ამირან შაშიაშვილი დაბადა 14 მაისი 1962 წელს ქუთაისში
ისტორია, რომელიც ომის ქრონიკასთან ერთად სიკეთის გაკვეთილიცაა, ქუთაისელ ამირან შაშიაშვილს ეკუთვნის. 30 წლის მეომარი თავგანწირვით ებრძოდა მტერსა და სიკვდილს აფხაზეთის ომში. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა კი სულ სხვას მოუხდა, კაცს, რომელსაც მტრის სახელი უფრო ჰქონდა, ვიდრე მოყვასის. მძაფრი დღეების მნახველი ვეტერანი ახლა სულ სხვა რეალობაში ცხოვრობს. ეზოში გვერდებშეჭეჭყილი მანქანა დგას, რომელსაც ამირანმა პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს. ეს მისი შეძენილი ხელობაა ომის შემდეგ, რაც არსებობაში ეხმარება. მის ცხოვრებასთან განუყოფელი კი ის საქმეა, სამშობლოს მცველის სახელი რომ დაარქვა.
გაგრის ბრძოლების შემდეგ ამირან შაშიაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ამის შესახებ ადგილობრივ გაზეთშიც კი გამოქვეყნდა. თანამებრძოლებმა ოჯახს ამბავი ჩამოუტანეს, ამირანი გაგრის ბრძოლებში დაიღუპა და იქ დავტოვეთო. დაღუპულების გამოყვანას მართლაც ვინ აუვიდოდა, უკანდახეულ მეომრებს ჯერ დაჭრილებისთვის უნდა მიეხედათ. ომში დაკარგულ მებრძოლს სიმბოლური საფლავი გაუკეთეს, ოჯახი გლოვობდა... ერთ დღესაც, აფხაზეთიდან წერილი მოვიდა, ცოცხალი ვარ, ჩემზე არ იდარდოთო, იტყობინებოდა ამირანი. მეუღლის ხელწერა და სიტყვათა წყობა მაშინვე იცნო ქალბატონმა ზიზიმ, მაგრამ თვითმხილველთა ნათქვამი უფრო სარწმუნოდ მოეჩვენა და გლოვა განაგრძო. ამ დროს ამირანი შინ დასაბრუნებლად იბრძოდა. მრავალი მცდელობის შემდეგ მართლაც დაბრუნდა. თუმცა დაბრუნება ადვილი არ იყო. ალბათ, წარმოუდგენელიც, მაგრამ ღმერთმა ასე ინება.
27 წლის შემდეგაც მძიმედ მოსაგონარია ამბავი, რომელიც ამირან შაშიაშვილს აფხაზეთის ომში გადახდა, მაგრამ მაინც მოგვიყვა, მოგვიყვა ნაწილ-ნაწილ და პაუზებით.
ამირან შაშიაშვილი: „საბჭოთა ჯარიდან სერჟანტის წოდებით დავბრუნდი. როგორც რეზერვში მყოფი, ომში ქუთაისის კომისარიატმა გამიწვია. 21-ე ბრიგადის რეზერვისტთა ბატალიონში ჩავირიცხე. ჯერ ორკვირიანი შეკრება გავიარეთ წყალტუბოში. ამის შემდეგ 120 კაცი სოხუმში ჩავფრინდით, სადაც ორი დღე დავრჩით. მეორე მსოფლიო ომის გმირი, მელიტონ ქანთარია მაშინ ცოცხალი იყო. ჩვენთან მოვიდა და გაგვამხნევა. გვითხრა, არ შეგეშინდეთ, ბიჭებო, ბრძოლაში შიში უარესიაო. ორი დღის შემდეგ 20 კაცი ლესელიძეში გადაგვაფრინეს. ვერტმფრენს ზაურ ონიანი მართავდა, რომელსაც ქუთაისიდან ვიცნობდი. გვერდით დამისვა. როგორც კი ავფრინდით და ზღვას თავზე მოვექეცით, დავინახე, ჩვენკენ ჭურვი მოფრინავდა, გემიდან გვესროლეს. აიცილა ზაურმა და სოხუმისკენ შემობრუნდა. როცა შებინდდა, ისევ ავფრინდით და დაბლა-დაბლა მივფრინავდით. მეორე მცდელობაზე გაგვიმართლა, ლესელიძემდე მშვიდობიანად ვიფრინეთ, მფრინავმა ვერტმფრენი სტადიონის თავზე, ჰაერში ჩამოჰკიდა, არ დაფრენილა, რის გამოც სიმაღლიდან მოგვიხდა გადმოხტომა. თვითონ კი უკან სულ სხვა მიმართულებით დაბრუნდა, რადგანაც მთელი გზა აფრთხილებდნენ, იმავე გზით არ დაბრუნდე, ჩამოგაგდებენო.
