სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვახტანგ სეფიაშვილი 1949-09/03/93წწ გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი, შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. არბოშიკი დედოფლისწყარო ვახტანგ სეფიაშვილი 1949-09/03/93წწ გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი, შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. არბოშიკი დედოფლისწყარო

1949-1993 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება



გვარი სეფიაშვილი სია

დედოფლისწყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

383       ბეჭდვა

ვახტანგ სეფიაშვილი 1949-09/03/93წწ გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი, შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. არბოშიკი დედოფლისწყარო

ვახტანგ სეფიაშვილი გარდ. აფხაზეთი, შინაგანი ჯარი

ვახტანგ სეფიაშვილი- უფროსი ლეიტენანტი_ დაიბადა 1949 წლის 8 ივლისს, დედოფლისწყაროს  (მაშინდელი წითელწყაროს) მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში. მსახურობდა სამხედრო პოლიციის ბრიგადის დაცვის ბატალიონის მეთაურის მოადგილედ.

1993 წლის 9 მარტს დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრასთან გამართული ბრძოლის დროს. იგი პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ბატალიონის მებრძოლებს და  თავგანწირვის შედეგად გადაარჩინა ათეულობით მებრძოლი, თავად კი დაიღუპა მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით.

 ია სეფიაშვილი - შვილი:  “მამა იყო უსაზღვროდ კაცთმოყვარე, ალალი და ხალასი ადამიანი. ასე, უბრალოდ, უყვარდა ადამიანი - ახლობელიც, უცხოც, შორებელიც. გარეგნულად იყო ძალიან სიმპათიური და ერთ რამედ ღირდა, ხელს რომ გაშლიდა და ქართულს იცეკვებდა... უყვარდა პოეზია_ზეპირად იცოდა გალაკტიონის, ლადო ასათიანის, მურმან ლებანიძისა და მორის ფოცხიშვილის ლექსები; იყო უერთგულესი მეგობარი - მეგობრის გამო მართლა შეუძლებლის გაკეთება შეეძლო. მამა პროფესიით იურისტი გახლდათ და წლების განმავლობაში გამომძიებლად მუშაობდა. ერთხელ, ვლადიკავკაზიდან (მაშინდელი ორჯონიკიძე) საკუთარი მანქანით პატიმარი წამოიყვანა საქართველოში. თან ახლდა დედაც, რომელმაც, რასაკვირველია, არ იცოდა, რა საქმეზე მიდიოდა მამა. სტეფანწმინდაში გაჩერდნენ, თურმე, ხინკლის საჭმელად; მამას მანქანაშივე აუხსნია ბორკილები იმ კაცისთვის და ისე შესულან სავახშმოდ_აბა, ბორკილებიან კაცს ხომ არ დავსვამდი სუფრაზეო, უთქვამს.

1993 წლის 13 თებერვალს  უკანასკნელად ვნახე მამა_  სოხუმში გამგზავრების ღამეს და ეს ღამე დარჩა ჩემს მეხსიერებაში ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელ ღამედ, რომელმაც სამუდამოდ დამაშორა საყვარელ ადამიანს. ძალიან სუსხიანი ზამთარი იდგა თბილისში, თოვდა და სახლში გვიან მისულს დამხვდა ომში გასამგზავრებლად გამზადებული მამა, ზედმეტად ბევრს ხუმრობდა და გვეფერებოდა. მახსოვს, დედა, მთელი ღამე ტიროდა, მე კი ვერაფერი მოვიფიქრე გარდა იმისა, რომ მეთქვა, არ წახვიდე-მეთქი და მახსოვს, როგორ ეწყინა, ეტყობა, ჩემგან არ ელოდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ომი ჩემთვის უკვე აღარ იყო მხოლოდ ფილმებში ნანახი და წიგნის ფურცლებზე ამოკითხული სამხედრო დაპირისპირება, არც მხოლოდ საომარი მოქმედებები აფხაზეთში; ეს ომი საკმაოდ ახლოს მოვიდა ჩემთან - ტყვიამ უკვე იმსხვერპლა გიორგი მიროტაძე_ ჩემი თანაკურსელი და მეგობარი, უკეთილშობილესი ბიჭი, სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, სოკრატ არშბას შვილიშვილი, ერთგვარი სიმბოლო ქართველებისა და აფხაზების ერთიანობისა. ,,აბა, ისევ შენი მეგობრები, შენი ძმა წავიდეს და, მე, აქედან ვუყურო, ეს ჯობიაო?“ - იყო მამას პასუხი, რომელმაც, იმ ღამეს საბოლოოდ დამადუმა. მის ზურგს უკან კარი მე დავხურე და ქარბუქში აივანზე გავედი - მამა მძიმე ჩექმებით ტოვებდა ნაკვალევს თოვლზე, სანამ თვალს მოეფარებოდა, კიდევ ერთხელ მოიხედა და ხელი ზემოთ ასწია... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრაც და განშორებაც.

