საპატრიარქოს უწყებანი N28 7-13 დეკემბერი 2011წ გვ.18
პროტოპრესვიტერი მიხეილ ნაცვლიშვილი 1873-1937
პროტოპრესვიტერი მიხეილ ნაცვლიშვილი 1873 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ბოდბისხევში, ადგილობრივი დიაკვნის ოჯახში დაიბადა. პატარა მიხეილი მამამ თავდაპირველად სიღნაღის სასწავლებელში მიაბარა ცოდნის მისაღებად. შემდეგ მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1897 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ამავე წელს მიხეილი დაქორწინდა მღვდელ იოსებ მირიანაშვილის უმცროს დაზე. 1898 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად განამწესა. ცნობილი ქართველი პოეტის იროდიონ ევდოშვილის (ხოსიტაშვილი) უმცროსი და ბაბილინა ხოსიტაშვილი თავის მემუარულ თხზულებაში „მშობლიური სოფლიდან დედაქალაქში“ აღწერს ბოდბის მონასტრის პანსიონში სწავლის პერიოდში გატარებულ წლებს, სადაც მოხსენიებული ჰყავს მამა მიხეილი ნაცვლიშვილიც. აი, რას წერს იგი მის შესახებ: „სასწავლებლის მეორე მღვდელი, მასწავლებელი მიხეილ ნაცვლიშვილი ჩვენი სოფლიდან იყო, სემინარია ახალი დამთავრებული ჰქონდა; დიაკვნის შვილი იყო; მღვდელ იოსებ მირიანაშვილის და შეირთო ცოლად და მისივე რეკომენდაციით მოწყობილიყო მეორე მღვდლად მონასტერში. უკანასკნელ კლასში გვასწავლიდა მეტად რთულ მათემატიკურ ამოცანებს“. 1899 წლის 9 მაისს მამა მიხეილი საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1901 წლის 9 ნოემბერს სკუფია უბოძეს. 1905 წელს რუსეთის წმინდა სინოდისაგან მადლობის ფურცელი მიიღო. 1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1911 წლის სექტემბერში ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან გაიხსნა საეკლესიოსამოსწავლებლო სკოლა. სასწავლებლის უფროსად დაინიშნა ბოდბის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნინო, ხოლო ინსპექტორად – მღვდელი მიხეილი. სკოლის შენობა 8 სექტემბერს საზეიმოდ აკურთხეს. მამა მიხეილი აღნიშნულ სასწავლებელში 1912 წლის 10 აგვისტომდე ასწავლიდა. 1914 წლიდან მღვდელი მიხეილი იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად და სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ქუთაისის სასწავლებელში მოღვაწეობიდან შემორჩენილია ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, რომელიც გაზეთ „სამშობლოში“ გამოქვეყნდა.
1915 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა სასწავლებლის მერვე კლასის საუკეთესო მოწაფე შუშანიკ იმნაიშვილი, 12 აპრილს მას პანაშვიდი გადაუხადეს და წესი აუგეს სასწავით აშია დეკანოზმა ვასილ დოლაბერიძემ და მღვდელმა მიხეილ ნაცვმჯ აი ლიშვილმა. სახლიდან გამოსვენებiსას ქუჩაზე მცირე პანაშვიდი გადაიხა და მამა მიხეილმა და მოკლე სიტყვით მიმართა იქ შეკრებილებს: „ძვირფასო სულიერო შვილო და მოწაფე ჩემო, შუშანიკა! შენის გაცივებული ნეშტის გარშემო შემოკრბენ შენგან გულდამწვარი და უნუგეშობაში მიტოვებული მშობელი, შენი დაობლებული და-ძმანი, შენი ყმაწვილ ქალობის ამხანაგები და შენი აღმზრდელმასწავლებელნი. შენმა უბედურებამ უზომო მწუხარება მოგვაყენა ყველას, საწყალი დედა შენი! ამაზე ფიქრობდა, განა, ორის დღის წინათ? არა! გუშინ და გუშინწინ ის უზომო მხიარულებას გრძნობდა, რომ ქვრივ-ოხერმა, ხელმოკლე ადამიანმა სძლია ყოველგვარ გაჭირვებას და შენა და შენი და მოგიყვანათ უკანასკნელ კლასამდე. ასეთი ხვედრი ბევრს, ქონებრივად უზრუნველ-ყოფილსაც, არ ხვდება, ხოლმე. რამდენ ბედნიერებას მოელოდა მოხუცი დედა შენი! შენმა მოულოდნელმა სიკვდილმა კი ყველაფერი მტვრათ აქცია! საბრალო შენი და -–- ამხანაგი! ჩაუშხამდა საუკეთესო წამები სწავლის დამთავრებისა და აღფრთოვანება მომავლისა. საყვარელო, შვილო შუშანიკა! განა ამ დღისათვის ეწვალე ათი-თორმეტი წელიწადი, განა ასე გეხატებოდა, თუნდა რამდენიმე დღის წინათ, შენი მომავალი, განა ამისთვის გამზადებდით და გზრდიდით? საბრალო შენი ამხანაგები და მასწავლებელნი! განა გუშინდელ, უკანასკნელ გამოცდის შემდეგ,
საპატრიარქოს უწყებანი N28 7-13 დეკემბერი 2011წ გვ.19
პროტოპრესვიტერი მიხეილ ნაცვლიშვილი 1873-1937 (გაგრძელება)
