სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11172

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
სამეფო ოჯახი
ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე, სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანის მეუღლე, 1816-82წწ  გარდ. 66 წლის. სამეგრელოს დედოფალი, წარმომავლობა სოფ. წინანდალი თელავი. ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე, სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანის მეუღლე, 1816-82წწ  გარდ. 66 წლის. სამეგრელოს დედოფალი, წარმომავლობა სოფ. წინანდალი თელავი.

1816-1882 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

სამეფო ოჯახი

გვარი დადიანი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

548       ბეჭდვა

ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე, სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანის მეუღლე, 1816-82წწ  გარდ. 66 წლის. სამეგრელოს დედოფალი, წარმომავლობა სოფ. წინანდალი თელავი.

ეკატერინე ჭავჭავაძე (დ. 19 მარტი1816 ― გ. 13 აგვისტო1882) — სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი; ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.

ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარ-ფაშამ სცადა ლეჩხუმში, მურის ციხეში გახიზნულ სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება და სთავაზობდა მას სამეგრელოს მმართველობას. მაგრამ ეკატერინე დადიანი რუსეთის ერთგული დარჩა, შეუდგა სახალხო თავდაცვის ოგრანიზებას და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე; პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს „სტატს დამის“ წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს.

1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს „დროებით“ მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში. ეკატერინე დადიანმა შემოუნახა შთამომავლობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული.




მეუღლე დადიანი დავით ლევანის ძე 1812-1853წწ რუსეთის გენრალი სოფ. ჭაქვინჯი ზუგდიდი სამეგრელო


ეკატერინე ჭავჭავაძეს ხშირად ახასიათებდნენ როგორც ამაყ, თვითდაჯერებულ, მკაცრ და მომთხოვნ ქალბატონს. გუბერნატორი ნ. მურავიოვი შემდეგნაირად აღგვიწერს მას:


არისტოკრატული მისწრაფება ეკატერინეს ბავშვობიდანვე ეტყობოდა. იგი ძალიან ლამაზ გოგონად ითვლებოდა, მაგრამ მის ბუნებაში ფიცხი ხასიათი მუდამ სჭარბობდა. იგი ყოველთვის დახვეწილი და უკარება გახლდათ; იშვიათად იცინოდა. სიფიცხის გამო "პრინცესას"ვეძახდი და ვუწინასწარმეტყველე, რომ სადედოფლო ტახტზე ავიდოდა, რაც ნამდვილად აუხდა.

ეკატერინე ჭავჭავაძე




მამა ალექსანდრე ჭავჭავაძე 1786-1846წწ პოეტი რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. წინანდალი თელავი


ეკატერინე თბილისში 1815 წლის 19 მარტს დაიბადა. მამამისმა, ალექსანდრემ, ეს სახელი საკუთარი ნათლიის, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს პატივსაცემად დაარქვა. პირველადი განათლების მიღების შემდეგ ეკატერინე შეიყვანეს სანკტ-პეტერბურგის გამორჩეულ პანსიონში, რომელიც პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას ეკუთვნოდა. უფროსი დის, ნინოს მსგავსად, ეკატერინე თავის მომავალ ქმარს, დავით დადიანს - საქართველოს ერთ-ერთი სამთავროს, სამეგრელოს ტახტის მემკვიდრეს და შემდგომში მის მთავარს - სწორედ ახვერდოვას სასწავლებელში შეხვდა, სადაც დავითი ეკატერინეს სილამაზემ, მოხდენილობამ, ნიჭმა და გონიერებამ იმთავითვე მიიზიდა.





