკვა, რომ გიგას არ უსვრია, მაგრამ ამ ამბის შემდეგ უფროსს უთქვამს, აღფრთოვანებული ვარ გიგას ადამიანობით და მეგობრობის უნარითო...“
ომამდე ორი კვირით ადრე, გიგა სახელაშვილს მეორე შვილი _ პატარა დეა შეეძინა. გახარებულმა შვებულება აიღო, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა, თავად გამოცხადდა სამსახურში.
მამა: „მახსოვს, 7 აგვისტო იყო, დღის მეორე ნახევარი, პოლიციის განყოფილებაში რომ მივედი, ბიჭები უკვე სხდებოდნენ მანქანაში და მიდიოდნენ. გიგაც რომ ჩაჯდა, ცრემლები მომერია, ეს რომ დაინახა, მითხრა: რა გატირებს, მამა, ჩემს ჩამოსვლამდე მიმიხედე ცოლ-შვილსო. იმ საღამოს რამდენჯერმე ვესაუბრეთ ტელეფონით, სულ ხუმრობდა, ნერვიულობა საერთოდ არ ეტყობოდა, აქეთ გვამშვიდებდა. ბოლოს 8 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ დარეკა, ღამის 2 საათზე. ჯერ თავის მეუღლეს ესაუბრა, მერე - მე. რომ ვნერვიულობდი, მითხრა: მამა, ნუ გეშინია, ჩვენს წინ ჯარი დგას, მერე სპეცრაზმი მიდის და მერე შევდივართ ჩვენო. არანაირი საფრთხე ჩვენ არ გვემუქრებაო“.
8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარი იყო, გიგას მამას თავის მეგობრებმა რომ ჩააკითხეს სოფელში.
მამა: „ეკლესიაში წამიყვანეს, ილოცე, ბიჭი რომ მშვიდობიანად დაგიბრუნდესო. თანდათან დავიძაბე, რაღაც უჩვეულოდ იქცეოდნენ... მერე ჩემი ბიძაშვილი მოვიდა, ვთხოვე, სამხარეო პოლიციაში ჩამიყვანე, რაიმე ამბავს გავიგებ-მეთქი. სამორიგეოში, დამამშვიდეს, არავინ დაშავებულაო. იქიდან
რომ გამოვედი, უცებ საიდანღაც გაჩნდა ჩემი მეგობარი ექიმი, გამიკეთეს რაღაც ნემსი ბეჭზე იქვე და იმის მერე აღარაფერი მახსოვს, არც ის, როგორ გადმოასვენეს ჩემი შვილი სახლში... აზრზე რომ მოვიდა, თავი მოიწამლა, თითქმის მკვდარი მივიყვანეთ საავადმყოფოში, ძლივს გადავარჩინეთ...“
გიგა სახელაშვილი ონის რაიონის სოფელ წედისში დაიღუპა 8 აგვისტოს, გამთენიისას.
გიგას და მის თანამებრძოლებს მთაზე პოზიცია უნდა დაეკავებინათ. მანქანები ამ მთის ძირში დააყენეს, გზა ფეხით უნდა გაეგრძელებინათ.
მამა: „უფროსს უთქვამს გიგასთვის, ორი კაცი აქ დარჩით და მანქანებს უდარაჯეთო. გიგას უარი უთქვამს, ჩემი ძმები მიდიან და მე სად დავრჩებიო... ბიჭებს გადაღებული აქვთ ტელეფონით სურათები, მთაზე რომ მიდის და რაღაცებს ხუმრობს. მეორე მხარეს ჩასაფრებულ ოსებს ცეცხლი გაუხსნიათ... გიგას სნაიპერის ნასროლი სამი ტყვია მოხვედრია და ადგილზევე დაღუპულა. მთელი ორი დღე მიდიოდა მოლაპარაკება, ცხედართან ჩასაფრებულები იყვნენ სნაიპერები და ფულს ითხოვდნენ. როგორც ვიცი, შედგა მოლაპარაკება ოს კრიმინალებთან და ისე გადმოსცეს ჩვენებს გიგას ცხედარი“.
გიგა სახელაშვილი დაკრძალულია ბაბუის სოფელში, ოდილაურის ეკლესიის შესასვლელი კარის წინ...
ნესტან სინატაშვილი, გივის ნათესავი: „თავიდანვე ისეთი სულისკვეთებით, ისეთი შემართებით ცხოვრობდა, უთოუდ ბევრს მიაღწევდა ცხოვრებაში. სულ რაღაცისკენ ისწრაფვოდა და თავისი ცოდნით, საკუთარ თავზე მუშაობით, მართლაც ბევრს მიაღწია. კიდევ ბევრის მიღწევა უნდოდა და მიაღწევდა კიდეც, რომ დასცლოდა... ძალიან ალალმართალი, ვაჟკაცური და კეთილი ბიჭი იყო, ძნელია მასზე წარსულში საუბარი... ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა სამსახურში, მაგრამ ამ მოკლე დროში ყველას ძალიან შეაყვარა თავი.
გოგონა რომ შეეძინა, ოთხი დღე არ უძინია, სულ ბავშვთან ერთად იყო. ომში წასვლამდე, 5 აგვისტოს ახალშობილი სოფელში ამოიყვანა ბებიასთან და პაპასთან, აუცილებლად უნდა ვანახოო. ბებია და პაპა განსაკუთრებულად უყვარდა, ხშირად აკითხავდა სოფელში, ამოდიოდა, დახედავდა, მოიკითხავდა და წავიდოდა ხოლმე....
გმირის ბიჭუნა ხუთი წლის იყო, მამა რომ გმირულად დაეღუპა.
შიო სახელაშვილი, მამა: „ბიჭს კარგად ახსოვს მამა, დღე არ გავა, რომ არ მოინატროს და არ გაიხსენოს. კომპიუტერს ჩართავს თუ არა, რომ ვაკვირდები, ყოველთვის გახსნილი აქვს მამის ფოტოები და უყურებს. დიდი სურვილი აქვს, რომ პოლიციელი გამოვიდეს. ეს ბავშვი დაბადებული იყო ამ საქმისთვის და ბოლომდე უნდოდა, რომ მიყოლოდა თავის საქმეს. ბავშვობიდან ვერ იტანდა უსამართლობას, ყაჩაღობებს, ქურდობებს და იბრძოდა ამის წინააღმდეგ...“
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.