,,ნამდვილი ჯარისკაცი იბრძვის არა იმიტომ, რომ სძულს, რაც მის წინაშეა, არამედ იმიტომ, რომ უყვარს, რაც მის ზურგს უკანაა“. ვფიქრობ, ჩესტერტონის ამ სიტყვებით ზუსტად გავცემ პასუხს კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა მამამ ომში წასვლა.

მისი სიკვდილის შემდეგ ყველა ჩემი ქცევისა და მოქმედების სისწორეს ერთი ინდიკატორით ვამოწმებ - მოეწონებოდა თუ არა ის მამას. ახლა, მასზე ამდენს რომ ვწერ, ზუსტად ვიცი, არ მოეწონებოდა. მაგრამ იყოს გამონაკლისი, მხოლოდ ერთი მიზეზით _ყველა უნდა იცნობდეს ჩვენს გმირებს, დიდებულ ადამიანებს, რომ არ დავუკარგოთ მათი სახელები მომავალ თაობას...

 მას, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, ჰქონდა ადამიანური სისუსტეებიც, თუმცა, თავისი კეთილშობილებით ფარავდა მათ. იყო საუკეთესო მამა, მეუღლე, ბაბუა - მისი სეხნია შვილიშვილი 2 წლის იყო, როცა მამა გარდაიცვალა. უნახავთ, რომ ჩემი ძმისშვილის, ვატოს ფოტო ფორმის ჯიბეში ედო თურმე... მისმა ჯარისკაცმა მიამბო, მამას მეგობარმა_ ლაბრაში იდგნენ, სოფელი, ძირითადად სომხებით იყო დასახლებული და აფხაზებთან, ჩრდილო-კავკასიელ კონფედერატებთან და რუსებთან ერთად, ისინიც სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველ მებრძოლებს. მტერი, თითქმის, პირდაპირ თავზე წაადგა ჩვენს მებრძოლებს, ჩვენებს კი რაცია არ ჰქონდათ, რომ დახმარება გამოეძახათ... მამამ ახალგაზრდა მებრძოლებს უთხრა, თურმე _ წინ წადით, ჩვენ აქ დავრჩებით და შევებრძოლებით, თქვენ კი გაიქეცით ამასობაშიო. ესენი გაიქცნენ რაღაც ჭაობისკენ გამავალ ბილიკზე; სამი ყველაზე ,,ხანდაზმული”_მამა, თავის მეგობრებთან ერთად,(ერთ-ერთი იყო გვარად ტატიშვილი, იგივე’’ყბაჩა’’) უკან დარჩა. სამივე დაიღუპა... ‘’დავინახე, ვახტანგი როგორ დაიჭრა და ჩაიჩოქა ტყვიებით გადასერილმა, მივბრუნდი, მინდოდა, მივშველებოდი, მაგრამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და დაგვიყვირა_ წადით, არ გაჩერდეთო’’,_იხსენებს მისი მეგობარი, ზაზა ჯაფარიძე.

მამის დაღუპვის შესახებ დიდხანს არაფერი ვიცოდით. მისი თანამებრძოლები შემთხვევით შეხვდნენ ჩემს ძმას ქუჩაში და მამაზე ვერაფერი რომ ვერ უთხრეს, მივხვდით, რომ ჩვენს თავს რაღაც საშინელი ხდებოდა. თითქმის სამი კვირა დავდიოდით ალექსეევკაში, სამხედრო პოლიციაში და ველოდით თუნდაც ყველაზე უარეს პასუხს, მაგრამ ეს პასუხი არსად ჩანდა. ბოლოს ადამიანმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ოჩამჩირიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ სოხუმის თვითმფრინავს დავხვედროდით. თუმცა, ჯერ კიდევ მეგონა, რომ მამა ცოცხალი იყო და ეს თვითმფრინავი დაჭრილს ჩამოიყვანდა. მახსოვს, აეროპორტში, ლამის პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე ვიდექი და ვუყურებდი, როგორ დაჯდა ლაინერი, რომელიც მამას დამიბრუნებდა. პირდაპირ ტრაპთან მიირბინეს ოჯახის ახლობლებმა, მეზობლებმა, მამას მეგობრებმა. ვხედავდი, როგორ ჩამოდიოდნენ ცოცხალი და მშვიდობით დაბრუნებული ჯარისკაცები, როგორც გადმოყავდათ საკაცეებით დაჭრილები პირდაპირ სასწრაფო დახმარების მანქანებში... მერე, ვიღაცამ, ხელი მომხვია და მანქანისკენ წამიყვანა. მაშინ მივხვდი, რომ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ეს იყო 1993 წლის 30 მარტი...