და ნინო ჭავჭავაძე 1812-1857წწ

ეკატერინე ჭავჭავაძეს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა მანამდეც, სანამ 1839 წელს დავით დადიანს მისთხოვდებოდა და გათხოვების შემდეგაც. ერთ-ერთი მათგანი იყო მისი ბავშვობის მეგობარი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკატერინე გულით ატარებდა სათუთ გრძნობას მის მიმართ და პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეში გადამწყვეტი როლი სწორედ მან შეასრულა. ბარათაშვილმა, რომელიც 1844 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, ეკატერინეს გადასცა თავისი ლექსებით სავსე რვეული და მასაც ეს რვეული მუდამ თან დაჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც თავის შვილებთან ერთად სანკტ-პეტერბურგში და მოგვიანებით ევროპაში ცხოვრობდა (1850-1860-იან წლებში). როდესაც ახალგაზრდა პოეტი ილია ჭავჭავაძე ეკატერინეს სანკტ-პეტერბურგში ეწვია, მან ილიას ეს რვეული უჩვენა. ილიამ მყისვე შეაფასა ახალგაზრდა პოეტის ნიჭი და ძალისხმევა არ დაიშურა, რათა პოეტის ლექსები სიკვდილის შემდეგ მაინც გამოქვეყნებულიყო. ეკატერინეს კიდევ ერთი ცნობილი თაყვანისმცემელი გახლდათ ესპანეთის ელჩი, ჰერცოგი დ’ოსუნა, რომელიც მას პირველად 1857 წელს სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე II-ის კორონაციაზე შეხვდა.


ზოგიერთ შემთხვევაში ეკატერინეს ხასიათის სიმტკიცე ოჯახის მიმართ მის ერთგულებაშიც ვლინდებოდა. იგი მუდამ პატივისცემით ეპყრობოდა და იცავდა დადიანების ოჯახისა და სამეგრელოს პრესტიჟს, ჯერ როგორც თავადი დადიანის მეუღლე და შემდგომ როგორც დედოფალი; თავისი მდგომარეობა მან სამეგრელოს რეგიონში დასავლური ღირებულებების დანერგვას მოახმარა; ის მოსახლეობის განათლებასა და სამეგრელოს ტერიტორიის დაცვაზე დღენიადაგ ზრუნავდა, ხოლო თავადი დადიანის ფრიად შთამბეჭდავი ბიბლიოთეკის დაცვასა და შენარჩუნებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.


დავით დადიანი

დავით დადიანი

ადრეული წლები სამეგრელოში

ეკატერინეს ქმარმა, დავით დადიანმა (1813-1858), რომელიც სამეგრელოს მმართველი 1840 წელს, მისი მამის, ლევან დადიანის, გარდაცვალების შემდეგ გახდა, თავის სამთავროში ინვესტიციების მოზიდვის მცდელობასა და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად პროგრესული რეფორმების მთელი სერია განახორციელა. იგი კულტურულ, მეცნიერულ და საგანმანათლებლო საქმიანობაშიც ღრმად იყო ჩართული. მაგალითად, 1838 წელს დავითი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი დადიანების მუზეუმისა სამეგრელოს მთავარ ქალაქში - ზუგდიდში. მანვე გამოიჩინა არქეოლოგიური გათხრების დაწყების ინიციატივა ნოქალაქევში, სამეგრელოს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მითიური ქალაქი "აია" მდებარეობდა და საიდანაც, გადმოცემით, არგონავტებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს.


თავდაპირველად დადიანების წყვილი ბედნიერი იყო, მაგრამ მალე, სწრაფი მონაცვლეობით, სამი მცირეწლოვანი შვილის სიკვდილი დაატყდათ თავს. ამ ტრავმამ ეკატერინეზე დიდად იმოქმედა; მან მოსვენება დაკარგა და ზუგდიდის სასახლეში ცხოვრებას ერიდებოდა; სიმშვიდის მოსაპოვებლად საქართველოში მოგზაურობა დაიწყო. მშფოთვარე გონების დასამშვიდებლად დავითმა ეკატერინეს სთხოვა სასახლის ბაღები თავიდან დაეპროექტებინა; წყვილმა მებაღეები უცხოეთიდან მოიწვია: შემოიტანეს ეგზოტიკური მცენარეების სახეობები და სამ თვეში ბაღი სამოთხის ბაღად გადააქცა. მცირეოდენი ხნის შემდეგ, 1853 წელს, მათი ვაჟი ნიკო დადიანი (რუსეთის ხელმწიფე ნიკოლოზ I-ის ნათლული) დაიბადა; მას ძალიან მალე სხვა დედმამიშვილები: ანდრია, სალომე და თამარი მოჰყვნენ.


