რიგითი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1990 – 2008
გოჩა ილურიძე სულ 18 წლის ბიჭი იყო სამშობლოს დასაცავად რომ გაიწვიეს და წავიდა ჯარში, უფროს ძმას რჩევაც ჰკითხა, კონტრაქტი ხომ არ გავაფორმოო. ძმამ სპეცნაზში შესვლა ურჩია. შევიდა.
მტერმა მხოლოდ 2 თვე მისცა... და არც დიდი სიყვარულის მოსვლა აცადა, რომელსაც ელოდა...
ომი დაიწყო... ოკუპანტი საქართველოში შემოიჭრა.
8 აგვისტო. ერედვი. სპეცრაზმელები ჩრდილში ისვენებენ. გადაღლილები არიან, ორი დღეა ფეხით მოდიან. გადაქანცულებს იმედი უნთებთ გულებს – იმედი გამარჯვებისა. კასეტური ბომბი... რამდენიმე წამი... აფეთქება...
გოჩა იქვე, იმ წამსვე დაიღუპა...
გოჩა ილურიძე 1990 წლის 14 თებერვალს დაიბადა. იზრდებოდა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო ქედში.
მანანა ყაბანაშვილი, დედა: „ძალიან სერიოზული ბავშვი იყო, ჭკვიანი, შრომის მოყვარე, ერთი წუთი ვერ ჩერდებოდა, სულ შრომობდა და რაღაცას აკეთებდა. უყვარდა სპორტი, ჭიდაობაზე სიარული უნდოდა, ვერ ვატარეთ... ვერ შევუწყეთ ხელი.... თავისით ვარჯიშობდა სახლში, „გირებით“, „ტურნიკზე“... რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, გამონახავდა დროს და რამდენიმე წუთი ვარჯიშობდა. სწავლით საშუალოდ სწავლობდა, სკოლა რომ დაამთავრა, სწავლის გაგრძელება არ უფიქრია. ჯარში უნდოდა წასვლა, ჩემი უფროსი ბიჭი ვაზიანში მსახურობს, კონტრაქტორია და მის შემხედვარეს, გოჩასაც თავიდანვე განზრახული ჰქონდა, სავალდებულოს მოხდის მერე, ჯარში დარჩენა კონტრაქტზე. ძალიან მშრომელი იყო. არაფერს თაკილობდა, ორთაჭალაში ციხეებს რომ ანგრევდნენ, იქაც მუშაობდა. სოფელში ჯართზე მუშაობდა. თავისი ორი კაპიკი ყოველთვის ჰქონდა. ის კი არა, ჩვენც გვარჩენდა თავისი შემოსავლით...“
2008 წლის 14 თებერვალს გოჩა 18 წლის გახდა და მალევე გაიწვიეს კიდეც ჯარში.
„25 მაისს მოუვიდა უწყება, მე სამუშაოდ ვიყავი წასული და სამსახურში ჩამომაკითხა, უწყება მომიტანეს და უნდა წავიდეო. იმ დღეს მისი დეიდაშვილის დაბადების დღე იყო და თელავში მიდიოდა. მითხრა: თელავში წავალ, 26-ში მამიდასთან მივალ რაიონში და იქიდან წავალ პირდაპირ ჯარშიო. წავიდა დაბადების დღეზე, მოილხინა. გულმა არ მომითმინა, ბავშვი ჯარში რომ წაიყვანონ, როგორ არ უნდა გავაცილო მეთქი, 27 მაისს დილაუთენია კომისარიატში ჩავედი, იქ ველოდებოდი. ცოტა დაიგვიანა, ძალიან დაღონებული მოვიდა. გადაუღეს სურათები და `მარშრუტკაში~ რომ ჯდებოდა, გადამეხვია, დამკოცნა და გამომემშვიდობა. ძალიან დაღონებული იყო. რა ვიცოდი, რომ ჩემს შვილს ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდი...
ერთი თვე ქუთაისში, გეგუთის ნაწილში ჰყავდათ. ფიცი, რომ მიიღეს, იქიდან კრწანისში გადაიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმში.
ძმისთვის უკითხავს, კონტრაქტზე ხომ არ გადავიდეო. ძმამ ურჩია სპეცნაზში გადადიო... სულ ორი თვე იმსახურა ქვეყნის დასაცავად და მის თავისუფლებას შეეწირა...