ლესელიძიდან გაგრისკენ დავიძარით. ორი დღე ვუტევდით მოწინააღმდეგეს და უკან დავხიეთ. ორი დღის შემდეგ კი ჯერ დაგვბომბეს და მერე რუსების ტექნიკა წამოვიდა. საუბარზე ვატყობდით, რუსები რომ იყვნენ. ბრძოლები ძალიან ახლოს გვქონდა. სამ დღეში გაგრა კიდეც დაეცა. უკან რომ ვიხევდით, ცეცხლმოკიდებულ სახლში პატარა ბავშვი დავინახე, სარეცხ მანქანაზე ეკიდა ხელი და თავს ისე იკავებდა. თან განწირული ხმით ტიროდა. სახლში შევვარდი, დედ-მამა დამწვარი ეყარა. ვეცი ბავშვს და გამოვიყვანე. მეუბნებოდნენ, დატოვეო. შემეცოდა, ძალიან პატარა იყო, ხელს რომ ვუშვებდი, იქცეოდა. აფხაზების სახლში შევიყვანე, სადაც ასაკოვანი ხალხი დამხვდა, დავსვი და უკან გამოვიქეცი.
ცხვირიანი ავტობუსები მოდიოდა და ბიჭები მოჰყავდა, მაგრამ ერთი იმდენი გვაკლდებოდა. მანათობელი ბომბები ჰქონდათ, რაც უნდა გესროლა, ვერ აგდებდი... გვეღუპებოდნენ ბიჭები და ვტოვებდით, მათი გამოყვანის არც დრო გვქონდა და არც თავი. სანაპიროზე სამკუთხედი გავაკეთეთ, მტერი მოვიქციეთ და ორი-სამი საათით შევაჩერეთ. მაგრამ ძალიან მოგვაწვნენ და ლესელიძისკენ დავიწყეთ უკანდახევა. სტალინის აგარაკებთან ვიყავი ჩამჯდარი. გასროლის ხმა გავიგე და მაშინვე თავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ტყვია პირდაპირ შუბლში მომხვდა. ჩვენს ბიჭებს დაჭრილები კი გამოჰყვადათ, მაგრამ რომ დაინახეს, თავში ვიყავი დაჭრილი და გაუნძრევლად ვეგდე, ვინ იფიქრებდა, რომ ცოცხალი ვიყავი?! დამტოვეს და სახლში ჩემი დაღუპვის ამბავი ჩამოიტანეს“.
გადარჩენა
ამირან შაშიაშვილი: „ერთი ახალქალაქელი სომეხი ბიჭი ომის დაწყებამდე მამიდასთან სტუმრად ყოფილა და შემორჩენილა. ჩემს ბედად, იმას შეუმჩნევია, რომ ვსუნთქავდი. მამიდას სახლში გადამიყვანა. მიმკურნალა, წელიწადი და სამი თვე ოჯახის წევრივით ვყავდი. ამ ხნის განმავლობაში ტყეში გავდიოდი ხოლმე და გვიან ღამით ვბრუნდებოდი. ხან ტყეშიც ვრჩებოდი, რადგანაც მეზობლები ხშირად შემოდიდოდნენ. მარტო მე კი არა, ის ოჯახი ბევრ ქართველს დაეხმარა. ბოლოს გაუგეს და სახლი გადაუწვეს. მაგარი ტყე აქვს აფხაზეთს, ყურძენი, ხურმა, მსხალი... როცა ტყეში ვიყავი, მთელი დღე ხილით გამქონდა თავი. კარგად რომ შევიძელი სიარული და მხედველობაც დამიბრუნდა, მასპინძელს ვუთხარი, აქ გაჩერება აღარ შემიძლია, აქედან მომაშორე-მეთქი. ძველი ნავი ნახა, რომლითაც კატერი ავაწყვეთ და ზღვაზე ჩავიტანეთ. ცხრა ლიტრი ბენზინი მქონდა. ორიენტირით ფოთისკენ მოვმართე. როგორც კი ზღვაში ასი მეტრი გავიარე, დაახლოებით ორასი მეტრიდან სანაპირო დაცვამ დამანათა და კატერით ჩემკენ გამოქანდა. ნაპირზე შევვარდი, კატერი მივატოვე და ტყე-ტყე ისევ იმ ოჯახში დავბრუნდი. კარგა ხანს ვეღარ მოვახერხე გამოსვლა. ჩემმა მასპინძელმა მისამართი გამომართვა, ადლერში ქართველები ნახა და იმათი ხელით ჩემებს წერილი გამოუგზავნა, რომ ცოცხალი გადავრჩი.
