ბესიკ მამიაური რიგითი დაიბადა 06 დეკემბერი 1988 წელი. გარდაიცვალა ერედვში 08 აგვისტო 2008 წელი
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1989 – 2008
ბესიკ გოგის ძე მამიაური დაიბადა 1988 წლის 6 დეკემბერს ქალაქ ახმეტაში. 2006 წელს დაამთავრა ახმეტის III საშუალო სკოლა. ჩაირიცხა თბილისის მრავალპრიფილიანი ჰუმანიტარული ინსტიტუტის თელავის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2007 წლის დასასრულს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. იმ დროს ბესიკი რუსთავის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმში ირიცხებოდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამხედრო სამსახურმა სამხედრო მოსამსახურე ბესიკ გოგის ძე მამიაური სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 2008 წლის 8 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალთან ახლოს, სოფელ ერედვში.
ჰყავს მშობლები და და-ძმა.
ილია შავერდაშვილი 1989-2008წწ გარდ. 19 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. ენისელი ყვარელი
გიორგი აბიათარი 1990-2008წწ. გარდ. სამაჩაბლო ცხოვრ. სოფ. ჯაფარიძე დედოფლისწყარო
ბესიკ მამიაურმა ბავშვობა ძირითადად ახმეტასა და თიანაეთში გაატარა. მშობლიური მიწის მადლმა და ჩვენი წინაპრების დაუდგრომელმა სულმა, ადრეული ასაკიდანვე გაუღვიძა ცნება სამშობლოს სიყვარულისა.
სკოლაში სწავლის პერიოდში გატაცებული იყო დეტექტიური ჟანრის ლიტერატურის კითხვით. ადვოკატობაზე ოცნებობდა, სწორედ ამიტომ ჩაირიცხა თბილისის მრავალპროფილიანი ჰუმანიტარული ინსტიტუტის თელავის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
პირველი კურსის პირველი სემესტრის გამოცდები არც კი ჩაებარებინა, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურმა უწია, სამშობლოზე, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი 2007 წლის 6 დეკემბერს აიყვანეს სამხედრო აღრიცხვაზე.
2008 წლის გაზაფხულზე, 27 მაისს ბესიკ მამიაური სამშობლოს სადარაჯოზე რიგით ჯარისკაცად ჩადგა. გაწვევიდან მესამე თვეს დაიწყო ის ავადსახსენებელი ომი. ომში ისე წავიდა მშობლებსა და ახლობლებს მერც კი გამოემშვიდობა.
... მეხის გავარდნას ჰგავდა ის ცნობა, რომ ბესიკი ცხინვალთან ახლოს, სოფელ ერედვში, მტრის ქვემეხმა იმსხვერპლა. ის 8 აგვისტოს დაიღუპა გმირულად. მისი სხეული იმდენად დაზიანდა იმ უბედური შემთხვევის გამო, რომ მშობლებს მისი ამოცნობა გაუჭირდათ.
დედის (დალი ჯაბანიშვილი) მოგონებიდან
(გაუგზავნელი წერილი...)
ჩემო საყვარელო შვილო ბესო, როგორ მენატრები ჩემო ანგელოზო. უკვე წელი და ოთხი თვე გავიდა iმ ავადსახსენებელი ომიდან, რომელმაც შენი ლამაზი სიცოცხლე შეიწირა. უკვე მეორედ მოვიდა შენი დაბადების დღე - 6 დეკემბერი უშენოდ. ძალიან მძიმე და მწუხარე იყო ეს დაბადების დღე. მას ხომ შენ აღარ ალამაზებდი შენი მხიარული სიცილით, შენი თბილი გულით. ძალიან გვიჭირს უშენობა. მენატრება შენი ხმის გაგონება, შენი მოფერება, ჩემო ბიჭო. შენ ხომ უსაზღვრო სითბოს იჩენდი ყველას მიმართ, განსაკუთრებით ჩემს მიმართ, ჩემო ვაჟკაცო. ვაი რა ძვირი დამიჯდა შენი ვაჟკაცობა, შენი სიცოცხლის ფასად, რომელიც მუდმივ ტკივილად იქცა და შეუშრობელ ცრემლად აქცია მთელი ჩემი ცხოვრება.
ნაადრევად წახვედი შვილო ამ ქვეყნიდან და ბევრი აუხდენელი ოცნება წაიღე თან. შენ ხომ მპირდებოდი, რომ საუკეთესო ადვოკატი გამოხვიდოდი. გინდოდა საამაყო კაცი ყოფილიყავი, ცოლ-შვილი გყოლოდა.