მისი მეთაური ამბობს, საამაყო ჯარისკაცი მყავდაო. გამოვიყვანდი ხოლმე დავაყენებდი და სხვა ჯარისკაცებს მივმართავდი, მიბაძეთ ამ კაცს და იყავით ასეთი ვაჟკაცები, როგორიც გოჩააო...
ხშირად ველაპარაკებოდით ტელეფონზე, ძალიან მოსწონდა ჯარში ყოფნა, ვარჯიშობდა და თავს კარგად გრძნობდა. ერთხელ მითხრა: სირბილში მეორე ადგილი ავიღეო...
ბოლოს 6 აგვისტოს ველაპარაკე, დაგვიმალა, მომატყუა მარნეულში ვართ ნაწილში, ვვარჯიშობთო. ჩვეულებრივ გველაპარაკა, არაფერი ისეთი არ უთქვამს, რომ რამეზე დავეჭვებულიყავი. უთქმელი ბავშვი იყო, არაფრის თქმა არ უყვარდა... რაც ჯარში წავიდა მას მერე აღარ მინახავს...“
დაიწყო აგვისტოს ომი. გოჩაც და მისი უფროსი ძმაც ომში იბრძოდნენ, დედა დაკავშირებას ვერ ახერხებდა ომში წასულ შვილებთან.
„ვერაფრით ვუკავშირდებოდი ბიჭებს, ომი იყო და 2 შვილი სად მყავდა არ ვიცოდი. 9 აგვისტოს გოჩას უსულო სხეული მომიტანეს სახლში, დედა მოუკვდეს...
7 აგვისტოს გორში ჩაუყვანიათ და შემდეგ ერედვში შესულან.
ორი დღე და ღამე ფეხით უვლიათ და დასასვენებლად ხის ჩრდილში გაჩერებულან, მეთაურებს უთქვამთ, დაისვენეთ ცოტა ხანიო. მაგ დროს დაწყებულა დაბომბვა... ზოგი წამომჯდარი ყოფილა, ზოგიც წამოწოლილი, კასეტური ბომბი, რომ ჩამოუგდია თვითმფრინავს, რამდენიმე წამი რომ გასულა, მერე აფეთქებულა, ვინც ფეხზე წამომდგარა, ძირითადად ისინი დაიღუპნენ და დაიჭრნენ.... გოჩა მაშინვე დაღუპულა, მარჯვენა ფერდში ჰქონდა ჭრილობა, მეორე მხარეს გადიოდა... ამ დროს უფროსი ბიჭი უკვე ცხინვალში იყო. არც ის გვეუბნებოდა სად იყო... ერთმანეთი ვერ უნახავთ, ვერც ვერაფრით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს...“
გოჩას დაღუპვის ამბავი გამგეობას შეატყობინეს, მაგრამ ვერავინ ბედავდა ეთქვა დედისთვის – შვილი აღარ გყავსო.
დედა: „მთელი დღე არაფერს მეუბნებოდნენ, შებინდებისას მთელი ეზო გაივსო... ჩემს თავს რომ უბედურება ტრიალებდა, მივხვდი, ვერავინ მიბედავდა თქმას, მე უფროს ბიჭზე ვფიქრობდი, გიორგის ხომ არ დაემართა-მეთქი რამე. გოჩაზე ერთი წამით ცუდი არ მიფიქრია...
უამრავი ხალხი იყო ჩვენს ეზოში, არ მეუბნებოდნენ სახელს, რომელი დაიღუპა...
მერე ჩემმა ნათლიამ მითხრა: გოჩა აღარ გყავთო... გიორგის 10 აგვისტოს გავაგებინეთ ძმის დაღუპვა, ბიძამ დაურეკა და ჩამოიყვანეს. 14 აგვისტოს დავკრძალეთ გოჩა...
არ გადის წუთი და წამი, რომ თვალწინ მისი სახე არ მედგას...
პატარა ძმას შეისვამდა ხოლმე კისერზე და დაატარებდა. ძალიან ათამამებდა, მიჰყავდა მაღაზიაში, ტანსაცმელს და კანფეტებს ყიდულობდა...
ამბობდა, სიყვარულის დღეს ვარ დაბადებული და დიდი სიყვარული მეწვევაო. შეყვარებული არ ჰყავდა, ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ არაფერს ამბობდა ჩვენთან. მისმა მეგობრებმა გვითხრეს მერე...
მორიდებული და უთქმელი ბიჭი იყო, მისი ზემდეგი ამბობს, მე გოჩას თვალები არ მახსოვს, სულ თავჩაღუნული იდგა და ისე ლაპარაკობდაო...
ხათრიანი ბიჭი იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი. კლასელები იხსენებენ, ჩხუბში რომ ვიყავით და გოჩას დავინახავდით, უკვე აღარ გვეშინოდაო. გამხდარი იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი...“
ანა ყაბანაშვილი, გოჩას ბებია: „6 წლიდან ჩემთან იზრდებოდა. წესიერი და ზრდილობიანი ბავშვი იყო, ძალიან უთქმელი, ბაბო მოუკვდეს... დაუზარელი იყო, ვინმეს რამე რომ ეთხოვა, უარს არავის ეუბნებოდა... მშრომელი ბიჭი იყო, მეხმარებოდა, დამიბარავდა, დამითესავდა ხოლმე... ძალიან უჭირდათ და თუ კი სადმე სამუშაო იყო, ყველგან მიდიოდა და არაფერს თაკილობდა. დაკოჟრილი ხელები ჰქონდა... ჯარში ისე წავიდა, რომ ვერ მოასწრო ბოლოს ჩემი ნახვა... ადრე ვეუბნებოდი, გოჩა ჯარში, რომ წახვალ, როდისღა მნახავ, ცოცხალს მომისწრებ-მეთქი? გახმეს ჩემი ენა... ბაბო, ერთი წელი ისე მალე გაივლის, რომ ნუ გეშინია, არაფერი დაგემართებაო...“
მზია ყაბანაშვილი, გოჩას ბიცოლა: „ჯარში წასვლამდე ჩვენთან იყო ამოსული, თვეების შვილიშვილი მყავს, გიჟდებოდა ბავშვზე. მთელი დღე ხელში ეჭირა და დაატარებდა...
ძალიან წყნარი, ზრდილობიანი, უთქმელი ბიჭი იყო, რომ ვკითხავდი, ხომ არ გშია-მეთქი, არაო, ყოველთვის ამას მეუბნებოდა...
10 აგვისტოს ჩემი გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღისთვის სუფრას ვამზადებდით. ამ სამზადისში ვიყავით, უბანში საშინელი სიჩქარით შემოვარდა მანქანა, ხმამაღლა ეძახდნენ ჩემს ბიჭს, გიას. გია გარეთ გავარდა. ჩაისვეს მანქანაში და წავიდნენ. გული გამისკდა, ვერ მივხვდი ვინ იყვნენ, რატომ ჩაისვეს ჩემი შვილი და სად წაიყვანეს... შეშინებული სირბილით გავეკიდე მანქანას. მეორე უბანში გაჩერებულ მანქანას მივადექი. შორიდან ჩემი შვილის ბღავილი შემომესმა... გავქვავდი, როგორ მივედი მანქანამდე აღარ მახსოვს... კარები რომ გამოვაღე, გია უკვე ისტერიკაში იყო ჩავარდნილი. მარტო ვაიმეს ყვიროდა... ყველა გადმოვიდა მანქანიდან და დაწყნარება დამიწყეს... მზია დეიდა, გოჩა დაღუპულაო... უბედურება დაგვატყდა თავს...“
გოჩას მშობლიურ სოფელში, ყოველ 9 აგვისტოს, გოჩას სახელობის ტურნირს ატარებენ ფეხბურთში... მალე გოჩას ძმას ბიჭი შეეძინება, ომში გმირულად დაღუპული ძმის სახელს არქმევს თავის ბიჭს...
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
ილია შავერდაშვილი 1989-2008წწ გარდ. 19 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. ენისელი ყვარელი
გიორგი აბიათარი 1990-2008წწ. გარდ. სამაჩაბლო ცხოვრ. სოფ. ჯაფარიძე დედოფლისწყარო