ქართული წარმოშობის ყირიმელი სამხედრო მფრინავი, ოლეგ გეგეჭკორი 8 მარტს, კიევის დაცვის დროს დაიღუპა საბრძოლო ფრენისას.
Олег Иродиевич Гегечкори (укр. Олег Іродійович Гегечкорі; 9 января 1972, пгт. Гвардейское, Симферопольский район, Крымская область, УССР, СССР — 8 марта 2022, с. Бервица, Киевская область, Украина) — украинский военнослужащий, лётчик, полковник, командир вертолётной эскадрильи 11 ОБрАА Сухопутных войск Вооружённых сил Украины, участник российско-украинской войны. Герой Украины (2022, посмертно).
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი
პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ ოლეგ გეგეჭკორს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
50 წლის ოლეგ გეგეჭკორი მე-11 ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაური და პოლკოვნიკი იყო. ის ხერსონის რეგიონში საავიაციო დანაყოფში მსახურობდა.
კიევის ციდან მისი ვერტმფრენი რუსების მიერ გახსნილმა ცეცხლმა ჩამოაგდო. გეგეჭკორი 8 აპრილს კრემენჩუგში დაკრძალეს.
ოლეგ გეგეჭკორს გამოცემა Armyinform-ის კორესპონდენტი, ანასტასია ოლეხნოვიჩი ორი წლის წინ ესაუბრა. Armyinform-ის კორესპონდენტი უკრაინის ქართველი პოლკოვნიკის ნაამბობს ხელახლა იხსენებს და აქვეყნებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე:
„ოლეგ გეგეჭკორი ყოველდღე, საზღვრის გასწვრივ, 12 საათის განმავლობაში დაფრინავდა.
2014 წელს მტრის საგუშაგოზე გაგზავნეს. ოლეგ გეგეჭკორი ჰყვებოდა, თუ როგორ შურს ყველას პილოტების, რომ უკეთესი პროფესია არ არსებობს. შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაური ამბობდა, რომ დაღლილი იყო, მაგრამ მაინც იბრძოდა. 2014 წლამდე ლიბიისა და სიერა ლიონეს სამხედრო მოქმედებებში იყო ჩართული სამძებრო ჯგუფის წევრად.
ოც წელზე მეტია, რაც მე-11 ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიას ხელმძღვანელობდა“, – წერს Armyinform-ის კორესპონდენტი.
ოლეგ გეგეჭკორის ნაამბობი
„როცა მტერი ორივე მხრიდან ერთდროულად ხსნის ცეცხლს, ყველაფერი ციმციმებს. ამ დროს ვერტმფრენით 45 გრადუსით ვუხვევთ. ბორბლებით მზესუმზირებს ვეხებით. ტყვიების ზუზუნი ისმის გამუდმებით ფრენისას.
როცა პირველად გვესროლეს, ხეების ქვეშ დავიწყეთ ფრენა. დავიმალეთ და ასე გადავრჩით, თუმცა ოფიციალური პროტოკოლით 15 მეტრზე დაბლა ფრენა არ შეიძლება, აკრძალულია.
დონბასში ფრენისას ბევრჯერ მიქრია, აი, ამჯერად კი ნამდვილად დამთავრდა ყველაფერი-მეთქი. დებალცევოში ცეცხლში მოვყევით, ვოლნოვახაშიც, ცეცხლი გაგვიხსნეს სლოვიანსკშიც, მაგრამ მეორე დღეს უბრალოდ ვრთავდით ძრავებს და ვაგრძელებდით მუშაობას.
ერთხელ ცოლმა მკითხა: შეგიძლია კაცი მოკლაო? ვუთხარი, რომ გარეთ გასვლა და ვინმესთვის თავში ჩარტყმა არ შემეძლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემეძლო ოკუპანტის განადგურება, რომელიც ჩვენს შვილებს კლავს – და მეტიც, ჯობდა ასი ან ათასი ოკუპანტი გამენადგურებინა ერთდროულად.
ხშირად გვიწევდა გამორთული ფარებით დაშვება, რადგან მტერი შეიძლება ნებისმიერ ადგილას ყოფილიყო ჩასაფრებული.
კარგია, მთვარე მაინც თუ ანათებს და რამე მაინც ჩანს… მახსოვს, როგორ გავფრინდით ოთხი ვერტმფრენით ამბროსიევკაში, დაჭრილებს ჩავაკითხეთ, სამოცი დაჭრილი უნდა წამოგვეყვანა.