1853 წლის აგვისტოში 42 წლის ასაკში დავითი მალარიით დაავადდა, ერთი თვე იავადმყოფა და გარდაიცვალა. ამ დროისათვის ეკატერინე 37 წლის იყო. რამდენადაც დავითის მემკვიდრე, ნიკო დადიანი საკმაოდ ახალგაზრდა იყო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ძალაუფლება ჩაებარებინა, სამეგრელოს დე ფაქტო მმართველი და დედოფალი ეკატერინე გახდა. მან დავითის მეგობარი, პლატონ იოსელიანი, მთავარ მრჩევლად დანიშნა. პლატონი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებაში და ბავშვების მეურვეობაც ითავა. ეკატერინე აგრძელებდა დავითის მიერ დასახული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას, რომლის ქვაკუთხედს ურჩი ფეოდალებისა და ამპარტავანი მღვდლების დაშოშმინება და ეკლესიის შემოსავლების კონტროლი წარმოადგენდა.


ომი თურქეთთან

1853 წელს ყირიმის ანუ რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. 1854 წელს, აფხაზეთში შეჭრის შემდეგ, თურქები სამეგრელოსაკენ გაეშურნენ. ომარ ფაშა, თურქების სამხედრო მეთაური, ზუგდიდიდან 20 კილომეტრის მანძილზე დაბანაკდა; მის მიზანს სამეგრელოდან, ქუთაისის გავლით, თბილისში ჩასვლა წარმოადგენდა. ეკატერინემ სამხედრო დახმარებისათვის რუსეთს მიმართა, მაგრამ დახმარების პერსპექტივა არ ჩანდა, რადგან რუსეთი უკვე ორ ფრონტზე იბრძოდა – თურქებისა და, კავკასიის მთებში, შამილის წინააღმდეგ. ამგვარად, თურქების შეტევის ადრეულ ეტაპზე სამეგრელო ალალბედს იყო მინდობილი.


1855 წლის 5 ოქტომბერს გრიგოლ ორბელიანი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის ნათესავი იყო, და მისი ჯარისკაცები რუხის ციხის შეტევაზე გადავიდნენ და ომარ ფაშას მეომრები აიძულეს, უკან დაეხიათ. რუხის ციხეზე შეტევის დაწყებამდე ეკატერინემ რუსთა ჯარის მხედართმთავარს ასეთი სიტყვებით მიმართა: " მე მზად ვარ თურქების წინააღმდეგ ოპერაცია დავიწყო. თქვენს ბრძანებას ველოდები, მაგრამ თუ არ დამეხმარებით, მაშინ არმიას მე თვითონ გავუძღვები. ან ჩემს მხარეს მტრისაგან გავანთავისუფლებ ან ბრძოლაში მოვკვდები. ჩვენი სამშობლოსათვის მშვიდად დავიხოცებით."


როდესაც თურქების არმია სამეგრელოსაკენ დაიძრა, ეკატერინე მოსახლეობას ამხნევებდა და თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. მთელი მოსახლეობა ჩაება თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. გლეხებისა და დიდგვაროვანთა შენაერთები დაცვაში გვერდიგვერდ იბრძოდნენ. დამცველთა რიგებში იყვნენ პარტიზანული შენაერთები, რომლებსაც დადიანების ყოფილი ყმა უტუ მიქავა წინამძღოლობდა. ეკატერინემ მეგრელთა ძალები ორ ნაწილად - კავალერიად და ქვეითებად დაყო, რომლებსაც გრიგოლ ორბელიანი და კონსტანტინე დადიანი უძღვებოდნენ. ამასობაში, 1855 წლის 15 ნოემბერს, რუსების ჯარმა ყარსი დაიპყრო და მოგვიანებით, გუბერნატორ მურავიოვის ბრძანების საფუძველზე, ეკატერინეს დახმარება გაუწიეს. გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც თავად ეკატერინე ხელმძღვანელობდა, ნოქალაქევის ციხე-სიმაგრესთან შედგა და თურქეთის არმიამ საშინელი დამარცხება განიცადა.


სამეგრელოს დაკარგვა

1857 წლის გაზაფხულზე სამეგრელოს რეგიონი განთავისუფლდა და დედოფალმა ყურადღება გადამწვარი სასახლის აღდგენაზე გადაიტანა. მას მშენებლობა რიგიანად დაწყებულიც კი არ ჰქონდა, როდესაც მოსკოვში მეფე ალექსანდრეს (მეფე ნიკოლოზ I-ის ვაჟი) კორონაციაზე მიიწვიეს. კორონაციის შემდგომ ალექსანდრემ ეკატერინე წმინდა ეკატერინეს ჯვრის ორდენითა და რვაქიმიანი ვარსკვლავის ორდენებით დააჯილდოვა იმ წვლილისათვის, რომელიც მან თურქების დამარცხების საქმეში შეიტანა. მას აგრეთვე წმინდა ანდრიას ორდენი და წმინდა გიორგის ბრინჯაოს მედალიც მიანიჭეს.


მთელი ეს თვალშისაცემი პატივისცემა, რეალურად, ფარული პოლიტიკური მიზნების შესანიღბად იყო გამიზნული. კორონაციის ცერემონიალის შემდეგ ახალი ხელმწიფის წარმომადგენლებმა ეკატერინეს შვილები პეტერბურგში მიიწვიეს, რათა იქ განათლება მიეღოთ, იმ ვარაუდით, რომ ეკატერინეც შვილებთან ერთად დარჩებოდა და, შესაბამისად, სამეგრელოს მართვას თავს მიანებებდა, რასაც არავითარ სხვა შემთხვევაში არ იზამდა. თვით სამეგრელოში კი იგი სულ უფრო და უფრო არაპოპულარული ხდებოდა. მისი პრიორიტეტები, სასახლისა და მის გარშემო მდებარე ბაღების რეკონსტრუქციის ჩათვლით, მოსახლეობის ძირეულ მოთხოვნილებებს არ შეესაბამებოდა. მართლაც, გამგზავრების წინ მან დავით ჩიქოვანს, თავისი საცხოვრებელი სახლის მმართველს, უთხრა კიდევაც: "ყველა, რამდენადაც შესაძლებელია, თავს მარიდებს და სურთ, რომ სამეგრელოს მართვაზე ხელი ამაღებინონ, მაგრამ ჩემს კუთხეს არასოდეს არ მივატოვებ. არავის ძალუძს ჩამომართვას უფლება, რომელიც ღვთისა და მეფისაგან მაქვს ნაბოძები; მაგრამ ყველაფერი სულ უფრო და უფრო რთულდება. ახლა ის ადამიანებიც კი მღალატობენ, რომლებსაც მეგობრებად და ნათესავებად მივიჩნევდი"


ეკატერინე გულისხმობდა აჯანყებას, რომელმაც სამეგრელოში 1857 წელს იფეთქა და ამ ჯანყის მიზანს არა მხოლოდ დედოფლის ჩამოგდება, არამედ გლეხების ბატონ-ყმობისაგან განთავისუფლებაც წარმოადგენდა. ეკატერინეს რუსეთში ყოფნის პერიოდში სამეგრელოში პოლიტიკური ვითრება სულ უფრო მეტად მწვავდებოდა, ხოლო ოპოზიციის დათრგუნვის ცდები, უშედეგო აღმოჩნდა. ეკატერინე, მისი და ნინო ჭავჭავაძე და კონსტანტინე დადიანი დაბრუნდნენ სანკტ-პეტერბურგიდან და აჯანყებულებთან მოლაპარაკებები გამართეს.


რუსებმა ეს ყოველივე მორიგ პოლიტიკურ შანსად აღიქვეს. ამ პერიოდში საქართველოს სხვა რეგიონები (ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია) რუსთხელმწიფის მიერ უკვე გაუქმებული იყო და ნახევრადავტონომიურ სტატუსს მხოლოდ სამეგრელო ინარჩუნებდა. აჯანყებით გამოწვეული ხმაური რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს რეგიონის მაქინაციური გზით გაუქმების წინაპირობად გამოიყენა. რუსმა სამხედრო ოფიცრებმა გენერალი ალექსანდრე ბარიატინსკი დაარწმუნეს, რომ დადიანების ოჯახის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება უსისხლოდ შეიძლება დამთავრებულიყო, თუკი ეკატერინე ტახტიდან გადადგებოდა. ამის საპასუხოდ, ბარიატინსკიმ თხოვნით მიმართა ახალ მეფეს, რათა მას ეკატერინე სანკტ-პეტერბურგში გაეწვია, ხოლო სამეგრელოში უშუალოდ რუსული მმართველობა დაემყარებინა.


1857 წლის 1 აგვისტოს, გენერალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ სამეგრელოში რუსული არმია გააგზავნა. ამავდროულად, მან აცნობა ეკატერინეს, რომ რუსეთის მეფის ეგიდით სამეგრელოში შეიქმნებოდა საბჭო, რომელიც ნიკო დადიანის სრულწლოვანებამდე ამ რეგიონის მართვას უზრუნველყოფდა.


მიხვდა რა, რომ მის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ძალები იყო ამოქმედებული, ეკატერინე რუსეთს გაემგზავრა და სანკტ-პეტერბურგში დასახლდა; მას ცარსკოე სელოში, პეტრე ბაგრატიონის მშვენიერი მამულის ერთ-ერთ ნაწილში საზაფხულო აგარაკიც გამოუყვეს. გარკვეულწილად, ფუფუნებაში მყოფ ეკატერინეს, მალე სტუმრად ჩამოსული უამრავი რუსი და ქართველი არისტოკრატის, გენერლის, ოფიცრის, მწერლისა თუ მხატვრის მასპინძლობა მოუწია..


სანკტ-პეტერბურგსა და ევროპაში გატარებული წლები

ეკატერინეს პეტერბურგში ჩასვლისთანავე, მის თავს ტრაგედია დატრიალდა – ათი წლის ქალიშვილი თამარი, სერიოზულად გაუხდა ავად. მკურნალმა ექიმებმა ურჩიეს, რომ იგი თბილ ქვეყანაში წაეყვანათ, და ეკატერინემაც დაუყოვნებლივ, იტალიაში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ, სამწუხაროდ, თამარი გამგზავრებამდე გარდაიცვალა. ეს ტრაგედია ეკატერინესათვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა იმის გამო, რომ მას არ შეეძლო ბავშვი უკანასკნელ გზაზე, საქართველოში გაეცილებინა.


1861 წელს, ეკატერინემ დრეზდენსა და პარიზში იმოგზაურა, სადაც ნაცნობობა განაახლა ჭავჭავაძეების ძველ მეგობარ ალქსანდრე დიუმასთან. დიუმასთან ურთიერთობის შედეგად ეკატერინემ უამრავი გავლენიანი ფრანგი მეგობარი შეიძინა და, ამგვარად, ერთხანს პარიზში დარჩენა და იქ ცხოვრება გადაწყვიტა.


რუსთა ხელმწიფემ ეკატერინეს ვაჟს, ნიკო დადიანს, სამეგრელოს თავადის ტიტული ფორმალურად შეუნარჩუნა მანამ, სანამ 1867 წელს იგი სრულწლოვანებას მიაღწევდა; ამ პერიოდისათვის ეკატერინე და ნიკო საქართველოში დაბრუნებას გეგმავდნენ. თუმცა 1866 წელს მეფემ ეკატერინე და ნიკო პარიზიდან სანკტ-პეტერბურგში გამოიძახა, რათა ნიკო დაერწმუნებინა, რომ ხელი აეღო იმ უფლებებზე, რომელიც მას სამეგრელოში გააჩნდა; მეფეს ამ რეგიონის დამოუკიდებლობის გაუქმება და მეზობლად მდებარე ქუთაისის მაზრაში გაერთიანება სურდა. ეკატერინე შეეცადა, მეფე დაერწმუნებინა, რათა ეს გადაწყვეტილება შეეცვალა, მაგრამ უარი მიიღო. სამეგრელოს ბოლო თავადი დათხოვნილ იქნა, ხოლო მისი სათავადო 1867 წელს გაუქმდა. ამგვარად, ეკატერინე და ნიკო დადიანები პარიზიდან დაბრუნდნენ, მაგრამ ამჯერად იმედდაკარგულნი, რომ ოდესმე სამეგრელოში მმართველი ოჯახის სტატუსით დაბრუნდებოდნენ. ნიკო დადიანმა ტახტზე თავისი უფლებები ოფიციალურად 1867 წელს დათმო.


1866 წელს მისი ქალიშვილი სალომე 18 წლის გახდა. ეკატერინემ სალომეს დაბადების დღეზე საფრანგეთის დედოფალი ევგენია დაპატიჟა. საპასუხოდ, დედოფალმა დადიანების ოჯახი ლუვრის სასახლეში მიიწვია, სადაც სალომე საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის დისწულს, აშილ მიურატს შეხვდა, რომელმაც ძალიან მალე მას ხელი სთხოვა. მათი ქორწილი 1868 წელს სამეფო სასახლის ეკლესიაში შედგა, ხოლო საზეიმო მიღება ლუვრის სასახლეში მოეწყო. თამადობა ეკატერინეს ძმას, დავით ჭავჭავაძეს, დაევალა, რომელიც სპეციალურად ამ დღისათვის, თბილისიდან ჩავიდა. ერთი თვის შემდგომ, დადიანები და მათი სიძე, აშილ მიურატი, საბოლოოდ დაბრუნდნენ საქართველოში.


გვიანდელი წლები

რაც შეეხება დადიანების სხვა შვილებს, ნიკომ გრაფ ადელბერგის, რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ქალიშვილი შეირთო ცოლად. გრაფი რუსეთის ხელმწიფის ბავშვობის მეგობარიც გახლდათ. 1874 წელს ანდრო დადიანმა, ეკატერინეს მეორე ვაჟმა, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ცნობილი მოჭადრაკე გახდა. 1897 წელს "ბრიტანეთის საჭადრაკო ჟურნალში" დაბეჭდილი სტატია ენთუზიაზმით გვამცნობს, რომ "დადიანის, სამეგრელოს დიდგვაროვანის საჭადრაკო პარტიები დიდებულია; ისინი საჭადრაკო ლიტერატურაში შედევრების ადგილს დაიმკვიდრებენ "


საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინემ განსაკუთრებული ზრუნვა საგვარეულო ბიბლიოთეკისა და ხელნაწერებისადმი გამოიჩინა. მან აგრეთვე წვლილი შეიტანა შოთა რუსთაველის კლასიკური პოემის, "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ ენაზე თარგმნაში. მაგრამ, მრავალმხრივი ინტერესების მიუხედავად, ეკატერინეს მაინც ენატრებოდა სამეგრელოს დედოფლის სტატუსი, ხოლო წლების მომატებასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემებიც მოუმრავლდა. მისი ცხოვრების გვიანდელი პერიოდის წერილები შეიცავენ დარდიან ფიქრებს საკუთარი თავის, იმედებისა და ჟამთასვლის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთ წერილში იგი აღნიშნავს, რომ " ბედნიერება მუდამ ხანმოკლეა. ადამიანი ხის ნაფოტია იმ ხიდან, რომელსაც ცხოვრების ხეს ვუწოდებთ". სხვა წერილში ვკითხულობთ: "მართალია, მუდამ უცნაური ვიყავი. [მაგრამ] ჩემი უცნაურობა ის იყო, რომ ვიყავი სუფთა, გულწრფელი და პატიოსანი. გულწრფელობისა და პირდაპირობის გარეშე ქვეყანას თავდაუზოგავად ვერ მოემსახურები. ეგოიზმი ჩემთვის მუდამ მიუღებელი იყო".


შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ სიტყვები, რომელსაც ეს რკინისებური ქალი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების გადმოსაცემად იყენებს, ამგვარად ჟღერს: "ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო, რადგან სიყვარული ნამდვილად არსებობს. ცხოვრება და სიყვარული - ეს ორი უდიდესი ძალა განაგებს სამყაროს. ეს ძალები საზოგადოების ისტორიას წერენ; ეს ორი ფაქტორი ებრძვის სიკვდილსა და სიძულვილს. სიყვარული სიკეთის მამოძრავებელია, ხოლო სიძულვილი ბოროტებას ამოძრავებს. ცხოვრება ლამაზია, რადგან სიკეთე ამარცხებს ბოროტებას. სიყვარულის ნიჭი ყველაზე დიდი ნიჭია, რომელიც კი ღმერთმა შეიძლება უბოძოს ადამიანს."


ეკატერინე ჭავჭავაძე 1882 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი მარტვილის დედათა მონასტერში, თავისი მეუღლის გვერდით დაასაფლავეს; შთამომავლობა მას იხსენებს, როგორც პატრიოტსა და პიროვნებას, რომელშიც სილამაზე, ნიჭიერება და ძლიერი ნებისყოფა უნიკალურად იყო შერწყმული.


შემდეგი >

ბიბლიოგრაფიული წყაროები:


ბოროზდინი, კონსტანტინე. სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861 თბილისი: სახელგამი, 1934.

მეუნარგია, იონა. დები ჭავჭავაძეები. ურნ.: ამარტა 7, თბილისი, 2002.

ჩიქოვანი, იური. თავადი ჭავჭავაძეები. თბილისი: არტანუჯი, 2002.

ჭილაია, სერგი. ეკატერინე ჭავჭავაძე.თბილისი: მერანი, 1992.

Думин, С. В. и Чиковани, Ю. К., ред. Дворянские роды Российской Империи. т.6. Москва: Ликоминвест. 1998.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.09.2021
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 6





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0