დილით, როცა უკანასკნელად გახვედი სახლიდან, ძალიან ბედნიერი ჩანდი. გაღიმებული გახვედი შენი ფეხით, ორი თვის შემდეგ კი შენი უსულო, დასახიჩრებული სხეული შემოასვენეს შენს სახლში. შენმა სიკვდილმა მოუშუშებელი ტკივილი, დარდი და უსაზღვრო მონატრება დაუტოვა შენს დას, ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.
ასეთმა პატარამ როგორ შეასრულე შენი მისია ამ ქვეყანაზე. ძალიან მენატრები შვილო, შენი სითბო და სიყვარული მენატრება. შენ რომ ხელს მომხვევდი და გულში ჩამიკრავდი, ყველა დარდი და ტკივილი მავიწყდებოდა. ამბობენ: ,,სიკვდილსაც კარგები უნდაო” და იმ კარგებში შენ ამოგარჩია. სამაგიეროდ მე ყველაზე უბედურ დედად მაქცია. ნეტავ როდის დადგება ის დღე, როცა შენთან წამოვალ. ილოცოს შენმა კეთილმა სულმა შენი და-ძმისათვის, მამისათვის, ახლობლებისა და მეგობრებისათვის.
ნათელში იყავით შენ და შენთან ერთად დაღუპული ვაჟკაცები, გოჩა, გიორგი, ილია. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს თქვენს სულებს.
კლასის ხელმძღვანელი (ქრისტინე ჯუგაშვილი)
ძნელია წარსულში ილაპარაკო ბესიკ მამიაურზე. საოცრად თბილი, გულწრფელი, უშუალო, ალალ-მართალი იყო. მახსენდება ერთი გაკვეთილი და ბესიკის საოცრად მეტყველი თვალები. ზამთრის პირი იყო და ძალიან ციოდა. გარეთ ცა მოქუფრულიყო. გაკვეთილს ვხსნიდი და ვგრძნობდი მოსწავლეები ჩემთან არ იყვნენ. მოულოდნელად კლასის კარი შემოხსნა გოგონამ. მას რატომღაც გაკვეთილზე დაჰგვიანებოდა. ნატოს წითელი ფერის მაისური, თხელი მოსასხამი და ფეხსაცმელი ეცვა. ისეთი ღიმილით შემოვიდა თითქოს გაზაფხულის სუნთქვა შემოიტანა. სიცივემ თითქოს ძალა დაკარგა. კარგად მახსოვს ბესიკის თვალებიდან გადმოღვრილი სითბო. მაშინ ის, ალბათ ყველაზე ბედნიერი იყო. ნატოს შემოსვლამ ყველა გაახარა. იმ რამოდენიმე ხალისიანმა წუთმა სრულიად შეცვალა საგაკვეთილო განწყობა. გაკვეთილმა გაკვეთილის სახე მიიღო და ყველაზე მეტად როგორც მასწავლებელი, მე დავრჩი კმაყოფილი.
ყველა სიკეთესთან ერთად იგი სპორტის ქომაგიც იყო. არ ჩატარებულა არც ერთი სპორტული შეკრება, მას რომ არ მიეღო მონაწილეობა.
ანკარა წყაროსავით სუფთა და წმინდა იყო. - ხაზი გაუსვა ქრისტინე მასწავლებელმა ჩვენთან საუბარში.
მოგეხსენებათ დამამთავრებელ კლასში როგორ აქტიურობენ ხოლმე მოზრდილი ბიჭები. ბევრს საიდუმლოებებიც უჩნდება. ამ მხრითაც გამორჩეული იყო ბესიკი. გაკვეთილის გაცდენის მიზეზს არასოდეს დამალავდა. მიუხედავად იმისა, რომ გარემო საკმაოდ მკაცრია, ახალსკოლადამთავრებულისათვის ის ისევ ისე თბილ და ყურადღებიან ბიჭად დარჩა. განსაკუთრებულად თბილი მეგობრობა იცოდა თანაკლასელებთან.
თანაკლასელი (ლევან ხიბლაშვილი)
ბესიკი არა მარტო თანაკლასელი და მეგობარი, მეზობელიც გახლდათ ჩემი. საბავშვო ბაღიდან სულ ერთად მოვდიოდით. ვიცი რითი სუნთქავდა სამშობლოსათვის თავგანწირული ბიჭი. კარგად მახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა. ახმეტის კომისარიატში ერთად დაგვიბარეს, სამედიცინო კომისიაც ერთად გავიარეთ. როდესაც კითხვა დაუსვეს, მზად ხარ წახვიდე ჯარში? - ის უყოყმანოდ დაეთანხმა. თითქოს გაბრაზდა კიდეც, რაღას მეკითხებითო?! მე, როგორც მისმა უახლოესმა მეგობარმა ვიცოდი, რომ კონტრაქტით უნდოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა. შეყვარებულიც იყო ბესიკი, მაგრამ ამ თემაზე ძალიან ერიდებოდა საუბარი.