ჩავფრინდით და იქ სამოცის ნაცვლად ასთვრამეტი დაჭრილი დაგვხვდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვატევდით ვერტმფრენებში: სავარძლებზე, დერეფნებში, ერთმანეთზე… სრულ სიბნელეში მივფრინავდით ოთხი ვერტმფრენით, ერთმანეთისგან მინიმალური მანძილი გვაშორებდა, მერე რიგრიგობით ვეშვებოდით მზესუმზირების ველზე.
მორბოდნენ მედდები, ყველა მიჰყავდათ, ერთ წუთში უკვე შენს ადგილას მეორე ვერტმფრენი ეშვებოდა… ასეთ სირთულეებს ვერცერთი წვრთნისას ვერ ნახავდი.
ყველგან ყველაფერი ისმინებოდა, ამიტომ პირდაპირ არასდროს ვახსენებდით, რომ დაჭრილები გადმოგვყავდა. იმის ნაცვლად, რისი თქმაც გვინდოდა, მსგავს სისულელეებს ვამბობდით: „მისმინე, ბავშვს მგონი მუცელი სტკივა…“, თუმცა ყველას გვესმოდა ერთმანეთის.
ხანდახან, როცა დაჭრილები მოგვყავდა, მედდები კარვებში დასვენებას გვაიძულებდნენ: გამოიძინეთ ცოტა, თქვენც სარეანიმაციოები რომ არ გახდეთო.
ყველაფრისთვის მზადმყოფი კაცის ფსიქიკაც კი ვერ უძლებდა ამ ყველაფერს ხანდახან.
ერთხელ დნეპროში დაჭრილი მოიყვანეს. ბნელოდა, წვიმდა… ვხედავ, რაღაც შეფუთვა გდია ვერტმფრენის სალონში და დავიწყე ბუზღუნი, რომ ჩემს ვერტმფრენში მუდამ წესრიგია. ვურტყამ პარკს ფეხს და უცებ დაჭრილი მეუბნება „პოლკოვნიკო, ჩემი ფეხი დევს შიგ“.
უცებ შევნიშნე, რომ შეფუთვაში მართლაც მოჭრილი ფეხია. ბოდიში მოვუხადე, მაგრამ ეს შემთხვევა გონებიდან არ ამომდის…
იშვიათად მამახსოვრდებოდნენ დაჭრილები. ჩვენს ეკიპაჟს დღეში ასობით დაჭრილი გადაჰყავდა. მოგვიანებით ისინი მოდიოდნენ და მიყვებოდნენ, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ ადგილიდან თქვენ გადმოგვაფრინეთ და მადლობაო.
ომი აჩვენებს, ვის რა ფასი აქვს. დადიხარ ძმობილებთან ერთად, ჩვეულებრივად ურთიერთობ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ როცა საჭიროა, კბილებს აღრჭიალებენ და შეუძლებელს აკეთებენ.
ბევრი მფრინავი წავიდა სამოქალაქო ავიაციაში, თვეში 10- ათასდოლარიანი ხელფასის გამო და ომის დროს დაბრუნდნენ. პატივი და დიდება მათ, სხვა რა უნდა ვთქვა. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა უბრალოდ ომში ჩართვის სურვილს გამოთქვამდნენ სიტყვებით, მაგრამ არა… მიდიოდნენ კომისარიატში და ომში გაწვევას ითხოვდნენ!.
მათ სწრაფ გადაწყვეტილებებს ხშირად გადაურჩენია მთელი ეკიპაჟი, გადაჰყავდათ დაჭრილები და დაღუპულები… და ახალგაზრდები? მათ თვალები ენთებოდათ ზაფხულის ომში ფრენის გაგონებაზე, მაგრამ ვუხსნიდი ყველას, რომ როცა ცაზე ბევრი ვერტმფრენი დაფრინავს, მტერი ხშირად ხსნის ცეცხლს, რომელიც ადრე თუ გვიან რომელიმე ვერტმფრენს აუცილებლად შეიწირავს, და ერთ დღესაც შეიძლება ეს შენი ვერტმფრენი იყოს. მაგრამ არ ჭრიდა! ჩქარობდნენ, ეფრინათ!
ჩემი შვილიც სამხედრო მფრინავია. მე არ მინდოდა სამხედრო ავიაცია აერჩია.
უკრაინის ჩემპიონია. სპორტის ოსტატობის კანდიდატი ლაშქრობაში. მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებზე პრიზებს იგებდა. ვეუბნებოდი: ედიკ, აირჩიე რაც გინდა, უამრავი რამ შეგიძლია, იმდენი რაღაც იცი-მეთქი, მაგრამ არა, მაინცადამაინც სამხედრო ავიაცია აირჩია. ახლა ფრენებს ელოდება და პროფესორებს კითხვებით თავს აბეზრებს“.