სანამ იმათთან ვიყავი, დანებს ვაკეთებდი და დრო ამით გამყავდა. ჩემმა მასპინძელმა რამდენჯერმე გასაყიდადაც წაიღო და ფული მომიტანა. ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, სოხუმი დაეცა, ომი დამთავრდა და საზღვარი გაიხსნაო. უნდა წამოვსულიყავი, სხვა გზა არ იყო, რადგან იქ გაჩერებაც აღარ შეიძლებოდა, ვიღაცა მაინც მომკლავდა. რამდენჯერმე მივადექი ფსოუს, მაგრამ ფონი ვერ ვნახე და ვერ გადავედი. ხან ხალხმრავლობა იყო, ბადე ჰქონდათ ჩაგდებული, ხან მანდარინი გადაჰქონდათ... ერთ დღეს, მეც მოვიგდე ზურგზე მანდარინით სავსე ტომარა და წამოვედი, სომეხმა ბიჭმა თავისი პასპორტი მომცა. ჩემთან ერთად ერთი ქალი მოდიოდა. მესაზღვრემ სურათს დახედა, მაგრამ წვერ-ულვაში ჩემი მასპინძელივით მქონდა მოშვებული და ვერ მიცნო. როგორც კი საზღვარს გადავედი, მოვისროლე ყველაფერი, პასპორტი კი იმ სომეხ ბიჭს უკან ჩემმა გამყოლმა ქალმა წაუღო. რამდენიმე დღეში იმავე პასპორტით გადმოვიდა თვითონაც, საქართველოში ადლერი-კოპიტნარის რეისით გადმოვფრინდით“.
დაბრუნების სიხარული
მეუღლე, ქალბატონი ზიზი: „რომ დაბრუნდა, ვერ გადმოგცემთ, ეს რა იყო... პირველად ბიძამისს უნახავს. სახლში შემოიჭრა, ამირანი მოვიდაო, ყვიროდა. ყველამ ვიცოდით, რომ მკვდარი იყო. არც იმ წერილის სისწორე დაგვიჯერებია, რადგანაც დაგვარწმუნეს, რომ ვიღაცას ფულის გამოძალვის განზრახვა ამოძრავებდა. გადი, კაცო, იქითო, ბიცოლამ უთხრა. ხუმრობის დროა ახლაო?! არა, მართლა მოვიდაო, ტირილი დაიწყო. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ამდენი ხალხი საიდან მოვიდა, არ ვიცი. ის სომეხი ბიჭი კი, რომლის სახელსა და გვარს ხმამაღლა ვერ ვამბობთ, ხუთი დღე დარჩა, სოფელში წავიყვანეთ, დავათვალიერებინეთ. ისე ეშინოდა, მგონი, ღამეც არ ეძინა. მომკლავენო, ამბობდა. იძულებული ვიყავი, თქვენ წინააღმდეგ მებრძოლა, დახვრეტით მემუქრებოდნენო“.
ახალ ცხოვრებასთან შეგუება
ამირან შაშიაშვილი: „ახალ ცხოვრებას ძალიან ძნელად შევეგუე, ვერ ვლაპარაკობდი, ენა მებმოდა. ისედაც ძალიან ცუდად ვიყავი. მერე ჯარში დამიძახეს და ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან, იქ უკეთესად ვიყავი. კავშირგაბმულობაში ვმსახურობდი, ჯერ მე-5 ბატალიონში, შემდეგ კი - 21-ე ბრიგადაში. 1994 წელს დალის ხეობაში გამაგზავნეს. გუჯარ ყურაშვილი იყო ჩვენი მეთაური. იქ შევხვდი დოდო გუგეშაშვილს. კარგად მახსოვს, „სტეჩკინი“ ჰქონდა. ვაჟკაცი ქალი იყო, როგორც ქარი, ისე დაფრინავდა. შემტევი იყო, წავედითო, იტყოდა და წინ ყოველთვის თვითონ მიდიოდა. ბევრ ჯარისკაცს მაგალითს აძლევდა.
ჯარის შემდეგ ავტობუსზეც ვმუშაობდი. ერთხელ ახალციხეში მოვხვდი, ვიკითხე ჩემი გადამრჩენელი, მაგრამ ვერავინ მიმასწავლა. იმის შემდეგ სულ ვეძებ იმ სომეხ ბიჭს, ალბათ, ოდესმე მაინც ვიპოვი“.
თხრობა დაასრულა ამირანმა და ამ ხნის განმავლობაში შეგუბებული ცრემლები ლოყაზე ღვარად ჩამოუვიდა. ძნელი იყო, მიმხვდარიყავი, რა ატირებდა მეომარს, ტკივილი, სიმწარე, დამარცხება, დაღუპული თანამებრძოლები, გაგრაში დატოვებული პატარა გოგონას გაურკვეველი ბედი, თუ ომში ნაგემი ის სიკეთე, რომელმაც მას გადარჩენისა და შინდაბრუნების გამარჯვება მოუტანა. თუ ყველაფერი ერთად?.. ეზოში კი კვლავ იდგა გვერდებშეჭეჭყილი მანქანა, რომელსაც ამირანი პირვანდელ სახეს უბრუნებდა. გონებით კი კვლავ იმ წარსულში იყო, საიდანაც არასოდეს დაბრუნებულა...
ზაირა მიქატაძე
https://www.facebook.com/385875728834079/photos/a.385908495497469/890291951725785/