ახლა რომ ვფიქრობ, ამ გადმოსახედიდან, მამა იყო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მამა თავისი შვილებისათვის, თუმცა, მე ყოველთვის განსაკუთრებული მეგონა და ეს განსაკუთრებულობა მან თავისი ამ ქვეყნიდან წასვლით დაადასტურა, როცა ჩაგვიტარა იმ ყველა გაკვეთილის შემაჯამებელი გაკვეთილი, რასაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მე და ჩემს ძმას გვასწავლიდა - იცხოვრო შენი მოყვასისათვის, შენი სამშობლოსათვის, თავისუფლებისათვის, შენი შთამომავლობის უკეთესი და ბედნიერი მომავლისათვის...

მამის გარდაცვალების შემდეგ, რასაკვირველია, ყველაფერი შეიცვალა. ზოგადად, მძიმე ფონი იყო გარშემო, ომი, ეკონომიკური გაჭირვება, სიცივე, უშუქობა, მოგეხსენებათ, 90-იანი წლები მძიმე აღმოჩნდა მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის კი არა, მათთვისაც, ვისაც, წესით არ უნდა ეგრძნო გაჭირვება. დედას ყველაზე მეტი ,,ტვირთის“ ზიდვა მოუწია ორი სტუდენტი შვილის გადასარჩენად და გზაზე დასაყენებლად; სულ ვამბობ, რომ მამამ თავისი გმირობით დედასაც შეაძლებინა, თავადაც გმირი გამხდარიყო. ღირსეულად გადავიტანეთ, ისე როგორც ბევრმა სხვამ. მადლობა ღმერთს, რომ მეც და ლევანიც ჩვენი მშობლების მიერ გაკვალულ სწორ გზას ვადგავართ და ასეთივე ღირებულებებითა და ფასეულობებით იზრდება 4 ერთმანეთზე უკეთესი სეფიაშვილი ჩვენს ოჯახში...

მე არ ვიცი, ზუსტად სხვა რა მდგომარეობას შეესაბამება სიტყვა ,,სიამაყე“. თუ შეიძლება, რომ ადამიანი იყოს ამაყი - ერთ-ერთი მე ვარ. დავდივარ თავაწეული, ისე, როგორც ეკადრება გმირი მამის შვილს. გმირთა მემორიალზე ოქროს ასოებით ამოტვიფრული მამის სახელი ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის მისი სახელის და ხსოვნის წინაშე - 23 წელი ის იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ასეა ახლაც, როცა მე 52 წლის ვარ, 10 წლით უფროსი, ვიდრე ის იყო, როცა მისი ამქვეყნიური სიცოცხლე დასრულდა...

ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, დავბრუნდე სოხუმში, ცხინვალში იმ ხალხთან ერთად, ვინც იძულებით დატოვა თავისი სახლ-კარი და საკუთარ სამშობლოში იქცა დევნილად. ამიტომ განვიცდი დღეს ასე მძაფრად უკრაინის ამბებს, ამიტომ ვდგავარ მათ გვერდით, ვინც თავისუფლებისათვის იბრძვის, ამიტომ მტკივა იქ მოკლული თითოეული ჩვენი ჯარისკაცი.

29 წელი გავიდა და  ყველაზე მეტად  მიხარია, სახლში  დაბრუნებული ჯარისკაცებისა და მათი შვილების შეხვედრის კადრებს რომ ვუყურებ_ასე მგონია, ყოველ ჯერზე, რომ მამა დაბრუნდა... ხშირად ვიმეორებ სტრიქონებს საკუთარი ლექსიდან:’ ‘’ტყვიით გაგლეჯილი გული, ნეტა, თქმა გინდოდა რის, გახელილ თვალებში დაგრჩა, სილურჯე აფხაზეთის ცის’’...

მალე 30 წელი შესრულდება მის გარეშე. არ ვიცი, ბევრია თუ ცოტა, რადგან არავინ იცის, კიდევ რამდენი მაქვს სავალი ჩემი დიდი ტკივილითა და მონატრებით. ერთი კი ვიცი,რომ ყველა ჩემს გამარჯვებას და წინგადადგმულ ნაბიჯს მისი სახელი ქვია და რომ ყველაზე ბედნიერი და დიდი შეხვედრა მასთან წინ მაქვს...”

წყარო https://www.facebook.com/veteranebi/posts/pfbid0JUdPXizS5YvP3zH4FbKmMLUWbE4UTPJ9fwhaNZwCth6zvAGkPHmYua4YJLb6M2xol



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.04.2022
ბოლო რედაქტირება 14.11.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0