სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა კობალაძე 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მამუკა კობალაძე 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მამუკა კობალაძე 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი მამუკა კობალაძე 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კობალაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

მამუკა კობალაძე 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

მამუკა კობალაძე


14 ივნისი შენი დაბადების დღეა, მამუკა... 35 წლის კაცზე, შუახნის კაციაო, იტყვიან ხოლმე... შენ ისეთივე ახალგაზრდა იქნები ჩვენს მეხსიერებაში, როგორმაც დაგვტოვე სამუდამოდ... 1993 წლის 23 სექტემბერს, სოხუმის ცნობილი ბრძოლებისას. მანამდე კი... რა იყო

მანამდე, – იყო ბრძოლები სამაჩაბლოსთვის, შესვლა გაგრაში და გაგრის დათმობაც, ტყვედ ჩავარდნა, ერთი თვე წამება და რაინდული დგომა (ამაზე უკვე წერდა მაშინდელი პრესა) მტრის წინაშე; შემდეგ ისევ სოხუმი და... საშინელი აღსასრული.


ახლა რა – იზრდებიან შენი გოგონები, კოხტები და ლამაზები, ფრიადოსნები და ჭკვიანები. თათო თითქმის მომღერალიც კი გახდა უკვე, ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ჯერ ხომ პატარები არიან... შენი გაწამებული მეუღლე „წელებზე ფეხს იდგამს“, რომ ბავშვებს, ოჯახს არ გაუჭირდეს და, – ასე მიათრევენ წუთისოფელს... შენი უმშვენიერესი დაიკო ხომ ეს ოთხი წელია ასე ფრთამოტეხილი დარჩა და საოცნებოდ, დედასთან ერთად, ალბათ, ისლა დარჩათ,როდის იხილავენ შენს ცხედარს, როდის მიგაბარებენ თბილისის მიწას, რომ ხშირად დაგხედონ და ცრემლი დააწვეთონ... დიახ, დედას აქამდე იმაზე ფიქრი აძლებინებს, როდის გადმოასვენებენ იმ ოთხ ვაჟკაცს სოხუმიდან, სოფ. მაჭარადან, რომლებიც ერთ საფლავში წვანან. ოთხივე გმირის საბრძოლო გზის მრავალგზის სკრუპულოზური გამოძიებისა და შესწავლის შემდეგ მთავრობამ ბოლოს და ბოლოს დააფასა თქვენი ვაჟკაცობა და სამშობლოსთვის თავგანწირვა – დაგაჯილდოვათ ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენებით...სამარადისო ყოფილიყოს, მამუკა, შენი და შენი ამხანაგების სახელი და დიდება, რომელიც სამშობლოს ერთგულებაში მოიპოვეთ – თქვენი ოჯახების,

ახლობლებისა და მთლიანად ქართველი ერისათვის.ნათელი დაგადგეთ...


გიორგი მიქიაშვილი


სტატია სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მამუკა კობალაძე, ლეიტენანტი _ დაიბადა 1962 წლის 14 ივნისს, თბილისში. დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. პროფესიით გეოდეზისტი, მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში. იყო ბატალიონ’’გორდას’’მებრძოლი. დაიღუპა 1993 წლის 23 სექტემბერს, სოხუმში. თანამებრძოლებთან ერთად, დაკრძალულია სოხუმში, მაჭარკას სასაფლაოზე.


ქეთევან კობალაძე-მამუკა კობალაძის და_ "მამუკა ბავშვობაში ძალიან სხარტი, მოქნილი, მოუსვენარი, მრავალმრხრივი ნიჭის ბიჭი იყო. დედა მათემატიკის მასწავლებელი გახლდათ და ჩვენს ოჯახში, მათემატიკა და ტექნიკური საგნები განსაკუთრებულად გვიყვარდა ყველას, მამუკასაც. მაგრამ ის ყველაფერს გულდასმით სწავლობდა; სპორტშიც მიღწევები ჰქონდა_ ფეხბურთზე, ცურვაზე დადიოდა და ძალიან აქტიურად ვარჯიშობდა. ყველა საქმეს გულით უდგებოდა. სულ ყურადღების ქვეშ იყო. ფოტოხელოვნებითაც გახლდათ გატაცებული_მისი გადაღებული ფოტოები კონკურსებში იმარჯვებდა...