მაია ლაგაზაური (ახმეტის III საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
,,მამულს გული უპირველეს ყოვლისა”
საქართველო ,,მებრძოლი შავის ბედისა” ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენი განათლებისა და რწმენის აკვანი, დღესაც ფეხზე დგას და მუდამ ფეხზე იდგება.
წარსულმა ომებმა ბევრი სისხლი შთანთქა ქართველებისა, ბევრმა ვაჟკაცმა დადო თავი, ბევრმა დაღვარა სისხლი, ბევრი დაეცა ბრძოლის ველზე სახელოვანი სიკვდილით. პირველნი ჭირში და უკანასკნელნი ლხინში. თავს წირავდნენ, გულ-მკერდს ზარბაზნებს უშვერდნენ.
გული სიამაყით მევსება როდესაც ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები მტერს მედგრად უხვდებოდნენ და ამხნევებდნენ. 1659 წელს როდესაც კახეთის მკვიდრმა ხალხმა ვერ აიტანა თურქმენების ჩამოსახლება, რომელნიც კახეთის მთასა და ბარს გადასახლებას უქადდნენ, აჯანყდნენ და ქვეყანა გაწმიდეს თურქმენებისაგან. ამ ბრძოლას სათავეში ედგა ბიძინა ჩოლოყაშვილი. მან საკუთარი სიცოცხლე ზვარაკად შესწირა სამშობლოს, სარწმუნოება არ გამოიცვალა და ნებით დაასრულა სიცოცხლე. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
იზრდებოდა, იზრდება და კვლავ გაიზრდება ქართველი ბიძინა ჩოლოყაშვილის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამასი არაგველის და მრავალი უსახელო გმირის მაგალითზე.
დღევანდელი რეალობა კი ქართველის განსაცდელია, რომელიც რუსეთმა განგების სახით დაგვატეხა თავს. მათი მოქმედება მართმადიდებელი ერის წინააღმდეგ არის მიმართული. ამგვარი აგრესია მონღოლებსა და თვით ფაშისტებსაც არ გამოუვლენიათ.
მამულის სიყვარული და მისი დაცვა ქართველ ერს სისხლში ღრმად აქვთ გამჯდარი და ,,ქუდზე კაცის დაძახებისას’’ შეძახილი ,,მამულს გული უპირველეს ყოვლისა’’ - ფეხზე დგება მთელი ერი. ერთმანეთის თანადგომა, სიყვარული აძლებინებდა უამრავი ქარტეხილის გადამტან ქართველობას.
ვიცით როგორ იბრძოდნენ, იმარჯვებდნენ და იღუპებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები მამულის დასაცავად.
იმ მწუხარებამ, რაც აგვისტოში საქართველოს თავს გადახდა, ქართველი ერი უფალთან დააახლოვა. ღმერთი განსაცდელს იმ ადამიანებს უგზავნის, ვინც ყველაზე მეტად უყვარს. ეს მწუხარება არის ჯვარი, რომელიც საქართველომ ღირსეულად უნდა ატაროს. ქართველი ერი გაჩენილია სიხარულისა და ტანჯვისათვის, ბედნიერებისა და უბედურებისათვის, განსაცდელისა და წამებისათვის და რაც მთავარია ბედნიერი მომავლისათვის.
სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირა ახმეტაში მცხოვრები, ღირსეული მამულიშვილი - ბესიკ მამიაური. მას 2008 წლის 8 აგვისტოს, ჯავის მისადგომებთან უწია სიკვდილმა. იგი ახმეტის III საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო. ბესიკი უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მისი სახელი უკვდავია. სკოლას, რომელიც მან დაამთავრა მისი სახელობისაა დღეს, ხოლო ის ქუჩა, სადაც ცხოვრობდა ბესიკ მამიაურის სახელს ატარებს. პრეზიდენტის განკარგულებით 2008 წლის 9 ოქტომბერს №654 ბრძანების თანახმად ბესიკი დაჯილდოებულ იქნა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდერით.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელოვნებო და შემეცნებით სკოლას მისი გარდაცვალების შემდეგ ბესიკ მამიაურის სახელი ეწოდა. (ყოფილი მე-III საჯარო სკოლის შენობა)
ქუჩას, სადაც ბესიკი ცხოვრობდა მისი სახელი ჰქვია.
სია მოგვაწოდა გიორგი მამუჩარაშვილმა დაბადებულია 1988 წელს სოფელი მატანი, ახმეტა
ითანამშრომლა მაია არსენის ასულმა ლაგაზაურმა, დაბადებულია 1970 წელს ახმეტაში, ბესოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი