სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11171

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები
ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები
ბმულის კოპირება

არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

470       ბეჭდვა

ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები

ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები
ქართველი ქასიმ ბარიდი,  რომელმაც ბარიდების დინასტია დააარსა


მე-14 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით დიდი მუსლიმური სისხლიანი ლაშქრობების, თემურ ლენგის და სპარსეთის შაჰების მიერ საქართველოში განუწყვეტელი ომების შედეგად ათიათასობით ტყვე აღმოჩნდა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში. ინდოეთში დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი ტყვეების მიმართ, მათ გურჯ მონებს - ღულამებს უწოდებდნენ. ინდოეთში სპარსეთიდან მათ შესახებ ბევრი ისეთი რამ სმენოდათ, რომ სურდათ საკუთარი სამხედრო ძლიერება ბედკრული საქართველოს ტყვედ ჩავარდნილი შვილებით გაეძლიერებინათ. ქართველები ახერხებდნენ იმას, რასაც ვერ ახერხებდა მონობაში აღმოჩენილი თითქმის ვერც ერთი ერის წარმომადგენელი - ისინი მათი დამმონებლების მეფეები და მმართველები ხდებოდნენ. მარტო ინდოეთში მეფობდა 18 ქართველი მეფე და 2 ქართული სამეფო დინასტია.


ინდოეთის მმართველი ქართული დინასტიები


ქართველი ღულამის - უსუფ (იუსუფ) ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია 200 წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და დიდ გავლენას ახდენდა მთელი სუბკონტინენტის პოლიტიკურ ვითარებაზე. ადილ შაჰთა სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი კიდევ ერთი ქართველი ღულამის, ქასიმ ბარიდის მიერ დაარსებული სამეფო დინასტია გახლდათ. მისი ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობი რჩება, მაგრამ ეტყობა ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, ისიც მონობაში აღმოჩნდა.



ქართველი ქასიმ ბარიდი და მისი დინასტია, რომელიც 130 წელი მართავდა ბიჯაპურის სასულთნოს


ფერიშთას ცნობით, ახალგაზრდა ქართველი ინდოეთში მონობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ხვაჯა შაჰაბუდ-დინ ალი ეზდიმ იგი საჩუქრად მიართვა სულთან მუჰამად შაჰ ბაჰმან მესამეს, რომელმაც თავის მხრივ ქასიმი გაამწესა თავის ქართველ მონებს შორის. სხვა ქართველი ღულამების მსგავსად, ქასიმმა ძალიან მალე მოიხვეჭა სახელი, როგორც გამორჩეულად მამაცმა და ნიჭიერმა პიროვნებამ, რომელიც ამავე დროს, ჩინებული კალიგრაფი და მუსიკოსი იყო. ქასიმი დიდი წარმატებით ართმევდა თავს სამხედრო საქმეს. მე-16 საუკუნის ინდოელი ისტორიკოსის, მუჰამად ქასიმ ჰინდუ შაჰის ცნობით - "ქასიმმა თავი გამოიჩინა თავისი ვაჟკაცობით მეამბოხე მარათას წინაააღმდეგ ბრძოლებში, რომლის დასამარცხებლადაც იგი მიავლინეს პეიტუნსა და ჩაკუნს შორის მდებარე მხარეში." გადამწყვეტ ბრძოლაში თვითონ ქასიმმა მოკლა მეამბოხეთა თავკაცი და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, სულთანმა მაჰმუდმა ქასიმს ნება დართო, ცოლად მოეყვანა მოკლული მარათველის ქალიშვილი და უხვად დააჯილდოვა მიწებით. 1490 წლისთვის ქასიმმა დიდი ზეგავლენა მოიპოვა სამეფო კარზე, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ წარჩინებულთა შორის. სწორედ ამ დროს განუდგა სულთანს ქართველი ღულამი - იუსუფ ადილ ხანი, რომელმაც ბიჯაპურში საკუთარი სახელმწიფო შექმნა. ქასიმ ბარიდმა კი შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და 14 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბიდარის სასულთნოს.


ქასიმი გარდაიცვალა 1504 წელს, მაგრამ ამ დროისთვის მან მოახერხა და საფუძველი ჩაუყარა ბარიდთა დინასტიას, რომელიც ჯამში 130 წლის განმავლობაში მართავდა ინდოეთის სამეფოს - ბიდარს.


ბიდარის სასულთნო,  რომელსაც ქართული სამეფო დინასტია - ბარიდების დინასტია მართავდა


ბიდარის სასულთნოს ქართული სამეფო დინასტია – მმართველები:

1) ქასიმ ბარიდ I - 1489-1504 წწ.

2) ამირ ბარიდ I - 1504-1542 წწ.

3) ალი ბარიდ შაჰ I - 1542-1580 წწ.

4) იბრაჰიმ ბარიდ შაჰი - 1580-1587 წწ.

5) ქასიმ ბარიდ შაჰ II - 1587-1591 წწ.

6) ალი ბარიდ შაჰ II - 1591 წ.

7) ამირ ბარიდ შაჰ II - 1591 - 1601 წწ.

8) მირზა ალი ბარიდ შაჰ III - 1601-1609 წწ.

9) ამირ ბარიდ შაჰ III - 1609-1619 წწ.



ქართველი იუსუფ ადილ შაჰი და მისი დინასტია, რომელიც 200 წელი მართავდა ბიჯაპურის სასულთნოს


ქართველი იუსუფ ადილ შაჰი,  რომელმაც ინდოეთში დააარსა ადილ შაჰების დინასტია


მეფედქცეული ქართველი ღულამის, უსუფ ადილ შაჰის (1444-1511) შესახებ ისტორიულ ცნობებს გვაწვდიან იმდროინდელი ინდოელი ისტორიკოსები, მაგალითად, მუჰამედ ქასიმ ჰინდუ შაჰი, იგივე ფერიშთა და რაფი ედ დინ შირაზი.

ფერიშთას მიხედვით, საქართველოში ყარა-ყოინლუსა და აყ-ყოინლუს თურქმანთა თარეშის დროს ტყვედ მოხვდა ერთ–ერთი ქართველი ყრმა, რომელსაც სახელი გამოუცვალეს, უსუფი უწოდეს და მონად გაყიდეს. სპარსეთსი მან რამდენიმე წელი გაატარა, სახელიც შიიტურ ისლამზე მონათვლის დროს გამოუცვალეს. სპარსეთიდან იგი ინდოეთში წაიყვანეს და ბაჰამანის სასულთნოს დიდვეზირს, ეთნიკურად სპარსს, საჩუქრად მიართვეს. უსუფმა იმდენად გამოიჩინა თავი სიმამაცით, რომ ღავანმა ის ოფიციალურად იშვილა.


ცოტა ხანში მოხდა ამგვარი შემთხვევა. სულთანმა მუჰამედ შაჰ ბაჰმან მეორემ ვერაფრით დაძლია მიუვალ ციხე ვერაგურში გამაგრებული აჯანყებულთა არმია და მაშინ დიდვაზირმა ურჩია მას, რომ ეს საქმე იუსუფისთვის მიენდო. მეფე ასეც მოიქცა და იუსუფი თავისთან იხმო, გააცნეს მთელი ვითარება და მანაც დაიწყო გეგმის შემუშავება. ეს ციხე 20 თვის განმავლობაში მყარად იდგა და შაჰმა ვერაფერი დააკლო. იუსუფმა კი თავისი შემუშავებული გეგმით და წინამძღოლობით ციხე 2 კვირაში დასცა და აჯანყებულთა წინააღმდეგობა სრულად გატეხა. გაოგნებულმა მუჰამედ შაჰ ბაჰმანმა იუსუფი ბიჯაპურის განმგებლად დანიშნა.

ამ ამბის შემდეგ შურით აღივსნენ ინდოელი მთავრები, ვინაიდან უცხოელი მონების სამეფოში აღზევება არავის მოეწონა. ინდოელმა მთავრებმა იმდენი მოახერხეს, რომ იუსუფის მამობილი სიკვდილით დაასჯევინეს. გამჭრიახმა და დაკვირვებულმა იუსუფმა გულში ჩაიკლა ბრაზი და დაუყოვნებელ შურისგებას დაცდა ამჯობინა.


მალე სულთანი გარდაიცვალა და ტახტზე მისი 12 წლის ვაჟი მაჰმუდ შაჰ ბაჰმანი ავიდა. მაშინ კი მთლად დრო იხელთეს ქართველი იუსუფის მტერმა ინდუსმა ვეზირებმა და პატარა მეფეს ტვინის არევა დაუწყეს, განაწყვეს მტრულად იუსუფის წინააღმდეგ და გადააწყვეტინეს, რომ მოეწვია იგი და მაშინვე სიკვდილით დაესაჯა, ხოლო თუ არ გამოცხადდებოდა, სახელმწიფოს მტრად და მეამბოხედ გამოაცხადებდნენ. ორივე შემთხვევა ხელსაყრელი იყო კონკურენტის მოსაშორებლად. მაჰმუდი დაეთანხმა ვეზირებს და იხმეს იუსუფი სულთნის კარზე. ქართველი მიხვდა რასაც უპირებდნენ და ასე მოიქცა - სულთანს ეახლა, მაგრამ იმხელა ჯარი წაიყო თან, რომ დასჯის მაგივრად ხელმწიფემ დააჯილდოვა და ისე გაისტუმრა.


ამჯერად კი გადაურჩა იუსუფი სამეფო კარის ინტრიგებს, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, საშიშროება იყო, რომ მისთვის მკვლელები მიეგზავნათ და მოეშორებინათ ან სხვა გზით დაეღუპათ. ამიტომ 1489 წელს განუდგა სულთანს და თავი ბიჯაპურის დამოუკიდებელ ხელმწიფედ გამოაცხადა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში მან გაატარა ძალიან წარმატებული სასინაო და საგარეო, ასევე ეკონომიკური პოლიტიკა. დასუსტებული ბიჯაპური მისი რეფორმების შემდეგ სუბკონტინენტის უძლიერეს სამეფოდ ჩამოყალიბდა.


ბიჯაპურის სასულთნო,  რომელსაც 200 წელი მართავდა ქართული სამეფო დინასტია


მისი თანამედროვე ისტორიკოსი მუჰამედ ქასიმ ჰინდუ შაჰი ასე ახასიათებს მას: "ბრძენი ხელმწიფე, ადამიანის ბუნების კარგი მცოდნე. მშვენიერი აღნაგობის, მჭევრმეტყველი და განსწავლული. სახელგანთქმული გულუხვობითა და ვაჟკაცობით, ის მუდამ აფრთხილებდა თავის მოხელეებს, რომ ემოქმედათ სამართლიანად და პატიოსნად და პირადად აძლევდა მაგალითს."


1502 წელს ბიჯაპურში ჩასული იტალიელი მოგზაური ლუდოვიკო დი ვართემა აღნიშნავდა, რომ იუსუფ ადილ შაჰი ძალიან ძლიერი, მდიდარი და გულუხვი ხელმწიფეა, რომ შაჰის ჯარის უმეტეს ნაწილს "თეთრკანიანი ჯარისკაცები" შეადგენდნენ (რომელიც შესაძლოა ყოფილიყვნენ ქართული ან ჩერქეზული წარმომავლობის, სწორედ ეს ორი ხალხი იყვნენ თეთრკანიანი მამლუქები აზიაში და აფრიკაში) რომლებიც აშკარად გამოირჩეოდნენ სამეფოს ადგილობრივი, მოყავისფრო კანის მქონე მოსახლეობისგან. იუსუფი 1511 წელს გარდაიცვალა 67 წლის ასაკში. დასაფლავებულია ქალაქ შაჰპურში ცნობილი სუფიას - ჩანდაჰ ჰუსეინის აკლდამაში. მისი შთამომავლობა 200 წლის განმავლობაში მართავდა ინდოეთს.


ადილ შაჰის დინასტია:

1) იუსუფ ადილ შაჰი - 1490-1510 წწ.

2) ისმაილ ადილ შაჰი - 1510-1534 წწ.

3) მალლუ ადილ შაჰი - 1534 წ.

4) იბრაჰიმ ადილ შაჰ I - 1534-1558 წწ.

5) ალი ადილ შაჰ I - 1558-1579 წწ.

6) იბრაჰიმ ადილ შაჰ II - 1580-1627 წწ.

7) მოჰამედ ადილ შაჰი - 1627-1657 წწ.

8) ალი ადილ შაჰ II - 1657-1672 წწ.

9) სიკანდარ ადილ შაჰი - 1672-1686 წწ.



სალაბათ ხან II - კიდევ ერთი ქართველი მონა, რომელიც ინდოეთის მმართველად იქცა


სალაბათ ხანი - ინდოეთის მმართველი დიდვეზირი


უკვე ვისაუბრეთ 18 ქართველ მეფეზე, რომელიც ინდოეთს მართავდა. ისინი 2 ქართული სამეფო დინასტიის წარმომადგენელნი იყვნენ, მაგრამ ეს მე-19 ადამიანი იყო ფაქტობრივი მმართველი, რომელმაც ვერ შეძლო დაეარსებინა საკუთარი დინასტია და მიეღო მეფის წოდება. საუბარია სალაბათ ხანზე. ის სავარაუდოდ დაიბადა 1519 წელს. დაბადების წელი ვიცით იქიდან, რომ 1589 წელს ის მოხსენიებულია, როგორც "70 წლის მოხუცი." სამწუხაროდ მის ახალგაზრდობაზე და ნამდვილ სახელსა და გვარზე არ შემორჩა ინფორმაცია, მაგრამ ვიცით, რომ ერთი პერიოდი მას შიჰაბ ხანს უწოდებდნენ. ისტორიკოს ფერიშთას თანახმად სალაბათ ხანი იყო შაჰ თამაზის სამეფო მონა (შაჰ-ყული), რომელიც სეფიანთა შაჰმა საჩუქრად გამოუგზავნა აჰმადნაგარის სულთანს. ცნობილია, რომ 1540-1553 წლებში საქართველოში შემოსევების შედეგად შაჰ თამაზმა ათასობით ქართველი ტყვე წაიყვანა სპარსეთში. სალაბათ ხანიც ერთ-ერთი მათგანი იყო.


წყაროებში სალაბათ ხანი პირველად 1570-იანი წლებიდან გვხვდება, როდესაც მურთაზ ნიზამ შაჰმა თავისი დიდი ვეზირის ჩანგიზ ხანის (თუმცა ის უდანაშაულო გახლდათ) სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. სიკვდილის წინ ჩანგიზ ხანმა სულთანს წარუდგინა ნიჭით, მხნეობითა და თავდადებით გამოჩენილ პირთა სია, რომელთა დაწინაურებაც ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანდა. სწორედ ამ სიაში გვხვდება შიჰაბ ხანის სახელიც. მურთაზ ნიზამ შაჰმა დაიახლოვა ეს ღულამი, მას სალაბათ ხანის წოდება უბოძა და ჯარის მარცხენა ფლანგის მხედართმთავრობა ანდო. ცოტა ხანში სალაბათ ხანი კიდევ უფრო დაწინაურდა. ჯარის მარჯვენა ფლანგის მეთაურობა მიიღო და სამეფოს დედაქალაქის ციტადელის ციხისთავად დაინიშნა.


გურჯის ასეთმა სწრაფმა აღზევებამ ადგილობრივ დიდებულებში დიდი შური გამოიწვია და სალაბათ ხანის წინაარმდეგ არაერთი შეთქმულება მომზადდა. თუმცა მან შეძლო მოწინააღმდეგეების დამარცხება და 1579 წლისთვის ნიზამ-შაჰების სამეფო კარზე ყველა დიდებულზე უფრო დიდი გავლენებით სარგებლობდა.


მომდევნო 15 წლის განმავლობაში იგი ფაქტობრივად პირადად განაგებდა აჰმადნაგარის სამეფოს. მან საფუძველი ჩაუყარა ახალ მმართველობას, მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია, სამეფო კარს ჩამოაცილა მისთვის მიუღებელი პირები, ალაგმა ურჩი თავადების თვითნებობა და წარმატებით იბრძოდა ქვეყანაში სრული წესრიგის აღდგენის და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისთვის. აჰმადნაგარში, ბურჰანპურსა და დაულატაბადში დააარსა ახალი ზარაფხანები, სადაც ნიზამ-შაჰების სახელით მოიჭრა ახალი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მონეტები. აჰმადნაგორში შეკრიბა ნიჭიერი არქიტექტორების დიდი ჯგუფი, რომელთაც წამოაწყებინა დიდი დიდი სამშენებლო პროექტები. სწორედ სალაბათ ხანის თაოსნობით დაარსდა ინდოეთში რამდენიმე ახალი ქალაქი, აშენდა უამრავი შესანიშნავი შენობა, მათ შორის დიდებული სასახლეები და ბაღები, მაგალითად ბაღი ფარაჰ ბახში, რომლის ნანგრევებიც დღემდეა შემორჩენილი აჰმადნაგორში. ისტორიკოსები წერენ, რომ მთელ სამხრეთ ინდოეთში (დეკანში) უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში ასეთი კეთილდღეობა სალაბათ ხანის მსგავსად არავის დაუმყარებიაო. ის საგარეო პოლიტიკაშიც წარმატებული აღმოჩნდა. მან დაამყარა კავშირები ინდოეთის სხვა სასულთნოებთან მათ შორის ქართველ ადილ შაჰებთან და დიდი ხნის განმავლობაში შეძლო მონღოლთა იმეპრიასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. ამხელა წარმატებების ფონზე სალაბათ ხანის წინააღმდეგ შეთქმულებები და შური კვლავ გრძელდებოდა. შეთქმულებმა ბოლოს მოახერხეს და შაჰსა და ქვეყანაში მეორე პირს - სალაბათ ხანს შორის დაპირისპირება გააღვივეს. მურთაზ ნიზამ შაჰმა მას პირდაპირ სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი. საპასუხოდ სალაბათ ხანმა მეფეს სთხოვა დაესახელებინა ნებისმიერი ადგილი სადაც იგი ნებაყოფლობით წავიდოდა პატიმრობაში. მეფემ დანდა რაჯპურის ციხესიმაგრე დაასახელა. ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული და მეფის ნამდვილმა მოღალატეებმა თავი იჩინეს, როდესაც მისი ერთგული სალაბათ ხანი ჩამოშორებული დაიგულეს. შეთქმულების მოქმედებები იყნოსა მურთაზ ნიზამ შაჰმა, მიხვდა, რომ გააცურეს და სალაბათ ხანის სასწრაფო გათავისუფლება ბრძანა, მაგრამ ვერ მიუსწრო სალაბათმა მეფეს. შაჰს საკუთარმა შვილმა მოუღო ბოლო 1588 წელს.


ამ მკვლელ შვილს ერქვა - ჰუსეინ ნიზამ შაჰი. ის შიშობდა, რომ სალაბათ ხანის მსგავსი ძლიერი მოხელის დაბრუნებას მისთვის ძირი არ გამოეთხარა და როგორც ინდოეთის სხვა სამეფოებში, აქაც ქართველი არ მოვლენოდა სათავეში ამ სამეფოსაც. ამიტომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ნიზამ შაჰმა მხოლოდ 1 წელი იმეფა. 1589 წელს კი ტახტიდან გადმოაგდეს. ახალმა ხელმიფემ - ისმაილ ნიზამ შაჰმა გაათავისუფლა 70 წელს მიღწეული დიდი ქართველი მოღვაწე - სალაბათ ხანი, რომელმაც ამის შემდეგ პოლიტიკას თავი დაანება და თავის მიევე დაარსებულ ქალაქში - ტისგაონში გადავიდა საცხოვრებლად. ტისგაონში ჩვეულებრვი მოსახლეებსაც კი დღემდე კარგად ახსოვთ ამ დიდი მოღვაწის და მათი ქალაქის დამაარსებლის სახელი, ქალაქში დღემდეა შემორჩენილი სალაბათ ხანის მიერ აგებული კარიბჭეები და ქალაქის მთავარი სავაჭრო ცენტრი.


სალაბათ ხანი დაკრძალულია აჰმადნაგორის მახლობლად მდებარე 900-მეტრიანი მთის წვერზე, სადაც მან წინასწარ ააგო დიდებული 3-სართულიანი აკლდამა.


სალაბათ ხანის სასაფლაო აჰმადნაგორში




ავტორი: თორნიკე ფხალაძე წყარო http://intermedia.ge

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0