1992 წლის სექტემბერში, ერთ დღესაც, მოვიდა სახლში და განაცხადა_ომში მივდივარო.. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ გვეჯერა_მისი ქალიშვილები 7 და 4 წლისანი იყვნენ, მამა ადრე გარდაგვეცვალა და დედამ მარტომ გაგვზარდა_ არ გვეგონა, დედას და ბავშვებს თუ დატოვებდა,მაგრამ წავიდა! გაგრის დაცემის შემდეგ, მისი შენაერთი ტყვედ ჩავარდა და თითქმის 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ტყვეობაში. მისმა თანამებრძოლებმა გვიამბეს, რომ ტყვედ ჩავარდნილიც ძალიან ღირსეულად იქცეოდა, მედგრად იდგა და ბიჭებსაც ამხნევებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დღეები გამოიარა_რამდენიმეჯერ დასახვრეტად გაიყვანეს,იყო დაშინების მცდელობებიც. ტყვეობაში განსაკუთრებით ვლინდება კაცის შინაგანი ბუნება და თვისებები. იქ გმირობანას არ ვთამაშობდი, უბრალოდ, ვცდილობდი, ტყვეობაშიც კი კაცად დავრჩენილიყავიო..ერთ-ერთ აფხაზთან, რომელსაც მეუღლე ქართველი ყავდა, საერთო ენაც გამონახა. სწორედ მან გამოაპარა იმ პირობით, რომ მისი მეუღლის ოჯახს, მამუკა სამშვიდობოს გაიყვანდა. რა თქმა უნდა, მამუკამ სიტყვა შეასრულა.ომში, მტერიც კი შეიძლება იყოს ვაჟკაცი და სიტყვის პატრონი! სხვისი ვაჟკაცობის დამნახავი და მაღიარებელი... ტყვეობიდან დახსნილი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ცდილობდა, იქ დარჩენილ თანამებრძოლთა გათავისუფლებას; მთავარ მიზნად ეს დაისახა. ასეც მოხდა_ ტყვეთა გაცვლა განხორციელდა და ბიჭები ცოცხლები დაბრუნდნენ. ყოველთვის ცდილობდა, ტყვეობის მძიმე და არც თუ მარტივი დღეები იმ სიმძიმით არ მოეყოლა, რაც სინამდვილეში იყო.. განახევრებული ადამიანი_აი,ამ ფრაზის სიცხადე ჩემმა ძმამ დამანახა, როცა ის ტყვეობიდან დაბრუნებული ვნახე...

...თუმცა, ვერც ამ სიმძიმემ შეაჩერა. სამაჩაბლოში დაიძაბა ვითარება და დეკემბერში იქ წავიდა. 1993 წლის გაზაფხულზე კი_ ბატალიონ’’გორდას’’ შეუერთდა და ისევ აფხაზეთს მიაშურა. მიუხედავად იმისა, რომ ურჩევდნენ, არ წასულიყო აფხაზეთში, რადგან იქ ბრძოლა, მისთვის ასმაგად საფრთხისშემცველი იყო, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანას ასე უჭირდა, მამუკა სახლში არ დაჯდებოდა მშვიდად და უდარდელად. რამდენჯერ სთხოვა დედამ, ჩვენ, აღარ წასულიყო, მაგრამ უშედეგოდ_ მე უკვე ვნახე და ვიცი, ვისწავლე ომი, გამოცდილებაც მაქვს და ჩემნაირები თუ არ წავლენ, მაშინ გამოუცდელ ბიჭებს მოუწევთ წასვლა და ბრძოლა და შეიძლება, გამოუცდელობის გამო დაიღუპონო. ბოლო წასვლა იყო 16 სექტემბერს, სოხუმში_ წავალ და მალე დავბრუნდებიო...ვეღარ დაბრუნდა... და დღესაც იქაა, სოხუმში! მთავარია ეს ომი დამთავრდეს და მერე, ჩვეულებრივ ცხოვრებას გავნაგრძობ, სამხედრო არ ვიქნებიო,თუმცა, ის, სამხედროდ, ქვეყნის ჯარისკაცად დარჩა სამუდამოდ!..

იმდენად განსხვავებული, გამორჩეული იყო, ჩვეულებრივი სიკვდილით ვერ დაასრულებდა თავის სიცოცხლეს და ასეც მოხდა! მამუკასნაირები ჩვეულებრივი სიკვდილით არ გადიან ამ წუთისოფლიდან! "


ლია კობალაძე-მეუღლე_ "ძალიან თბილი, მოსიყვარულე მამა და ყურადღებიანი მეუღლე იყო. უმძიმესია ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება, რადგან აფხაზეთის ომმა, მთელი თავისი ტრაგიზმით, უბედურებით ჩემს მხრებზე გადაიარა! როცა ომში შენი საყვარელი ადამიანი, შვილების მამა მიდის, რა თქმა უნდა, სასიხარულო ეს ვერ იქნება, შენც ძალაუნებურად, უკვე ჯარისკაცი ხდები_ შენც იბრძვი შენებურად. ომში მივდივარო, რომ მითხრა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე წავიდა,თუმცა, რომ მეთქვა, არ წახვიდე მეთქი, აზრი არ ჰქონდა, მაინც წავიდოდა! ვერ შევაჩერებდი! როცა ტყვედ ჩავარდა და იქიდან დარეკვა მოახერხა, ჩემი დედამთილი მივიდა მაშინ სახელმწიფოს პირველ პირებთან და დახმარება სთხოვა. კიდეც შეჰპირდნენ, რომ მამუკას გამოხსნაში დაეხმარებოდნენ, მაგრამ არ დაიჯერეს, რომ ტყვედ ჩავარდნილი ხმის მოწვდენას მოახერხებდა_იფიქრეს, მოხუცი ქალია და ალბათ, სანუგეშოდ მოატყუესო. მეორედაც მოახერხა ჩვენთან დაკავშირება მამუკამ. მერე კი, ტყვეობიდანაც გათავისუფლდა, თანამებრძოლების გათავისუფლებაში აქტიურად ჩაერთო და მიზანსაც მიაღწია. როცა უკვე ფაქტობრივად დაცემულ სოხუმში მიდიოდა, მაშინაც ვთხოვე, არ წასულიყო, ძალიან კარგად იცოდა, სადაც მიდიოდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,მაგრამ თავის თანამებრძოლებს, მარტო არ დატოვებდა, რადგან განზე გადგომა და მშვიდად ყურება იმისთვის, როგორ იცლებოდა სისხლისგან ქვეყანა, არ შეეძლო!

ძალიან მძიმე ტვირთია, როცა ქალი ორი მცირეწლოვანი შვილით მარტო რჩები. კი, გულს ის გინუგეშებს, რომ ვაჟკაცის ქვრივი ხარ, მაგრამ.. იცით, მტკივა ის, რომ ჩემს შვილებს მამა არ ახსოვთ. მე ყევლაფერი გავაკეთე მათთვის, დღე და ღამეს ვასწორებდი, რომ არაფერი მოჰკლებოდათ და უმამობა არ ეგრძნოთ,მაგრამ ამ სიცალიელეს ვერაფერი ავსებს ბავშვისთვის, რომელიც უყურებს, მისი ტანატოლები მამებს როგორ მიჰყავთ ხელჩაკიდებულნი, აი, იქ უკვე ფასს კარგავს ყველა ბრჭყვიალა კაბა და თუნდაც ყველაზე ძვირფასი სათამაშო. ამას წინათ,ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა კიდეც მითხრა_ მე ძალიან უბედური ბავშვობა მქონდაო. მეწყინასავით_ რატომ, მე ხომ ვცდილობდი, თქვენთვის არაფერი მომეკლო-მეთქი; ბედნიერება ის იქნებოდა, მამა მყოლოდა გვერდითო.. თუმცა, მათთვის, საამაყო და სანუგეშო ისაა, ვაჟკაცის შვილები რომ არიან და იმ ქვეყნის, რომელსაც მათმა მამამ თავი შესწირა! როცა მეომარი ქმარი გეღუპება, მერე შენ ხდები მებრძოლი_იბრძვი შენი შვილებისთვის, რკინა ხდები მათთვის... სხვა გზა არ გაქვს!

ბოლო კომუნიკაცია წითელ ჯვართან 2018 წელს გვქონდა. გვითხრეს, რომ ჩამოასვენებდნენ, ფსიქოლოგებთანაც გაგვასაუბრეს, ველოდით კიდეც მამუკას ნეშტს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამარხის ადგილზე დიდი ხე-მცენარეები იყო ამოსული, რაც გათხრისთვის მძიმე ტექნიკას და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ვერ გადმოასვენეს.. თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აუცილებლად დაგვეხმარება და მამუკას გადმოვასვენებთ. ახლა, მხოლოდ ეს მაფიქრებს.. დიდი მადლობა თქვენ ჩემი მეუღლის გახსენებისთვის... მართალია, ამით ტკივილი განმიახლდა, მაგრამ იმედიც მომეცა, რომ ის და მისი თავგანწირვა ახსოვთ..."