ასე უნდა მოგველოცნა შენთვის და ასე გიპირებდით ცხოვრების გზაზე გასტუმრებას? აი, მწარე და გულის მომკვლელი საკითხები... მაგრამ გამოუცნობელ არიან გზანი უფლისანი!.. შენ გვშორდები უსიტყვოდ, მაგრამ შენი დუმილით, –– გვტოვებ რა გამოუთქმელ სევდასა და მწუხარებაში, ბევრს რამეს გვასწავლი ჩვენ, შენ სულიერ მამასა და მასწავლებელთ: უფრო მეტი ზრუნვა გვჭირვებია, უფრო ღრმად გვდომებია ყრმათა გულში ჩახედვა! რამდენადაც გულნაკლულათა და მწუხარეთ გვტოვებ ჩვენ, შვილო ჩემო, იმდენათ სუბუქი იყოს შენთვის შავი და გულგრილი მიწა შენი ქვეყნისა მშვიდობით!“ 1917 წლის 8-17 სექტემბერს ჩატარებული პირველი საეკლესიო კრების შემდეგ მლვდელი მიხეილი თბილისში გადმოიყვანეს მსახურების გასაგრძელებლად. 1918 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1919-1921 წლებში, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს მმართველობის პერიოდში, იგი საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიას ხელმძღვანელობს. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დაპყრობის დროს, თბილისი დატოვა და იმერეთში გადავიდა კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. აი, რას წერს თავის მოგონებებში „რაც გამახსენდა“ კალისტრატე ცინცაძე ამის შესახებ: „სააღდგომოდ, როცა ქუთაისიდან დაბრუნდა, ხალხი ძალიან გულგრილად შეხვდა, აგრძნობინეს, რომ არ უნდა გასულიყო ქალაქიდან... ჩემზე განრისხებულმა, ჯავრი საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიის თანამშრომლებზე იყარა: აიძულა დეკანოზი მიხეილ ნაცვლიშვილი და არქიმანდრიტი ნაზარი ლეჟავა გასულიყვნენ კანცელარიიდან“. ამ ამბების შემდეგ დეკანოზი მიხეილი ალავერდის ეპარქიაში დაბრუნდა და თავის მშობლიურ სოფელში, ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წლის 24 იანვარს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) მღვდელმსახურება შეუჩერა ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, მღვდელ ანთიმოზ ზურაბიშვილს. ამასთან დაკავშირებით, 1922 წლის 11 მარტს, მეუფე პიროსის ლოცვა-კურთხევით, ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მრევლი ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი –- დეკანოზ მიხეილ
საპატრიარქოს უწყებანი N28 7-13 დეკემბერი 2011წ გვ.20
პროტოპრესვიტერი მიხეილ ნაცვლიშვილი 1873-1937 (დასასრული)
ნაცვლიშვილს, ხოლო მეორე დეკანოზ ილია კობაიძეს ჩაბარდა. 1925 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია) მამა მიხეილი კვლავ თბილისში გადმოიყვანა და საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინა. შემდგომში მან მდივნის მოვალეობაც შეითავსა. უღმერთო ხელისუფლება ყველანაირად („ცდილობდა შუღლი ჩამოეგდო ეკლესიაში და „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით მოეხდინა მასზე თავისი კონტროლის დამყარება. 1926 წლის 21 დეკემბერს ქ. ქუთაისში კომუნის ტების წაქეზებით მლვდელმთავრებისა და სამლვდელოების ნაწილმა ჩატაარა უკანანო საეკლესიო კრება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭო გადაყენებულად გამოცხადდა და შეიქმნა დროებითი საეკლესიო მმართველობა. ამ კრებიდან რამდენიმე დღეში მათ მოსთხოვეს, დეკანოზ მიხეილ ნაცვლიშვილს კანცელარიისა და იქ დაცული საქმეების ჩაბარება. მამა მიხეილმა ამ მეტად რთულ და გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა მტკიცე ნებისყოფა და სიმშვიდე, იგი არ შეუშინდა არც მთავრობის წარმომადგენლებს, არც მათ მუქარას და უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მან აღნიშნულ კრებას 30 დეკემბერს მისწერა შემდეგი რეზოლუცია: „მისი უწმინდესობის, ამბროსის ბრძანებისა და განკარგულების გარეშე ვერ ვცნობ ჩემთვის შესაძლებლად ამ წინადადების შესრულებასო". შემდგომ წლებში დეკანოზი მიხეილი კვლავაც ერთგულებით ემსახურებოდა დედაეკლესიას. იგი გვერდში ედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე), რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა და მსახურება აკავშირებდა. 1936 წელს უწმინდესმა კალისტრატემ მამა მიხეილს პატიოსანი და თავდადებული სამსახურისათვის პროტოპრესვიტერის მაღალი წოდება მიანიჭა და სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. პროტოპრესვიტერი მიხეილი X საუკუნის 30-იან წლების ბოლოს დაწყებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მისი აქტიური საეკლესიო მოღვაწეობა დიდად არ მოსწონდათ ურწმუნო ხელისფლების წარმომადგენლებს. მათ მოახერხეს მიეღოთ ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ. ამის შემდეგ კი მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ეს მაშინდელ რუსეთის იმპერიაში ხდებოდა. 1937 წელს ჩეკისტებმა მოძღვარი სიონის ტაძართან დააპატიმრეს და ამის შემდეგ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სავარაუდოდ, იგი დახვრიტეს სამეულის გადაწყვეტილებით, ან გადაასახლეს შორეულ აღმოსავლეთში, საიდანაც დაბრუნება მხოლოდ ერთეულებს არგუნა უფალმა.
მადლობა ვახტანგ ნოდარის ძე ნაცვლიშვილს (შვილიშვილი)