გიორგი ბახტაძე _ თანამებრძოლი_ "მამუკა 1993 წლის გაზაფხულზე შემოგვიერთდა ჩვენ, ‘’გორდას’’ ბატალიონს. სულ ერთად ვიყავით, სოფელში, პატრულირებაზეც ერთად დავდიოდით, ერთ ოთახში გვეძინა. კარგი, მხიარული ბიჭი იყო, იუმორის ძალიან დიდი გრძნობით, უშიშარი, არასოდეს ეშინოდა პოზიციებზე გასვლის, უკან დახევა არ სჩვეოდა; ყველას ამხნევებდა, როგორი მძიმე მდგომარეობაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ცდილობდა, სულიერი სიმხნევე თავადც შეენარჩუნებინა და სხვაც გაემხნევებინა. ჩვენი ბატალიონი არაკიჩში იდგა. აგვისტოს ბოლოს თბილისში ჩამოგვიყვანეს. სექტემბერში ჩვენი ბატალიონის ნაწილი, მათ შორის მამუკა, სოხუმში წავიდა და სოხუმისთვის უკანასკნელი ბრძოლებში ჩაერთო. 23 სექტემბერს, კი დაბომბვისას დაიღუპა. სოხუმში, მაჭარკის სასაფლაოზე, საძმო საფლავში დაკრძალეს. ნათელი დაადგეს მის ვაჟკაც სულს!

ზაზა ზუბაშვილი_ თანამებრძოლი_მამუკა და მისი თანამებრძოლები ჩვენს ბატალიონს,’’გორდას’’ 1993 წლის მაისში შემოუერთდნენ; ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ, ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ბევრ საბრძოლო ოპერაციაში მივიღეთ ერთად მონაწილეობა. მამუკა მათგან ყველაზე უფროსი იყო, ძალიან დინჯი, გაწონასწორებული გახლდათ, საბრძოლო გამოცდილებაც მეტი ჰქონდა. ტყვეობაში ყოფნამ, რა თქმა უნდა, მეტი გამოცდილება მისცა, სხვანაირად აფასებდა მოვლენებს, უფრო ფრთხილი და წინდახედული იყო. ბრძოლას ახასიათებს ემოციურობა, ცხელ გულზე აკეთებ ბევრ რამეს, რაც, ბევრწილად, საბედსიწერო აღმოჩნდება ხოლმე. მამუკას ეს არ ახასიათებდა_საველე ბრძოლებში უკიდურეს წინდახედულებას იჩენდა, მებრძოლი სულისკვეთებით; სოხუმისთვის საბრძოლველად 16 სექტემბერს ჩავფრინდით და სხვადასხვა ლოკაციებზე განვლაგდით. ბარათაშვილი ქუჩაზე ვიყავით, ზემოთ, შემდეგ, გენო ადამიას ავყევით გუმისთის გადასასვლელთან, აჩადარასთან. სოფელში პოზიციებზე შევჩერდით_ გააფთრებული ბრძოლები იყო, მასიური დაბომბვებით. მაშინ, საბედნიეროდ, ჩვენგან, არავინ დაჭრილა ან დაღუპულა.შებინდებისას უკან დავიხიეთ და სოხუმში, ახალ რაიონში ამოვედით, საცხოვრებელ კორპუსებში გავმაგრდით და არა ერთ შეტაკებაში მივიღეთ მონაწილეობა. ოთხსართულიან კორპუსში ჩვენ ვიყავით და 16 სართულიანში_ ბორჯომის ‘’მხედრიონის’’ მეომრები, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ. აფხაზებმა ძალიან მძაფრად შემოგვიტიეს ცოცხალი ძალითაც და ისე მოხდა, რომ ნაწილ-ნაწილ უნდა დაგვეთმო პოზიციები და გავსულიყავით. მამუკა თავის ბიჭებთან (ვისთან ერთადაც ტყვეობაც გამოვლილი ჰქონდა) ერთად წინ წავიდა, ერთი მებრძოლიც გავაყოლე_ გადით სამშვიდობოს -მეთქი. მამუკა გამოცდილი და წინდახედული მეომარი იყო, მისი იმედი მქონდა. ამ დროს, საავადმყოფოს გვერდით, ოთხ მებრძოლს შორის ჩავარდა ნაღმმტყორცნის მიერ გასროლილი ჭურვი, არავინ დაღუპულა, თუმცა, მძიმედ დაიჭრნენ ბიჭები. მამუკა დაჭრილი რამაზ მიქაუტაძის გამოყვანაში დამეხმარა; ისინი დავტოვე და წავედი სხვების გამოსაყვანად. დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ჩემი მებრძოლებით, ბრძოლის არეალიდან, სხვა გზით გამოვედი. შემდეგ, დიდი ბრძოლების წყალობით, შტაბში მივედი და მამუკა და ბიჭები მოვიკითხე... იმ დღეს ვერაფერი შევიტყვე მათ შესახებ. მოგვიანებით კი, მითხრეს, რომ მაჭარკაში ჩვენს მებრძოლებს ასაფლავებდნენ და იქ წავედი. მე მაშინ ‘’გორდას’’ ზურგის სამსახურის უფროსი ვიყავი. მივედი და მამუკა და მისი ბიჭები გარდაცვლილები დამხვდა. ერთ-ერთმა, სვანიძემ, რომელიც დაიჭრა, მაგრამ მაშინ გადარჩა, მიამბო, რომ ‘’გრადის’’ ჭურვი ჩამოვარდა,თითქმის თავზე დაეცათო ბიჭებს.. მამუკაც მაშინ დაღუპულა_ ჭურვის ნამსხვრევით. მაჭარკაში დიდი ორმო დამხვდა გათხრილი... 10 მიცვალებული ჩავასვენეთ ერთ სამარეში... სამხედრო ფორმის შარვლის ჯიბეებში, მიცვალებულებს, სხვადასხვა რაოდენობის ტყვიები ჩავუწყვე და ჩავიწერე დეტალურად, რომელს რამდენი, რომ მერე, სამარხის განხსნისას, ადვილად ამოსაცნობი ყოფილიყო მიცვალებული( მაშინ, ხომ დეენემის კვლევის შესახებ არაფერი ვიცოდით). ზოგს პირადობა აღმოაჩნდა და ჩანაწერშიც მივუთითე. 3 დაღუპული იყო, ვისაც არც პირადობა ჰქონდა და არც ვიცოდი ვინაობა, ისინი ჩანაწერში’’უცნობად’’ აღვრიცხე. მივაბარე მიწას ჩვენი ბიჭები და სოხუმის დაცემის შემდეგ, მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში დავეხმარეთ, შემდეგ მე და ჩემი მებრძოლები, ჭუბერის გზას დავადექით.. სამარხის ყველა მახასიათებელი დეტალურად ჩავიწერე, ნახაზები გავაკეთე... წლების განმავლობაში ვინახავდი, შემდეგ კი ოჯახს გადავეცი.

მას შემდეგ რამდენიმეჯერ დავფიქრებულვარ_ მამუკა რომ წინ არ წასულიყო, ბრძოლა თავის თავზე არ მიეღო, ჩვენც არ ვიქნებოდით დღეს ცოცხლები. მისმა ბრძოლამ დრო მოგვაგებინა და თან, წინდახედული გაგვხადა_ ბევრს მაშინ სისხლი გვიდუღდა და ემოციები გვმართავდა; ომში კი ემოცია, მებრძოლის მეგობარი ნამდვილად არ არის!

თითქმის 30 წელი გავიდა და მამუკა და ის ბიჭები ჯერ კიდევ აფხაზეთში არიან, ვერ მოხერხდა მათი გადმოსვენება. ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს, იქაურობას იცავენ, ამაგრებენ.. თითქოს, მამუკა, აფხაზეთში, ჩვენი მიწის მცველად, მეციხოვნედ დარჩა და ჩვენ დაბრუნებას ელოდება, რომ ქედი მოვიხაროთ იქ დაკრძალული ჩვენი გმირი ჯარისკაცების ხსოვნის, მათი გმირობის წინაშე და სანთელი ავანთოთ იმ წმინდა, მათი სისხლით მორწყულ მიწაზე, რომელიც გულზე აყრიათ..."

ლეიტენანტ მამუკა კობალაძეს, 1994 წლის 4 დეკემბერს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი ქუჩა, მამუკა კობალაძის სახელს ატარებს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.02.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0